გაყინული "საცდური" - კვირის პალიტრა

გაყინული "საცდური"

ნაპოლეონს ნაყინიიმდენად ჰყვარებია,რომ წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლების შემდეგ ინგლისიდან სპეციალური აპარატი გამოუწერია მის დასამზადებლად

ზაფხულის ცხელი დღეები ახლოვდება. რა შეიძლება ინატროს კაცმა  აუტანელ სიცხეში, როდესაც სუნთქვა ჭირს და ყველაზე სუსხიანი ზამთარიც კი სამოთხედ გეჩვენება? ბუნებრივია, უგემრიელესი და ყველასათვის საყვარელი ნუგბარი - ნაყინი. ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, ვინ გამოიგონა ეს არაჩვეულებრივი დესერტი და რა ერქვა უბადლო კულინარს, რომელმაც ნაყინის რეცეპტი შექმნა..

უგემრიელესი საიდუმლო

ნაყინის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით, ის ძველ ჩინეთში შეიქმნა და ჩინელები  მისი დამზადების რეცეპტს  საიდუმლოდ ინახავდნენ. საბერძნეთში, იტალიასა და ევროპის  სხვა ქვეყნებში  ნაყინი მოგვიანებით გამოჩნდა. არსებობს გადმოცემა, თუ როგორ ბრძანა რომის იმპერატორმა ნერონმა, მოეტანათ მისთვის თოვლი და ხილის წვენში შეერიათ.

ამ ვერსიის მიხედვით, პირველად ხილის ნაყინი სწორედ რომში შეიქმნა. როგორც ჩანს, ნერონი ჭეშმარიტი გურმანი გახლდათ, რადგან ყველა ტრაპეზი მისი სასახლის კარზე ამ დესერტით მთავრდებოდა. ალექსანდრე მაკედონელსაც ძალიან უყვარდა ცივი მარწყვისაგან მომზადებული ნაყინი და ლაშქრობის დროს ყოველთვის მიირთმევდა.

KvirisPalitra.Geმეფეთა დესერტი

ნაყინით გატაცების მორიგმა ტალღამ ევროპას შუა საუკუნეებში გადაუარა. ცნობილმა მოგზაურმა მარკო პოლომ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ყველას გააცნო ნუგბარი, რომელიც შემდეგ არისტოკრატთა მენიუს განუყოფელ ნაწილად იქცა. იმ ხანებში ნაყინის პოპულარობამ ზენიტს მიაღწია. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ  მზარეულები მის რეცეპტს ისევ ასაიდუმლოებდნენ. საიდუმლო მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ეკატერინე მედიჩი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ჰენრიხ მეორეს და იტალიიდან თავისი შეფ-მზარეული ჩაიყვანა. საფრანგეთის სამეფო კარი მოიხიბლა დედოფლის მზარეულის მიერ მომზადებული დესერტით.

მეფის მრჩევლები შეიკრიბნენ და მოითხოვეს,  მზარეულს ნაყინი მათ თვალწინ მოემზადებინა, რითაც ამ საიდუმლოს ერთხელ და სამუდამოდ აეხდებოდა ფარდა.

დროთა განმავლობაში შემუშავდა ახალ-ახალი რეცეპტები ყინულის, შარბათისა და რძისაგან ნაყინის მოსამზადებლად. მას დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ იტალიისა და საფრანგეთის მეფეთა კარზე. თანამედროვეთა თქმით, გურმანად აღიარებული ლუდოვიკო XIV უარს ვერასოდეს ამბობდა ცდუნებაზე, რომელსაც სახელად ნაყინი ერქვა.

საქვეყნოდ გამხელილი საიდუმლო

სხვათა შორის, ნაყინის ერთგვარი ნაირსახეობა რუსეთშიც იყო გავრცელებული - იქ უძველესი დროიდან მიირთმევდნენ გაყინულ რძეს. ციმბირის სოფლებში დიასახლისები დღემდე ჯამებით ყინავენ რძეს და სიცხის დროს სვამენ.

1660 წელს პარიზში გაიხსნა პირველი კაფე-სანაყინე, სადაც საუკუნის შემდეგ დაახლოებით 80 სახეობის ნაყინს ამზადებდნენ. თურმე, ამ კაფეში ხშირად დადიოდა ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელსაც ნაყინი იმდენად ჰყვარებია, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლების შემდეგ ინგლისიდან სპეციალური აპარატი გამოუწერია მის დასამზადებლად.

საუკუნეთა  განმავლობაში ნაყინი ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გაჩნდა მისი უამრავი ნაირსახეობა, რომლებმაც ხალხში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ნაყინს ამზადებენ ბერძნული თხილის, მწვანე ჩაის, ტყის ფოთლებისგან... აღარაფერს ვამბობთ ანანასის, კენკრის, ხილის წვენისა და ბოსტნეულისაგან მომზადებულ ნაყინზე. იაპონელები ნაყინის ინგრედიენტებად თევზსა და ზღვის პროდუქტებსაც კი იყენებენ.

ბოლო წუთები ნაყინთან ერთად

ისტორიას შემორჩა მალტის ორდენის კავალერის, გრაფ ლიტის სახელი, რომელიც თითქმის მხოლოდ ნაყინით იკვებებოდა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ მან ათი ულუფა ნაყინი მოითხოვა და დიდი სიამოვნებითაც მიირთვა. ნაყინი ძალიან უყვარდათ ჯორჯ ვაშინგტონს და თომას ჯეფერსონს, რომლებიც თავიანთ სტუმრებს ხშირად უმასპინძლდებოდნენ ამ ნუგბარით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნაყინი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაცაა, თუმცა, მას აქვს ერთი უარყოფითი თვისება - ძალიან კალორიულია და შეიძლება ზედმეტი კილოგრამების დაგროვების წყარო გახდეს. ამასთან, ეს გემრიელი ნუგბარი, კბილების მტერია - მისი დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს მინანქარს და იწვევს კარიესს. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ დღეს ნაყინის დაგემოვნება ყველას შეუძლია და ეს სიამოვნება უკვე აღარ არის მეფეთა და არისტოკრატთა პრივილეგია.

ხათუნა ჩიგოგიძე