"სიმონი მარიკას სილამაზეს მოუნუსხავს და მტკიცედ გამოუცხადებია, სწორედ მაგას შევირთავ ცოლადო. დაქადნების შესრულებას შვიდი წელი მოანდომა"
"სიმონი მარიკას სილამაზეს მოუნუსხავს და მტკიცედ გამოუცხადებია, სწორედ მაგას შევირთავ ცოლადო. დაქადნების შესრულებას შვიდი წელი მოანდომა"
"ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით,/ სინამდვილეა, არ ეგონოს ვინმეს იგავი./ თითქოს ოდესმე ბუხრის ახლო ერთად ვნატრობდით,/ ჩვენი წილხვედრი რომ აგვენთო ერთი ნაფოტიც./ პირველყოფილი თუ ვიყავი კაცი ველური,/ როგორც პირველ კვამლს, დაგხაროდი გაკვირვებული./ თითქოს ყრმობისას გამოვჭედე ოქროს ბეჭედი/ და იმ ბეჭედში ჩასასმელად შენს თვალს ვეძებდი/... ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით,/ სინამდვილეა, არ ეგონოს არვის იგავი./ დაფნა რად გვინდა, გავეხვიოთ ციხის სუროში/ და, როს მოვკვდებით მოვთავსდებით ერთად კუბოში."
სიმონ ჩიქოვანი
- მარიკა ელიავას

სიმონი
პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი გასული საუკუნის დასაწყისში, 1902 წელს დაიბადა აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში. დედა დაბადების წელსვე გარდაეცვალა, კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის დის ნაადრევი გარდაცვალება და ამიტომაც მის პოეზიაში ბავშვობის დროინდელ მოგონებებს ხშირად ახლავს სევდა და წუთისოფლის სამდურავი: "სად
დავიბადე, უნდო ბედმა რა გამატანა, /სული მწყურვალი და მათარა ძლიერ პატარა"...
ნაადრევად დაობლებული პოეტის აღზრდის საქმეში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. სიმონის მამა ოცნებობდა, რომ მისი ვაჟი სამთო ინჟინერი გამოსულიყო, ამიტომ ვაჟი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიაბარა. მანამდე სიმონი მოსამზადებელ განყოფილებაზე ჩაირიცხა და მამამ იგი თავად დგებუაძის ოჯახში მდგმურად დააყენა. დგებუაძეებს ჰყავდათ ორი ქალიშვილი: ფუცუ (შემდგომში მწერალი ფუცუ დგებუაძე-ფულარია) და პაუსია, რომელიც სიმონს რუსულში ამზადებდა. ამ ოჯახში ლიტერატურა ძალიან უყვარდათ: კითხულობდნენ და წერდნენ ლექსებს, დგამდნენ შარადებს და... პატარა სიმონსაც პირველი ლექსი სწორედ აქ დაუწერია. მომდევნო წელს სიმონი რეალური სასწავლებლის პირველ კლასში მიიღეს და იგი საცხოვრებლად გადავიდა ჩაჩავების ოჯახში, სადაც ჩაჩავების ვაჟს, თანატოლ კოლიას დაუმეგობრდა. ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით იგი სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად.

1917 წელს სიმონ ჩიქოვანს მამაც გარდაეცვალა.
1921 წელს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ყოფნა-არყოფნის საკითხი რომ დადგა, სიმონი ქუთაისელ მოხალისეთა რაზმთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. ამ ასეულს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მან სრულად იწვნია უკანდახევის სიმძიმე და სიმწარე, ხოლო საქართველოს მომავლის გამო შფოთვა და შიში მთელი ცხოვრება გაჰყვა სიმონ ჩიქოვანს, რაც აისახა კიდეც მის ლექსებში... იმავე წელს, მძიმე მატერიალური პირობების მიუხედავად, პოეტმა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. 1922 წელს მან მეგობრებთან ერთად ქართულ ლიტერატურაში დაამკვიდრა ახალი მიმდინარეობა - ფუტურიზმი და დააარსა ჯგუფი "მემარცხენეობა", სადაც გაერთიანდნენ სიმონ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ჩაჩავა, დავით გაჩეჩილაძე, ბესარიონ ჟღენტი, აკაკი ბელიაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია და სხვ. მათვე გამოსცეს ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი - "საქართველო - ფენიქსი". ასე გამოჩნდნენ 1920-იანი წლების თბილისის ქუჩებში უცნაური ახალგაზრდები - ფერადი, კუბოკრული სამოსით. მათ გულზე ბოლოკი ებნიათ და თავისი ახირებული ქცევით ყველას ყურადღებას იქცევდნენ. ამ ახალგაზრდების ქართულ პრესაში კლოუნებად მოიხსენიებდნენ...
ფუტურისტები - მარჯვნივ მერი ანჯაფარიძე, სიმონ ჩიქოვანი, ნიკოლოზ შენგელაია
მარიკა

ულამაზესი მარიკა ელიავა 1908 წელს სოციალ-დემოკრატ ნიკოლოზ (ნიკო) ელიავასა და ელისაბედ (ლიზა) ჭიჭინაძის ოჯახში დაიბადა. ნიკოს დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ელისაბედს - გიმნაზია და სპეციალური სამასწავლებლო კლასი. ნიკოლოზს ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო და მეგობრობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან, მასვე მოანათვლინა თავისი ხუთი შვილი - ზურაბი, იოსები, სუსანა, მარიკა და ელისო. მას რევოლუციური მოღვაწეობისთვის ხშირად აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ და ამ დროს ელისაბედს უწევდა ოჯახის გაძღოლა. ნიკო ელიავამ, ერთ-ერთმა პირველმა, მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. იგი რევოლუციის შემდგომი თბილისის პირველი ქართველი მერი იყო, შემდეგ კი - ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე.

ერთი ნახვით შეყვარება და... გვიან ასრულებული დანაქადები

1927 წელი იყო. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეგობრებთან ერთად ჭადრის ჩრდილქვეშ მდგომ ახალგაზრდა ფუტურისტ პოეტს - სიმონ ჩიქოვანს დები - სუსანა და მარიკა ელიავები დაუნახავს. მართალია, შუშანა იმ დროს თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად მიიჩნეოდა, მაგრამ... სიმონი მარიკას სილამაზეს მოუნუსხავს და იქვე დაუზუსტებია, - შუშანა ელიავას რომ მოჰყვება, ის გოგო ვინ არისო? მეგობრებს უთქვამთ, - მისი უმცროსი დაა, მარიკაო. სიმონსაც არ დაუხანებია და მაშინვე მტკიცედ გამოუცხადებია, - ჰოდა, სწორედ მაგას შევირთავ ცოლადო.
მათი ვაჟი, ნიკა ჩიქოვანი იხსენებდა, - სიმონმა ამ დაქადნების შესრულებას ბიბლიური იაკობივით შვიდი წელი მოანდომა. მარიკა მერე იგონებდა, ხანდახან ვიფიქრებდი ცოლად გაყოლას, მომიბრუნდებოდა მისკენ გული, მაგრამ უცებ ისეთ რამეს ჩაიდენდა, წამიხდებოდა გუნება: ვთქვათ, უწინდებოდ მოვიდოდა ან ლექსს დაწერდა ისეთს, რომ ჩვენი ურთიერთობა იმ სტადიაში არ იყო, როგორც მის ლექსებიდან ჩანდა და ეს მწყინდაო.
მარიკა ელიავა (ზის მარცხნიდან პირველი) და სიმონ ჩიქოვანი (დგას მარჯვნიდან პირველი)
1933 წელს დაქორწინდნენ. სიმონი მაშინ 30 წლის იყო, მარიკა - 23-ის. სიმამრს, ნიკო ელიავასაც ძალიან მოსწონდა სიმონი, მას ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდად მიაჩნდა. შეუღლების შემდეგ მწერალთა კავშირის ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. სიმონს ოთახის დაქირავების საშუალება არ ჰქონდა. რაღაც ხნის შემდეგ მას ოროთახნიანი ბინა მისცეს მწერალთა პირველ სახლში, მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, შემდეგ, 1939 წელს, გადავიდნენ თერთმეტსართულიან სახლში, დღევანდელ გმირთა მოედანზე და მათთან სტუმრობა ყველასთვის ძალიან სასიამოვნო ყოფილა.
მარიკა მწერლისთვის იდეალური ცოლი გახლდათ, მეუღლეს ყველაფერში ხელს უწყობდა, თუმცა უკომპრომისობითაც გამოირჩეოდა. სიმონს კი ცხოვრებაში, ასე თუ ისე, მაინც მოუხდა კომპრომისებზე წასვლა: ლექსები დაწერა სტალინზე, ბერიაზე, რაც მარიკას ძალიან სწყინდა. ერთი-ორ ვითომ მეგობარს სიმონთან ურთიერთობაში რაღაც რომ შეეშალა, სიმონი მერე მაინც შეურიგდა მათ, მარიკამ კი ისინი გულიდან ამოიშალა და სახლშიც აღარ მიიღო. სიმონს ადვილად შეეძლო პატიება, მარიკას - არა.

"ჩემო მარიკა, შენი წერილი რომ მივიღე, ძალიან მეწყინა, მაგრამ ახლა გამიარა. არა გრცხვენია, ისეთი მშრალი და ნაწყენი წერილი რომ მომწერე? მე შენს გარდა ვინ მყავს და ან შემიძლია უშენოთ ვინმეზე ვიფიქრო? ნუთუ უნდა გიმტკიცო სიყვარული... გაკოცებ მრავალს - თვალებში, ხელზე და ყველგან. იყავი კარგათ. მომიკითხე ყველანი თქვენები და ჩემი ამხანაგებიც. საერთოდ ამხანაგებზე ძალიან გული გამიტყდა. მომავალში ვნახოთ, რა იქნება. გაკოცებ ბევრს, ძალიან ბევრს. სულ სიზმრებში გხედავ და უშენობით, სინდისს ვფიცავარ, ვგიჟდები. ყოველთვის შენი სიმონი (1935 წ.)"
სიმონის წერილი მარიკას
რეპრესიები და ნიკა ჩიქოვანი

სიმონს მარიკასთვის მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში აქვს ასეთი სტრიქონები:
"...წელი დაგვესხა ოცდაჩვიდმეტი,/ შინ შემოვარდა და დაგვარბია..."

იმ სასტიკ წელს დააპატიმრეს მარიკას მამა ნიკოლოზ ელიავა, ძმა ზურაბი და რძალი - თინა. ნიკოლოზი და ზურაბი დახვრიტეს, თინა კი - გადაასახლეს. სიმონისა და მარიკას ერთადერთი ვაჟი - ნიკა ჩიქოვანი იგონებდა: "ზურაბი და თინა ჩემი მშობლები არიან, მათი დაპატიმრების შემდეგ მარიკამ და სიმონმა ამიყვანეს აღსაზრდელად, ხუთი წლის ასაკში. შემდგომში მათ ოფიციალურად გააფორმეს შვილად აყვანა, რათა ჩამოეცილებინათ ჩემთვის "ხალხის მტრის" შვილის დამღა. თურმე, ქართული ოჯახისთვის ასე ბუნებრივი საქციელიც დაბეზღების საგანი გამხდარა - სიმონ ჩიქოვანის ოჯახში ხალხის მტრის შვილი იზრდებაო... საერთოდ, ელიავებთან დამოყვრებამ, ალბათ, უფრო გაართულა სიმონის მდგომარეობა..."

1944 წელს სიმონ ჩიქოვანი საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს, მაგრამ მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმზე ვაჟა-ფშაველას ენის "სუსტი კრიტიკისთვის" თავად სიმონი გააკრიტიკეს, ბოლოს კი - მოხსნეს კიდეც მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან. მარიკას არასდროს უთხოვია, თურმე, სიმონისთვის, წასულიყო დათმობებზე პრინციპულ საკითხებში. ამ შემთხვევაში, მწერალთა კავშირის პლენუმის წინ კი ურჩევია, ვაჟა-ფშაველას მგმობელთა რიცხვს არ შეურთდე. რა სჯობია იმას, რომ მოგხსნან ვაჟა-ფშაველას დაცვის გამოო.
ცხოვრების უერთგულეს თანამგზავრს - მარიკას ბევრი ლექსი მიუძღვნა სიმონ ჩიქოვანმა, თუნდაც ცნობილი სატრფიალო - "მგზავრის სიმღერა", სადაც დინამიკურად ხატავს ქალის პორტრეტს: "მომგონებიხარ, მომგონებია/ ლერწმად რხეული შენი სხეული. ეს ვაგონებიც მონგოლებია და სად მივყავარ შენი რჩეული..." ან კიდევ: "შენზე ვიფიქრო თუ სამშობლოზე? გამხადე ღირსი ყურადღებისა..."
ნიკო ელიავა
მარიკა ზრუნავდა იმაზე, რომ სიმონს ოჯახში ჰქონოდა კომფორტი და ღირსეული გარემო, მაგრამ, მაგალითად, აგარაკი არასდროს ჰქონიათ, რადგან სიმონს არ უყვარდა ზაფხულში ქალაქიდან გასვლა. ერთხელ შეიტანეს კიდეც ფული, თურმე, რაღაც კოოპერატივში, წყნეთში სახლის ასაშენებლად, მაგრამ ამ დროს სიმონს ინგლისში წასვლის შესაძლებლობა გამოუჩნდა, არადა, საჭირო თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ მარიკამ აგარაკისთვის შეტანილი ფული გამოიტანა და ქმარი ლონდონში გაამგზავრა.

მომჭირნეობა არცერთს არ ახასიათებდა, თურმე და ყოველთვის ხელგაშლილად ცხოვრობდნენ. მათ ოჯახში სტუმარი არ ილეოდა. მწერლებთან ერთად მათი ოჯახის ტრადიციული სტუმრები იყვნენ მხატვრები, მსახიობები, მეცნიერები: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, სერგო ქობულაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, მიხეილ ჭიაურელი, სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, გიორგი წერეთელი, შოთა ძიძიგური, ალესანდრე ბარამიძე და სხვები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისგან სიმონი რატომღაც მაინც შერისხულის მდგომარეობაში იყო. რაღაც ხნის შემდეგ მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა და 1955 წელს იგი ჟურნალ "მნათობის" რედაქტორად დანიშნეს. იმ პერიოდში მან ბევრი ნიჭიერი ავტორი შემოიკრიბა, მაგრამ დიდხანს მაინც არ გააჩერეს მშვიდობიანად, მაინც მოსდეს შარი და რედაქტორობიდან საკუთარი განცხადებით წასვლა შესთავაზეს. თანაც, ბოლომდე ნაწყენი რომ არ დაეტოვებინათ, "საბჭოთა მწერლისა" და "ზარია ვოსტოკას" გამომცემლობების შეერთებით შექმნილი ახალი გამომცემლობის (მოგვიანებით მას გამომცემლობა "მერანი" ეწოდა) დირექტორობა შესთავაზეს. თითქოს, სიმონ ჩიქოვანი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. მან შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ არც საკუთარი სურვილით გათავისუფლების განცხადება დაწერა. ამ ამბავმა მარტო მორალურად კი არა, ფიზიკურადაც იმოქმედა სიმონ ჩიქოვანზე - მას დიაბეტი ჰქონდა და ავადმყოფობა გაუმწვავდა, მხედველობა კატასტროფულად გაუუარესდა - პრაქტიკულად დაბრმავდა.
მარიკასაც მძიმე სენი შეეყარა - მკერდის სიმსივნე, მაგრამ მეუღლეს არ გაუმხილა, კიდევ უფრო რომ არ დაემძიმებინა მისი მდგომარეობა. სიმონი ბათუმში დასასვენებლად გაგზავნა, თვითონ კი ლენინგრადში (დღეანდელ სანქტ-პეტერბურგში) საოპერაციოდ წავიდა. სიმონმა მაინც გაიგო სიმართლე და სასწრაფოდ ლენინგრადში გაემგზავრა, მაგრამ მოსკოვში თვითონაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ოპერაციის შემდეგ მარიკას მდგომარეობა დროებით გაუმჯობესდა, თითქოს ცდილობდა, საყვარელი მეუღლისთვის ბოლომდე ეპატრონა. სიმონს იუბილეც კი გადაუხადა, ბანკეტი მოუწყო, წიგნიც გამოსცა... სიკვდილამდე ერთი-ორი კვირით ადრე, სიმონი უკიდურესად მძიმედ რომ შეიქნა, აკვიატებულად იმეორებდა, თურმე, აკაკი წერეთლის სტრიქონებს: "მეც მივდივარ, შენც მიდიხარ, გეთხოვები საქართველოვ!"

სიმონ ჩიქოვანი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მაგრამ ვერც პოეტის საყვარელმა ქალმა იცოცხლა დიდხანს... უმისოდ... 2 წელში გარდაიცვალა და დაიბარა, დამწვით და ფერფლი საფლავს მოაბნიეთ, მინდა, იმ მიწას შევერიო, სადაც სიმონი ასვენია, მის გარეშე არაფერი ვიყავი, ამიტომ მინდა, ბოლომდე მის გვერდით დავრჩეო. მარიკას ანდერძი შეუსრულეს - მოსკოვში გადაასვენეს და მის სხეულს იქ გაუკეთეს კრემაცია. მისი ფერფლის ნაწილი სიმონის განსასვენებელ სასახლეს მოაბნიეს, დანარჩენი კი ურნაში მოათავსეს და საფლავის შუაში, გრანიტის ფილებში ამოჭრილი ბროწეულის ხის ფესვებში ჩადგეს...
მთაწმინდაზე საფლავი
ეპილოგი - ბროწეულის ლეგენდა

1941 წლის მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისას პიტიახშის საფლავი გაუხსნიათ და, იცით, რა დახვდათ? - ბროწეულის ხის ფესვს სერაფიტას სამარხი გაერღვია და სამაჯურში გასულა... სწორედ ამ საოცრებას მიუძღვნა მაშინ სიმონ ჩიქოვანმა ბრწყინვალე ლექსი - "ბროწეული პიტიახშის სამარეზე": "ბროწეულმა სამარის ქვა გაარღვია,/ სამაჯურში ფესვი გაყო ხელის დარად,/ ქალის თმაში თბილი სუნთქვა გაახვია/ და კუბოში თეთრი ფერფლი გაიბზარა./
როგორ შესძლო, როგორ ჩასწვდა მიწის სიღრმეს,/ გაყინულს და დაფერფლილ ტანს ჩაეხლართა,/ სამარეში თუ იპოვნა თავის სიყრმე/ და წარსულთან შეჯახება გაეხარდა./ დამწიფდა და მზა ნაყოფი გამოფინა,/ ფერფლში ჰპოვა ქალის ეშხი დანისლული/ მოწეული ბროწეული რა ყოფილა,/ ჩამავალ მზით შეკრული და დაისრული.../ შენს ქისაში ვარსკვლავები მიჯრილია,/ თუ ცრემლები გამოგიკრავს, სანატრელო,/ შენი ჩრდილი, მითხარ მაინც, რა ჩრდილია,/ შენს ტოტებში გალობს ძველი საქართველო./ შენ მოჰყევ თუ შენ გამოგყვა სერაფიტი,/ მისი ფერფლი შეკრიბე და ჩაგვაბარე,/ მოწეულო ბროწეულო, გადმოფრინდი,/ შენი რტო და შენი ჩრდილი დამაფარე."

თითქოს, სიმონ ჩიქოვანისა და მარიკა ელიავას სიყვარულის ბალადამ საუკუნეებით უკან, პიტიახშების ეპოქაში კი გადაგვისროლა, მაგრამ მყისვე დღევანდელობასთან დაგვაბრუნა. და თითქოს, ბროწეულის დარად, ამჯერად უძველესი წარსულის ფესვმა გაარღვია დრო და სივრცე და ლექსსა და სინამდვილეში გაერთიანდა... ასე დაიბადა სიყვარულის კიდევ ერთი ლეგენდა!

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები