"ზოგჯერ მგონია, ჩემი მშობლების ოცნებასაც მივუახლოვდი, საქართველო-იტალიას შორის არაფორმალური, სიმბოლური ელჩიც ვარ" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ მგონია, ჩემი მშობლების ოცნებასაც მივუახლოვდი, საქართველო-იტალიას შორის არაფორმალური, სიმბოლური ელჩიც ვარ"

უცხოეთში წასული ქართველების წარმატება უკვე აღარ გვიკვირს, თუმცა სხვისი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და პატარა წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასახელებს, სხვანაირად გვიხარებს გულს. გალიდან-იტალიამდე, ასე შეიძლება ეწოდოს რუსკა ჟორჟოლიანის გზას, რომელიც რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. რუსკა დღეს იტალიაში ცხოვრობს, ფილოსოფიის მაგისტრი და მწერალია, თანაც საკმაოდ წარმატებული და შორიდან გვესაუბრა საქართველოზე, ქვეყნის სიყვარულსა და მწერლობაზე.

- მოგვიყევით თქვენს თავზე, როგორ აღმოჩნდა ქართველი გოგო იტალიაში?

- ჩემი ოჯახი წარმოშობით სვანეთიდან, მესტიიდან არის. 1989-90 წლებში საცხოვრებლად გალში, ჭუბურხინჯში გადავედით. ომის შემდეგ ჩვენც აღმოვჩნდით დევნილების რიცხვში და იძულებული ვიყავით, რომ თბილისში წამოვსულიყავით. ვიყავით სამი დედმამიშვილი და მშობლები, წლები ნაქირავებ ბინაში გავატარეთ, სიდუხჭირეში, რომელშიც ცხოვრობდა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. 1995-1996 წლებში ჟურნალისტმა ვახტანგ ესვანჯიამ საქველმოქმედო საქმიანობა წამოიწყო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების, ასევე მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრები ბავშვების შეკრებას და იტალიაში წაყვანას გულისხმობდა. ბატონ ვახტანგს თავისი ასოციაციისა და პალერმოს მერის, ლეო ლუკა ორლანდოს დახმარებით ჩაყავდა ბავშვები იტალიაში. ეს კაცი საქართველოზე გიჟდებოდა, როდესაც შევხვდით, პერანგი გაიხსნა და ჯვარი გვანახა, ეს ჯვარი უწმინდეს უჩუქებია წლების წინ და არასდროს იხსნიდა.

ვახტანგ ესვანჯია და ლეო ლუკა ორლანდო წლების განმვალობაში 200-300 ბავშვს იტალიაში უშვებდნენ, ხარჯებს მთლიანად იტალიის მერია ფარავდა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, მეც ამ ბავშვებს შორის მოვხვდი და პირველად წავედი იტალიაში. პალერმოში ოჯახებში გვანაწილებდნენ და უცხო ხალხი დიდი სიყვარულით გვმასპინძლობდა ხოლმე. 3-თვიანი ვიზა გვქონდა და მთელ ზაფხულს იქ ვატარებდით, თუ ოჯახი გამოთქვამდა სურვილს შეგეძლო მეორედაც და მესამედაც წასულიყავი. პალერმოში მასწავლებლების ოჯახში მოვხვდი, უშვილო წყვილი იყო. მიპატრონეს, ფაქტობრივად, მიშვილეს და 1996 წლიდან 2007 წლამდე ყოველ ზაფხულს მიწვევდნენ მათთან. ამ პერიოდში დავასრულე სკოლა, ჩემმა იტალიურმა ოჯახმა შემომთავაზა თავიდანვე იტალიაში გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა მაინც საქართველოში ჩაბარება ვისურვე და მოვეწყვე უფასოზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ბევრი ვიშრომე რომ ჩამებარებინა, ფინანსურად ჩემი იტალიური ოჯახი მეხმარებოდა. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩავალაგე ჩანთა და იტალიაში ჩავედი. 2007 წლიდან იტალიაში ვცხოვრობ, დავამათავრე ბაკალავრიატი ფილოსოფიის განხრით და მაგისტრატურაზეც პალერმოში ჩავაბარე.

- ამჟამად მწერალი ხარ და საკმაოდ წარმატებულიც, რა გზა გაიარე?

- ბავშვობიდან ვწერდი თემებს, მომწონდა ეს საქმიანობა. ქართულში კარგი ქულები მქონდა და მასწავლებელს უნდოდა ფილოლოგიურზე ჩამებარებინა. საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლისას მიიმალა ეს ნიჭი და როდესაც იტალიაში მარტო აღმოვჩნდი ოჯახის გარეშე, ნოსტალგია შემომაწვა და წერა დავიწყე.

საქართველოდან, ოჯახისგან შორს ვიყავი, ამ ყველაფერმა იმოქმედა, ერთხელაც ამ გრძნობებმა იფეთქა და ერთ ღამეში რამდენიმე ლექსი დავწერე, ერთ-ერთმა კონკურსში გაიმარჯვა. შემდეგ თავისთავად მოვიდა წერის სურვილი, 2015 წელს ჩემი წერისკენ მიდრეკილებამ რომანის სახე მიიღო. ამ ეტაპზე ორი რომანი მაქვს გამოცემული. 2015 წელს დაიბეჭდა პირველი, "შენი აქ ყოფნა ქალაქივით" დავარქვი, მეორე რომანი 2020 წელს დაიბეჭდა, "სამი ცოცხალი, სამი მკვდარი". ამ ეტაპზე ქართულად არცერთია ნათარგმნი.

- ზოგადად ქართულადაც წერ თუ მხოლოდ იტალიურად?

- ქართულად წერა ჯერ არ მიცდია, ქართულად რომ დავწერო საქართველოში უნდა ვიცხოვრო, ალღო უნდა ავუღო ქართულ რეალობას. ასე ვთქვათ, ამ ენის ფორმაში უნდა მოვთავსდე. თუ ეს არ მოხდება, გამიჭირდება ასე შორს და დისტანციურად ქართულად წერა. თუმცა საქართველოში ჩამოსვლასა და ქართულად წერაზე სულ ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი როდის განვახორციელებ ამ სურვილს.

- მოგვიყევით, რაზეა თქვენი პირველი რომანი?

- იმედია, ადრე თუ გვიან გაეცნობა ქართველი მკითხველი ჩემს რომელიმე რომანს. პირველი რომანი საბჭოთა რეპრესიებზეა, რომელიც იტალიურ რეალობას ერგება. ქართულ თემატიკაზე არ დავწერე, არ მინდოდა ამით მეთამაშა და ისე არ გამოსულიყო, თითქოს მე ევროპაში ვზივარ და მარტივად რომ გავყიდო ჩემი რომანი, საქართველოზე ვწერ. კომერციული მიზნები არ მქონია. ვეცადე დისტანცია დამეჭირა ჩვენი ქვეყნისგან, თუმცა ვიცოდი რაღაც დროის შემდეგ ქართულ ძარღვს მივუახლოვდებოდი. პირველი რომანი მთლიანად გამოგონილ ფაბულაზე დგას. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი საქართველოშიც ჩამოდის, მეორე პერსონაჟი აფხაზეთშია დაბადებული, საქართველო მაინც ნახსენები მაქვს არაპირდაპირ, ქვეტექსტებით.

- ჰგავს იტალია საქართველოს?

- დიახ ჰგავს, პირველ რიგში პათოსით, მსოფლმხედველობითა და აღქმით. ქართველები და იტალიელები ერთნაირად აღიქვამენ თავიანთ თავს სამყაროში. ამ ორ ერს სიცოცხლის მძაფრ ფერებში აღქმა აქვთ საერთო. სიკეთისკენ სვლა, კეთილი გარსის ირგვლივ ტრიალი გვაერთიანებს. მაგალითად, ფრაზა "სიცილი შემარგე" იტალიელებმაც იციან, ასეთი ბევრი გამონათქვამი გვაქვს საერთო. ამის გარდა, იტალიასა და საქართველოს შორის ბევრ საერთო შტრიხს ვხედავ, თითქოს მე საზღვარზე ვდგავარ, კიდეებიდან ბევრი რამ სხვანაირად მოჩანს და თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ დიახ, ერთმანეთს ვგავართ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ მეგობრებს რთულად არჩევ, ეს თქვენი ხასიათის ნაწილია?

- ზოგადად ცოტა მომთხოვნი ვარ, რასაც საკუთარი თავისგან ვითხოვ, იგივეს ვითხოვ გარშემომყოფებისგანაც და ვატყობ, ხანდახან ზედმეტი მომდის. მკაცრი ვარ ჩემი თავისს და სხვების მიმართ. ცოტა უფრო დამთმობი უნდა ვიყო. ალბათ, ეს ჩემი სვანური ფესვების ბრალია. თუმცა ჩემი დამოკიდებულება, სიხისტე სხვა რაღაცებში მეხმარება, მაგალითად, მიზნისკენ სწრაფვაში ხელს ვერასდროს ვერაფერი შემიშლის.

- საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე?

- საქართველოს ხშრად ვსტუმრობ, წელიწადში ორჯერ მაინც. საქართველოში მხოლოდ მამა ცხოვრობს, ძმა ლონდონშია, დედა და და იტალიაში ცხოვრობენ.

- თქვენთვის რა არის საქართველოში უნიკალური?

- უნიკალური, მოყვასის მიმართ საოცარი ლმობიერებაა. ამბობენ, ქართველებს ერთმანეთის გატანა არ გვიყვარსო, მაგრამ ვფიქრობ, ქართველების ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. არასწორი გზით მივდივართ ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ მაინც სიკეთისკენ ვიხრებით და სწორ გზას ვუბრუნდებით. შეგვიძლია იმის აღიარება, რომ შეგვეშალა, დავიბენით, მაგრამ გამოსწორებაც ვიცით, მეგობრობისა და სიყვარულის მხარეს ვდგავართ. ღირებულებები გვაქვს უნიკალური.

- როგორც მწერალს გკითხავთ, რომელია თქვენი საყვარელი ქართველი მწერალი?

- ჩემი საყვარელი ქართველი მწერალი ნიკოლოზ ბარათაშვილია, ჩემდა უნებურად გამოვარჩიე, მიყვარს, ბევრ რამეში მის გავლენას ვგრძნობ. ასევე ჯემალ ქარჩხაძესა და ვაჟა-ფშაველას გამოვყობ. მიფიქრია ბევრჯერ, მინდა ჯემალ ქარჩხაძის მსგავსად ვწერდე.

- ბავშვობაში ვინ გინდოდა რომ გამოსულიყავი?

- სიმართლე გითხრათ, ის მახსოვს ჩემი ოჯახის წევრებს რა სურდათ, ბავშვობაში ჩვენი სურვილებიც ოჯახის წევრების მიერ არის თავს მოხვეული. კონკრეტულად არაფერი მსურდა, ალბათ მოჭადრაკეობაზე ვოცნებობდი, მიყვარდა ჭადრაკი, ასევე ხატვა მეხერხებოდა. მთაწმინდაზე ცხოვრების დროს, ატყავებული, ულამაზო კედლები გვქონდა და ჩემი ხედვით ვალამაზებდი, ვაფერადებდი მათ. ოჯახის წევრებს სურდათ დიპლომატი გამოვსულიყავი, აქტიური ბავშვი ვიყავი და ასე ფიქრობდნენ ეს პროფესია გამომივიდოდა. ზოგჯერ მგონია ჩემი მშობლების ოცნებასაც მივუახლოვდი, საქართველო და იტალიას შორის არაფორმალური, სიმბოლური ელჩიც ვარ.

- ბავშვობის ყველა ოცნება აიხდინე თუ დაგრჩა კიდევ რამდენიმე?

- რამდენიმე ოცნება დამრჩა, თუმცა თუ არ ახდება არც ეგ არის პრობლემა. ოცნების არსი ის არის, რომ არსებობდეს, ატმოსფერო გაჟღენთილი იყოს მისით. ახდება თუ არა, მოხდება თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვიოცნებო და მუდამ მქონდეს რაიმეს სურვილი.

- იტალიამ მოლოდინები თუ გაგიმართლა?

- იმის მიუხედავად რომ ბევრი სირთულე გამოვიარე, მაინც გამიმართლა. საკითხი ისე უნდა დადგეს, მე გავუმართლე თუ არა იტალიას მოლოდინები. მაინც მგონია, რომ მეორე წიგნის სახით, გავუმართლე იმედები ამ ქვეყანას და თვითონაც გამიმართლა.  ფიზიკურად და მატერიალურად რთულია იტალიაში მწერლობა, წიგნის მკითხველთა რაოდენობა იკლებს, წიგნი იშვიათი ხდება.

- რას ეტყოდი ქართველ მკითხველს, რომელმაც ახლა უნდა გაგიცნონ?

- რთული კითხვაა, მთავარი ისაა, რომ კითხვის მიმართ ლტოლვა და ცნობიერება არ დაკარგონ, ქართველის ბუნებრივი ნიჭი რაც არის, ცოდნისკენ სწრაფა, რაღაცების კვლევა და კირკიტი არ დაივიწყონ.

- როგორც გავიგე აცრა გაიკეთე, როგორ გრძნობ თავს?

- თავს მშვენივრად ვგრძნობ, არაფერი გვერდითი ეფექტი არ მაქვს, პირველი დოზა გავიკეთე, ფაიზერით ავიცერი შემეძლო სხვა ვაქცინაც ამერჩია. აქ ვაქცინაზე დიდი მომართვიანობაა, უკვე ჩვენი ასაკის ხალხის აცრა დაიწყო. სტადიონის ხელა ასაცრელი პუნქტია მოწყობილი და მალ-მალე ცრიან ყველას.

- ბოლოს, რა გეგმები აქვს რუსკა ჟორჟოლიანს?

- საქმიანობის მხრივ ორი მიმართულებით მაქვს გეგმები, მინდა ფილოსოფიაში კვლევა გავაგრძელო. ვფიქრობ, დოქტურანტურაზე ჩავაბარო, მილანის უნივერსიტეტში. იტალიაში დოქტურანტურა ფინანსდება, სტიპენდიას გიხდიან და მინდა ამ სტიპენდიით მესამე რომანიც დავასრულო.

(სპეციალურად საიტისთვის)