"რთული დღეები გავიარე, მორალურად მეუღლე მეხმარებოდა. ჩვენ ორნი, სრულიად ახალგაზრდები აღმოვჩნდით მარტო"
"რთული დღეები გავიარე, მორალურად მეუღლე მეხმარებოდა. ჩვენ ორნი, სრულიად ახალგაზრდები აღმოვჩნდით მარტო"
"მიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ, იქ არ გვეძლევა ჩვენი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა და ამიტომაც, ჩვენს რესურსს სხვა ქვეყანას ვახმართ. საქართველოში წარმატებული ვერ ვიქნებოდი და ამიტომაც წამოვედი"

მაშო ნასრაშვილი საქართველოდან 2016 წელს წავიდა. პროფესიით ჟურნალისტმა თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და არც იმის დრო რჩებოდა, საყვარელი საქმიანობა პროფესიად ექცია. ამერიკაში, როგორც თავად ამბობს, პროფესიული ზრდისთვის წავიდა. მაშო დღეს მხატვარია და ამერიკის ერთ-ერთ კომპანიაში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს. ამბობს, რომ რთულია, სამსახური და ხატვა
შეუთავსოს ერთმანეთს, მაგრამ ახერხებს და ერთ ცნობილ მუზეუმთან თანამშრომლობისთვისაც ემზადება.

- რა გახდა ქვეყნიდან თქვენი წასვლის მიზეზი?
- მინდოდა, პროფესიულად გავზრდილიყავი და ბევრი დრო დამეთმო ხატვისთვის. საქართველოში ჟურნალისტად ვმუშაობდი და არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ ჩემი მთელი დრო და რესურსი მომეხმარა ხატვისთვის, იყო ასევე ფინანსური
პრობლემაც.

- გვიამბეთ თქვენს ამერიკულ ცხოვრებაზე.
- ძალიან რთული დღეები გავიარე, ფეხზე დადგომას მარტო ვცდილობდი, მორალურად მეუღლე მეხმარებოდა, მეტი არავინ მყავდა. ჩვენ ორნი, სრულიად ახალგაზრდები აღმოვჩნდით მარტო. მეუღლეს ჰქონდა ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება, ჩემთვის კი აქაურობა სრულიად უცხო იყო, თავს ახალფეხადგმული ბავშვივით ვგრძნობდი, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას დასაყრდენს რომ ეძებს. არავინ იყო ისეთი, ვისი იმედიც მექნებოდა. ძნელია, ასეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი აღმოჩნდე ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა. მართალია, ამერიკას ემიგრანტების ქვეყანას ეძახიან, სადაც თავდაუზოგავად იბრძვი თავის გადასარჩენად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იმის გააზრებაა რთული, რომ შენი ოჯახისა და ახლობლებისგან შორს, სრულიად უცხო გარემოში გიწევს ყოფნა და თავის დამკვიდრება.

- როგორ ფიქრობთ, წარმატებული ქალისთვის დიდი ძალაა ქმრის თანადგომა?
- ასეც ვერ ვიტყვი, ბრძოლის ძალა შეიძლება, სრულიად უცხო ადამიანმა მოგცეს ან შენს შვილში იპოვო, თუმცა, რა თქმა უნდა, მეუღლის თანადგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარმატების მისაღწევად, არამედ ცხოვრების გასაგრძელებლადაც.

- ყოფილა დღეები, როდესაც გითქვამთ, რომ მეტი არ შეგეძლოთ და ვეღარ გააგრძელებდით ბრძოლას თავის დამკვიდრებისთვის?
- დიახ, მაშინ, როდესაც საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, თავიდან მომიხდა ფეხზე დადგომა და თავის დამკვიდრება. რომ არა ხატვა და მის მიმართ ამხელა სიყვარული, ალბათ ვერ გავუძლებდი. ჯერ ერთ გარემოს ეჩვევი და ამისთვის მთელ შენს ადამიანურ რესურსს ხარჯავ, შემდეგ კი გიწევს, ყველაფერი დატოვო და საცხოვრებლად სხვა შტატში გადახვიდე. წარმოიდგინეთ, სახლის შეცვლა და ერთი უბნიდან მეორეში საცხოვრებლად გადასვლა როგორი რთულია და ათჯერ უფრო რთულია შტატიდან შტატში გადასვლა. ემიგრანტის ცხოვრება ვიღაცისთვის ადვილია, საქართველოდან ჭირს რეალობის აღქმა, მაგრამ ემიგრანტები მიხვდებიან, ახლა რასაც ვამბობ, - თითქოს ცხვარი ხარ მგლებში ჩაგდებული და იმედი არ გაქვს, რომ ვინმე გადაგარჩენს, იბრძვი სრულიად მარტო, რომ თავი გადაირჩინო... მე ჩემი ფუნჯებით ვიბრძოდი გადარჩენისთვის. ხატვა ჩემთვის ყველაფერია. მიყვარს ჩემი საქმე და ამით ვცოცხლობ. პატარა ასაკიდან ვხატავ, თვითნასწავლი ვარ და ყოველდღიურად ვცდილობ, გავიზარდო. დღემდე მახსოვს ის ემოცია, ბავშვობაში ხატვის დროს რომ მეუფლებოდა. დღესაც იმავე განცდითა და ემოციებით ვხატავ. ეს სიამოვნებასთან ერთად, პასუხისმგებლობაც არის - თუ აცხადებ, რომ მხატვარი ხარ, შენი ნახატები აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს და მათ დასათვალიერებლად მოსულები შენს ხელწერას უნდა ცნობდნენ.

- რას ხატავთ ყველაზე ხშირად?
- ვერ გამოვყოფ, ყველაფერს ვხატავ. მუზა, ძირითადად, ძილში მომდის, ვიღვიძებ და ვიწყებ ხატვას, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა საბოლოოდ. არასოდეს დამიხატავს დაკვეთით და სხვისი რჩევებით, ჩემს ნახატს მე უნდა "ვხედავდე".

- თუ გქონდათ გამოფენა-გაყიდვა ამერიკაში?
- ახლა ვემზადები გამოფენისთვის, ერთ-ერთ დიდ მუზეუმთან მაქვს მოლაპარაკება თანამშრომლობის თაობაზე. რაც შეეხება ნახატების გაყიდვას, ყველა ისეთი სიყვარულით მაქვს შექმნილი, გამიჭირდება მათ შეველიო, უმჯობესია, ჩემთან იყოს და ხალხს გამოფენებზე შეეძლოს ნახვა.

- რა მოგცათ ამერიკამ და როგორ ფიქრობთ - იმ ფაქტმა, რომ არ ხართ ამერიკის მოქალაქე, განვითარებაში ხელი შეგიშალათ?
- ამ ქვეყანამ მომცა თავდაჯერებულობა. როდესაც გასაუბრებებზე დავდიოდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ამას შევძლებდი, ძლიერი ვარ და ყველაფერი გამომივა-მეთქი. ასევე შევძელი და ჩემი კომპლექსები ნაწილობრივ დავამარცხე. ამერიკელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ მეტს მივაღწევდი, არ ვიცი... როდესაც ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, სიმართლე გითხრათ, იქ ვერ ვგრძნობდი, რომ უცხო ვიყავი. საცხოვრებელი ადგილი რომ შევიცვალეთ, იქ კი ბევრჯერ შემიმჩნევია ადამიანების მზერა, როდესაც მათთვის გაუგებარ ენაზე საუბარი ესმოდათ, თუმცა ამერიკა ჩემი ქვეყანაა, ყოველთვის ვიცოდი - ან საქართველოში ვიცხოვრებდი, ან - ამერიკაში. ეს არის მეტი შესაძლებლობების ქვეყანა; აქ გეძლევა საშუალება, აკეთო შენი საყვარელი საქმე. მიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ, იქ არ გვეძლევა ჩვენი ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა და ამიტომაც, ჩვენს რესურსს სხვა ქვეყანას ვახმართ. საქართველოში წარმატებული ვერ ვიქნებოდი და ამიტომაც წამოვედი. რთულია, იქ შენი პროფესიითა და საქმიანობით ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო. ხელოვანი ადამიანი რატომღაც გაჭირვებასა და სიდუხჭირესთან ასოცირდება.

- რა კომპლექსებზე საუბრობთ?
- როდესაც ვხატავდი, მიჭირდა ჩემი ნახატების სხვებისთვის ჩვენება, არასოდეს მომწონდა ის, რაც საბოლოოდ გამოდიოდა. ასე იყო მაშინაც, როდესაც ჟურნალისტად ვმუშაობდი, - არ მომწონდა ჩემი მომზადებული არც ერთი რეპორტაჟი, ყველაფერს კრიტიკულად ვუდგებოდი და ყველაფრის მრცხვენოდა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს კომპლექსები საკუთარ თავში რაღაც პროცენტით დავამარცხე, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის კრიტიკა, ეს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

- ამერიკაში ყველაფერზე მეტად, რამ გაგაოცათ?
- ალბათ ადამიანების ღიმილიანმა სახეებმა, ქუჩაში თითქმის ყველა გაღიმებული გხვდება. წარმოდგენა გრჩება, რომ პრობლემები შინ დატოვეს და გარეთ არ გამოიტანეს, რათა შემხვედრი არ შეაწუხონ.

- ყველაზე რთული "პროფესია" გაქვთ, დედა ხართ; როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს კარგ დედობასთან?
- დიახ, ეს მართლაც ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო "პროფესიაა". რთულია სამსახური, ხატვა და დედობა ერთად, თუმცა ჩემი შვილი ძალიან დამოუკიდებელია და ხელს არასოდეს მიშლის მუშაობაში. ვცდილობ, შევაყვარო ხელოვნება, ხშირად ისიც ჩემთან ერთად ხატავს. ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ, ჩემი შვილი მარტომ გავზარდე, რადგან მეუღლე მუშაობდა და შინ გვიან ბრუნდებოდა.

- რაზე ოცნებობთ?
- ვოცნებობ, ხშირად მქონდეს გამოფენა, თანაც - შოუს ელემენტებით, და მინდა, ადამიანებს ჩემს გამოფენაზე მოსვლა უხაროდეთ.

- საქართველოში დაბრუნებასა და თქვენი საქმიანობის იქ გაგრძელებაზე თუ გიფიქრიათ?
- არა, ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება. საქართველოში არ მექნება ის შესაძლებლობები, რაც აქ მაქვს.

- რას ეტყვით ადამიანებს, რომლებსაც საზღვარგარეთ წასვლა აქვთ გადაწყვეტილი?
- კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. საზღვარგარეთ არ არის ისეთი იოლი ცხოვრება, როგორც საქართველოდან ჩანს. აქ თითოეული "გროშის" გამოსამუშავებლად უწევთ ადამიანებს მძიმე შრომის გაწევა. ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო ამისთვის, უნდა გაუძლო სტრესს. ემიგრანტი ზღვიდან გამორიყულ ნაფოტს ჰგავს, რომელსაც მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ ისევ მოვა დიდი ტალღა და მას იქ დააბრუნებს, საიდანაც გამორიყა. ამ იმედით გადის წლები და უკან ვერ ვბრუნდებით... ყველა ემიგრანტს ვუსურვებ სულის სიმტკიცეს და გამძლეობას.

ფიქრია რობაქიძე
ჟურნალი "გზა"

ნანუკა
10 ივნისი 2021 12:16
უმაგრესო გოგო ხარ და მაგალითი ბევრისთვის !!
ლალუკა
10 ივნისი 2021 09:12
მეუღლე კი გყოლია და მეტი ვისი იმედი უნდა გქონოდა

რუბრიკის სხვა სიახლეები