"დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს!" - კვირის პალიტრა

"დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს!"

"გარკვეულწილად, ალბათ, ისიც დაავადებაა, რომ დაივიწყო ვინმე, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზედმიწევნით კარგად დაიმახსოვრო შვიდი წლის ასაკში ნანახი ბუჩქი და იქვე - ჭიანჭველები. პათოლოგიას ჰგავს - მეხსიერება ერთდროულად გეხმარება კიდეც და ხელსაც გიშლის ცხოვრებაში, თუმცა... მაინც ჯობია, რომ გახსოვდეს. ამიტომ იცხოვრეთ და დაე, მუდამ სიკეთე გქონდეთ ოჯახში, ველოსიპედს კი... მერეც შეიძენთ". - რევაზ (რეზო) გაბრიაძე

ამბობდა, - ყოველივე, რაც ცხოვრებაში გადამხდა, იმიტომ მოხდა, რომ ყველაზე მეტად თავისუფლება მიყვარდა. ყოველთვის გავრბოდი: აქედან - იქით, იქიდან - აქეთ და საკუთარ თავს ილუზიას ვუქმნიდი... მაგრამ ეს ცხოვრებაში წამადგა. როგორც კი რაღაც ვალდებულებად მექცევა, როგორც კი აღმოვაჩენ, რომ გარემოებების ტყვე ვარ, მომენტალურად შემიძლია სხვა საქმეს მოვკიდო ხელი, რათა არ გავაკეთო ის, რასაც მიბრძანებენო. ალბათ, ამიტომაც თქვა მასზე ცნობილმა რუსმა თეატრის კრიტიკოსმა მარინა დმიტრევსკაიამ, - გაბრიაძე ყოველთვის ემიგრანტი იყო. იგი ემიგრაციაში ჟურნალისტიკიდან კინოში წავიდა, კინოდან - ლიტერატურაში, იქიდან - თეატრში; მოსკოვიდან - თბილისში, თბილისიდან - ლენინგრადში; ცხოვრებიდან - თხრობაში, სინამდვილიდან - სიზმარში. მას მართავდა არა მხოლოდ თავისუფლების იდეა, რომელიც სამოციანელებმა გააფეტიშეს, არამედ - უნიკალური, თითქმის "რენესანსული", მრავალმრივი ნიჭიერებაცო.

როდის გავიცანი იგი? - დიდი ხნის წინ... ჩემი საყვარელი ფილმების გმირებით და ფრაზებით, რადგან შინ თუ გარეთ სწორედ იმ ფრაზებით ვლაპარაკობდით. ოღონდ, როგორც ჩვენში იტყვიან, გავიცანი შორიდან, რადგან მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ჩემი ლექსიკის გამდიდრება ვალიკოს ან ერთაოზის, ფეოლას, ხვედელიძის, მიზანას და კიდევ სხვა მრავალი "პერსონის" დამსახურება კი არ იყო, არამედ - ერთი გენიოსი შემოქმედის, რომელსაც რევაზ გაბრიაძე ერქვა. თურმე, სწორედ რევაზ გაბრიაძემ მასწავლა:

რომ "სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი"; რომ ცხოვრების რჩეულად შენს ქალაქში საუკეთესო უნდა შეარჩიო - წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი... მაგალითად ისეთი, როგორიც დიმიტრია, გელოვანი; რომ არ უნდა დაივიწყო - "ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში";

რომ თუ ცუდად მოიქცევი, "შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონიასაც დაიჭერენ";

რომ შეიძლება, კაცი მოკვდეს და "გავიდა გაღმა, მარილზეო" - შეუცხადებლად, მარტივად წარმოთქვა;

რომ ვერ გაერკვე, რაღაც გეჩვენება თუ მართლა ხედავ და შეფიქრიანდე, "ნეტავ, ის შავი კაცი ვინ იყოო";

რომ კაცი თავისი პურმარილით მოიპატიჟო, მაგრამ პატივმოყვარეობა რომ არ შეგელახოს, მიაძახო, "პრასი გვაქვს-თქვა, არ გვინდაო";

და მართლაც რომ - "რა სჯობია ბრეგვაძეებში ქეიფს"...

და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი რამ!

ჩვენი "შორიდან ნაცნობობა" კი გაგრძელდა რადიო-ტელევიზიით - "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტით" (რეზო გაბრიაძის პიესა არმაზ სანებლიძისეული ინსცენირებით, რომელიც რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა დადგა და რომლის მთავარი - თავად ვანო ფანტიაშვილის როლი მსახიობ ეროსი მანჯგალაძისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა). მერე მეც გავიზარდე, პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე და პატარა, მოლაპარაკე ყუთში მოქცეულ რადიოში თავად მოვხვდი. იქ უკვე მისი სახელი და გვარიც "ახლოდან" გავიგე - მწერლის, დრამატურგის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მოქანდაკის, ფერმწერისა და "მარიონეტების დიდოსტატის"! მერე? მერე ანჩისხატის ეკლესიის მრევლი გავხდი. ანჩისხატის გვერდით ბატონი რეზო გაბრიაძის დაარსებული მარიონეტების თეატრი იყო, იქვე კი - კაფე, სადაც ხშირად ვისხედით მეგობრები. შორიახლოს არაერთხელ დამინახავს ბატონი რეზო, მაგრამ ახალ ედა ჟურნალისტი ვიყავი და გასაუბრება ვერ შევბედე... გასაოცარი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო თავად მარიონეტების თეატრში პირველი სტუმრობა და მისი პატარა დარბაზიდან დანახული შესანიშნავი სპექტაკლი - "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა". მას შემდეგ რამდენი წელიწადი გავიდა და იმ საღამოს დაუფლებული უცნაური შეგრძნება, განცდა, დღემდე არ გამნელებია! მასთან ინტერვიუ არასდროს ჩამიწერია... ძალიან არ უყვარდა ინტერვიუები, ლამის - კატეგორიულად. თუმცა რამდენიმე წლის წინ პირისპირ მაინც შევხვდი - ერთ პატარა დარბაზში, ქალბატონი მარინა დმიტრევსკაიას მიერ მასზე დაწერილი წიგნის ქართული გამოცემის პრეზენტაციაზე. ამჯერად გაბრიაძისეული ამბების ნაწილი უკვე პირველწყაროდან მოვისმინე და... წიგნის ავტორის ავტოგრაფის გვერდით ბატონი რეზოს მიერ იქვე, პირადად ჩემთვის შესრულებული ნახატი-ექსპრომტიც მივიღე მისგან საჩუქრად - მახსოვს, შეძენილი წიგნით რომ მივუახლოვდი, ბატონმა რეზომ სათვალის ზემოდან ამომხედა, წამიერად დამაკვირდა (მანამდეც მაკვირდებოდა, რადგან საღამოზე დამაგვიანდა, იქვე, მასთან ახლოს მომიხდა ჩამოჯდომა და იმ წუთიდან გაუთავებლად ვაჩხაკუნებდი ფოტოაპარატს), გამეხუმრა, გამიღიმა და... სახელდახელოდ დამხატა კიდეც. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი...

სამი წლის წინ კი, წინა საახალწლოდ მისი საშობაო მოთხრობების ახალი, პატარა კრებული მაჩუქეს. ვერ მოვითმინე და წიგნის კითხვა გზიდანვე დავიწყე - ავტობუსში, ფეხზე მდგომმა; მერე სამსახურში, თანამშრომლის მოლოდინში განვაგრძე; შინისკენ, მეტროთი წამოსულიც ვერ მოვწყდი და, საბოლოოდ, ჩემს ოთახში დავასრულე - მოკლედ, გზადაგზა ხან ცრემლს ვყლაპავდი და ხან უხმოდ ვხარხარებდი, ხან სევდას მივყავდი და ხან "ჩიტოს "პაბედას" სჩასტლივი ნომრით 49-54, ფერით კოფესმალაკომ" და, ასე, "დრმ-დრმ-ით", ბატონი რეზოს ბავშვობის დროინდელი ქუთაისი ლამის მთლიანად შემოვიარე...

მწერალი აკა მორჩილაძე იხსენებდა, როგორ წაიყვანა ერთხელ მწერალმა კოტე ჯანდიერმა იგი რეზო გაბრიაძესთან: - იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს... მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.

კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო...

რეზო გაბრიაძე: "დავიბადე 1936 წლის 29 ივნისს, ქუთაისში, წარმოშობით გლეხის ოჯახში... 1905 წლის რევოლუციის ქუჩა, სახლი ნომერი 23 დიდხანს-დიდხანს ცხოვრობდა ჩემთან ერთად. და ახლა, სიბერეშიც მახსენებს თავს, თუმცა უფრო და უფრო მკრთალად. მაგრამ ადრე იგი ამომიტივტივდებოდა ხოლმე მოულოდნელად და უადგილოდ - უეცარი ნათებასავით - მაგალითად, სტომატოლოგთან ან აეროპორტში ვიწყებდი ჩურჩულით "1905 წლის ქუჩა, სახლი ნომერი 23". თითქოს ჩემი ბავშვობის მისამართით რაღაცისგან თავს ვიცავდი. ხოლო რიცხვ "23"-ს დღემდე ვიყენებ სცენარებში, საუბრისას, ნახატებში"...

მ. დმიტრევსკაიას წიგნში "რეზო გაბრიაძის თეატრი" ბატონი რეზო თავად ჰყვება, რომ სწავლობდა საბჭოთა სკოლაში, საშუალოდ, მერე ფიზიკურად შრომობდა. "ენგურჰესის" მშენებლობაზე მებეტონედ მუშაობდა. ხშირად აბარებდა სხვადასხვა ინსტიტუტში; ბევრგან სწავლობდა კიდეც, "მეტალურგიულშიც" კი ყოფილა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე კურსიდან გაზეთების მეოთხე გვერდებზე იბეჭდებოდა. ეს მეოთხე გვერდი კი მაშინ, თურმე, პატარა სარკმელი ყოფილა რეალურ ცხოვრებაში... 60-იანი წლების დასაწყისში ბედმა იგი მოსკოვში მოახვედრა, უმაღლეს სასცენარო კურსებზე, სადაც იმხანად გამოჩენილი კინემატოგრაფისტები ასწავლიდნენ... შემდეგ იმუშავა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" - რეჟისორად, სცენარისტად, მხატვრად. 35-ზე მეტი ფილმი შექმნა. მისი სცენარების თუ იმავე შინაარსის ცალკე, დამოუკიდებლად დაწერილი მოთხრობების სიუჟეტები, ძირითადად, ნამდვილ ამბებზეა აგებული და გმირებიც რეალური პიროვნებები არიან.

მარინა დმიტრიევსკაიას რომ უკითხავს, - რეზო, საიდან გაჩნდნენ მარიონეტებიო? ბატონ რეზოს უთქვამს, - 20 წელი ქართულ კინოში ვიმუშავე. ამით ძალიან დავიღალე და ერთხელ ბაღში დავჯექი იმის მოსაფიქრებლად, რა მეკეთებინა შემდეგ... ლიტერატურაში მიბრუნების ცდუნება იოლად და დაუნანებლად დავთრგუნე... ფერწერა? სკულპტურა? - ვიგონებდი დიდი ხნის მივიწყებულს... საით წავიდე? იქნებ, თეატრში? - უხალისოდ გავიფიქრე. - არა, თეატრი არანაკლებ ხმაურიანი ადგილია, არანაკლები ვნებებით სავსე და საჯარო, ვიდრე კინო... და უცებ გამახსენდა პატარა მარიონეტი, რომელიც ახალგაზრდობისას მინახავს... დავდიოდი ლენინგრადში, ვეძებდი ძველ თოჯინებს; ავდიოდი სხვენზე, ჩავდიოდი სარდაფშიო... როგორ შენდებოდა თეატრი

1979 წელს მან მემარიონეტეთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, 1981-ში კი - თბილისის მარიონეტების თეატრი დააფუძნა. მას შემდეგ დაიდგა "ალფრედი და ვიოლეტა", "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი", "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა", "ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი"...

ამბობენ და ისედაც, აშკარად ჩანდა, ბატონ რეზოს საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ასეთი რამ კი უთქვამს ქალბატონი მარინასთვის: ჩემი ოცნება ასრულდა - დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას, უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებშიო!

მისი პაწაწინა თოჯინების სამყაროში ადამიანების ბედისწერის მძაფრი ამბები იბადება. აქ ტირიან, იცინიან, მღერიან და მოგზაურობენ ოცნებებსა და მოგონებებში. მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი ყოფილა ბავშვობის მოგონებები, - ჩემს ბავშვობას ხშირად ვუბრუნდები. მინდა, იმ სამყაროში ისევ ვიცხოვროო.

რეზო გაბრიაძის თეატრის ფასადზე კი ოქროს ასოებითაა დაწერილი მისი დევიზი - "Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare" - "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს".

რევაზ გაბრიაძისეული "ცხოვრების წრებრუნვა"

კარგა ხანია, თბილისის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა მარიონეტების თეატრის საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს ააგო და მის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრის 30 წლის იუბილეზე, იმავე წლის 6 ნოემბერს სადღესასწაულოდ გახსნა. თუმცა იგი ამ უჩვეულო "პრემიერის" არა მარტო რეჟისორ-ფერმწერ-დრამატურგ-სკულპტორ-სცენარისტი გახლდათ, არამედ - არქიტექტორიც! საათიანი კოშკი არცთუ დიდი ხნის წინ ამერიკული ინტერნეტ-გამოცემის - Atlas obscura-ს მიერ საკუთარი ფორუმების მკითხველებისთვის შეთავაზებულ გამოკითხვაში, სადაც მათ თავიანთი უსაყვარლესი მონუმენტური საათები უნდა დაესახელებინათ, მკითხველების შერჩეულ მსოფლიოს 17 საუკეთესო ღირსშესანიშნავ მონუმენტურ საათს შორის რევაზ გაბრიაძის მარიონეტების თეატრის საათიანი კოშკიც მოხვდა.

კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. ყოველი საათის ბოლოს მოხატული კარიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის - "ცხოვრების წრებრუნვის" ნახვა. იქვე, თეატრისა და კოშკის გვერდით კი, VI საუკუნის ანჩისხატის ბაზილიკაა... სულ მალე, 10 ივნისს სწორედ იქ, იმ წმინდა ადგილიდან გამოემშვიდობება დიდ შემოქმედს საქართველო და, შეძლებისდაგვარად, ალბათ, მისი უცხოელი მეგობრებიც, თბილისში დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად კი, ბატონი რეზოს მოსახსენებელი პანაშვიდები ჩატარდება მოსკოვში, წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და სანქტ-პეტერბურგში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში! რეზო გაბრიაძე და გია ყანჩელი

ეპილოგი - მისი გაზაფხულის შემოდგომა

მწერალ ანდრეი ბიტოვს აქვს ნათქვამი, - გაბრიაძის სამყარო მხოლოდ საქართველოა და სწორედ საქართველო. იმდენად საქართველო, რომ აზრადაც არავის მოუვა, რომ საქართველოს ამ სახეს შეიძლება სხვა შემქმნელი ჰყავდესო... სწორედ მასვე აქვს დაწერილი 1972 წელს "თეატრამდელ" რევაზ გაბრიაძეზე: "როდესაც რეზო საკუთარი სამყაროთი ჩნდებოდა, ირგვლივ ყველა სწორედ ამ სამყაროს აღმოაჩენდა ხოლმე - მისეულ სამყაროს, რადგან იგი ნამდვილად არსებობდა და ამის დანახვა შესაძლებელი იყო; შემდეგ ყველა ისე იწყებდა სამყაროს დანახვას, როგორც ის ხედავდა; და უხაროდათ, ეღიმებოდათ და ესალმებოდნენ ამ სამყაროს, სიხარულით მიჰყვებოდნენ მას, როგორც საკუთარს, როგორც უცაბედად, საბედნიეროდ აღმოჩენილს - "როგორც იქნა"... "ღმერთო, ვიპოვე!" ეს ჭეშმარიტებაა, ეს სინამდვილეა! და რა მსუბუქად, რა იოლად და რა მოულოდნელად, თითქოს, სად იყო და სად არაო, შეიძლებოდა ამ სამყაროში მოხვედრა, მშვენიერ, სამართლიან, ღარიბ და ცოცხალ სამყაროში, სადაც იბადებიან და კვდებიან, შრომობენ მზისქვეშეთში, სვამენ და სხვა საზრუნავი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შენ ნაწილი ხარ დიდი და მარადიული სიცოცხლისა, რომელიც შენში და შენთან ერთად მიედინება და მუდამ - შენ მიღმა და ზემოთ!"

ამ სამყაროს ნიადაგი, საძირკველი მართლაც რევაზ გაბრიაძის "ფირუზისფერი საქართველო" იყო - დიდი და პატარა საქართველო. ყველაფერი, ხომ, სწორედ ამ პატარა საქართველოთი დაიწყო, ბანოჯადან და გუმბრიდან - წყალტუბოს სოფლებიდან, საიდანაც მისი ბებია, ბაბუა და... ყველა წინაპარი იყო!

- ამ სოფლებს შორის ისეთივე მანძილია, როგორიც ახალ და ძველ არბატს შორისო, - უთქვამს რეზო გაბრიაძეს მარინა დმიტრევსკაიასთვის და მისებრ, კვიმატურად დაურთავს, - ზოგჯერ, მოლხენისას, შეიძლება აგრეოდა, რომელ სოფელში იმყოფებოდი... მამისეულ მხარეს ნოემბრის დასაწყისში უკვე თოვლი დევს, ამიტომ ხალხიც უფრო მკაცრია. იქ შავი კლდეები და გრანიტია და იქაურებიც, თითქოს, ქვისგან გამოთლილებს ჰგვანან, თანაც ძვალმსხვილები არიან, ნელა დადიან და მთელი ტანით, ტლანქად, ისე შემობრუნდებიან ხოლმე, როგორც ტროლეიბუსი... დედის მხარეს მიწა რბილია და სრულიად თეთრი, იქაური ნათესავებიც უფრო მხიარულები, არტისტულები, მუსიკალურები და პლასტიკურები არიანო. იმ "პატარა საქართველოს" გახსენებისას, ბატონი რეზო, თურმე, ხშირად ჩაურთავდა ხოლმე თავისი ბებია-ბაბუის ამბავს - როგორ გაექცა ბაბუას მასზე განაწყენებული ბებია - ჯერ კიდევ პატარა გოგონა დომნა ბრეგვაძე თავის მშობლიურ სოფელში... ლამის, მოპირდაპირე ქუჩაზე! ამ მიკროსამყაროს - "გაბრიაძის საქართველოს" მასშტაბი ნელ-ნელა ჯერ ქუთაისამდე გაიზარდა, შემდეგ თბილისამდე და შემდეგ... მსოფლიო მოიცვა - სად აღარ იცხოვრა და სად აღარ დატოვა კვალი თავისი შემოქმედებით, მაგრამ "ფირუზისფერი საქართველო" მუდამ მისი სულის ნაწილი იყო, მუდამ ყავლგაუსვლელი.

პ.ს.

"გამარჯობა, საფიჩხიის სასაფლაოვ! ო, რამდენი ახალი მკვდარია! ყველა, ვისაც ჩიტი უყვარდა, ყველა აქ წევს... და შენც, სარჯველაძევ! და შენც, ილუშა ფოტოგრაფო... გულოც... გამარჯობა, დომნა! გამარჯობა, ვარლამ! აი, თქვენთან ვარ... მთავარანგელოზო გაბრიელ, გამიღე ბებიასთან შესასვლელი კარი...

და იგი შეუშვეს..." - "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა".

ნათელი არ მოკლებოდეს თქვენს სულს, ძვირფასო ბატონო რეზო!

(სპეციალურად საიტისთვის)