"ვახტანგ კიკაბიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო - ლეგენდარული თბილისელი დონჟუანი იდეალური მეოჯახე გახდა" - რას წერს რუსული გამოცემა?
"ვახტანგ კიკაბიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო - ლეგენდარული თბილისელი დონჟუანი იდეალური მეოჯახე გახდა" - რას წერს რუსული გამოცემა?
რუსულ ჟურნალ "დომაშნი ოჩაგში" ("Домашний очаг" - იბეჭდება ორ თვეში ერთხელ, სარედაქციო ოფისი - მოსკოვში), გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ყველაზე მტკიცე ქორწინება: ვახტანგ კიკაბიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო // ლეგენდარული თბილისელი დონჟუანი ბუბა ყოველთვის ეძებდა ქალს, ვისთანც ცხოვრება საიმედო და საინტერესო იქნებოდა... და როცა ასეთი ქალი იპოვა, იგი იდეალური მეოჯახე გახდა" (ავტორი - ლარისა ხომაიკო).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"თავის სიცოცხლეში ვახტანგ კიკაბიძე მხოლოდ ორჯერ იყო ძალიან შეყვარებული: ერთხელ
- ბავშვობაში, მეორედ - ბუდაპეშტში, ქუჩის არეულობების დროს. პირველი სიყვარულიდან მას ფეხზე ტატუ დარჩა, მეორედან კი - შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სახლი, ბაღი და ბედნიერება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

"ზ+ვ" და სხვა ისტორიები
ვახტანგ კიკაბიძეს ფეხზე ტატუ აქვს - "ზ+ვ", რომელიც მან ათი წლის ასაკში გაიკეთა. იმ დროს თბილისში ცხოვრობდა
ზოია, ძალიან ლამაზი გოგონა, ყველაზე პოპულარული სოლოლაკის უბანში. "ზ+ვ" ნიშნავს "ზოია+ვახტანგს", რომელიც პირველი, უპასუხო ბავშვური სიყვარულის სამახსოვროა. ამ პირველი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ ვახტანგის გული დიდი ხნის განმავლობაში თავისუფალი რჩებოდა. იგი უკვე თბილისის ფილარმონიის სოლისტი იყო და საქართველოში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა (ისე ვერავინ ბაძავდა ლუი არმსტრონგს, როგორც ვახტანგი), მაგრამ ის ერთადერთი ქალი, რომელსაც ვახტანგი შეიყვარებდა, ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანდა.

თაყვანისმცემლები მას ფერად-ფერადი ფარვანებისავით დასდევდნენ - ბევრ ქალს სურდა უცოლო მუსიკოს-მომღერლის მეგობარი გამხდარიყო, მაგრამ ვახტანგი ახლო ურთიერთობებს გაურბოდა. რასაკვირველია, ბუბა (ბავშვობაში შერქმეული ამ სახელით იცნობდა მას მთელი საქართველო), შეიძლება ითქვას, ქართველი კაზანოვას ცხოვრებით ცხოვრობდა - ხშირად ხდებოდა ტაქსით დევნა, ფანჯრებიდან გადმოხტომა, ურთიერთობების გარკვევა ცოლების მიერ მოტყუებულ ქმრებთან... ერთმა შეყვარებულმა, მაგრამ საშინლად ეჭვიანმა ქალმა ვახტანგს კინაღამ ყელი გამოღადრა სამართებლით, მაგრამ ბოლო მომენტში სიყვარულმა (თუ სიბრალულმა) სძლია და დაინდო...

ჩახუტება ბუდაპეშტში
ასე გავიდა თითქმის ათი წელი. ისე ჩანდა, რომ ვახტანგი სამუდამოდ უცოლშვილო დარჩებოდა, მაგრამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხვდა და მიხვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახდებოდა. ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ზრდიდა რვა წლის გოგონას პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე.
და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა... შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს... ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა. და როცა მათ უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ვახტანგმა იგრძნო, რომ მთელი ცხოვრება ირინას ელოდა. "ქალი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჭკვიანი და კარგად აღზრდილი, ინტელექტუალი - რათა მასთან ყოფნა ყოველთვის საინტერესო იყოს და - არა მხოლოდ საწოლში. საქმე მხოლოდ სილამაზეში არ არის. ლამაზი სხვა ბევრი რაღაცაც არის. მე ცხოვრებას ასე ვუყურებ".

პირველ ხანებში ახალგაზრდა წყვილი ირინას მშობლებთან, პატარა ბინაში ცხოვრობდა, თითქმის, ნახევარსარდაფში. ჯერ ერთმანეთს ეჩვეოდნენ: ვახტანგი უცოლო კაცის ჩვევებს ემშვიდობებოდა, მეგობრებთან ქეიფებს, თავის მხრივ, ირინას ქმრისაგან უსაზღვრო ეჭვიანობის გადატანაც კი მოუხდა... შემდეგ დაიბადა ვაჟი კონსტანტინე და ოჯახი ბედნიერი გახდა ორი შვილთან ერთად.

ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
საერთოდ, დაცოლშვილების შემდეგ ვახტანგის საქმეები წარმატებით აეწყო. იგი ფილმებში გადაიღეს, მისი ანსამბლი "ორერა" კი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი გახდა. მომღერლებმა მთელი ქვეყანა მოიარეს და ყველა მაყურებელს ეგონა, რომ ვახტანგის ცოლი "ორერას" სოლისტი ნანი ბრეგვაძე იყო. მაგრამ სინამდვილეში ნანი სხვაზე იყო გათხოვილი, ბუბა კი ყოველი კონცერტის შემდეგ სახლში დაბრუნებას ცდილობდა... ამასთან, იგი არასდროს არავის საყვედურობდა იმისთვის, თუ ვინმე სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა. "მე დროსტარებისა და ქალების მოყვარული კაცების მომხრე ვარ. კაცს დროსტარება უნდა უყვარდეს, მაგრამ, იმავდროულად, ზომაც უნდა იცოდეს. არ მომწონს, როცა კაცი ცოლ-შვილს მიატოვებს და სხვასთან მიდის...".

ვახტანგმა და ირინამ ერთად მთელი ცხოვრება იცხოვრეს. 2001 წელს ქმარმა ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა. თვითონ ვახტანგს სახლი ძალიან დიდი ეჩვენებოდა და რამდენიმე თვე იქ ვერც ჩერდებოდა, ღამღამობით ძველ ბინაში მიდიოდა ხოლმე... მაგრამ შემდეგ მიეჩვია.
ვახტანგი ხშირად ფიქრობდა, რატომ იყო ცოლთან ერთად ასე ბედნიერი და ერთხელ პასუხიც იპოვა: საქმე ურთიერთპატივისცემაშია. მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ შენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს, თავისი აზრები, რწმენა, ჩვევები... არ უნდა ეცადო მის "გადაკეთებას" - აი, ბედნიერი ცოლ-ქმრობის მთელი საიდუმლო.

და მართლაც, ვახტანგს არასოდეს უცდია ირინას "გადაკეთება". აი, ერთი მაგალითი: ერთხელ ბუბა მოსკოვში, ბურდენკოს სახელობის ჰოსპიტალში იწვა და ირინამ, რომელიც ქმარს თავზე ადგა, ყველა იმ ავადმყოფზე ზრუნვა დაიწყო, ვისაც მოსკოვში ახლობლები არ ჰყავდა. სპეციალურად დადიოდა ბაზარში და მათთვის - "უპატრონო" ავადმყოფებისათვის - ხილს, რძის პროდუქტებს ყიდულობდა. კიკაბიძეს ცოლი ეცოდებოდა, მაგრამ ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია - იცოდა, რომ ის ისეთი იყო და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა...
მოკლედ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ლეგენდარული ბუბა ასეთი საუკეთესო და ერთგული მეოჯახე კაცი დადგებოდა, მაგრამ ფაქტია - მას და ირინას უკვე შვილთაშვილები ეზრდებათ... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ლიკა
04 ივლისი 2021 11:56
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბ ბუბა!...ქართველები ყოველთვის გესლავენ ერთმანეთს,რაც ძალიან სამწუხაროა...იხარეთ და იდღეგრძელეთ!
გიოგიო
15 ივნისი 2021 14:21
ბუბა არის ბუბა-კაცი,რომელიც ყველას უყვარს-რუსეთუმეებისა და ტვინ ნაღრძობ ქოცების გარდა!
14 ივნისი 2021 21:56
ბუბა კიკაბიძე უდიდესი ქართველია! ღმერთმა დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად ამყოფოს! რაო, რას იგესლებით! თქვენ რა გაგიკეთებიათ? რით გაგილამაზებიათ და გაგიხარებიათ სამშობლო!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები