"ჩემთვის საკმარისზე მეტია, ბედნიერი მივდივარ" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის საკმარისზე მეტია, ბედნიერი მივდივარ"

წელს, 15 მაისს, მედეა ჩახავა 90 წლისა გახდებოდა. ბოლო როლი ორი წლის წინ ითამაშა "მოხუც ჯამბაზებში". ფარფატით გამოდიოდა სცენაზე მისი პერსონაჟი, თითქოს უკვე აღარც იდგა მიწაზე და  პეპელასავით დაგვტრიალებდა თავს. დარბაზი იქცეოდა ტაშით! სეზონის დახურვაზეც ითამაშა თავისი უკანასკნელი სპექტაკლი. სწორედ მაშინ უთქვამს: - ჩემთვის საკმარისზე მეტია, ბედნიერი მივდივარო.

ბედნიერი წავიდა... თამამად შეიძლება ითქვას - მისი ბედნიერების წყარო გული იყო...

პირველ პრემიერაზე, როცა ინსტიტუტში სადიპლომო სპექტაკლს - გიორგი ტოვსტონოგოვის "ცისფერ და ვარდისფერს" თამაშობდა, უცებ გამოჩნდა მამა, რომელიც ომში დაღუპული ეგონა და გამოტირებული ჰყავდა ოჯახს. და სწორედ მაშინ, როცა ისედაც ღელავდა, როცა მისი ახალგაზრდული ცხოვრების უმთავრესი დღე იდგა, თითქოს საიქიოდან დაბრუნდა მამა... და მერე, როცა მამა ნამდვილად აღარ იყო, 6 თვე სცენაზე ფეხი აღარ დაუდგამს. მაშინ ეგონა, რომ სცენას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, რადგან მამასთან ერთად წავიდა მისი ცხოვრებიდან სიმსუბუქე და საყრდენის შეგრძნება...

დიდი და ცნობილი არტისტი იყო. ერთ-ერთ სუფრაზე ჭიქა აიღო და მეგობრები ადღეგრძელა: - გოგოებო, არ იფიქროთ, რომ მე თქვენზე ნიჭიერი ვარ! უბრალოდ, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ასე აეწყო... თორემ ჩვენ, ყველანი, ერთნაირები ვართო. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზად ნათქვამი სიტყვები, მისი ნამდვილი სახე გახლდათ - ამას შინაგანი ხმა კარნახობდა.

...რუსთაველის თეატრში "კოლმეურნის ქორწინება" იდგმებოდა. კაკალას როლზე მიხეილ თუმანიშვილმა მედეა ჩახავა დანიშნა, მისი დუბლიორი დალი მაცაბერიძე უნდა ყოფილიყო. თეატრიდან შინ ერთად მიდიოდნენ, უფროს მეგობარს - მედეას მანქანით მიჰყავდა დალი, რომელიც მისი მეზობელიც გახლდათ...

- იცი, რას ვიზამ, დალი? ხვალ რეპეტიციაზე დავაგვიანებ! მიშა როლს შენ მოგცემს... ასე ჯობია. კარგი როლია, სახასიათო. შენ ითამაშე! მე სხვა როლებიც ბევრი მაქვს...

ძალიან შეწუხდა დალი, ათასი უარი უთხრა, ვერ გადაათქმევინა. მეორე დღეს მართლა დააგვიანა. რეჟისორი მიუხვდა: საგანგებოდ არ მოდის მედეა, რომ როლი შენ დაგითმოსო.

როლის დათმობა სასწაულის ტოლფასად აღიქმებოდა. ასე იშვიათად მოქცეულა ვინმე... უკვე ხსოვნის საღამო იყო, როცა მსგავსი ამბავი სხვამაც გაიხსენა - თურმე მედეამ მასაც დაუთმო როლი!

ყველაზე დიდი შემფასებლები მაინც შვილები ჰყავდა. სპექტაკლის მერე თემურ ჩხეიძე თავის აზრს ეუბნებოდა: ასე აჯობებდა, ისე უკეთესი იქნებოდაო... მაკა მახარაძე პლასტიკაზე უმახვილებდა ყურადღებას... გაოცებული იტყოდა ხოლმე: - რა დაგემართათ, სხვებს შვილები მხოლოდ ტაშს უკრავენ და ყველაფრით კმაყოფილები არიან, თქვენ სულ რაღაცას უკირკიტებთო... სინამდვილეში ეს უფრო სიამოვნებდა. მათი სჯეროდა. მათით ბედნიერი იყო...

თეატრი მისი არსებობის ფორმა იყო და იყო კიდევ ერთი - დიდი არსებობაც: დედად ყოფნა. უკვე მოხუცი იხსენებდა: "დონ დიჩზე" რომ მივდიოდი, წლინახევრის თემური კართან დგებოდა და ტიროდა... რომ ვუხსნიდი, "დონ დიჩი" მაქვს, ვერ გავაცდენ-მეთქი, ერთხელ გულზე დაირტყა ხელი "მე ვარ "დონ დიჩიო"... საშინლად მეტკინა გული, მაგრამ უნდა წავსულიყავი...

გული ამ ქვეყნიდან წასვლისასაც ძალიან ეტკინებოდა,  რადგან თავის შვილებს ამ ტკივილისთვის ვერ იმეტებდა... იმათი ტკივილი უფრო სტკიოდა, ვიდრე საკუთარი სნეულება ან აღსასრული... იმდენი წელი გაიარა, როგორც გამოცდა, რომ თავისუფლად შეეძლო ეთქვა: ჩემი შვილები და შვილიშვილები, შვილთაშვილები ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებააო...

მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები - ყველას დარდობდა... უკვე ავად იყო. ჯემალ ღაღანიძემ დაურეკა და მოიკითხა. მედეამ: - თქვენ როგორა ხართ, ბიჭებო? ხომ ხართ კარგად! მაგრად უნდა იყოთ! არ გამაგონოთ თქვენი ცუდად ყოფნაო. ისე მიპასუხა, აქეთ დამაიმედა, აქეთ გულს მიმაგრებდაო, - გაიხსენა ჯემალ ღაღანიძემ.

კახი კავსაძემ: ჩვენ აქედან მოგეფერებით და გაგიხსენებთ, შენ მაქედან მოგვეფერე და გაგვიხსენეო...

ახლა, როცა 90 წლისა გახდა, თითქოს სააქაოს დანატოვარი სულიერი მიღწევებით ისევ იმეორებს: მაგრად უნდა იყოთ, მაგრად! არ გამაგონოთ თქვენი ცუდად ყოფნა!

KvirisPalitra.Ge"მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს"

მიხეილ თუმანიშვილი: "გავიდა მრავალი წელი და მედეა ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ დაკავშირებული იყო მედეას სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი (რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის) ნამუშევრისა. ერთად მუშაობა გვეადვილებოდა და დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა.

მედეა ჩახავა, ცვილივით დამყოლი და ელასტიკური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩანაფიქრს. რომ გავიხსენოთ ერთად შექმნილი როლები, ძალზე გრძელი სია გამოვა. ესენი იყვნენ მუდამ ლამაზი, მომხიბვლელი გოგონები და ყმაწვილი ქალები, რომლებსაც უყვარდათ, იტანჯებოდნენ, იბრძოდნენ სამართლიანობისა და ხალხის ბედნიერებისათვის. მე ძალიან მიყვარს მედიკო, როგორც მსახიობი, და შესაძლოა სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამ, რაც მან სცენისთვის გამოძერწა, იყო ნამდვილი ხელოვნება. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა, აღფრთოვანებულიყო და განეცადა. დიდი ნიჭია - უმღერო სიყვარულს".