"წასასვლელი არსაით გაქვს და ახალგაზრდობაც მიწაში გადის..." - კვირის პალიტრა

"წასასვლელი არსაით გაქვს და ახალგაზრდობაც მიწაში გადის..."

"ყოველდღე მაღაროელის მკლავებზე და ხერხემალზე ტონობით ტვირთი გადის, მაგრამ ხელფასის თვალსაზრისით ეს არაფერს ცვლის"

უბედურების მოლოდინით გაჟღენთილი დღეები, წყვდიადში დაღუპული ბიჭები, დაობლებული ბავშვები და მხოლოდ დროდადრო დაგუბებული პროტესტის ამოხეთქვა, მათ შორის - პირის ამოკერვითაც! ამის გარეშე მაღაროელებს არავინ უსმენს. სულ ეს არის მათი ცხოვრება, ვინც წარმოუდგენელი შრომის წილ საზღაურს თითქმის არ იღებს. ცხოვრება, რომელიც, ძირითადად, მაშინ გვახსენდება, როდესაც მაღაროში ვინმე იღუპება და მაშინვე გვავიწყდება. თუმცა, მაშინ, როდესაც ჩვენ მზეს ვუცქერთ, მაღაროელთა ქალაქებში დედები შვილებს წყვდიადში გზავნიან. მათ უკან დაბრუნებას კი ისევე ელოდებიან, როგორც ომში წასულებისას. ამას, ალბათ, ვერავინ გაიგებს, გარდა თავად მაღაროელებისა, რომელთაც შახტიდან ამოსვლისას ტელეფონზე დედებისა და ახლობლების უამრავი უპასუხო ზარი ხვდებათ. ამ დროს ყველა მაღაროელის პირველი პასუხი ასეთია: "ნუ გეშინიათ, აქ ვარ!" ასეთია ჭიათურელი რაჟდენ გველესიანის ცხოვრებაც, თუმცა, მისი არა მარტო ზარები, არამედ ლექსებიც ასე ჟღერს. არ გაიოცოთ - პოეტსაც შეუძლია მიწისქვეშა კლდეების ბურღვა და ტვირთვა, მისი პროტესტი კი ლექსებია. და რადგან ზოგჯერ პოეზია ყველანაირ პროტესტზე ხმაურიანია, ჩვენც სწორედ რაჟდენ გველესიანს ვკითხეთ, როგორია მაღაროელის ჩვეულებრივი დღე, რას განიცდის ყოველ დილით შახტაში ჩასვლისას ან იქიდან ამოსვლისას.

- "მოწმენდილ ზეცას ნაღვლიანი თვალს გადაავლებ და მზის სხივები მიგაცილებს გვირაბის წინპირს. თუ რა გაწუხებს და განაღვლებს, არაფერს ავლენ, ბანცალ-ბანცალით მიუყვები გვირაბის წინპირს". ყოველთვის ასეთია მაღაროში სამუშაოდ წასვლის განწყობა?

- როგორც წესი, მაღაროელებს ამას არ ეკითხებიან. მეც იმან აღმაწერინა ასე დეტალურად ეს განწყობა, რომ ვინმე დაფიქრებულიყო. როდესაც სამთო ქალაქში ცხოვრობ, მაღაროელობა თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. აქ გზა მხოლოდ მაღაროსკენაა ხსნილი და შენც ისე მიდიხარ იქ, როგორც მიდიოდნენ შენი მამები და ბაბუები, მეგობრები და მეზობლები... მიდიხარ დღეში სამჯერ და სამ ცვლაში, 24 საათის განმავლობაში - მაღარო ხომ ასე მუშაობს, ის არასოდეს ისვენებს. ამ მიწისქვეშეთიდან ნებისმიერ წუთს ამოაქვთ მადანი და მიაქვთ სხვაგან. სად ან რა შემოსავლის სანაცვლოდ, მაღაროელებმა არასოდეს იციან. ალბათ, იმიტომ, რომ ცოდნას აზრი არ აქვს - როდესაც სამშობლოდან წასვლა არ გინდა და არც სხვა სახსარი არსებობს, მაღაროში უნდა წახვიდე სამუშაოდ. მაღაროდან ამოსულიც კი თითქმის სულ მასზე ფიქრობ. ჯადოსავით დაგდევს თან ეს ფიქრი. ის მაღაროელი ბიჭებიც კი, რომლებიც მილიონში ერთხელ შედიან რესტორანში, სუფრასთანაც მაღაროზე ლაპარაკობენ. ეს ჩემთვისაც უცნაური ამბავია. 2008 წლის სამაჩაბლოს ომსა და ერაყში ვარ ნამყოფი და მსგავსი განცდები იქაც გამჩენია - ამ მომენტებზე, მინდოდა თუ არა, სულ მეფიქრებოდა.

- და ამ ამბების შემდეგ მაღაროში აღმოჩნდით. - სხვაგან სად უნდა აღმოვჩენილიყავი, როდესაც სხვა გზა არც არის?! ასეთ დროს ყველაზე მეტად მამა-პაპათა კვალზე დადგომა გეადვილება. ასე მოვხვდი შუქრუთის მაღაროში. რა თქმა უნდა, მეც დღეში სამ ცვლაში: გამთენიისას, ნაშუადღევს და შუაღამისას - მესამე ცვლა მაღაროში ღამის პირველ საათზე იწყება.

- რომელი ცვლაა ყველაზე ძნელი? - ყველა. რამდენი ვაჟკაცი მინახავს, მაღაროს გვირაბთან მისულა და უკან გამობრუნებულა - აქ მე ვარ ჩავალო, მაგრამ როდესაც ზამთარში გამთენიისას დგები და მაღაროს ნესტით გაჟღენთილ ტანსაცმელს იცვამ, უამურად აუხსნელი რამ გემართება - გეჩვენება, რომ სველ წებოში ჩაწექი, რომელსაც ვერასოდეს მოიცილებ. თუმცა, მერე, როდესაც მარგანეცის ტვირთვაში ხურდები, "წებო" ოხშივრად იქცევა. ასეთი დღეები აქ ერთმანეთს ჰგავს.

მაღაროელების ქონებაც ერთნაირია: პატარა "შკაფებში" "სპეცოვკა" ტანსაცმელი, რომელსაც მაღაროში შესვლის წინ ვიცვამთ; ფოსფორისზოლიანი სამოსი, რკინისცხვირიანი "ვალინკები" და "კასკა". "ვალინკებზე" რკინის "ცხვირები" მაღაროელის ფეხის თითების დამცავია წამტვრევისა და დაგლეჯვისაგან, ფოსფორი კი დაკარგვისაგან გვიცავს - თუ მაღაროელი დაიკარგა, ფარნებით მოძებნისას ტანსაცმლის ფოსფორი გაანათებს და იპოვიან.

აქ სიჩუმეს ორი ხმა არღვევს: ერთი - მიწისქვეშა, შავი მდინარეების ხმაური, რომელსაც მაღაროელები გზას აძლევენ და აფეთქებები. მაღაროები 24 საათის განმავლობაში მუშაობს... სადაც ფულია, იქ მუშაობაც არის. საქმე ის არის, რომ არცერთმა მაღაროელმა დანამდვილებით არ იცის, სად და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული.

მაღაროელს მხოლოდ ის ევალება, იმუშაოს, თანაც - შეუსვენებლივ. საკუთარი თავისაც ბევრჯერ გამკვირვებია - მიწის ზედაპირზე რომ ვიღლები, აქ ქანცის გაწყვეტამდე რანაირად ვმუშაობ-მეთქი, მაგრამ მაღარომ დასვენება არ იცის. მხოლოდ "პაიოკით" წასახემსებლად ისვენებ რამდენიმე წუთი.

- და რამდენია ეს "პაიოკი"? - ძირითადად, ორი სოსისი, პატარა ქილა არაჟანი და პური.

- ალბათ, მართლაც ფსიქიკა წყვეტს ყველაფერს, თორემ 8 საათით ამხელა დატვირთვისთვის ეს საკვები როგორ უნდა ეყოს ადამიანს, ან ასეთი ქანცის გამწყვეტი შრომისას როგორ არ უნდა ისვენებდეს?! ალბათ, ამ განრიგის დარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს. - შესაძლოა, ასეც იყოს, თუმცა მომდევნი ცვლას სამუშაო ისეთ წესრიგში უნდა დაახვედრო, როგორიც შენ წინა ცვლამ დაგიტოვა. გზაც კი გაყვანილი უნდა იყოს თავისი ლიანდაგებით.

ყველაფერთან ერთად, ეს სინდისის ხმაც არის. რაც უფრო მეტ კილომეტრზე შედიხარ სიღრმეში ნედლეულის გამოსატანად, გზაც უფრო მეტ მანძილზე უნდა დააგო. აბა, სხვანაირად მარგანეცს როგორ გაიტანენ! შუქრუთის მაღაროში 5-6 კილომეტრიც გამივლია მარგანეცის გამოსაღებად.

- ანუ სოფელ შუქრუთის ქვეშ, ამხელა გვირაბებია გამოთხრილი?! ამის გამო საპროტესტო აქციებიც გაიმართა. - კი და პროტესტსაც ყოველთვის აქვს შედეგი, თუმცა მაღაროში შრომისას ამ შედეგის რა მოგახსენოთ! ამხელა შრომაა და საპასუხოდ - არაფერი, ძირითადად, უბედურებები!

ნახეთ, მაღაროელი რამდენს შრომობს! ჯერ კლდეს ხელით ბურღავს და მერე ეს კლდე რომ ფეთქდება, რაც ტექნიკას ნედლეული რჩება, იმასაც მაღაროელი ტვირთავს ვაგონებში. იქ, სადაც გვირაბი დაბალია და ტექნიკა ვერ შედის, მაღაროელები ნიჩბებით ავსებენ ვაგონებს.

ასე ყოველდღე მაღაროელის მკლავებსა და ხერხემალზე ტონობით ტვირთი გადის, მაგრამ ხელფასის თვალსაზრისით ეს არაფერს ცვლის.

- დღეში რამდენი ასეთი ვაგონი იტვირთება მარგანეცით? - დღეში მაღაროდან მარგანეცით დატვირთული რამდენიმე შემადგენლობა გადის. შემადგენლობაში რამდენიმე ვაგონია და თითოში 8 ტონა ქვანახშირი ეტევა.

- საკუთარი ხელით რამდენი მარგანეცი აგიტვირთავთ?

- ხშირად დღეში თითქმის 8 ტონამდე. ამ სიმძიმის აწევა ნორმაა. სხვებიც ასე არიან.

- და რა თანხას იღებს ადამიანი ასეთ სამუშაოში? - ცვლაში დაახლოებით 50 ლარამდე. თუ გადასახადებსაც გავითვალისწინებთ, ამ სამუშაოში ზოგისთვის თვის მთლიანი ხელფასი 800 ლარზე მეტი არ არის.ხელფასის მომატებაზე მხოლოდ უკიდურესი პროტესტი მოქმედებს, ისიც - მცირე მომატებაზე.

- საბედნიეროდ, პროტესტს ნამდვილად აქვს აზრი. თქვენ პროტესტი ჩანაწერებითაც გამოგიხატავთ, რაც ბევრზე იმოქმედებს: "გროშებად გაყიდული დგახარ მუნჯივით, ვერაფერს ხედავ, თუ რა ხდება გვირაბის მიღმა. თუნდაც ხედავდე, კოღოსავით ბეჭებზე გაზის ბანკი, რომელიც ეშმაკივით გაცდენს და გტანჯავს... წასასვლელი კი არსაით გაქვს. ახალგაზრდობა მიწაში გადის"... - მართლაც ასეა. წასასვლელი მართლაც არსაით არის, ამიტომ მაღაროთა ქალაქებში მაღაროებში ძალიან ბევრი მუშაობს ძალიან მძიმე და უმადურ, თან - სასიკვდილო სამუშაოზე.

მაღაროში ყოველი სამუშაოდ ჩასვლისას ისეთი განცდაა, როგორიც ომში წასვლისას - მთავარია, შინ მშვიდობით დაბრუნდე. თუმცა ეს განცდა ჩვენი ოჯახის წევრებს უფრო აქვთ. რამდენჯერ დამგვიანებია მაღაროდან ამოსვლა და დედაჩემის 30 ზარი მაინც დამხვედრია ტელეფონზე. ამ დროს უფრო ხვდები, მათ გულში რა ხდება.

- ასეთი ქანცგაწყვეტის შემდეგ თბილი სადილი და ძილი, ალბათ, ყველაზე დიდი ოცნებაა. - მეტისთვის ძალა არც გრჩება. განსაკუთრებით, როცა მესამე ცვლაში მუშაობ, ღამის პირველი საათიდან. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ბიოლოგიურად ითხოვს ძილს, განსაკუთრებით - დილის 4-5 საათზე, როდესაც ისე გეძინება, რომ ბარბაცებ, ერთი სული გაქვს, სადმე ჩამოჯდე, მაგრამ ვერ ჩამოჯდები, რადგან რაც უნდა ციოდეს მაღაროში, ამ დროს მაინც დაგეძინება, რაც აკრძალულია.

რამდენჯერ უთქვამთ, ბიჭო, გამარჯობა რომ გითხარი, სალამი რატომ არ დამიბრუნეო... როგორ დაუბრუნებ, როცა მაღაროდან მზის სინათლეზე ამოსული ძილის სურვილის გარდა ვერაფერს გრძნობ...

იცით, რას ეკითხებიან მაღაროელები ყველა იმ მემანქანეს, რომელიც მაღაროში მარგანეცის გასატანად შემოდის? გარეთ როგორი ამინდიაო... და თუ გარეთ მზიანი ამინდია, მაშინ ძალა ემატებათ, რომ მიწისქვეშეთში უფრო გაძლონ, მზეზე ამოსულები კი იმას უფრო გრძნობენ, რასაც მიწაზე ყოფნისას ხშირად ვერც აღვიქვამთ - ჩიტების ჭიკჭიკს, ფოთლების შრიალს, ბავშვების სიცილს, ყველაფერს, რითაც სიცოცხლე ასე ლამაზია. ამიტომ მაღაროელი უფრო მეტად ცდილობს, გაუფრთხილდეს სიცოცხლეს.

- და ბოლო კითხვა: სად უფრო ძნელია, ერაყში თუ მაღაროში?

- ერაყში, რადგან რაც უნდა მიწისქვეშეთში იყო, რაც უნდა გიჭირდეს, აქ შენს ქვეყანაში ხარ.