როგორ დაუშვეს ბერძნებმა, რომ მითური ღმერთების წმინდა ქალაქში ქართველ არქიტექტორს ძეგლი დაედგა
როგორ დაუშვეს ბერძნებმა, რომ მითური ღმერთების წმინდა ქალაქში ქართველ არქიტექტორს ძეგლი დაედგა
"ფრთოსანი ქალისთვის", მამაჩემის რჩევით, საკუთარი ავტომანქანა გავყიდე, ძეგლი კი საბერძნეთში ავტომანქანით გავამგზავრე. თურმე ბერძენი მებაჟეები არ ატარებდნენ - არ დაიჯერეს, რომ მსგავსი ღირებულების ნამუშევარი რომელიღაც მოქანდაკეს შეეძლო ეჩუქებინა საბერძნეთისთვის"

შესაძლოა გაცვეთილი ფრაზაა, შესაძლოა ყველას ემოცია ვერ აღუძრას, მაგრამ როდესაც თანამედროვეზე წერ, ამ ადამიანმა ისტორიაში კვალი დატოვაო, თავად გემართება უცნაური რამ - თან გჯერა და თან არა, რომ ასეთი ადამიანი სწორედ შენ გვერდით და შენს ეპოქაში ცხოვრობს.­ სწორედ ასეთი განცდა მქონდა
მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიასთან­ საუბრისას. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ქანდაკებები მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების საკუთრებაა (მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში), არამედ იმიტომაც, რომ მას, 2000 წლის განმავლობაში ერთადერთს, ბერძნებმა მისცეს უფლება,
ქალაქ ოლიმპიაში ბერძენ მოქანდაკეთა გვერდით დაედგა ქანდაკება. გიორგი შხვაცაბაიას "ფრთოსანი ქალი" ქრისტემდე ოთხი საუკუნით ადრე დაბადებულ პრაქსიტელეს "ჰერმესის" ახლოსაა, "სამშობლოდან მოწყვეტილნი" კი - საბერძნეთის უძველეს დედაქალაქში, ნავპლიოში. ჰოდა, როდესაც 80 წლის მოქანდაკეს ვუთხარი, "სამშობლოდან მოწყვეტილნი" არაერთი ქართველი ემიგრანტის გულს ამშვიდებს, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება-მეთქი, გაიხარა, მართლა ასეაო?! და, რა თქმა უნდა, ამ თემაზე საუბარიც გავაგრძელეთ:

- საბერძნეთში 1987 წელს გახლდით, მაშინდელ საბჭოთა ოლიმპიურ დელეგაციასთან ერთად და სტუმართმოყვარე ბერძნებმაც სწორედ ოლიმპიაში გვიმასპინძლეს, ქალაქში, რომელიც საბერძნეთისთვის მითური ღმერთების წმინდა ქალაქად ითვლება და სადაც ყველა ოლიმპიადის ცეცხლი ინთება. სწორედ ამ ქალაქში დგას იმ უძველეს ბერძენ მოქანდაკეთა შედევრების ნაშთები, რომელთა წარმოდგენაზე მზად ხარ, ხელოვნების წინაშე დაიჩოქო. ჰოდა, როდესაც ქალაქ ოლიმპიის მერმა გვითხრა, რომ ბერძნებმა 2000 წლის განმავლობაში პირველად გადაწყვიტეს, კლასიკური ბერძნული ქანდაკებების გვერდით ახალი დაედგათ, ძალიან გამიკვირდა - ამ ქანდაკებების გვერდით რომელი მოქანდაკე გაბედავს თავისი ნამუშევრის დადგმას-მეთქი!


რასაკვირველია, ოლიმპიის მერმა იცოდა, რომ საბჭოთა დელეგაციაში მოქა­ნდაკე იყო, ჩემი ნამუშევრების ფოტოებიც ჰქონდა ნანახი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ მე შემომთავაზებდა ამის გაკეთებას. თუმცა, მანამდე ამ სუფრაზე ისეთი რაღაც მოხდა, რამაც წყობიდან გამომიყვანა. ჩვენი­ დელეგაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რუსი შეთვრა და, როგორც მათ სჩვევიათ, ბერძნებს ჭკუის დარიგება დაუწყო. ტვინში სისხლმა ამასხა და დავუძახე, გაჩუმდი, რუსო-მეთქი. ის დაიბნა და მკითხა, რატომ უნდა გავჩუმდეო? ვუთხარი, იმის ნაცვლად, რომ ჩუმად იყო და ბერძნების ნიჭის წინაშე მუხლი მოიყარო, რაებს­ ლაპარაკობ-მეთქი! ცოტა ხანში თვით ოლიმპიის მერი მომიახლოვდა და მითხრა, გადავწყვიტე, ოლიმპიისთვის ქანდაკება შენ გააკეთოო!

ვიფიქრე, ეს კაცი ან ხუმრობს, ან გიჟია-მეთქი. ეს ხომ დაახლოებით იგივეა, ჩვენ რუსთაველის ძეგლის ქანდაკებაზე კონკურსი გამოვაცხადოთ და ბოლოს რომელიმე საბერძნეთიდან ჩამოსულ მოქანდაკეს დავადგმევინოთ! როდესაც მერმა მეორე დღესაც იგივე გამიმეორა, მაშინ კი ვკითხე, ამის უფლებას თქვენს ქვეყანაში ვინ მომცემს-მეთქი? პასუხად ისეთი წიგნი მოატანინა, რომელიც წინადღეს დახლებზე ვნახე და ფასის გამო ვერ ვიყიდე.E ეს იყო ქალაქ ოლიმპიის ისტორია, ძალიან მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი, რომლის ავტორიც და საბერძნეთის ცნობილი ისტორიკოსიც თურმე თავად ყოფილა. ასე რომ, წიგნი ხომ მაჩუქა და ოფიციალური დავალებაც მომცა ქანდაკების შესახებ, მე კი შევპირდი, რომ ამ ქანდაკებას საჩუქრად გავუკეთებდი ბერძნულ კულტურას მისადმი უდიდესი პატივისცემის ნიშნად.

- თუმცა, ალბათ, ამ დროს თანხა კიდეც რომ გადაეხადათ, საბჭოთა სახელმწიფო იქიდან გროშს არ მოგცემდათ.
- ასე იყო, მაგრამ კიდეც რომ მოეცათ, მაინც არ ავიღებდი, Iიმიტომ, რომ "ფრთოსანი ქალის" ქანდაკების შემდეგ, მალევე, 1992 წელს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ქალაქ ნავპლიოსთვისაც საჩუქრად, გავაკეთე "სამშობლოდან მოწყვეტილნი". ასე რომ, ადამიანის ცხოვრებაშიA არის რაღაც, რაც შეუფასებელია. ეს ჩემთვის უძველესი ბერძნული კულტურის პატივისცემა იყო და დღესაც არის.



- ძალიან მძიმე წლებში გაგიღიათ ასეთი საჩუქარი - მაშინ საქართველოში პურის ფულიც კი ყველას უჭირდა. ისიც სასწაულია,­ რომ 2000 წლის განმავლობაში პირველად ბერძნებმა თავიანთი ლეგენდარული კლასი­კოსების გვერდით ქართველი დააყენეს.
- ოლიმპიაში ჩემი ქანდაკების დადგმას მაინც შეხვდა წინააღმდეგობა, მაგრამ არა ბერძნების, არამედ იმ ორგანიზაციების­ მხრიდან, რომლებიც მითურ ადგილებს კურირებენ. თუმცა ეს ყველაფერი ისე მოგვარდა, თავად ბერძნებსაც უკვირდათ და ჩვენს მაშინდელ ხელისუფალთაც.
მაშინ შევარდნაძემ დამიბარა და - მომიყევი, ეს როგორ გააკეთეო. ვუთხარი, ბატონო ედუარდ, ეს ამბავი ისეთი საინტერესოა, თხრობას ერთ საათსაც ვერ მოვრჩები, მაგრამ შემიძლია ერთ წუთშიც ჩავატიო, თქვენ რომელი გირჩევნიათ-მეთქი. მოკლედ, მთელი საათი მისმენდა, Mმაგრამ, საუბარი რომ დავამთავრეთ, მაინც მკითხა, ამ ამბის მოყოლას ერთ წუთში როგორ აპირებდიო? ვუთხარი, სულ ორიოდე სიტყვით-მეთქი: "2000 წლის შემდეგ გენიალური ბერძნების გვერდით, ღმერთების ქალაქში, ქართველი აღმოჩნდა".

მართალია, "ფრთოსანი ქალის" ქანდაკების მასალისთვის თანხა მაშინდელმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაიღო, "სამშობლოდან­ მოწყვეტილებისთვის" კი - ქალაქ ნავ­პლიოსთან დაძმობილებულმა ქალაქმა ფოთმა, მაგრამ ცხადია, ეს საკმარისი ვერ იქნებოდა. Aასე რომ, "ფრთოსანი ქალისთვის",­ მამაჩემის რჩევით, რომელიც მძლეოსნობის ჩემპიონი იყო, საკუთარი ავტომანქანა გავყიდე, ძეგლი კი საბერძნეთში ავტომანქანით გავამგზავრე. თურმე ბერძენი მებაჟეები არ ატარებდნენ - არ დაიჯერეს, რომ მსგავსი ღირებულების ნამუშევარი რომელიღაც მოქანდაკეს შეეძლო ეჩუქებინა საბერძნეთისთვის.A

- რაც შეეხება "სამშობლოდან მოწყვეტილებს"?
- ეს ქანდაკება, რა თქმა უნდა, "ფრთოსანი ქალის" დამსახურებით გაკეთდა და კიდევ - ნავპლიოს მერისა და ამ ქალაქში მცხოვრები ქართველი მეცნიერის წყალობით. ეს ის წლებია, როდესაც საბერძნეთი მსოფლიოში გაფანტულ, მათ შორის - საბჭოთა სახელმწიფოში მცხოვრებ თავის შვილებს იბრუნებს. მათ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნების სიმბოლო ქალღმერთიც ჰყავთ, რომელიც ამ ძეგლში ავსახე ცალ ხელში ჩირაღდნით, მეორეში კი - ზეთისხილით. ერთი იმის სიმბოლოა, რომ სამშობლო შვილებისთვის მუდამ თბილი კერაა, მეორე კი იმისა, რომ სამშობლოდან წასული შვილი უკან ღირსეულად, გვირგვინით უნდა დაბრუნდეს.

სიმართლე რომ ვთქვა, ქანდაკების ჩამოსხმისას, ჩემი სამშობლოდან მოწყვეტილ­ შვილებსა და მათ დაბრუნებაზე ვფიქ­რობდი. ჩვენს პატარა და გაწამებულ ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა ემიგრანტები, მათ შორის, 1992 წელსაც, როდესაც ეს ქანდა­კება კეთდებოდა. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი სამშობლოდან­ მოწყვეტილთა რაოდენობა ასე გაიზრდებოდა.

- მართლაც, მხოლოდ საბერძნეთში დაახლოებით 100 000 ქართველი ემიგრანტია, თუ მეტი არა.
- ჰოდა, თუკი ამ ხალხს ჩემი ნამუშევარი გულში სამშობლოში დაბრუნების იმედსა და სურვილს ჩაუსახავს, ვალი მოხდილი მექნება, ბედნიერი ვიქნები.A აუცილებლად უნდა დადგეს დრო, როდესაც საქართველოს თავისი შვილები ისე დაუბრუნდებიან, როგორც ისრაელს დაუბრუნდნენ ებრაელები, ან საბერძნეთს - ბერძნები. ეს სიცოცხლის გზაა და მას ოდესღაც ქართველებიც უნდა დაადგნენ.

ბერძნული გაზეთი "დემოკრატია" "ფრთოსანი ქალის" ბრინჯაოს ქანდაკებაზე წერდა: "ამ ბრწყინვალე ნამუშევარმა აღტაცებაში მოიყვანა ბერძენი საზოგადოება. ჩვენ ვიხილეთ მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მოქანდაკის თანამედროვე "NIKE", რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ძეგლი ნიმუშია მრავალტანჯული ქართველი ერის მშვიდობის იდეალებისა, ერთგულებისა, ჰუმანური და ესთეტიკური მსოფლმხედველობისა. ძეგლის ავტორი გიორგი შხვაცაბაია ბერძენ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის დესპანად გამოაცხადეს".

საბერძნეთის პრეზიდენტმა კონსტანტინოს კარამანლისმა კი ეს ისტორიული მოვლენა ასე შეაფასა: "ეს მონუმენტი ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ჩინებული სიმბოლოა და სამუდამოდ დარჩება საბერძნეთის მიწაზე დაფნის გვირგვინით შემკობილი ფრთოსანი ქანდაკება, როგორც სიმბოლო საქართველო-საბერძნეთის ურთიერთკავშირის, უძველესი ტრადიციების აღორძინებისა და მსოფლიოს ხალხებს შორის მშვიდობის დამკვიდრებისა".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები