"მალტაში საარჩევნო პერიოდი იყო და ხალხი კანდიდატებს აქტიურად ადევნებდა თვალს. ყველას პრეზიდენტი ვეგონე და ქუჩაში მოქალაქეები სამხედრო სალამს მაძლევდნენ" - კვირის პალიტრა

"მალტაში საარჩევნო პერიოდი იყო და ხალხი კანდიდატებს აქტიურად ადევნებდა თვალს. ყველას პრეზიდენტი ვეგონე და ქუჩაში მოქალაქეები სამხედრო სალამს მაძლევდნენ"

"მალტის პრეზიდენტს ძალიან ვგავდი და ამის გამო უამრავი კურიოზი გადამხდა თავს"

უშანგი იოსელიანი პირველი იყო, ვინც მტკვარზე კატარღა პირველად გაატარა, რათა თბილისელებს მტკვარზე გასეირნების საშუალება ჰქონოდათ. 88 წლის შორეული ნაოსნობის კაპიტანი იმ წლებს იგონებს, როდესაც ქალაქში წყლის ტრანსპორტი ვითარდებოდა.

- 1957 წელს დავამთავრე ბათუმის საზღვაო სასწავლებელი. ერთხანს სასეირნო თბომავლებზე დავცურავდი და ბათუმი-ქობულეთის სანაპიროზე ზაფხულობით დამსვენებლებს ვემსახურებოდი. ერთ დღეს ბათუმის პორტის უფროსმა ლომიძემ დედაქალაქში სამსახური შემომთავაზა. 1958 წელს თბილისი დაარსების 1500-ე წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა და ბათუმელი გემთმშენებლები განსაკუთრებულ საჩუქარს - მტკვარზე ნაოსნობისთვის კატარღას ამზადებდნენ. სიხარულით დავთანხმდი, მით უმეტეს, ოჯახთან ახლოს ვიქნებოდი.

1958 წლის გვიან შემოდგომაზე მტკვარში ჩავუშვით აჭარელთა საჩუქარი, 60-ადგილიანი კატარღა "აჭარა", ხოლო მოგვიანებით, თბილისის ზღვაში 150-ადგილიანი თბომავალი "თბილისი 1500 წელი".

მტკვარზე მოცურავე სამდინარე ტრამვაი

1959 წლის ივლისიდან მტკვარზე ცურვა დავიწყეთ და "აჭარას" მაშინვე უამრავი ხალხი მოაწყდა. შემდეგ "ბათუმი" და "თბილისი" დაგვემატა. დავცურავდით 300 არაგველის ხიდიდან ახლანდელი გალაკტიონის ხიდამდე, ზოგჯერ უფრო ზევითაც, თუ წყლის სიღრმე საშუალებას გვაძლევდა.

მტკვრის სანაოსნო საშუალებები თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სამდინარე ტრანსპორტის განყოფილებაში შედიოდა, რომლის უფროსი მე ვიყავი. მოსახლეობის დაინტერესება მტკვრის ტრანსპორტით იმდენად დიდი იყო, რომ ბათუმელმა გემთმშენებლებმა პლასტმასის კორპუსიანი 40-ადგილიანი 4 სამდინარე ტრამვაი "არაგვი", "ალაზანი", "მტკვარი" და "რიონი" გამოგვიგზავნეს. გასეირნების გარდა, მტკვარზე ნაოსნობა მგზავრთა გადაყვანასაც ემსახურებოდა. ძალიან ბევრი თბილისელი და ჩამოსული სტუმარი სარგებლობდა ჩვენი ტრანსპორტით. ხანდახან 60-ადგილიან კატარღაზე 100-მდე მგზავრი აგვყავდა და უსაფრთხოებისთვის პატარა სამაშველო კატარღები მოგვყვებოდნენ. მდინარეზე ნაოსნობაში ხელს გვიშლიდა გაზაფხულის წყალმოვარდნები და "ორთაჭალჰესიდან" ჩვენთან შეთანხმების გარეშე წყლის მოულოდნელად დაცლა. მართალია, კატარღები დაბმული იყო, მაგრამ სწრაფ დინებას კატარღის წაღების ძალა მაინც ჰქონდა. ერთხელ სამდინარე ტრამვაი დინებამ მოგვტაცა და მერე რუსთავში ვიპოვეთ...

1960-იან წლებში თბილისის ზღვისთვის ფეოდოსიიდან, ვოლგა-დონის არხითა და ბაქოდან ტრაილერით "რაკეტის" პროექტის წყალქვეშა ფრთებიანი 60-ადგილიანი კატარღა "კომეტა" ჩამოვიყვანეთ. ცურვის დროს კატარღა წყალქვეშა ფრთებზე იწეოდა, დიდ სიჩქარეს კრეფდა და დამსვენებლებშიც მოწონებით სარგებლობდა.

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, "კომეტას" ვერ მოუარეს, წყალქვეშა ფრთები დაუზიანეს და ახლა მცხეთის პარკის გასართობ ცენტრში უნდა იდგეს.

- შორეულ ნაოსნობაზე გვიამბეთ. - ჯერ ბუქსირებზე ვმუშაობდი, შემდეგ მესამე შტურმანად დავიწყე მუშაობა საოკეანო თევზჭერის ტრაულერ "გურიაზე". მერე კაპიტნის მეორე თანაშემწედ დამაწინაურეს ტრაულერ "სალხინოზე", რომლის კაპიტან-დირექტორი ჯონდი ჯოჯუა იყო. დაუსწრებლად დავამთავრე კალინინგრადის თევზის მრეწველობის ინსტიტუტი და 1970 წელს კაპიტნის წოდებით შორეული ნაოსნობის უფლება მომცეს. მალევე ტრაულერ "ოქტიაბრსკის" კაპიტან-დირექტორად დამნიშნეს. პირველი ქვეყანა, რომელიც ვნახე, სინგაპური იყო. 12-ათასიანი წყალწყვის ტანკერი "ჩკალოვი" ბათუმი-ნოვოროსიისკი-ტუაფსე-ოდესის ხაზს ემსახურებოდა და ტვირთის მიღების შემდეგ ცურვა შორეული აღმოსავლეთისკენ მოგვიხდა.

ბათუმში აგებული თბომავალი

1963 წელს შეიქმნა საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველო, რომლის ტრაულერები თევზს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში იჭერდნენ. ბევრი თევზი იყო სამხრეთ ამერიკაში, არგენტინის სანაპიროს სიახლოვეს. ჩვენ გარდა, იქ მრავალი ქვეყნის ტრაულერი მუშაობდა, მაგრამ ეთერი რუსულმა ბილწსიტყვაობამ წალეკა და არგენტინასაც მათი თავხედობა მოჰბეზრდა. ამიტომ ნაპირს ჯერ 20, შემდეგ კი 200 მილით დაგვაშორეს.

უამრავი შტორმი და ქარიშხალი გამოვიარე. 5-ბალიან შტორმამდე ტრაულერი თევზს იჭერს. უფრო მეტის დროს თევზჭერა ჩერდება, ყველაფერი იკეტება, წყალი რომ არ შემოვიდეს და გემს ტალღების საწინააღმდეგო მიმართულება უკავია. ატლანტის ოკეანეში ძლიერ შტორმში მოვყევით და მერე სენეგალის პორტ დაკარში გემის სარემონტოდ შევედით. აფრიკული ქვეყნების მოსახლეობა ძალიან ღარიბი იყო და ნავებით მოგვადგებოდნენ თევზის სათხოვნელად. ჩვენც შეძლებისდაგვარად ხელს ვუმართავდით, თევზს ვაძლევდით.

ერთხანს ლას-პალმასში სარემონტო ბაზის უფროსის თანამდებობა მეკავა და ადგილობრივებმა რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, ძალიან კარგად მიგვიღეს.

ზღვა შემთხვევებითაა სავსე და წინასწარ ყველაფრის განსაზღვრა შეუძლებელია. კაპიტალური რემონტისთვის ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ შტრალზუნდში დავდექით. იქიდან წამოსულებმა ლა-მანშის სრუტე გამოვიარეთ, სადაც ძალიან სახიფათო დინებებია და თან ომის დროს ჩაძირული უამრავი გემია. საკმარისია რომელიმეს წამოედო, რომ გემი დაზიანდეს და შესაძლოა ჩაიძიროს კიდეც... არადა, ასეთ ადგილებში ძალიან ბევრი თევზი იცის, რადგან ჩაძირულ გემებთან საკვებს პოულობენ. ტრალი ბარაქიანი გამოდგა და ჰავრთან ტვირთი რუსული გემისთვის უნდა გადაგვეცა, მაგრამ სხვა გემი დამეჯახა, რომელსაც რუსი კაპიტანი მართავდა. მე გამამართლეს, რუსული გემის კაპიტანს კი პოსტი დაატოვებინეს.

მალტაზეც მომიწია შესვლამ ერთი მეზღვაურის გამო, რომელმაც სახლიდან გამოგზავნილ წერილზე ინერვიულა და თვითმკვლელობა სცადა. აღმოჩნდა, რომ მე მალტის პრეზიდენტს ძალიან ვგავდი და ამის გამო უამრავი კურიოზი გადამხდა თავს. მალტაში საარჩევნო პერიოდი იყო და ხალხი კანდიდატებს აქტიურად ადევნებდა თვალს. მე ყველას პრეზიდენტი ვეგონე და ქუჩაში მოქალაქეები სამხედრო სალამს მაძლევდნენ. ძალიან ლამაზი და მოვლილი ქვეყანა იყო მაშინ და ახლა, ალბათ, უკეთესია.

 1970 წელი. ეკვატორის გადაკვეთის დროს ნეპტუნის დღესასწაული

თითქმის ყველა ზღვისპირა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც კი თევზჭერა იყო შესაძლებელი. პორტებში დიდხანს არ ვჩერდებოდით, თუ ტრაულერს რემონტი არ სჭირდებოდა. თევზს ჩავაბარებდით და ოკეანეში ისევ თევზჭერის რაიონისკენ მივემართებოდით.

- გემებიდან გაპარვის შემთხვევები თუ იყო? - დიახ, იყო. რომელიმე განვითარებული ქვეყნის ნაპირის სიახლოვეს მეზღვაურები წყალში ხტებოდნენ და ნაპირისკენ მიცურავდნენ. ამიტომ ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გავლისას წყალში რომ არ გადამხტარიყვნენ, კაიუტებიდან გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ.

მაშინ მეზღვაურებს ძალიან დაბალი ხელფასები ჰქონდათ. უზარმაზარი შრომისა და სიცოცხლის რისკის ფასად სახელმწიფო მათ გროშებს უხდიდა, ხოლო ამ გროშებით ნაყიდი ნივთები, მათ შორის სიგარეტიც კი კონტრაბანდად ითვლებოდა.

1985 წლამდე ატლანტის ოკეანეში ფლაგმანად ვიმუშავე, რაც რამდენიმე ტრაულერის კონტროლს ნიშნავდა და შემდეგ საქმიანობა სანაპირო სამსახურში გავაგრძელე.