"მხოლოდ ის მახსოვს, მიწაზე ვიწექი და ვიძახდი, წელი მტკივა-მეთქი..." - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ის მახსოვს, მიწაზე ვიწექი და ვიძახდი, წელი მტკივა-მეთქი..."

"არასდროს წამომცდენია საყვედური ბედისწერის მიმართ. ერთადერთი, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა, მაშინ გამიფიქრებია მხოლოდ, რატომ-მეთქი?!"

ლალი მენაღარიშვილი 18 წლის იყო, როდესაც ავტოავარიაში მოყვა და იმ დღიდან მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. 10 წელია, ეტლით მოსარგებლეა, თუმცა ეს ხელს არ უშლის იყოს აქტიური, მებრძოლი და სხვებისთვის იქცეს მაგალითად, როგორ არ უნდა დანებდე ბედისწერას.

- ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში ვცხოვრობ მშობლებთან და ძმასთან ერთად. აქ დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობაში ძალიან მხიარული, მოუსვენარი და აქტიური ბავშვი ვიყავი, ერთ ადგილას გაჩერება მიჭირდა, ახტაჯანას მეძახდნენ. ალბათ ამ ხასიათმა განაპირობა, რომ მებრძოლი ვარ, არასდროს ვიხევ უკან და ყოველთვის ვფიქრობ, რომ უფრო მეტს შევძლებ და მივაღწევ. დღეს ხომ ეტლით მოსარგებლე ვარ, მაგრამ ერთ ადგილას მაინც ვერ ვისვენებ. ვცდილობ, დიდი დრო გავატარო გარეთ, მეგობრებთან ერთად, მქონდეს სამსახური. ეტლი ამაში ხელს ვერ მიშლის…

- რა მოხდა 10 წლის წინ? - 2010 წელს დავამთავრე სკოლა და მალევე მოვყევი ავარიაში. ქობულეთიდან მომავლები ხეს შევეჯახეთ. საჭესთან ბიძაჩემი იჯდა, მანქანაში ბიცოლა და ჩემი ძმა. მათ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, მე კი ხერხემალი დამიზიანდა. ჩემი დიაგნოზია პოს-სპინალური ტრავმა. ქობულეთიდან რომ წამოვედით, მხოლოდ ის მომენტი მახსოვს, დანარჩენი აღარაფერი. დღემდე ვერ ვიხსენებ იმ კადრებს. ერთადერთი რაც მახსოვს, მიწაზე ვიწექი და ვიძახდი, წელი მტკივა-მეთქი. მეორე თუ მესამე დღეს გავიღვიძე საავადმყოფოში და ვიკითხე, სად ვიყავი, რატომ, რა მოხდა... საშინელ ტკივილს ვგრძნობდი და ერთი კვირა ძლიერ გამაყუჩებლებს მიკეთებდნენ. გონზე რომ მოვედი, ერთმა ექთანმა ჩაილაპარაკა, ეს საწყალი გოგო ინვალიდი დარჩაო. მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ინვალიდობა. რა დაავადებაა ინვალიდობა-მეთქი? - ვეკითხებოდი ჩემებს. დედაჩემმა პასუხი ვერ გამცა, ტირილი დაიწყო და მივხვდი, სერიოზულად იყო საქმე. მერე ჩემს ექიმს შევეკითხე და მისგან გავიგე, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ გავივლიდი. ეტყობა, შევეცოდე და პირდაპირ მანაც არ მითხრა, ვეღარასდროს გაივლიო. პატარა ვიყავი და ვერ გავიაზრე, რაც ხდებოდა ჩემს თავს. მეგონა, რამდენიმე თვე ვიწვებოდი და მერე გავივლიდი, მაგრამ ოპერაციამდე ხელები რომ ამიხსნეს და ფეხზე წავივლე ხელი, ვერაფერი ვიგრძენი. ალბათ მართლა ვეღარ გავივლი-მეთქი, ვიფიქრე მაშინ. ამის მიუხედავად, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ. ტირილით როგორ არ ვტიროდი, მაგრამ შევეცადე, ძალა მეპოვა ამ განსაცდელთან საბრძოლველად.…

- ასეთ დროს ვინ აღმოჩნდა შენ გვერდით, ვინ დაგეხმარა ამ სირთულის დაძლევაში? - კლასელები, მეგობრები, რომლებიც ღამეებს მითენებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემს ავადმყოფობაზე არ მეფიქრა. დღემდე ჩემ გვერდით არიან და მათი იმედი ყოველთვის მექნება. რა თქმა უნდა, დედაჩემი - რომ არა ის, ამდენს ვერ შევძლებდი. მაშინ დედა მივლიდა, ახლა უკვე დამოუკიდებლადაც შემიძლია თავის მოვლა.

- როდესაც სკოლას ამთავრებ, უამრავი ოცნება და ნატვრა გაქვს, შენ რაზე ოცნებობდი?

- სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, მანამდე რა იყო, რაზე ვოცნებობდი, რა მიყვარდა, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი... წლების წინ პროგრამისტობა და საოფისე პროგრამები შევისწავლე. ვმუშაობდი ბათუმში, ჯერ კაფეში, შემდეგ კი ერთ-ერთ კომპანიაში, კვირაში 3 დღე მივდიოდი. ძალიან მიწყობდნენ ხელს, მაგრამ ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა და დასრულდა, თანაც იმ პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებიც შემექმნა. ამჟამად არ ვმუშაობ, რეაბილიტაციას გავდივარ, რადგან ეს აუცილებელია, კუნთი რომ არ მოდუნდეს. პარალელურად ვეძებ სამსახურს. დიდი სიამოვნებით მივყვებოდი სპორტსაც, მაგრამ ქობულეთში არ გვაქვს დარბაზი, სადაც შშმ პირები შევძლებდით ვარჯიშს და საერთოდ, პრობლემას გვიქმნის არაადაპტირებული გარემო. პირველ რიგში, ბორდიურები უნდა იყოს ადაპტირებული, რომ დამოუკიდებლად შევძლოთ გადაადგილება, უნდა იყოს პანდუსები და დაწესებულებებში ადაპტირებული საპირფარეშოები. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბევრი შშმ პირი საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობს თავს, ერიდება ხალხთან ურთიერთობას. ზოგს არ ჰყავს დამხმარე, ვინც გარეთ გამოიყვანს, ზოგს ელექტროეტლი არ აქვს. ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ ადგე და სახლში ჩაიკეტო, უარი თქვა ადამიანებთან ურთიერთობაზე, საზოგადოებაში გამოჩენაზე, ქუჩაში გასვლაზე. სახლში გამოკეტილი რომ ხარ, ხომ უფრო მეტს ფიქრობ და დარდობ შენს მდგომარეობაზე? ამიტომ უნდა ირწმუნონ თავიანთი ძალისა და შესაძლებლობების, ადამიანებისგან გარიდებით ვერაფერს უშველიან. სჯობს, გარეთ გამოვიდნენ, გარეთ უფრო კარგი რამეები ხდება, ვიდრე შინ, ერთ ოთახში.…

- როგორია შენი ერთი დღე? - მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, გასეირნება, კითხვა, მუსიკის მოსმენა, მაგრამ ცვალებადი ხასიათი მაქვს. ზოგჯერ წიგნის კითხვას რომ დავიწყებ და არ მომეწონება, მაშინვე თავს ვანებებ. საერთოდ, მხიარული ვარ და ვცდილობ, სხვებსაც გადავდო კარგი განწყობა. თუ დამიჯერებთ, არასდროს წამომცდენია საყვედური ბედისწერის მიმართ. ერთადერთი, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა, მაშინ გამიფიქრებია მხოლოდ, რატომ-მეთქი?! საზღვარგარეთ გამოკვლევას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას ძალიან დიდი თანხა სჭირდება, ამიტომ არც ვეძებ ინფორმაციას ამის შესახებ. იმდენად მივეჩვიე ეტლს და იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, რომ გავლაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. მთავარია, გარემომ არ შემიზღუდოს გადაადგილება და კარგი ეტლი მქონდეს. მე ვსარგებლობ სპორტული ეტლით, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ამას არ გვიფინანსებს. გამიმართლა, რომ კარგი მეგობრები მყავს, მათ იზრუნეს ჩემზე. რადგან ხერხემალში ფიქსატორი მაქვს ჩადგმული, მძიმე ეტლით სარგებლობისას ხერხემალი მტკივდება, სპორტული ეტლი კი მსუბუქია და კომფორტული.

- ლალი, რა გასწავლა მომხდარმა? - ადამიანები უფრო კარგად გამაცნო, ბევრი მათგანის რეალური სახე უკეთ დავინახე, შეხედულებები შემეცვალა, უფრო მებრძოლი გავხდი; მასწავლა, რომ ხელი არასდროს არ უნდა ჩავიქნიო და წინ უნდა წავიდე, რადგან უკან არაფერი არ მრჩება.…

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"