"6 წლისა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, ხოლო 15 წლისამ დედა დავკარგე. ობლად დარჩენილს ძალიან ბევრი ადამიანის სიკეთე მახსოვს" - კვირის პალიტრა

"6 წლისა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, ხოლო 15 წლისამ დედა დავკარგე. ობლად დარჩენილს ძალიან ბევრი ადამიანის სიკეთე მახსოვს"

საქართველოში პაროდიის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მსახიობი მერაბ გეგეჭკორი. ამას აღიარებს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სცენაზე გაცოცხლებული მისი პოპულარული სახეები.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. 6 წლისა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, ხოლო 15 წლისამ დედა დავკარგე. ობლად დარჩენილს ძალიან ბევრი ადამიანის სიკეთე მახსოვს, მაგრამ ის 15 წელი ჩემს ცხოვრებაში მაინც ყველაზე ნათელი და კარგი იყო. ლაღი და მშვიდი ბავშვობა მქონდა. ყველაზე მეტად მესხიშვილის თეატრში ყოფნა მიყვარდა, როგორც კი წამოვიზარდე, სპექტაკლი არ გამიცდენია. სწორედ იქ ვნახე უნიჭიერესი მსახიობი გიზო კაკაურიძე, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ქუთაისი იუმორით ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნგრევასა და ახალი საქართველოს დაბადებას. ნათლად მახსოვს სოსოია ხარაბაძე, რომელსაც კვიმატი ენა და ნამდვილი ქუთაისური იუმორი ჰქონდა.

- ვინ შეასრულა ყველაზე დიდი როლი თქვენი, როგორც მსახიობის და პაროდისტის ფორმირებაში? - პირველად გივი ბერიკაშვილი უნდა ვახსენო. ობოლი ბიჭისთვის ბატონი გივი ძალიან დიდი დასაყრდენი და იმედი იყო. მასზე უკეთესი მასწავლებელი და ჭკუის დამრიგებელი ჯერ არ შემხვედრია. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, შემატყო, რომ ძალიან განვიცდიდი და გასამხნევებლად ასეთი რამ მიამბო: - რას გეტყვი, შვილო, თუ იცი, მე ალალბედზე, სრულიად უპატრონოდ მივედი თეატრალურ ინსტიტუტში. შევედი, გავიარე გამოცდა და ოთახიდან გამოსულს ვიღაც უცხო კაცი მეკითხება: აქ ხომ იცი, ჩაწყობის გარეშე არ მიგიღებენ და შენი პროტექტორი ვინ არისო? დამეზარა იმის ახსნა, რომ მარტო საკუთარი თავის იმედი მქონდა და პირდაპირ ვუთხარი, აკაკი ხორავაა-მეთქი. წავიდა ის კაცი, 5-10 წუთის მერე კარი გაიღო და ვიღაც კითხულობს, ბერიკაშვილი რომელი ხართო. მე ვარ-მეთქი. აკაკი ხორავა გიბარებსო. შეცბუნებულმა შევაღე კაბინეტის კარი. შენ ხარ გივი ბერიკაშვილი? რატომ თქვი, რომ შენი პროტექტორი მე ვარო, მკითხა დიდმა მსახიობმა. მივხვდი, რომ ენა მიუტანეს და ყველაფერი ავუხსენი. იმანაც, გასაგდებად გამზადებული საბუთები დაიტოვა და იმ წელიწადს ინსტიტუტში ჩავირიცხეო...

თავისი ცხოვრებიდან ისეთ მაგალითებს მოგიყვებოდა, საკუთარი თავის რწმენა გიჩნდებოდა. თეატრალურ ინსტიტუტშიც მისგან შეგულიანებულმა ჩავაბარე.

- როგორც ვიცი, კახი კავსაძესთანაც საუკეთესო ურთიერთობა გქონდათ... - სოლოლაკში ვცხოვრობ და ბატონი კახიც იქ ცხოვრობდა. ავადმყოფობდა და ექიმებმა სიარული დაუნიშნეს. ერთად ვსეირნობდით ხოლმე. ერთხელაც მივდივართ ქუჩაში და, მერაბ, ახლა ძალიან მაგარ ამბავს უნდა მოგიყვეო... ამ დროს ვიღაც მოვიდა და სთხოვა, შეიძლება თქვენთან ერთად ფოტო გადავიღოო? გადაიღეს ფოტო და ისევ მითხრა, მერაბ, ახლა ისეთი საინტერესო ამბავი უნდა გიამბო, მთელი ცხოვრება გემახსოვრებაო. დაიწყო მოყოლა და... ისევ ვიღაც მოვიდა ფოტოს გადასაღებად. ასე განმეორდა 6-7-ჯერ. მეშვიდე შემთხვევის შემდეგ თავისებური, ომახიანი ტემბრით მითხრა, სადმე თუ არ განვმარტოვდით, აქ ჩვენ მოყოლას არავინ გვაცდის, ხომ ხედავ, რა ხდებაო. სადაც უნდა გამოჩენილიყო, ყველგან ზეიმი იწყებოდა. გივის მსგავსად, ახალგაზრდებს ისიც ბევრ რამეს გვასწავლიდა.

არ შემიძლია არ ვახსენო ჯემალ ბაღაშვილი. ის მუდმივად ეძებს ნიჭიერ ახალგაზრდებს, აკვალიანებს და გზაზე აყენებს. ალბათ, ჯემალ ბაღაშვილი რომ არ გამეცნო, ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდოდა. სხვათა შორის, ბატონმა ჯემალმა, ნახევრად ხუმრობით, ლექსიც კი მომიძღვნა. ორი სტრიქონი ამ ლექსიდან ყველაზე მეტად მეამაყება: "ამისთანა ნიჭიერი იბადება ერთი-ორი, სხვისი ხმით და თავის ნიჭით წინ მიიწევს გეგეჭკორი"...

- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თქვენს პაროდიებზე: მიბაძვის ნიჭი ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ გამოგიყენებიათ? - მხოლოდ დადებით კონტექსტში! პაროდიის თეატრში ბევრი ცნობილი ადამიანის სახე შეიქმნა, მათ შორის ოტია იოსელიანის, ედუარდ შევარდნაძის, თემურ შაშიაშვილის, ასლან აბაშიძის, გრიშა ონიანის... ახლახან თენგიზ ცერცვაძის პაროდიაც გავაკეთე, რადგან ეს თემა დღეს ყველაზე "ცხელია". მათი პროტოტიპები ყველაფერს იუმორით იღებდნენ და საბედნიეროდ, დღესაც ასეა. ერთხელ ოტია იოსელიანმა მითხრა, ჩემს დაწერილს არ კითხულობენ და თუ ჩემს ნათქვამს ვინმე გეიგებს, გააკეთე, შვილო, მაგი პაროდიაო.

როცა თანამდებობის პირები იყვნენ, ხუმრობით ვიღაცისთვის შევარდნაძის და თემურ შაშიაშვილის ხმითაც დამირეკავს და დაუჯერებიათ, მაგრამ ჩემი ვინაობა მალევე გამიმხელია...

- ახლანდელ პოლიტიკოსებს შორის თუ მიჰბაძავდით ვინმეს და გრიშა ონიანი ხომ არ ბრაზდება, მის პაროდიას რომ აკეთებთ? - პოლიტიკოსები იმდენად სწრაფად მიდი-მოდიან, ჯერ ხალხმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ჩვენ პაროდია შევქმნათ. ისე, არ არის გამორიცხული, ვახტანგ მეგრელიშვილის და ზურაბ ჯაფარიძის პაროდია გავაკეთო. სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილის პაროდია რამდენიმე წლის წინ უკვე მქონდა. რაც შეეხება გრიშა ონიანს, თავის პაროდიებზე არასდროს ბრაზდება, პირიქით, სულ მაგულიანებს და მამხნევებს. თვითონაც ნიჭიერი კაცია, ძალიან კარგად კითხულობს ლექსებს და შესანიშნავი თამადაა. მართალია, ილიას, აკაკის და საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ სტალინსაც ლოცავს, მაგრამ ჩვენ მაინც საუკეთესო მეგობრები ვართ.

ხათუნა ჩიგოგიძე