"ნოვოვაქსი" იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რადგან..." - რას ამბობს ცერცვაძე კორონას საწინააღმდეგო მედიკამენტზე და კიდევ რომელი ვაქცინები შემოვა ქვეყანაში - კვირის პალიტრა

"ნოვოვაქსი" იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რადგან..." - რას ამბობს ცერცვაძე კორონას საწინააღმდეგო მედიკამენტზე და კიდევ რომელი ვაქცინები შემოვა ქვეყანაში

"გამოსაგზავნად უკვე გამზადებულია 500-600-700 ათასი დოზა სხვადასხვა ვაქცინა, იქნება ეს "სინოფარმი" და "სინოვაკი", თუ "ფაიზერი", რაზეც ყველაზე მეტად სწყდებოდათ გული ჩვენს თანამოქალაქეებს. შემოვა სულ ახალი ვაქცინა "ნოვოვაქსიც", ასევე შემოვა "ჯონსონი და ჯონსონი". ანუ ჩვენთან ხუთი-ექვსი ვაქცინა იქნება ასარჩევად..."

მოსახლეობა მუდმივად იჩენს ინტერესს ცოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის, Sars-COV-2-ის, სხვადასხვა შტამის მიმართ, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვისებები, რომლებიც გავლენას მოახდენს დაავადების მიმდინარეობაზე.

ინდური და სამხრეთაფრიკული შტამების თავისებურებებზე "კვირის პალიტრას" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ესაუბრება.

- ბატონო თენგიზ, რა არის ცნობილი პრეპარატ Exo-cd-24-ზე?

- ეს არ არის ანტივირუსული პრეპატარი, ის განკუთვნილია "კოვიდისთვის" დამახასიათებელი ციტოკინური შტორმის დასათრგუნად. ორგანიზმში გამომუშავდება აქტიური ბიოლოგიური ნივთიერებები, ე.წ. ციტოკინები, რომლებიც იწვევს ანთებითი პროცესის გაძლიერებას და ხშირად სასიკვდილო გართულებებსაც. თავდაპირველად ორგანიზმი ციტოკინებს იყენებს ვირუსისგან თავის დასაცავად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. შემდეგ, როდესაც ციტოკინების გამოთავისუფლებით პროცესი უმართავი ხდება და ისინი ჭარბად გამომუშავდება, ციტოკინები იწვევს ორგანიზმის დაზიანებას, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება. აი, ამ ციტოკინური შტორმის დროს გამომუშავებული ციტოკინების დასათრგუნად არის შექმნილი Exo-cd-24.

პრეპარატი ჯერჯერობით სულ 30 საშუალო და მძიმე პაციენტის მაგალითზეა შესწავლილი. მათგან 29 განიკურნა. ეს კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა. ახალ მედიკამენტზე სერიოზული დასკვნები რომ გაკეთდეს, კვლევა რამდენიმე ათას ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. კარგია, რომ ისრაელმა გამოთქვა სურვილი, საქართველო იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჩაერთვება ამ მედიკამენტის კლინიკურ კვლევაში. როგორც ჩვენს კლინიკას, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ მედიკამენტის გამომგონებელი პროფესორი, გამოგონების კომერციული მხარის დამფინანსებელი ბიზნესმენი და კიდევ რამდენიმე პიროვნება ეწვია. მათი წინადადება იყო, რომ საქართველო ჩაერთოს მედიკამენტის Exo-cd24-ის კლინკურ კვლევაში. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. დიდი პლუსი ამ მედიკამენტის არის ის, რომ საინჰალაციო საშუალებაა და როგორც ამბობენ, ამ პრეპარატს გვერდითი მოვლენები არ აქვს...

- როგორია ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - მას, როგორც მოსალოდნელი იყო, "კოვიდის" მსუბუქი ფორმა აქვს, რადგან ერთხელ აცრა მოასწრო. 400-ზე მეტი ადამიანია საქართველოში, რომელთაც ერთი დოზით აცრის შემდეგ დაემართათ "კოვიდი" და ყველა მათგანმა გადაიტანა მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა მძიმე, კრიტიკული, რომ სარეანიმაციო გამხდარიყო. ასე რომ, ვაქცინაცია ამართლებს ჩვენს მოლოდინს. ორჯერადი აცრის შემდეგაც არის ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ - ერთეული.

ქალბატონ მინისტრს პირველ დღეს ჰქონდა მომატებული ტემპერატურა და იმის შემდეგ კარგად გრძნობს თავს, ჩივილები არ აქვს, არც სიმპტომატიკა და კლინიკური გართულებები გამოვლენია. რაც შეეხება იმას, რატომ დაემართა "კოვიდი", ეს გასაკვირი არ არის და ქალბატონი მინისტრის მაღალ სოციალურ აქტივობაზე მიუთითებს.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში დაგვიანებით დაიწყო - 15 მარტს, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. დასაწყისში პროცესი მიდიოდა ძალიან მძიმედ, დღეში მხოლოდ 400-მდე ადამიანი იცრებოდა და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - ფატალური შემთხვევა, რომელიც სწორედ ვაქცინაციის დასაწყისს დაემთხვა და მეორე - ანტივაქსერების ნეგატიური გავლენა საზოგადოებაზე... აქვე უნდა ვთქვა, რომ იმ ანტივაქსერების გარდა, რომლებიც მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია ცუდია, იყვნენ ე.წ. შეფარული ანტივაქსერები. ისინი უფრო მეტ საფრთხეს უქმნიდნენ ვაქცინაციის პროცესს. ეს ის ხალხია - მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები - რომლებიც, ერთი მხრივ, თითქოს მოუწოდებენ საზოგადოებას, ამბობენ, რომ ვაქცინა მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთის ქვეყნებმა მოსახლეობის უმრავლესობა აცრეს, ვაქცინაციის შედეგსაც მიხვდნენ და ეს კარგია, მაგრამ... და სიტყვა მაგრამ-ის შემდეგ თესავენ ეჭვს - ამბობენ, რომ ვაქცინაციას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მსოფლიოში არის მძიმე გართულებებისა და გარდაცვალების შემთხვევები... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში დანერგონ აზრი, თითქოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად ამ შესაძლო გართულებების სამართავად და მისი ნდობა არ შეიძლება.

სინამდვილეში ფაქტებმა საპირისპირო დაამტკიცა - უკვე 160 ათასი ადამიანია აცრილი და გართულების არც ერთი სერიოზული შემთხვევა არ ყოფილა.

ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით უკეთესი მაჩვენებლებიც კი გვაქვს, ვიდრე უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენთან ვაქცინაციის 130 ცენტრია შექმნილი ყველაზე უკეთ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც არის რეანიმაციული სამსახურის გაწევის საშუალება და გამოცდილი სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული.

კი ბატონო, უცხოეთშიც მიმდინარეობს ვაქცინაცია სამედიცინო დაწესებულებებში, მაგრამ ხალხს ასევე ცრიან სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, სპორტულ მოედნებზე, ქუჩებში. ანუ იქ არ არის დაცული უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მიმართ საყვედური უსამართლობა და უმადურობაა.

- რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს... - აცრილთა და აცრის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო დღეებში საშუალოდ 4 ათასი ადამიანი იცრება, რაც ცოტა არ არის, თუმცა ნაკლებია, ვიდრე სამიზნე მაჩვენებელი. ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს მაინც, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 65% ავცრათ.

მართალია, ივნისში მკვეთრად ვერ გაიზრდება ვაქცინაციის მასშტაბი, რადგან ამ თვეში ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა გვექნება, მაგრამ ივნისის ბოლოს დაიწყება ვაქცინების უწყვეტ ნაკადად შემოტანა.

გამოსაგზავნად უკვე გამზადებულია 500-600-700 ათასი დოზა სხვადასხვა ვაქცინა, იქნება ეს "სინოფარმი" და "სინოვაკი", თუ "ფაიზერი", რაზეც ყველაზე მეტად სწყდებოდათ გული ჩვენს თანამოქალაქეებს. შემოვა სულ ახალი ვაქცინა "ნოვოვაქსიც", რომელიც, ჩემი აზრით, იქნება ყველაზე უკეთესი, რადგან ის აბსოლუტურად უსაფრთხოა და აქვს "ფაიზერის" დონის დაცვის მაჩვენებელი. ასევე შემოვა "ჯონსონი და ჯონსონი". ანუ ჩვენთან ხუთი-ექვსი ვაქცინა იქნება ასარჩევად.

- "ნოვოვაქსზე" კიდევ რას გვეტყვით? - ეს ამერიკული ვაქცინაა, თუმცა მისი წარმოება ევროპაშიც დაიწყება. დღეს მსოფლიოში არის ვაქცინების ორი ჯგუფი: ერთი - ე.წ. რნმ-ვაქცინები "ფაიზერი" და "მოდერნა", მეორე კი - ძველი ტექნოლოგიით დამზადებული (როდესაც ინაქტივირებული, ანუ დახოცილი ვირუსი შეჰყავთ ორგანიზმში) ჩინური ვაქცინები, "ნოვოვაქსს" კი აქვს განსხვავებული ტექნოლოგია, კერძოდ, "ნოვოვაქსი" არის ვირუსის ცილა (და იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მნიშვნელობა სწორედ მხოლოდ ვირუსის ცილას აქვს), დაწმენდილი და გამზადებული ორგანიზმში შესაყვანად. ამიტომ ის იქნება თითქმის უსაფრთხო, გვერდითი მოვლენების გარეშე, დაცვის მაჩვენებელი კი ექნება 90-95%.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გერმანიის რადიოთი გამოაცხადეს, რომ "სინოვაკი" და "სინოფარმი" ჯანმომ გამოუვალი მდგომარეობის გამო, ღარიბი ქვეყნებისთვის დაუშვა. იცით რამე ამის შესახებ? - ეჭვი მეპარება, ასე ეთქვათ... ძალიან ხშირად ასეთ განცხადებებს იგონებენ, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილს აწვდიან საზოგადოებას. "სინოფარმი" გამოიყენება 50-ზე მეტ ქვეყანაში, "სინოვაკი" - 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის - ისეთი სერიოზული სამედიცინო, ეკონომიკური პოტენციალისა და გავლენის ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი, სერბეთი, თურქეთი...

თურქეთის ლიდერი ერდოღანი პირდაპირ ეთერში აიცრა "სინოვაკით". როგორ ფიქრობთ, გაუჭირდებოდა მას რომელიმე სხვა ვაქცინის შოვნა ან ინფორმაციის მოპოვება, თუ თავი არ უყვარს, რომ ეს გაეკეთებინა? ილჰამ ალიევიც ჩინური ვაქცინით აიცრა პირდაპირ ეთერში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც ჩინურ ვაქცინებს იყენებენ. მათ იმდენი ფული აქვთ, რომ ბევრ ქვეყანას იყიდიან და გაყიდიან და როგორ ფიქრობთ, ცუდ ვაქცინას შეიძენდნენ?! ჩინელებს არ აქვთ ცუდი ბიოტექნოლოგიური სამსახური, ამასთან, კორონავირუსი პირველად იქ გაჩნდა, ამიტომ ყველაზე მეტი იციან მის შესახებ.

- სამხრეთაფრიკულ შტამზეც გკითხავთ, ჩვენს ქვეყანაში ერთი ფაქტი უკვე გამოვლინდა. - ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მაგრამ არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ დღეს გამოყენებული ვაქცინები ყველაზე ნაკლებად სწორედ სამხრეთაფრიკული შტამისგან იცავს. მისგან ნაკლებად იცავს კოვიდგადატანილების იმუნიტეტიც. დიახ, საქართველოში დადასტურდა სამხრეთაფრიკული შტამის შემთხვევა, საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ ერთი. პაციენტი იზოლირებულია, რომ გავრცელება თავიდან ავირიდოთ. სხვადასხვა შტამის გავრცელებას წინ ვერც ერთი ქვეყანა ვერ აღუდგება, მაგრამ უნდა ვცადოთ და ხელი შევუშალოთ სამხრეთაფრიკული და ინდური შტამების გავრცელებას.

- ეს ერთი ინფიცირებული ჩვენი მოქალაქეა თუ უცხოელი?

- ქართველია, საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოვიდა. ის, ჩემი ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს.

- გასულ კვირას ხუთი ინდური შტამით ინფიცირებული აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში. - მეტი შემთხვევა არ დადასტურებულა. სავარაუდოდ, უფრო სწრაფად გადადება ახასიათებს, ვიდრე ჩინურს.

ამბობენ, რომ ინდური შტამი უფრო მეტად აინფიცირებს ბავშვებს და ახალგაზრდებს. ამიტომაც გაახალგაზრდავდა "კოვიდის" ასაკი. ასევე ამბობენ, რომ ვაქცინები ინდური შტამისგანაც შედარებით ნაკლებად იცავს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. ინდური შტამის კვლევა "ფაიზერმა" ჩაატარა და გაირკვა, რომ ოდნავ ნაკლები იყო დაცვის პროცენტი. ბრიტანული შტამისგან "ფაიზერი" იცავდა 93%-ით, ინდური შტამისგან - 88%-ით, ანუ მხოლოდ 5%-ია განსხვავება. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ასეთი პროპორცია იქნება სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც.