"მალტაში საარჩევნო პერიოდი იყო და ხალხი კანდიდატებს აქტიურად ადევნებდა თვალს. ყველას პრეზიდენტი ვეგონე და ქუჩაში მოქალაქეები სამხედრო სალამს მაძლევდნენ"
"მალტაში საარჩევნო პერიოდი იყო და ხალხი კანდიდატებს აქტიურად ადევნებდა თვალს. ყველას პრეზიდენტი ვეგონე და ქუჩაში მოქალაქეები სამხედრო სალამს მაძლევდნენ"
"მალტის პრეზიდენტს ძალიან ვგავდი და ამის გამო უამრავი კურიოზი გადამხდა თავს"
უშანგი იოსელიანი პირველი იყო, ვინც მტკვარზე კატარღა პირველად გაატარა, რათა თბილისელებს მტკვარზე გასეირნების საშუალება ჰქონოდათ. 88 წლის შორეული ნაოსნობის კაპიტანი იმ წლებს იგონებს, როდესაც ქალაქში წყლის ტრანსპორტი ვითარდებოდა.

- 1957 წელს დავამთავრე ბათუმის საზღვაო სასწავლებელი. ერთხანს სასეირნო­ თბომავლებზე დავცურავდი და ბათუმი-ქობულეთის სანაპიროზე ზაფხულობით დამსვენებლებს ვემსახურებოდი. ერთ დღეს ბათუმის პორტის უფროსმა ლომიძემ დედაქალაქში სამსახური შემომთავაზა­. 1958 წელს თბილისი დაარსების 1500-ე
წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა და ბათუმელი­ გემთმშენებლები განსაკუთრებულ საჩუქარს - მტკვარზე ნაოსნობისთვის კატარღას ამზადებდნენ. სიხარულით დავთანხმდი, მით უმეტეს, ოჯახთან ახლოს ვიქნებოდი.

1958 წლის გვიან შემოდგომაზე მტკ­ვა­რში­ ჩავუშვით აჭარელთა საჩუქარი, 60-ადგილიანი კატარღა "აჭარა", ხოლო მოგვიანებით, თბილისის ზღვაში 150-ადგილიანი თბომავალი "თბილისი 1500 წელი".

მტკვარზე მოცურავე სამდინარე ტრამვაი

1959 წლის ივლისიდან მტკვარზე ცურვა
დავიწყეთ და "აჭარას" მაშინვე უამრავი ხალხი მოაწყდა. შემდეგ "ბათუმი" და "თბილისი" დაგვემატა. დავცურავდით 300 არაგველის ხიდიდან ახლანდელი გალაკტიონის­ ხიდამდე, ზოგჯერ უფრო ზევითაც, თუ წყლის სიღრმე საშუალებას გვაძლევდა.
მტკვრის სანაოსნო საშუალებები თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმა­რთველოს სამდინარე ტრანსპორტის განყოფილებაში შედიოდა, რომლის უფროსი­ მე ვიყავი. მოსახლეობის დაინტერესება­ მტკვრის ტრანსპორტით იმდ­ენად­ დიდი იყო, რომ ბათუმელმა გემთმშენებლებმა პლასტმასის კორპუსიანი 40-ადგილიანი 4 სამდინარე ტრამვაი "არაგვი", "ალაზანი", "მტკვარი" და "რიონი" გამოგვიგზავნეს. გასეირნების გარდა, მტკვარზე ნაოსნობა­ მგზავრთა გადაყვანასაც ემსახურებოდა. ძალიან ბევრი თბილისელი და ჩამოსული სტუმარი სარგებლობდა ჩვენი ტრანსპორტით. ხანდახან 60-ადგილიან კატარღაზე­ 100-მდე მგზავრი აგვყავდა და უსაფრთ­ხოებისთვის პატარა სამაშველო კატარღები­ მოგვყვებოდნენ. მდინარეზე ნაოსნობაში ხელს გვიშლიდა გაზაფხულის წყალმოვარდნები და "ორთაჭალჰესიდან" ჩვენთან შეთანხმების გარეშე წყლის მოულოდნელად დაცლა. მართალია, კატარღები დაბ­მული იყო, მაგრამ სწრაფ დინებას კატარღის წაღების ძალა მაინც ჰქონდა. ერთხელ სამდინარე ტრამვაი დინებამ მოგვტაცა­ და მერე რუსთავში ვიპოვეთ...
1960-იან წლებში თბილისის ზღვისთვის ფეოდოსიიდან, ვოლგა-დონის არხითა და ბაქოდან ტრაილერით "რაკეტის" პროექტის წყალქვეშა ფრთებიანი 60-ადგილიანი კატარღა "კომეტა" ჩამოვიყვანეთ. ცურვის­ დროს კატარღა წყალქვეშა ფრთებზე იწეოდა,­ დიდ სიჩქარეს კრეფდა და დამსვენებლებშიც მოწონებით სარგებლობდა.

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, "კომეტას" ვერ მოუარეს, წყალქვეშა ფრთები დაუზიანეს და ახლა მცხეთის პარკის გასართობ ცენტრში უნდა იდგეს.

- შორეულ ნაოსნობაზე გვიამბეთ.
- ჯერ ბუქსირებზე ვმუშაობდი, შემდეგ მესამე შტურმანად დავიწყე მუშაობა­ საოკეანო თევზჭერის ტრაულერ "გურიაზე". მერე კაპიტნის მეორე თანაშემწედ დამაწინაურეს ტრაულერ "სალხინოზე", რომლის კაპიტან-დირექტორი ჯონდი ჯოჯუა იყო. დაუსწრებლად დავამთავრე კალინინგრადის თევზის მრეწველობის ინსტიტუტი და 1970 წელს კაპიტნის წოდებით შორეული ნაოსნობის უფლება მომცეს. მალევე ტრაულერ "ოქტიაბრსკის" კაპიტან-დირექტორად დამნიშნეს. პირველი ქვეყანა, რომელიც ვნახე, სინგაპური იყო. 12-ათასიანი წყალ­წყვის ტანკერი "ჩკალოვი"­ ბათუმი-ნოვოროსიისკი-ტუაფსე-ოდესის ხაზს ემსახურებოდა და ტვირთის მიღების შემდეგ ცურვა­ შორეული აღმოსავლეთისკენ მოგვიხდა.

ბათუმში აგებული თბომავალი

1963 წელს შეიქმნა საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველო, რომლის ტრაულერები თევზს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში იჭერდნენ. ბევრი თევზი იყო სამხრეთ ამერიკაში, არგენტინის სანაპიროს სიახლოვეს. ჩვენ გარდა, იქ მრავალი ქვეყნის ტრაულერი მუშაობდა, მაგრამ ეთერი რუსულმა ბილწსიტყვაობამ წალეკა და არგენტინასაც მათი თავხედობა მოჰბეზრდა. ამიტომ ნაპირს ჯერ 20, შემდეგ კი 200 მილით დაგვაშორეს.

უამრავი შტორმი და ქარიშხალი გამოვიარე. 5-ბალიან შტორმამდე­ ტრაულერი­ თევზს იჭერს. უფრო მეტის დროს თევზჭერა ჩერდება, ყველაფერი იკეტება, წყალი რომ არ შემოვიდეს და გემს ტალღების საწინააღმდეგო მიმართულება უკავია. ატლანტის ოკეანეში ძლიერ შტორმში მოვყევით და მერე სენეგალის პორტ დაკარში­ გემის სარემონტოდ შევედით. აფრიკული ქვეყნების მოსახლეობა ძალიან ღარიბი­ იყო და ნავებით მოგვადგებოდნენ თევზის სათხოვნელად. ჩვენც შეძლებისდაგვარად ხელს ვუმართავდით, თევზს ვაძლევდით.

ერთხანს ლას-პალმასში სარემონტო ბაზის უფროსის თანამდებობა მეკავა და ადგილობრივებმა რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, ძალიან კარგად მიგვიღეს.
ზღვა შემთხვევებითაა სავსე და წინასწარ ყველაფრის განსაზღვრა შეუძლებელია. კაპიტალური რემონტისთვის ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ შტრალზუნდში დავდექით. იქიდან წამოსულებმა ლა-მანშის სრუტე გამოვიარეთ, სადაც ძალიან სახიფათო დინებებია და თან ომის დროს ჩაძირული უამრავი გემია. საკმარისია რომელიმეს წამოედო, რომ გემი დაზიანდეს და შესაძლოა ჩაიძიროს კიდეც... არადა, ასეთ ადგილებში ძალიან ბევრი თევზი იცის, რადგან ჩაძირულ გემებთან საკვებს პოულობენ. ტრალი ბარაქიანი გამოდგა და ჰავრთან ტვირთი რუსული გემისთვის უნდა გადაგვეცა, მაგრამ სხვა გემი დამეჯახა, რომელსაც რუსი კაპიტანი მართავდა. მე გამამართლეს, რუსული გემის კაპიტანს კი პოსტი დაატოვებინეს.

მალტაზეც მომიწია შესვლამ ერთი მეზღვაურის გამო, რომელმაც სახლიდან გამოგზავნილ წერილზე ინერვიულა და თვითმკვლელობა სცადა. აღმოჩნდა, რომ მე მალტის პრეზიდენტს ძალიან ვგავდი და ამის გამო უამრავი კურიოზი გადამხდა თავს. მალტაში საარჩევნო პერიოდი იყო და ხალხი კანდიდატებს აქტიურად ადევნებდა თვალს. მე ყველას პრეზიდენტი ვეგონე და ქუჩაში მოქალაქეები სამხედრო სალამს მაძლევდნენ. ძალიან ლამაზი და მოვლილი ქვეყანა იყო მაშინ და ახლა, ალბათ, უკეთესია.

 1970 წელი. ეკვატორის გადაკვეთის დროს ნეპტუნის დღესასწაული

თითქმის ყველა ზღვისპირა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც კი თევზჭერა იყო შესაძლებელი. პორტებში დიდხანს არ ვჩერდებოდით, თუ ტრაულერს რემონტი არ სჭირდებოდა. თევზს ჩავაბარებდით და ოკეანეში ისევ თევზჭერის რაიონისკენ მივემართებოდით.

- გემებიდან გაპარვის შემთხვევები თუ იყო?
- დიახ, იყო. რომელიმე განვითარებული ქვეყნის ნაპირის სიახლოვეს მეზღვაურები წყალში ხტებოდნენ და ნაპირისკენ მიცურავდნენ. ამიტომ ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გავლისას წყალში რომ არ გადამხტარიყვნენ, კაიუტებიდან გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ.

მაშინ მეზღვაურებს ძალიან დაბალი ხელფასები ჰქონდათ. უზარმაზარი შრომისა და სიცოცხლის რისკის ფასად სახელმწიფო მათ გროშებს უხდიდა, ხოლო ამ გროშებით ნაყიდი ნივთები, მათ შორის სიგარეტიც კი კონტრაბანდად ითვლებოდა.

1985 წლამდე ატლანტის ოკეანეში ფლაგმანად ვიმუშავე, რაც რამდენიმე ტრაულერის კონტროლს ნიშნავდა და შემდეგ საქმიანობა სანაპირო სამსახურში გავაგრძელე.

ქეთევან ფაცია ზიმბლიცკი
26 ივნისი 2021 10:37
ბატონი უშანგი და ჩემი მამა სტეფანე ზიმბლიცკი ერთად ცურავდა თევზმჭერ ტრაულერებზე,მამა მისი მოადგილე იყო პოლიტიკურ დარგში, ერთი რეისის დროს ბატონ უშანგის ძმა გარდაეცვალა და მახსოვს მამას მოგონებიდან ,როგორ გაუჭირდა მას ამ ამბის თქმა ბატონი უშანგისთვის. ბატონი უშანგი ძალიან გულისხმიერი და მომთხოვნი კაპიტანი იყო.შემდგომ 1975 წელს ჩემი მეუღლე ახალბედა შტურმანი მოხვდა მასთან გემზე მე3 თანაშემწედ,გემზე მე3. შტურმანს კაპიტანთან ერთად უნდა ემორიგევა,ბატონი უშანგი დიდ დროს უთმობდა ახალგაზრდა შტურმანების აღზრდას და თავის გამოცდილებას გადასცემდა მათ,ბატონ უშანგიზე რომ ისაუბრო როგორც პიროვნებაზე,კაპიტანზე , კარგ მეგობარზე, მეთაურზე,თუნდაც ერთ რეისზე ალბად დიდტომიანი წიგნი დაიწერება, დიდი მადლობა მის მეუღლეს,ოჯახს და ახლობლებს,ვინაიდან შორეული ცურვის კაპიტანს ზურგს უმაგრებს ძლიერი მეუღლე და მოსიყვარულე ოჯახი,მეც ვარ 45 წლის გამოცდილების მქონე შორეული ცურვის კაპიტნის მეუღლე და რა დასანანია ის რომ ჩვენს ქვეყანაში მათი შრომა სათანადოდ არ არის დაფასებული,
მრავალი წელი ჯანმრთელად და ბედნიერად იხარეთ თქვენს ლამაზ ოჯახში
მარიამ იოსელიანი
24 ივნისი 2021 17:18
მთელი საქართველოს საამაყო ...ჩემო ძვირფასო ძმაო უფალმა დიიდხანს გვიცოცხლოს შენი თავი!
ბორის კვიკვინია
22 ივნისი 2021 21:06
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ბატონო უშანგი ! ნამდვილი ზღვის ლომი ხართ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები