"ამ ტროლეიბუსში მთავარი მამაჩემის ხსოვნაა და მამის ხსოვნას რა გულით გავასხვისებ!"
14-06-2021
"ამ ტროლეიბუსში მთავარი მამაჩემის ხსოვნაა და მამის ხსოვნას რა გულით გავასხვისებ!"
"ერთმა ამ ტროლეიბუსში 30.000 დოლარიც კი შემომაძლია - მაინც ვერ მოუვლიო. გამეცინა, თუ ამდენ ხანს არ გადავაგდე, ახლაც როგორმე მოვუვლი-მეთქი..."

"ეზოში ჩამობრძანდით, ჩემო ბატონო, ჩვენი ტროლეიბუსის ამბავსაც მოგიყვებით, ჩვენი გამოქვაბულისასაც და ქეც გაქეიფებთ - კაი "ციცქა" და "ცოლიკაური" მაქ და მოვულხინოთ მამაპაპურად!" - აი, ასე შეგხვდებათ საჩხერის რაიონის სოფელ პერევისაში მერაბ ყურავა, თუ მის ეზოს მიადგებით და იკითხავთ, თქვენს ეზოში ტროლეიბუსი რანაირად გაჩნდაო.

სიმართლეს გეუბნებათ! ყურავების ოჯახში ღვინოც აქვთ, პურიც
და ტროლეიბუსიც, იქვე ახლოს კი - ნამდვილი გამოქვაბულიც. პერევისაში ისეთი სილამაზეა, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდება, ტროლეიბუსი კი ყურავების ოჯახის სიმდიდრეა, რომელსაც ალი-ბაბას განძისთვისაც კი არ დათმობენ. ის ოჯახის წინაპრის, დიმიტრი ყურავას სახსოვარია, რომლითაც ხალხს საჩხერე-ჭიათურის გზაზე 35 წელიწადი დაატარებდა, თანაც ისე, რომ საჭე სხვა მძღოლისთვის
არასდროს უნდვია...

- ეს ტროლეიბუსი ჭიათურიდან საჩხერეში პირველად რომ დაიძრა, 1964 წელი იყო და მე 4 წლის ვიყავი. მახსოვს, ცხონებულმა მამაჩემმა ტროლეიბუსის წითელი­ ლენტი რომ გაჭრა და კაბინაში შეხტა. იმისთანა მონუსხული ვიდექი, ვეღარც კი ვიძროდი და ხელში აყვანილი გამომიყვანეს იქიდან.

- პირველად ნახეთ ტროლეიბუსი?
- აბა, რა! ისეთი დრო იყო, ტროლეიბუსი კი არა, ხალხს ავტომანქანები არ ჰქონდა ნანახი. თან მეშინოდა - ეს ტროლეიბუსი იმხელა მეჩვენებოდა, თან ისე მელამაზებოდა თავისი პრიალითა და ბზინვით, ვფიქრობდი, ვაიმე, თვალები არ დამეხუჭოს და არ გაქრეს-მეთქი, ამიტომ თვალებს რაც შეიძლება ფართოდ ვჭყეტდი. მამაჩემმა ეს საოცრება რომ დაძრა, საერთოდ გავგიჟდი! ერთი თვე მამას დავდევდი, ნეტა მართლა ის კაცია, ტროლეიბუსი რომ წაიყვანა-მეთქი?! იმ დღის მერე ეს კაცი 35 წელიწადი არ მოშორებია თავის­ ტროლეიბუსს. ალბათ, ვერც ვერავინ დაითვლის, რამდენი ადამიანი ეყოლებოდა გადაყვანილ-გადმოყვანილი საჩხერესა და ჭიათურას შორის. აბა, ამის მერე მე ამ ტროლეიბუსს ჯართში ვის გავატანდი!

- მამათქვენი ალბათ დარდობდა,­ ქვეყანა­ რომ დაიშალა და ტროლეიბუსი დეპოში უპატრონოდ ეგდო.
- დარდობდა რომელია, ყველაფერი ჯართად გაზიდეს თურქეთში და მალე, ალბათ, ჩემს ტროლეიბუსსაც ნაწილებს დააცლიან და გაიტანენო. იმედი ჰქონდა, რომ მანქანა ხალხს კიდევ დასჭირდებოდა. მოკლედ, მამაჩემს ვუთხარი, შენ ნუ გეშინია, პერევისაში მაგ ტროლეიბუსის ამოყვანა ხარებითაც რომ დამჭირდეს, 10 წყვილს ვიშოვი და მაინც ამოვიყვან-მეთქი, მაგრამ ეგ არ დამჭირვებია - "კრაზი" ვიშოვე, ბუქსირი ჩავაბი და ამოვიყვანე. მამაჩემმა ისე გაიხარა, რომ შემძლებოდა, დანარჩენ ტროლეიბუსებსაც ამოვუყვანდი - ჩვენმა სახელმწიფომ მაინც ჯართად აქცია ყველა...

- და თქვენი ტროლეიბუსიც დრომ რელიკვიად აქცია.
- ნამდვილად. მერე ხალხი დაინტერესდა და მეც ვის დავუშლიდი ტროლეიბუსის ნახვას, ჰოდა, ყველას ვათვალიერებინებდი.
მერე სტუმრებმა მითხრეს, კარგს იზამ, თუ ამ ტროლეიბუსს კაფედ აქცევო. ჯერ კი გავიკვირვე, ტროლეიბუსში გახსნილი სასადილო რად მინდა, სამოთხესავით ეზო და სახლ-კარი მაქვს-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე, ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს - მღვდლის ცოლი; მოდი, ამას მართლა გავაკეთებ-მეთქი. ჰოდა, ტროლეიბუსში პატარა სკამ-მაგიდა ჩავდგი, მაგრამ ჯერჯერობით კაფედ მაინც არ ქცეულა - ამ "კაფეში" მხოლოდ ჩემი შვილიშვილები და მეზობლის ბავშვები გადადიან ყირაზე. ისე კი, ვინ იცის, იქნება მართლაც იქცეს ნამდვილ კაფედ. მით უფრო, რომ სახლთან ახლოს ნამდვილი გამოქვებულიც გვაქვს.

ამასობაში მამაჩემის ტროლეიბუსით ბევრი დაინტერესდა. მუშტრებიც კი გამოჩნდნენ. ერთმა 30.000 დოლარიც კი შემომაძლია - მაინც ვერ მოუვლიო. გამეცინა, თუ ამდენ ხანს არ გადავაგდე, ახლაც როგორმე მოვუვლი-მეთქი. ჩემთვის ამ ტროლეიბუსში მთავარი მამაჩემის ხსოვნაა და მამის ხსოვნას რა გულით გავასხვისებ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები