"გაგანია ხანძარია. წყალი დამასხითო, შეჰყვირა სიძემ და ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა. ყველას ეგონა, სიდედრს გადაარჩენდა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"გაგანია ხანძარია. წყალი დამასხითო, შეჰყვირა სიძემ და ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა. ყველას ეგონა, სიდედრს გადაარჩენდა, მაგრამ..."

ორჩილმა მორიგ რეისზე აკურაში ბლომად ხალხი წაიყვანა. ბოლო გაჩერებასთან ომში დაღუპულთა ობელისკი იდგა. ელოდება ჩვენი ორჩილი, მგზავრები ფულს როდის გადაუხდიან. ჩავიდა ერთი და ომის მონაწილის მოწმობა აჩვენა, ჩავიდა მეორე და იმანაც მოწმობა აჩვენა, ასე უფულოდ ჩავიდა ავტობუსიდან 15 თუ 20 კაცი. ბოლო მგზავრმაც რომ ომის ვეტერანის მოწმობა აჩვენა, ორჩილი გამწარდა და მიაძახა, თქვე ყურუმსაღებო, ყველანი ცოცხლები თუ ხართ, ეგ ობელისკი ვიღას დაუდგითო?!

"საქართველოს ყველა კუთხეში თავისებური იუმორი აქვთ, მაგრამ კახეთის გული, თელავი, მაინც გამორჩეულია. ამ მხრივ ჩემს ქალაქს ვერც ერთი ვერ შეედრება", - გვითხრა მსახიობმა გეგე სულხანიშვილმა:

- იუმორთან "შენობით" რომ ილაპარაკო, გონიერებაა საჭირო. ჩემი ქალაქი ამ მხრივ გამორჩეულია. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიშველიებ:

ტანდაბალ კაცს საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვა სახელს ეძახიან, თელაველებმა კი საოცარი სახელი დაარქვეს - "ცოტა". ბავშვობიდან დღემდე ამ ქალაქში უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომელიც კვიმატი ენით იყო და არის დაჯილდოებული.

კარგად მახსოვს ფარნაოზ სიდამონიძე, კაცობით, ნიჭიერებით და სიტყვამახვილობით ცნობილი კაცი. ჩემზე უფროსი გახლდათ ჯონდო ზაალიშვილიც, რომელიც მთელ თელავში იყო განთქმული თავისი იუმორით და ენაკვიმატობით, თანაც არაჩვეულებრივად მღეროდა. მახსენდება კიდევ ერთი კოლორიტული პიროვნება - ორჩილი. უნდა ვახსენო კუსა ბატიაშვილი და ჩემი კლასელი, ლევან ჯამრულიძე.

- ალბათ, ამ ადამიანებზე სახალისო ამბებიც იცით... - ფარნაოზ სიდამონიძით დავიწყებ: კომუნისტების დრო იყო. ფარნაოზს ცალხელა მეგობარი ჰყავდა, ხელი ომში დაკარგა. შრომისმოყვარე, პატიოსან კაცს ყველა პატივს სცემდა. ფარნაოზმა გადაწყვიტა მეგობარს დახმარებოდა და უთხრა, შენისთანა წესიერ ხალხს კომუნისტურ პარტიაში სანთლით ეძებენ, რეკომენდაციას გაგიწევ და იქნებ მიგიღონ, ბევრ რამეში წაგადგებაო. როგორც იქნა, დაითანხმა, დათქვეს და თელავის რაიკომის შენობის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. რაიკომის მდივანს რომ დაუნახავს, პარტიის წევრობის კანდიდატი კაცი ცალხელა იყო, ლამის შეუცხადებია და უარით გამოუსტუმრებია, მაპატიეთ, მაგრამ ვერ მიგიღებთო.

ფარნაოზმა ვერ მოითმინა და რაიკომის მდივანს პირდაპირ ჰკითხა, უარით რატომ გვისტუმრებთო და იმას რა უპასუხია? მართლა კარგი კაცი ჩანს, მაგრამ ცალი ხელი აქვს და ტაშს ვერ დაუკრავსო. მაშინ კი გაგულისდა ფარნაოზი, მაგრამ მოგვიანებით ამ ამბავზე თვითონაც ხალისობდა და სხვებსაც აცინებდა.

ცალკე საუბრის თემაა ჩემი კლასელი და მეგობარი ლევან ჯამრულიძე, რომელიც ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია. ერთხელ მის კაბინეტში დიდხანს შემოვრჩი. ლევანი მე მელაპარაკებოდა და თან პაციენტებს სინჯავდა. რამდენიმე შეკითხვის შემდეგ ყველას ეკითხებოდა, დიდი ბოდიში, მაგრამ დღეს სადილზე რა მიირთვითო?

გამიკვირდა, რა შუაშია სადილი ყურის ან ყელის ტკივილთან-მეთქი და დღის ბოლოს ვკითხე.

- იცი, რატომ ვეკითხები? მენიუს მიხედვით ვადგენ, ვის რამდენი ფული უნდა გამოვართვაო. როგორ შეიძლება ასეთ რამეზე არ გაგეცინოს?

ლევანთან ერთი პაციენტი მივიდა და იმანაც ტრადიციული შეკითხვები დაუსვა: ღვინოს თუ სვამ ან სიგარეტს თუ ეწევიო? არაო, მტკიცე უარი განაცხადა პაციენტმა. ქალებიო? რას ამბობთ, ცოლის ერთგული ვარ, სხვა ქალისკენ არც ვიხედებიო. გაგიჟდა ლევანი, თქვენისთანა უნაკლო პაციენტი მე ჯერ არ მყოლიაო. ექიმო, ერთი დიდი ნაკლი მაქვს - ტყუილები მიყვარსო, უპასუხა პაციენტმა, რომელმაც გამოცდილი ექიმი მარჯვედ გააცურა.

თელაველები ორჩილს ეძახდნენ კაცს, რომელსაც სინამდვილეში არჩილი ერქვა. ძალიან უიღბლო იყო: სიმთვრალეში ჩხუბი უყვარდა, კომუნისტების დროს რეციდივისტის წოდება მიაკრეს და სულ პატარა ჩხუბის გამო ციხეში უშვებდნენ. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ შვიდი წელი მიუსაჯეს. ორჩილი ერთხანს ავტობუსის მძღოლი იყო და თელავი-აკურის ხაზზე მუშაობდა. ერთხელაც მორიგ რეისზე აკურაში ბლომად ხალხი წაიყვანა. ბოლო გაჩერებასთან ომში დაღუპულთა ობელისკი იდგა. ელოდება ჩვენი ორჩილი, მგზავრები ფულს როდის გადაუხდიან. ჩავიდა ერთი და ომის მონაწილის მოწმობა აჩვენა, ჩავიდა მეორე და იმანაც მოწმობა აჩვენა, ასე უფულოდ ჩავიდა ავტობუსიდან 15 თუ 20 კაცი. ბოლო მგზავრმაც რომ ომის ვეტერანის მოწმობა აჩვენა, ორჩილი გამწარდა და მიაძახა, თქვე ყურუმსაღებო, ყველანი ცოცხლები თუ ხართ, ეგ ობელისკი ვიღას დაუდგითო?!

- ბატონო გეგე, სიდედრებზე თელაველებიც ხუმრობენ? - როგორ არა. ჩემს კარგ მეგობარს დათო ბატიაშვილს მთელი თელავი კუსას ეძახდა. ერთხელ ჩვენს კუსას ცოლი ეუბნება: "კაცო, გუშინ ძალიან საინტერესო წიგნი ვიყიდე - "როგორ ვიცოცხლოთ 100 წელი". ყველგან დავეძებ და ვერ ვპოულობ, სადმე თვალი ხომ არ მოგიკრავსო? ტყუილად დაეძებ, ბუხარში შევაგდეო, უპასუხა კუსამ. რატომო, შეიცხადა ცოლმა. დავინახე, დედაშენი კითხულობდა და აბა, რას ვიზამდიო?

სიდედრის "სიყვარულზე" ჯონდო ზაალიშვილმა მიამბო: ჩემს ძმაკაცს სახლი დაეწვა. თვითონ ცოლ-შვილთან ერთად სტუმრად იყო და ხანძრის დროს სახლში მარტო სიდედრი ყოფილა.

გაგანია ხანძარია. წყალი დამასხითო, შეჰყვირა ახალდაბრუნებულმა სიძემ და ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა. ყველას ეგონა, სიდედრს გადაარჩენდა, მაგრამ მალევე უკან გამობრუნდა. რამდენჯერმე ასე გაიმეორა და ყოველ ჯერზე გარეთ ხელცარიელი გამოდიოდა. რას დარბიხარ აქეთ-იქითო, ჰკითხეს გაოცებულმა მეზობლებმა. სიდედრს ვატრიალებ, კარგად რომ შეიწვასო...

რა თქმა უნდა, ეს უწყინარი ხუმრობაა. სულაც არ მინდა ჩვენი ძვირფასი სიდედრები გავანაწყენო და დღევანდელ ინტერვიუს კახელებისთვის ტრადიციული, საყვარელი პერსონაჟებით დავასრულებ:

მარო ექიმთან მივიდა და უთხრა, ექიმო, მიშველე, ჩემი ქმარი გაგიჟდა, ჭიხვინებს და გაიძახის, ცხენი ვარო! ეგ სერიოზული დაავადებაა, ვუმკურნალებ, მაგრამ ძალიან ძვირი დაგიჯდებათო, გააფრთხილა ექიმმა. არა უშავს, ფული გვაქვს, ჩემმა ქმარმა უკვე ორ დოღში მიიღო მონაწილეობა და ორივე მოიგოო, უპასუხა ექიმს მეუღლის "მიღწევებით" გახარებულმა მარომ.

ქართველი კაცი მუდამ ღიმილით და სიმღერით უმკლავდებოდა ათასგვარ განსაცდელს. გამონაკლისი არც ჩემი თელაველები არიან: ჭირსა თუ ლხინში ხუმრობენ და მამაპაპურად, ჩვენებურად რომ ვთქვათ, დარდს ტყუილად არ ეკვლევინებიან.

ხათუნა ჩიგოგიძე