ამ დღეს კარგა ხანია ველით - კვირის პალიტრა

ამ დღეს კარგა ხანია ველით

ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

მაისს ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება არქეოლოგიური საგანძურის საგამოფენო დარბაზი. ამ დღეს კარგა ხანია ველით. 5 წელია, რაც ეროვნული მუზეუმის როგორც შენობის, ასევე მისი შინაგანი სტრუქტურის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ძველი, სიჩუმეში ჩაძირული მუზეუმი, კანტიკუნტად რომ შევიდოდა ვინმე, აღარ არსებობს. უკვე მივეჩვიეთ მუზეუმის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებსა და საინტერესო კონფერენციებს. თუნდაც ბოლო, იაპონური კულტურის ნიმუშების გამოფენა რად ღირდა თავისი საგანმანათლებლო პროექტით...

სულ მალე ყველაფერი შეიძლება ახალ, ევროპული დონის საგამოფენო სივრცეში ახალი თვალით დავინახოთ... ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ჩვენ უკვე გვაქვს მუზეუმი, რომელიც არც ერთი განვითარებული ქვეყნის მუზეუმებს არ ჩამოუვარდება, როგორც საგამოფენო დარბაზებით, ისე გარეგნული იერით.

როგორც ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გვითხრა, თბილისელებსა და მის სტუმრებს დიდი სიურპრიზი ელით. ისინი სრულიად ახლებურ მუზეუმს ნახავენ. დიდი რკინის კარი, რომელსაც შიდა ეზოში შევყავართ და რომელიც დამთვალიერებლისთვის არასოდეს გაღებულა, გაიხსნება. აქ იქნება მოედანი, სადაც უბილეთოდ შეგეძლებათ შესვლა და დასვენება. მოედანი ისეა მოწყობილი, რომ შეიძლება ბევრ მაღალი დონის ღონისძიებასაც გაუწიოს მასპინძლობა. ის, რასაც ევროპულ ფოტოებზე ვხედავთ - მუზეუმის ეზოებში მოფუსფუსე ადამიანებს, იქ გამოტანილ ქანდაკებებს, რომელთა ნახვა გამვლელებსაც შეუძლიათ, თბილისშიც გვექნება.

KvirisPalitra.Geმუზეუმში დაცული ექსპონატები - ისტორიული თუ ხელოვნების ნიმუშები - საინტერესოდ არის განლაგებული საგანძურის დარბაზის ვიტრაჟებში. აქ შეგიძლიათ უკვე გიდის გარეშეც იმოგზაუროთ: არავინ დაგაჩქარებთ, არ გეტყვიან, რომ სწრაფად უნდა დატოვოთ დარბაზი... ყველაფერი ნათლად არის წარმოდგენილი წარწერებსა და გრაფიკულ ჩანახატებში: სად რომელი საუკუნის რა ნივთია ნაპოვნი, როგორი იყო მისი მდებარეობა სამარხის გახსნისას. მათთვის კი, ვინც უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღებას გადაწყვეტს,  კვალიფიციური გიდები იმუშავებენ.

ყველაზე კარგი ის არის, რომ მოსწავლეებისთვის დიდი შეღავათებია დაწესებული, უფროსები კი სულ 5 ლარად შეძლებენ მუზეუმში შესვლასა და დღის იქ გატარებას... დიახ,  დღის გატარება ნამდვილად შესაძლებელია იქ, სადაც ოთხ სართულზე რამდენიმე საგამოფენო სივრცე გიმასპინძლებთ. აქვე იქნება კაფეები, სუვენირების მაღაზიები, საინფორმაციო განყოფილება, ჩატარდება ღონისძიებები. რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ შებრუნდებით საგანძურის განყოფილებაში... დააკვირდებით და დაიმახსოვრებთ...

ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი ჩვენი ქვეყნის სახეა, რადგან ყველა სტუმარს პირველად სწორედ აქ დაცული ექსპონატების ნახვა მოუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში  ჯერ კიდევ  ბევრი მოუვლელი კუთხეა, ამ მუზეუმის შემხედვარეს, გული დაგიმშვიდდება: ესე იგი ყველაფრის მოვლა შეგვიძლია, ეს ხომ შევძელით!..

- დიდი მადლობა "ქართუ ჯგუფს", რომელმაც ყველაფერი იღონა, რომ მუზეუმის რეკონსტრუქცია ჩაგვეტარებინა. მისი მადლიერები ვართ, - მეუბნება დავით ლორთქიფანიძე: "აბსოლუტურად თანამედროვე მასალითა და კონსტრუქციით შეიქმნა ყველაფერი, დამონტაჟდა სრულყოფილი განათება... ამ ნივთების დიდი ნაწილი ადრეც იყო გამოფენილი, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად აღვიქვით, რადგან შესაძლებელი გახდა მათი სრულად დანახვა. გამოფენილია ისეთი ნივთებიც, რომლებსაც პირველად იხილავს დამთვალიერებელი. ეს დარბაზი მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა თავისი ტექნოლოგიებით, უსაფრთხოების ხარისხით".

26 მაისს საქართველოს ბევრი სტუმარი ეყოლება. სტუმრები ეწვევიან ჩვენს მუზეუმსაც, რომელიც საამაყოდ წარდგება დამთვალიერებლების წინაშე. 28 მაისს გაიხსნება ეროვნული გალერეაც, სადაც წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის, გუდიაშვილის, კაკაბაძისა და ახვლედიანის შედევრები...

ამ ყველაფრის დათვალიერების შემდეგ უნებურად მოგინდება შესძახო: ბრავო, მაესტრო! - ყველას, ვინც თანხა გაიღო, ვინც უხელმძღვანელა სამუშაოებს და ვინც მარჯვე ხელებით ყველაფერს ხორცი შეასხა...