"ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ შესაძლოა რეალობასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა გახარიასა და "ნაციონალების" შეთქმულებას, მიუხედავად იმისა, რომ გახარიას ქომაგი არ ვარ..." - კვირის პალიტრა

"ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ შესაძლოა რეალობასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა გახარიასა და "ნაციონალების" შეთქმულებას, მიუხედავად იმისა, რომ გახარიას ქომაგი არ ვარ..."

ცხადია, რომ ჰიბრიდული ომის რუსული თეორიის გაგება მნიშვნელოვანია მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. როგორია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული ომის მიმართულებები, რამდენად უწყობს ხელს რუსული ჰიბრიდული ომის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკურ ტრენდად" ქცეული შეთქმულების თეორიები, პოლიტიკურ ლიდერთა მიერ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ერთმანეთისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება, საერთოდ, როგორია დღევანდელი ქართული პოლიტიკური ველი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია გვესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ყველასთვის გახდა გასაგები, ვინ უკვეთს მუსიკას. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის წერილიც და ბოლო დროს ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორია გიორგი გახარიასა და "ნაციონალების" კავშირის შესახებ დაკავშირებულია შიშთან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" ვერ აიღოს 43%..."

"შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის "საბურავების რევოლუციის" ამბავს. იქიდან მოყოლებული დღემდე უამრავი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ, თუმცა, გამოძიებას დღემდე არ დაუდვია კონკრეტული ფაქტები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ შესაძლოა რეალობასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა გახარიასა და "ნაციონალების" შეთქმულებას, მიუხედავად იმისა, რომ გახარიას ქომაგი არ ვარ..."

"თუ ბატონი გახარია ნამდვილად ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, ჯობს, აბსურდულ ბრალდებებზე საუბარს თავი დაანებოს და ანაკლიის პროექტის დაბლოკვის რეალურ მიზეზებზე ისაუბროს. არასწორია, რომ ის "ქართული ოცნების" "ტრენდს" აგრძელებს და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებას..."

"ნათელია რუსეთის ინტერესები, მაგრამ გაუგებარია "ქართული ოცნების" ქმედებები, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსეთი და რა სურს კრემლს, საკითხავი ახლა ის არის, რას ვუპირისპირებთ ჩვენ მათ!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე