შავი მუსტანგით - წინ, ბავშვობისაკენ! - კვირის პალიტრა

შავი მუსტანგით - წინ, ბავშვობისაკენ!

თომას მაინ რიდის გამოჩენა ლიტერატურულ ასპარეზზე უზარმაზარი ტალღის მოვარდნას ჰგავდა

თომას მაინ რიდის ყველა მეგობარმა და ნათესავმა 1870 წელს ასეთი შინაარსის დეპეშა მიიღო: "წმინდა ლუკას საავადმყოფოში, ძველი ჭრილობის გამიზეზების გამო გარდაიცვალა ინგლისელი მწერალი თომას მაინ რიდი."

მაგრამ, მარკ ტვენისა არ იყოს (რომელმაც დაწერა "ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ოდნავ გადაჭარბებულიაო"), მაინ რიდიც, კი არ მომკვდარა, "მხოლოდ" სიკვდილის პირას იყო - რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ უკვე ბოდავდა, ცოლი და ორი მედდა თავზე ედგნენ და ლოცვებს კითხულობდნენ, როდესაც უცებ სნეულმა თვალი გაახილა და სრულიად ჯანმრთელი ხმით წარმოთქვა:

- მომაშორეთ აქედან ეს ორი კუდიანი, თავს რომ დამდგომიან და საიქიოში გასასტუმრებლად გზას მილოცავენ. ამის შემდეგ მაინ რიდმა კიდევ 13 წელი იცოცხლა.

სხვათა შორის, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მაინ რიდმა "სიკვდილი მოატყუა", ხოლო პრესამ კი - საზოგადოება: ჯერ კიდევ 1847 წელს გამოქვეყნდა ინგლისურ პრესაში ასეთი ცნობა: "მექსიკაში, ჩაპულტეპეკის აღებისას ფეხში დაიჭრა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა ახალგაზრდა ნიჭიერი ინგლისელი, რომელიც ალბათ დიდი მწერალი გახდებოდა. ის ხშირად აქვეყნებდა წერილებს პრესაში ფსევდონიმით "ღარიბი მოწაფე".

როგორც გითხარით, ახალგაზრდა მაინ რიდი მაშინაც გადაურჩა "დათარსვას", თუმცა მართლა ძლივს გადარჩა - ამერიკა-მექსიკის ომში მოხალისედ წასული სამხედრო კორესპონდენტი ამ ომის ერთ-ერთი მთავარი შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და ამ ეპიზოდს ემოციურად აღწერს თავის მოგონებებში.

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ სწორედ ეს ჭრილობა "პატრონობდა" სიბერეში გაღარიბებულ მწერალს - მისი წიგნები აღარ იყიდებოდა და ერთადერთ საარსებო წყაროდ ამერიკის მთავრობის მიერ მექსიკასთან ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის დანიშნული პენსიაღა დარჩა.

არადა, მისი გამოჩენა ლიტერატურულ ასპარეზზე უზარმაზარი ტალღის მოვარდნას ჰგავდა - გამომცემლობები რიგში იდგნენ, რომ მისი რომანების გამოცემის უფლება მიეღოთ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამომცემლობის მფლობელის, არისტოკრატული ინგლისური გვარის შთამომავლის ქალიშვილი იყო 15 წლის ელიზაბეტ ჰაიდი, რომლის მამაც ალბათ არასოდეს დათანხმდებოდა არასრულწლოვანი გოგონას გათხოვებაზე, მით უმეტეს 33 წლის კაცზე, რომ არა მისი პოპულარობა... თუმცა, შესაძლოა, მისტერ ჰაიდმა მალე ინანა კიდეც, რადგან 10 წლის შემდეგ, როდესაც ინგლისში მაინ რიდის პოპულარობამ საგრძნობლად იკლო, იგი მეუღლესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა "ახალი ცხოვრების დასაწყებად", მაგრამ სამი წლის თავზე ინგლისში დასაბრუნებელი ფული ძლივს შეაგროვეს... შესაძლოა, ამერიკაში მისი წარუმატებლობის მიზეზი ისიც იყო, რომ 1860 წელს, სამოქალაქო ომის დროს  მაინ რიდი აქტიურად უჭერდა მხარს ჩრდილოელებს და მონობის გაუქმებას ითხოვდა...

სამაგიეროდ, მოვიდა 1865 წელი და "უთავო მხედარი" გამოქვეყნდა! მაინ რიდის სახელი კვლავ მთელ ინგლისურენოვან სამყაროს მოედო და სწორედ მაშინ მოაწყო მან თავისი "კასა დელ კორვო" არა მექსიკაში, არამედ ლონდონთან ახლოს, ჰერეფორდშირის საგრაფოში, პატარა დასახლება ჯერარდ კროსში.

ახლა კი უფრო დალაგებით, თავიდან მოვყვეთ მაინ რიდის "დაულაგებელი" ცხოვრების შესახებ:

1818 წელს დაიბადა ირლანდიაში, ღარიბი კათოლიკე მღვდლის ოჯახში. მშობლებმა ყველაფერი იღონეს, რომ კარგი განათლება მიეღო და ბელფასტში, სამეფო საუნივერსიტეტო კოლეჯში მოაწყვეს, სადაც თეოლოგია უნდა შეესწავლა, მაგრამ ტომს (მაინი მისი მეორე სახელია, მამასაც ასე ერქვა) თეოლოგიას სპორტი და ენების შესწავლა ერჩივნა და კიდევ - მოგზაურობისადმი დაუოკებელი სწრაფვა.

ამიტომ აღარ დაამთავრა სწავლა, 21 წლისამ აიკრა გუდა-ნაბადი და ამერიკაში წავიდა. წარმოიდგინეთ მაშინდელი ამერიკა: პრერიები, ოქროს მაძიებლები, ინდიელები, ველური დასავლეთი... თუმცა, რაღა წარმოდგენა გვინდა - ნებისმიერ წარმოდგენაზე უკეთ აღწერა თვითონ მწერალმა ყველაფერი.

ექვსი წლის მანძილზე ბევრი საქმე და პროფესია გამოიცვალა, უამრავ ადამიანს შეხვდა - ხან ვაჭრობდა, ხან მასწავლებლობდა, ხან ჟურნალისტობდა; ინდიელთა ტომების ბელადებს ხვდებოდა და მათთან საუკეთესო ურთიერთობებიც ჩამოუყალიბდა (სხვათა შორის, მომავალში პირველი მწერალი გახდა, რომლის რომანიც ინდიელთა ერთ-ერთ ენაზე ითარგმნა). 1846 წელს კი, როგორც გითხარით, ერთ-ერთი გაზეთის სამხედრო კორესპონდენტობა შეითავსა და მექსიკელების წინააღმდეგ ომში ჩაება ამერიკელთა მხარეს. 1848 წელს ჯარიდან კაპიტნის რანგში წამოვიდა და ევროპისაკენ გამოეშურა - თავისუფლებისმოყვარე კაპიტანს უნგრეთისა და ბავარიის რევოლუციებში სურდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ვერ ჩამოუსწრო...

სულ მალე ამერიკული შთაბეჭდილებებით დაწერილი რომანი - "თავისუფალი მსროლელები" გამოაქვეყნა და წარმატებაც უცებ მოვიდა. ეს 1850 წელს მოხდა, მომავალი 10 წლის მანძილზე კიდევ გამოაქვეყნა განთქმული რომანები: "ოცეოლა - სემინოლების ბელადი", "სკალპებზე მონადირენი", "კვარტერონი"; და ისევ დიდი წარმატება მოიპოვა; მაგრამ ფულის შოვნაზე ძნელი რომ მისი შენახვაა, ეს არასოდეს იცოდა რომანტიკოსმა მწერალმა - ეგზოტიკური გართობისა და ხელგაშლილობის  მოყვარული და ამის გამო გაღატაკებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისევ ამერიკაში წავიდა...

ამერიკიდან ვალებით ჩამოვიდაო, - კი ვთქვით, მაგრამ იქიდან "უთავო მხედრის" სიუჟეტი და იდეა ჩამოიტანა. ამ რომანმა, თამამად შეიძლება ითქვას, მაინ რიდი გადაარჩინა - უსახელობასაც და უსახსრობასაც!

იგი ოკეანის გაღმა აღარ დაბრუნებულა, მაგრამ პატარა ბრიტანულ დაბაში მოწყობილი მისი სახლი, რომელიც უცხო სხეულივით იყო "ჩაჭედილი" აგურით ნაშენ და კრამიტით გადახურულ ინგლისურ საცხოვრისებს შორის, მათ პატრონს მაინც იქ აგრძნობინებდა თავს - მის საყვარელ პრერიებში, იქ, სადაც მორის ჯერალდი დააგელვებდა უბელო ცხენებს და სადაც საიდუმლოებით მოცული უთავო მხედარი დროდადრო ჩნდებოდა პოინდექსტერების მამულის შორიახლო...

ალბათ უხერხული იქნებოდა, აქ რომანის შინაარსი რომ გაგვეხსენებინა - იმდენად ცნობილია იგი ჩვენში ყველასათვის, მაგრამ გაგიკვირდებათ და ბრიტანეთსა და ამერიკაში მხოლოდ ახლა დაიწყეს მაინ რიდის რომანების ხელახლა გამოცემა - XX საუკუნეში იგი სრულიად დავიწყებას იყო მიცემული, ისევე, როგორც სიცოცხლის ბოლო წლებში.

დამეთანხმებით, ძალიან ბევრი დაკარგეს ინგლისელებმაც და ამერიკელებმაც, რომლებსაც ყმაწვილობაში ღამეები არ უთენებიათ "უთავო მხედრის" კითხვისას.

თქვენ კი, ვისთვისაც ასე ახლობელია ეს მართლაც რომანტიკული რომანი - გილოცავთ "50 წიგნის" პროექტის ეგიდით კიდევ ერთი შედევრის გამოსვლას და წინ - ბავშვობისაკენ, შავი მუსტანგით სამოგზაუროდ გეპატიჟებით.