"შუა სირბილისას თმას ვივარცხნი, ტუჩსაცხს ვიმატებ და სელფებს, ფოტოებს, ვიდეოებს ვიღებ..." - კვირის პალიტრა

"შუა სირბილისას თმას ვივარცხნი, ტუჩსაცხს ვიმატებ და სელფებს, ფოტოებს, ვიდეოებს ვიღებ..."

თამი შარუხია სპორტით ბავშვობიდან იყო გატაცებული, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმები აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას არ ურჩევდნენ. ბავშვობის ოცნება სიცოცხლის მეხუთე ათეულში აიხდინა, სირბილი მეგობრების რჩევით, 44 წლის ასაკში დაიწყო და ორ წელში საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულიც გახდა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ხუთი წელია, რაც სირბილი დავიწყე. შეჯიბრებაზე კი პირველად სამი წლის წინ გავედი. გარდა სპორტული ინტერესისა, ეს ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა და ერთი დღეც რომ არ წავიდე სარბენად, დანაკლისის გრძნობა მაქვს. შიდა შეჯიბრებებს სხვადასხვა ჯგუფი აწყობს. ვიკრიბებით და ხან ჯგუფურად, ხანაც ცალ-ცალკე ვვარჯიშობთ. ყველაზე ხშირად შეჯიბრებაზე თურქეთში გვიხდება გამგზავრება და უნდა აღვნიშნო, რომ პრიზის გარეშე არასოდეს ჩამოვდივართ, ასაკობრივ კატეგორიაში ყოველთვის ვიმარჯვებთ..."

"პირველად ასპარეზობაში მონაწილეობა ტრაბზონში, ნახევარმარათონში მივიღე და პირველი ადგილი დავიკავე. შემდეგი შეჯიბრება სტამბოლში იყო. წასვლამდე ყველა მეუბნებოდა, რომ ვერ შევძლებდი და სირბილზე გული ამიცრუვდებოდა, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, სხვების შეფასებებს არ დავუჯერე. თანაც, მწვრთნელმა მითხრა, რომ შევძლებდი და ასეც მოხდა - მანძილი 3:59 წუთში დავფარე და გამარჯვებული დავბრუნდი..."

"სპორტულ ზედატანებს აქვს ჯიბეები, სადაც შეგიძლია წყლის ბოთლი ან სპეციალური საკვები განათავსო. ამ ნივთების გარდა ჩემს "ტოპში" ტუჩსაცხი, სარკე და სხვადასხვა მსგავსი ნივთი იყრის თავს... ერთხელ, მახსოვს, სპეციალურად გრძელი შარვალი ჩავიცვი, რომ მასში სელფის ჯოხი ადვილად მომეთავსებინა. 4 საათი ვირბინე და შინ მოსულმა ფეხზე კვერცხისოდენა ჰემატომა აღმოვაჩინე. შუა სირბილისას თმას ვივარცხნი, ტუჩსაცხს ვიმატებ და სელფებს, ფოტოებს, ვიდეოებს ვიღებ..."

"გიას ჩემი წარმატება ჩემზე მეტად ახარებს. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. მეზღვაურია, შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე. სახლში თვეობით ვერ ვნახულობ. როცა ჩემი გამარჯვების შესახებ იგებს, უბედნიერესია. არაჩვეულებრივი იუმორით გამოირჩევა. ვერაფრით ჩავითრიე სპორტულ აქტივობებში. ამბობს, ოჯახში ერთი სპორტსმენიც საკმარისიაო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე