"მეუღლე გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ გამომიტყდა გრძნობებში, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან ინდოეთში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებდი..." - კვირის პალიტრა

"მეუღლე გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ გამომიტყდა გრძნობებში, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან ინდოეთში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებდი..."

ირინა ლიქოკელი ინდოეთში ცხოვრობს, ინდოელი მეუღლე ჰყავს და, წლებია, ცეკვის სტუდია აქვს დელისთან ახლოს, გურგაონში. რით ჰგვანან ინდოელები და ხევსურები ერთმანეთს და როგორია ინდურ-ქართული წყვილის გეგმები, თავად ირინა გვიამბობს.

- საბანკო-ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აფრიკა-აზიის ინსტიტუტში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავაგრძელე სწავლა. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ინდოეთის ელჩი გვესტუმრა, სამმა სტუდენტმა ტესტირება გავიარეთ, დაგვინიშნეს სტიპენდია და გამოგვგზავნეს დელის უნივერსიტეტში, ინდური ენის შესასწავლად. ეს იყო 12 წლის წინ. იმ პერიოდში ქართულ-ინდური ლექსიკონიც კი შევადგინე, მაგრამ ვეღარ გამოვეცი. ერთხანს თარჯიმნადაც ვმუშაობდი, უცხოელებს ინდურ ენას ვასწავლიდი და ვასწავლი დღესაც.

ჩამოვედი თუ არა, პირველად თაჯ-მაჰალი მოვინახულე, მარმარილოს ეს ულამაზესი მავზოლეუმი ქალაქ აგრაში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რაჯასტანმაც და საოცარმა ინდურმა ცეკვებმა. ყველაზე მეტად მაინც აქაურ საჭმელთან შეგუება გამიჭირდა, რადგან ცხარეს ამზადებენ. კლიმატს კი ადვილად შევეგუე, ალბათ, იმიტომ, რომ სიცხე მიყვარს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანი საქართველოს საელჩოშიც ვიმუშავე.

- რთული იყო უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა? - ბიზნესის დაწყება აქ იოლია, დაარეგისტრირებ კომპანიას, იქირავებ ფართობს და ეგ არის... მე გურგაონში ვცხოვრობ - ახალი უბანია დელისთან ახლოს და მაშინ, რვა წლის წინ, აქ საერთოდ არ იცოდნენ, რა იყო ლათინურამერიკული ცეკვები. კლასიკური ინდური ცეკვები უფრო სოლო ცეკვებია, რელიგიური ხასიათის, ლათინურამერიკულის დროს კი ახლო კონტაქტი გაქვს პარტნიორთან. მოდიოდნენ ცეკვის შესასწავლად, მაგრამ ამბობდნენ, რომ პარტნიორთან არ იცეკვებდნენ, ვერ იქნებოდნენ მასთან ახლოს. აქ მიუღებელია, შეხვედრისას ვინმე გადაკოცნო. პანდემიის წყალობით ეს ახლა აიკრძალა მთელ მსოფლიოში, თორემ ინდოეთში, კარგა ხანია, ასეა. მხოლოდ შორიდან, ხელის მოძრაობით ესალმებიან ერთმანეთს. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში დამოკიდებულება შეიცვალა და ეს ცეკვები პოპულარული გახდა. ჩემმა რამდენიმე მოსწავლემაც გახსნა სტუდია და ახლა უკვე ბევრი მოდის ლათინურამერიკული ცეკვების შესასწავლად. ინდოელების გარდა მყავს რუსი, ფრანგი და იტალიელი მოსწავლეებიც.

- თქვენი ინდოელი მეგობრები თუ ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით, მისი კულტურით? - ინდოეთში ისეთი პოპულარული გავხადე ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით - ხინკალი, რომ ჩემი მოსწავლეები სპეციალურად მსტუმრობენ ხოლმე, ხინკალი რომ გავუკეთო. სხვათა შორის, პანჯაბელები ხასიათით ძალიან ჰგვანან ხევსურებს - შარიანებიც არიან (იცინის), დროსტარებაც უყვართ და თან ყველგან ხანჯლებით დადიან. მახსოვს, საელჩოში რომ ვმუშაობდი და ინტერვიუზე მოდიოდნენ საქართველოს ვიზის მისაღებად, ერთ პანჯაბელს დაცვამ ვერაფრით მოახსნევინა ხანჯალი. ეს არის სიმბოლო, რომ დაიცვან ქალი და ოჯახი.

ჩემი მოსწავლეები ქართული ცეკვის ვიდეოების ნახვისას აღფრთოვანებული არიან. ინტერესდებიან საქართველოს კულტურით, ბუნებით და მთხოვენ, საქართველოში ერთთვიანი ტური მოვაწყოთო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. ვაპირებდი, ზაფხულში ცეკვის ფესტივალზე ჩამომეყვანა მოსწავლეები, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა.

ინდოეთში პირველად 2020 წლის მარტში ჩაგვკეტეს, სახლიდან გამოსვლაც კი გვეკრძალებოდა და ონლაინსწავლებაზე გადავედით. დილის 8 საათიდან ვიწყებ მუშაობას და ზოგჯერ საღამოს 10 საათზე ვამთავრებ. ცოტა არ იყოს, რთულია ცეკვის ასე სწავლა - სხვა რომ არაფერი, პარტნიორი ხომ გჭირდება...

- ირინა, გაგვაცანით მეუღლე, შვილი. - მყავს მეუღლე და 4 წლის გოგონა, მელისა, რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა და ცეკვა. სწავლობს ქართულს, თავისი ქართველი ნათლია ლოცვებს ასწავლის, მღერის "იავნანას", იცის ქართული ზღაპრები. ჩემი მეუღლე ქრისტიანი ინდოელია, მისი მშობლებიც ქრისტიანები არიან. ჩემი სტუდენტი იყო, ცეკვის შესასწავლად მოვიდა ჩემთან და... გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ გამომიტყდა გრძნობებში და კიდევ ექვსი თვე ელოდა ჩემს პასუხს. გადაწყვეტილების მიღება, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა, რადგან ინდოეთში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებდი... მას შემდეგ, რაც მოსწავლეების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ცალ-ცალკე სტუდიები გავხსენით.

- მეუღლე თუა საქართველოში ნამყოფი? - სამჯერ იყო. ძალიან მოეწონა ჩვენი ქვეყანა და ამბობს, საცხოვრებლად საქართველოში წავიდეთო. ქართული ენის სწავლაც დაიწყო. ანბანი უკვე იცის. მელისას კი ჯერ არ უნახავს საქართველო. პირველ ორ წელს არ მინდოდა ამხელა გზაზე წამოყვანა, პატარა იყო და მეცოდებოდა, ბოლო ორი წელი კი პანდემიაა.

- როგორ მიგიღოთ მეუღლის ოჯახმა? - აქ დღემდე გარიგების ინსტიტუტი მოქმედებს ან ასტროლოგიის მიხედვით არჩევენ მეორე ნახევრებს, მაგრამ ჩემი მეუღლის ოჯახი ძალიან თანამედროვეა. პირველივე დღეს, როდესაც მათ გასაცნობად მიმიყვანა, კარგად შემხვდნენ. არ მახსოვს, ამ რვა წლის განმავლობაში დედამთილთან თუნდაც პატარა უსიამოვნება მქონოდა.

- ხშირად არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელი კომენტარები იწერება მათი მისამართით, ვინც ცოლად უცხოელს მიჰყვება, არ გწყინთ? - ამ პანდემიის პერიოდში ბევრი არხი დამიკავშირდა ინტერვიუსთვის და ყველას უარი ვუთხარი. ერთ-ერთი მიზეზი მსგავსი კომენტარებიც იყო. ყველას თავისი აზრი აქვს, მაინც ვერავის შევაცვლევინებ დამოკიდებულებას.

- რა გეგმები გაქვთ? - ვფიქრობ, საქართველოში ვიცხოვროთ, რადგან ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები. და კიდევ, მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და წარმატებებს მიაღწიონ, გამოვიდნენ ფესტივალებზეც, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგები მასტერკლასებს ატარებენ.

ნინო ჯავახიშვილი