"სულ ვამბობ: ნეტავი ივანიშვილს ჰყავდეს გვერდით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ნიკა მელიაა-მეთქი. მაგრამ ისეთი ხალხის გვერდითაა, გული მიცრუვდება"
"სულ ვამბობ: ნეტავი ივანიშვილს ჰყავდეს გვერდით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ნიკა მელიაა-მეთქი. მაგრამ ისეთი ხალხის გვერდითაა, გული მიცრუვდება"
"ამ ქვეყანაში თუკი რაიმე კარგი და ეროვნული მომხდარა, ყველაფერი გამწარებულმა, მშიერმა ხალხმა შეძლო, გამაძღარი კი მარტო თავის კარგად ყოფნაზე ზრუნავს"

"ჩემი ნატვრაა, ამბროსი ხელაიას, ექვთიმე თაყაიშვილის ან მერაბ კოსტავას საქართველოში ვცხოვრობდე", - ამბობს პროზაიკოსი, მსახიობი და უბრალოდ, თბილისის კოლორიტი გივი სიხარულიძე, ჟურნალი "გზა" ესაუბრა:

- ბატონო გივი, თუ ხედავთ ქართულ პოლიტიკაში ადამიანებს, ვისაც ენდობით და არჩევნებზე ხმასაც მისცემთ?

- ხშირად ვამბობ, რომ მე არც ამ მთავრობის მომხრე ვარ და არც
- ოპოზიციის, მაგრამ ვეთაყვანები ყველას, ვინც ქართულ საქმეს ემსახურება. ერთადერთი, ვინც დღეს მომწონს და ჩემთვის მისაღებია, ეს არის ვარლამ გოლეთიანი - რიონის ხეობის მცველთა აქციების ხელმძღვანელი. რომ ვაკვირდები, თავისი ქცევითა და თვისებებით, მერაბ კოსტავას მაგონებს. მეც გავიდოდი მათ აქციებზე და გვერდში დავუდგებოდი, მაგრამ იცით, რა
მაბრკოლებს? - რიონის მცველების უკან ისეთ ხალხს ვხედავ, რომელიც საშინლად არ მომწონს.

- რატომ?
- როგორ მომეწონება ვიღაც სულგაყიდული ხალხი, როცა ჩემი იდეალი მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე იყვნენ და არიან? ორივე ავარიაში მოყვა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ორივე საქართველოს მტრებმა მოკლეს. სწორედ ასეთი - სუფთა და ეროვნული სულის მქონე ბიჭი ჩანს გოლეთიანი და ეს ძალიან მახარებს. მისი დედაც ძალიან მომწონს - ნამდვილი ქართველი ქალი, რომელიც შვილისთვის თავსაც კი გაწირავს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს საქმეს უფუჭებენ მედროვე, ჩამორჩენილი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებსაც თავისი ჯიბის და კეთილდღეობის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებთ. რიონის ხეობის მცველები ნამდვილი ვაჟკაცები არიან, მაგრამ ასეთი საეჭვო ხალხი მათ საქმეს აზიანებს.

- თქვენი აზრით, რატომ არ აჰყვა რიონის ხეობის მცველთა აქციებს მთელი თბილისი?
- ვფიქრობ, რომ თბილისელები მათ მხარში უნდა დასდგომოდნენ, რადგან ეს მარტო ერთი კუთხის ან ერთი სოფლის საქმე არ არის - რიონის ხეობაში ახლა საქართველოს ბედი წყდება! ჰესების მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ ჰესი რომ აშენდება, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სიკეთე უნდა მოუტანოს, სოფლები კი არ უნდა დატბოროს და დააზიანოს. მეზიზღება ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენს მიწებს გაასხვისებს და უცხოტომელებს ჩალის ფასად გადასცემს. ჯერ საქართველოში რა მიწები გვაქვს, რომ კიდევ გავასხვისოთ, თანაც, საეჭვო, კაბალური ხელშეკრულებით?! ქართული მიწების გასხვისება ყველაზე დიდი დანაშაულია დედამიწის ზურგზე! მეკითხებით, რიონის მცველებს ყველა მხარში რატომ არ ამოუდგაო? - რატომ ამოუდგებოდნენ მხარში ისინი, ვინც თვითონ მაძღრები არიან და სხვისი გასაჭირი ან სხვისი შიმშილი არ აინტერესებთ? გამაძღარ კაცს საქართველო არ უყვარს. ამ ქვეყანაში თუკი რაიმე კარგი და ეროვნული მომხდარა, ყველაფერი გამწარებულმა, მშიერმა ხალხმა შეძლო, გამაძღარი კი მარტო თავის კარგად ყოფნაზე ზრუნავს. სამწუხაროდ, ჩვენი ერი მოღალატეებით არის სავსე. ვზივართ სახლებში და მარტო ვლაპარაკობთ, საქმე კი - ვიღაც სხვამ უნდა აკეთოს... ადამიანს გული სამშობლოსთვის უნდა უძგერდეს, აქ კი, ყველა თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს და ზრუნავს.

- იქნებ ამის ბრალი ათასგვარი დეზინფორმაცია იყო, რომელიც მათ წინააღმდეგ გავრცელდა?
- გეთანხმებით, ამ პატიოსან ხალხზე ზოგი რას ამბობს და ზოგი - რას. სიმართლე კი ერთია - ჩვენი ერი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ზოგი ევროპისკენ და დასავლეთისკენ იყურება, ზოგიც - რუსეთისკენ. ისტორიას შეგახსენებთ: თავის დროზე გიორგი სააკაძე რატომ გაიქცა საქართველოდან? - მსგავსი სიტუაციის გამო - გააქციეს, რადგან ნამდვილი რაინდი და ვაჟკაცი იყო. ბოლოს, სააკაძეც ქართველების შუღლსა და მტრობას შეეწირა: იმდროინდელ საქართველოშიც, ზოგი სპარსეთის მომხრე იყო, ზოგი - ოსმალეთის, ზოგი - რუსეთისკენ იხრებოდა და ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს.

- არც ისე დიდი ხნის წინ, პოლიტიკაში ლევან ვასაძე შემოვიდა...
- პიროვნულად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ადამიანი ფუფუნებაში ცხოვრობს, მილიონერია ან მილიარდერი, ის ჩვენს სამშობლოს ვერ გამოადგება. საქართველოს ვერ გამოადგება კაცი, რომელიც თავის მილიონებზე ან მილიარდებზე ფიქრობს. გულახდილად გეტყვით, მე არც ერთი მდიდარი კაცის არ მჯერა. ადამიანი ფულის გემოს რომ გაიგებს და დიდ ქონებას დააგროვებს, მერე საქვეყნო საქმეზე ვეღარ იზრუნებს.

- ბატონო გივი, ნიკა მელიაზე რა აზრისა ხართ?
- მე სულ ვამბობ: ნეტავი ივანიშვილს ჰყავდეს გვერდით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ნიკა მელიაა-მეთქი. მომწონს მისი ვაჟკაცური ხასიათი, შემართება და შეუპოვრობა, მაგრამ გავიხედავ და, ისეთი ხალხის გვერდითაა, რომ გული მიცრუვდება. იცით, რა დღეში ვარ? - მინდა ქართულ პოლიტიკაში ვიღაცის მჯეროდეს, ვიღაცას ვენდობოდე, მაგრამ უცბად ისეთი ხალხის გვერდით დავინახავ, ვფიქრობ - ამას როგორ უნდა ვენდო-მეთქი?! ნიკა მელიაც, ვაჟკაცური სულის კაცია, მაგრამ მისი გარემოცვა არ მომწონს.

- მთავრობაში ვინ იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
- დიდ პატივს ვცემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და იცით, რატომ? - ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი რომ არ დაუჭირა და კანონს ხელი არ მოაწერა. რამდენიმე წლის წინ, ამას მისი თანამდებობაც შეეწირა. ამ ამბის შემდეგ, ღარიბაშვილს ძალიან ვაფასებ.

- მოკლედ როგორ შეაფასებდით საქართველოში შექმნილ სიტუაციას?
- ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ: მოღალატე ქართველების წყალობით ეროვნული ღირსებაც წართმეული გვაქვს. ხალხი დაიღალა ამდენი მატყუარა პოლიტიკოსის ლაპარაკით, მაგრამ ერთი რამ ვიცი: ჩემი ერი არ გადაშენდება. გოლეთიანისნაირი ვაჟკაცები კიდევ გამოჩნდებიან - ვაჟკაცები, ვისაც საქართველო მართლა უყვარს და რუსთაველზე, ვაკეში ან ვერაზე კი არ არის დაბადებული, არამედ რეგიონში - ღრმა სოფლებში... იქ უფრო ხშირად ცხოვრობენ ნაღდი პატრიოტები, რომლებიც პატიოსან, წესიერ ოჯახებში იზრდებიან. ვითომ "სვეცკი" ოჯახში მცხოვრები და "სვეცკი" დედის გაზრდილი შვილები საქართველოს არ გამოადგება.

- როგორ ფიქრობთ, საიდან გაჩნდა გაღატაკებული ქვეყნის სათავეში ამდენი მილიონერი პოლიტიკოსი?
- მარტო მთავრობაში კი არა, გახედეთ ოპოზიციის წევრებს ან რა სახლები აქვთ, ან როგორ ცხოვრობენ. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი სამშობლო ყველამ გაძარცვა - როგორც პოზიციამ, ასევე - ოპოზიციამ. ძალიან მაინტერესებს, ამ ხალხს ვინ აფინანსებს? - ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას იმხელა დაფინანსება აქვს, ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება. ქაჯების ქვეყანაში ხომ არ ვცხოვრობთ? - ყველამ ყველაფერი იცის და ადრე თუ გვიან, ყველას მოეკითხება თავისი საზიზღარი ქმედებების გამო. კიდევ გავიმეორებ: ნამდვილი ქართველი პოლიტიკოსები აუცილებლად გამოჩნდებიან და ჩვენს ქვეყანას ამ ნაძირალებისგან დაიხსნიან. საქართველომ მიზანს რომ მიაღწიოს, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის უფლებები უნდა აღდგეს. ნამდვილი ლიდერი რომ გამოჩნდეს, ჯერ ერი უნდა იყოს ღირსეული, უღირსი ერი კარგ ლიდერს და წინამძღოლს ვერ წარმოშობს. დიახ, დღეს ჩვენი ქვეყანა სიკვდილის პირასაა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ლომგული ბიჭები, რომლებიც საქართველოს გადაარჩენენ და ამ გასივებულ ბურჟუებს, რომლებმაც ჩემი ქვეყნის ქონება შეჭამეს, თავის ადგილს მიუჩენენ.

- ბატონო გივი, ხშირად ახსენებთ მერაბ კოსტავას, მას ახლოს იცნობდით?
- დიახ, ჩვენ საერთო მეგობრები გვყავდა. ეს იყო კაცი, რომელსაც საქართველო მართლა მთელი გულით უყვარდა. მერაბი ნამდვილი რაინდი იყო, მისი მსგავსი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ტანკი რომ წამოსულიყო, საქვეყნო საქმის გამო იმ ტანკსაც შეუვარდებოდა. დღემდე მივტირი ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქართველოს. ჩემი სურვილია, ვიცხოვრო ამბროსი ხელაიას, ექვთიმე თაყაიშვილის და მერაბ კოსტავას საქართველოში და არა ახლანდელში, სადაც ყველაფერი ფულზე იცვლება და იყიდება. ვიცი, ამ სიტყვების გამო ბევრი დამემდურება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ფულიან კაცს საქართველო არ უყვარს, საქართველო უბრალო ადამიანებს უყვართ - უანგარო, სუფთა და ლამაზი სიყვარულით, რომლის უნარი ქართველებს ჯერ კიდევ შემოგვრჩენია.

ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"

მედეა
13 ივნისი 2021 14:21
არ არის საქართველო სიკვდილის პირას---ილია და აკაკი ღარიბები და მშივრები არ იყვნენ, ვაჟა და გალაქტიონი იყვნენ უფულოები--ასე რომ ნაღდი პატრიოტობა ქონებით არ აიწონება-დიდად პატივცემულო ბატონო გივი. გოლეთიანს თბილისი იმიტომ არ აჰყვა, რომ გადავკეტავ და ბლოკადას მოვაწყობო რომ -დაიმუქრა. თბილისმა გამოსცადა ზოგიერთებისგან წამოროშილი მუქარის ავად ახდენა! თბილისელებს ვერავინ დაიყოლიებს დესტაბილიზაციაზე.
გ. გ.
12 ივნისი 2021 23:05
გივი, მაგარი ხარ! ტრიცატი გალისა? გალისა, გალისა! ეგ ჩვენი, მე–19, იგივე 30–ე სკოლელების პაროლია!

რუბრიკის სხვა სიახლეები