"რთულია, ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შეეგუო ამხელა გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად, ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადმოვედი"
"რთულია, ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შეეგუო ამხელა გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად, ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადმოვედი"
სტერეოტიპი, თითქოს ქალს რომელიმე პროფესიის მორგება არ შეუძლია, საბოლოოდ განადგურდა. ბოლო დროს, ქალბატონები თავისუფლად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებზეც ალბათ წლების წინ, ვერც კი ვიოცნებებდით. 22 წლის ვიკა სახურიამ სწორედ ასეთი სფერო აირჩია, მათემატიკოსობის პარალელურად, ბავშვობის ოცნება აიხდინა და მსაჯი გახდა. 2018 წლის 10 აგვისტოს პირველად გავიდა მოედანზე და მას შემდეგ, დაუღალავად ცდილობს ერთადერთი დიდი ოცნებაც რეალობად აქციოს. ვიკას მსაჯობაზე, ქართულ ფეხბურთსა და თავის ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

- ხობიდან ვარ, პროფესიით მათემატიკოსი.
ვსწავლობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე-4 კურსზე. ხასიათით, ცოტა ზედმეტად მხიარული ვარ, ვცდილობ ცხოვრებას პოზიტიურად შევხედრო და ეს საქმიანობაშიც მეხმარება. ყოველი დღე განსხვავებული მაქვს, წინასწარ არ ვიცი, მეორე დღეს რა მოხდება, ჩემი ცხოვრება სიახლეებით არის სავსე. ძირითადად, ფეხბურთის ყურება, თამაშის ანალიზი, ცურვა და სილამაზის სალონში სიარული
მიყვარს, ეს ყველაფერი ჩემი განტვირთვაა.

-როგორ აღმოჩნდა მათემატიკოსი გოგონა ფეხბურთში?
- სპორტის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, მინოდოდა ფეხბურთს გავყოლოდი, თუმცა იმ დროს ქალთა ფეხბურთი დიდად განვითარებული არ იყო, თავი შევიკავე და მატემატიკის განხრით განვაგრძე სწავლა. ერთხელ, მამამ მსაჯთა აკადემიაზე მითხრა, არცკი დავფიქრებულვარ, იმ წამსვე დავრეგისტრირდი და ანკეტა შევავსე. ორ თვეში დამირეკეს. უნივერსიტეტში ვსწავლობ, არაერთ ოლიმიპიადაში გამიმარჯვია, მაგრამ ის ემოცია ცხოვრებაში ყველაზე დიდი რამ იყო, უბედნიერესი ვიყავი.


- ქალთა გუნდს მსაჯობ თუ ორივე სქესის წარმომადგენლებს?
- ორივე სქესს ვმსაჯობ, წინა წელს უმაღლეს ლიგაში ვიმსაჯე, ეს საქართველოში ყველაზე მაღალი ლიგაა.

- როგორია ერთი სამუშაო დღე...
- გააჩნია თამაში ქალაქგარეთ მაქვს თუ თბილისში. თუმცა, პირველ რიგში, დღე თავის მოწესრიგებით იწყება, იმის მიუხედავად რომ მსაჯი ვარ, მე ხომ გოგო ვარ და მნიშნველოვანია თავს მივხედო. ვცდილობ, მუდამ კარგად გამოვიყურებოდე. წინა დღეს მომდევნო დღისთვის ვალაგებ ჩანთას და არსად ვაგვიანებ, არ მიყვარს დაგვიანება. მერე, ვინმემ არ თქვას გოგოა და აგვიანებსო.

ბოლოს, ლაგოდეხში ვიყავი, ჯერ მოყვარულთა ლიგის თამაშებს ვემსახურეთ, შემდეგ, აკადემია ეთამაშებოდა "მართვეს", დაძაბული მატჩი აღმოჩნდა 1-1 დასრულდა, დრო დაგვრჩა და ნაკრძალიც დავათვალიერეთ. ამიტომ მიყვარს ჩემი სამსახური, მხოლოდ თამაშები არასდროს ტარდება, ექსკურსიები და გართობაც მოჰყვება ხოლმე. უკვე თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და ორმაგად შევიყვარე ჩემი სამშობლო. თან რთულია, საპასუხისმგებლოა და თან სასიამოვნო.


- თუ გახსოვს შენი პირველი თამაში, პირველი მსაჯობა?
- არასდროს დამავიწყდება, ვნერვიულობდი. მატჩის პირველ წუთზე 11 მეტრიანი წითელი ბარათით გვქონდა - გოლი გადიოდა და მცველმა კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა. მახსოვს, ბორჯომი ეთამაშებოდა თბილისს. დავდე 11 მეტრიანი და ველოდებოდით გადამწყვეტ მომენტს. მთავარი მსაჯი - დათო გოგოხია და მეორე მსაჯი გაოგნებულები იყურებოდნენ. პირველივე წუთზე ორივე დარღვევა დაფიქსირდა. თამაში არასდროს გაძლევს იმის უფლებას, რომ მოდუნდე მერე გეტყვიან, რისთვის ხარო...


- რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს როდესაც მსაჯობა გადაწყვიტე?
- დედაჩემი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, მამაჩემი მედგა მხარში და საბოლოოდ, დავძლიეთ ეს ყოველივე. დღეს, დედაჩემიც ამაყობს ჩემით და მამაც.

სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი და ისე მივყვებოდი გზას, როგორც ძირითადად ქალების 99% მიჰყვება ხოლმე. რთულია ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შეეგუო ამხელა გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად, ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადმოვედი.

- მათემატიკა თუ გეხმარება სპორტში?
- ყოველთვის მეხმარება, სისწრაფე, სისხარტე, გათვლები. თუნდაც მოთამაშეების შეცვლებისა და მოთამაშეების ნომრების დამახსოვრებაში. სწორი გათვლა უნდა გავაკეთო, რამდენი წუთი უნდა დავამატო და ასე. მათემატიკა ისეთი პროფესიაა, რომ ნებისმიერ სფეროშია საჭირო, მათემატიკური აზროვნება განსხვავებულია.

- სწავლაში არ გიშლის ხელს გასტროლები და თამაშები?
- კორონავირუსს უნდა ვუმადლოდე. გერბს ორი მხარე აქვს, შეიძლება დღესდღეობით უნივერსიტეტი ვერ დამემთავრებინა და კორონას წყალობით, ვცდილობ შევუთავსო, მთავარი მონდომებაა. დრო ყველაფრისთვის მრჩება, პირადი ცხოვრებისთვისაც, დასვენებისთვისაც და თავის მოწესრიგებისთვისაც.  გასტროლებსაც შევეჩვიე, თავიდან მიჭირდა ამდენ ქალაქში ჩადიხარ და ყველა სხვა თვალით გიყურებს, ამხელა გზას გადიხარ, მერე კიდევ უნდა იმსაჯო, მაგრამ უკვე იმდენად გავითავისე რომ მიხარია ახალ ადგილას წასვლა.


- საქართველოში ქალსა და ფეხბურთს არ აღიქვამენ სერიოზულად, ალბათ შენც გიგრძვნია ეს...
- რა თქმა უნდა, სტადიონზე მივედით ორი ბიჭი მსაჯი იყო მეც შევუერთდი და იკითხეს მესამე მსაჯი სად არისო. ერთხელ, სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე და უნდობლობის ფაქტორი შევამჩნიე. აი, ქალია ამან რა იცისო. ყოველდღიურად ვაწყდები ასეთ რამეს, განსაკუთრებით უფროსი თაობის მწვრთნელებისგან, ახალგაზრდა მწვრთნელები სხვანაირად არიან განწყობილები ჩემ მიმართ, ცოტა ძველი მენტალიტეტი ახდენს გავლენას.

როდესაც ქალაქებში ჩავდივართ ქალი მსაჯები, უნდათ ხოლმე, რომ მეტი ქალი ვიყოთ ამ პროფესიაში. ბევრ ადამიანს ვაძლევ სტიმულს, ესემესები მომდის ხოლმე, ფეხბურთზე სურთ სიარული და მშობლები უკრძალავენ, მუდამ ვცდილობ დავარიგო, რჩევა მივცე და ყველამ შეძლოს ცხოვრებაში ის აკეთოს, რაც სურს და არა რაც მათ ირგვლივ მყოფ ადამიანს უნდა.

- რა გრძნობაა ფორმის ჩაცმა?
- ყოველთვის ამაყი ვარ, როდესაც სტადიონზე გავდივარ, სულ მგონია რომ ამ დროს ჩემს ირგვლივ ყველაფერი ბრუნავს, სასიამოვნო გრძნობაა, ვერ აღვწერ, რთულია, ეს ემოციები სიტყვებით გადმოვცე. არიან მაყურებლები, რომლებიც მსაჯებს მუდამ ლანძღავენ, როდესაც დაინახავენ რომ ქალი ვარ, უკვირთ, კარგად თუ ვიმსაჯებ, უხარიათ, რომ კარგად გამოიყურები, კარგად მსაჯობ და თან ქალი ხარ. ყველაფერშია კარგი და ცუდი მხარე, ყოფილა ცუდი მომენტებიც.

- ცუდი მომენტები?
- დიახ, უმეტესად კარგია ყველაფერი, თუმცა უთქვამთ ამას აქ რა უნდაო? ამ ყველაფერს თამაშზე, ჩემს განწყობაზე უმოქმედია... ამ ცუდ, ნეგატიურ დამოკიდებულებას. სახლში რომ მივდივარ, მარტო ვრჩები და ყველაფერს ვაანალიზებ, არ არის მარტივი ამდენ ნეგატივს გაუძლო, თუმცა სტიმულს გვაძლევს ხალხის  გამხნევება და მხარში დგომა.

- გქონია დანებების სურვილი?
- შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ვთქვა, რომ მსაჯობას თავს დავანებებ, მაგრამ ყოველ დილას ახალი ენერგიითა და ახალი შემართებით ვიწყებ და არ მინდა ეს საქმე მივატოვო.

- რას ფიქრობ ქართულ ფეხბურთზე, რა ეტაპზე ვართ?
- ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვართ, რომ ყველაფერი საუკეთესო უნდა მოხდეს, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კობიაშვილს. ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ბევრი რამ გვაკლდა, მათ შორის ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ბაზები ააშენა, აკადემიები დააარსა და დღეს, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შედეგი დავდოთ.

ფეხბურთი ყველასთვის არის და თამაში ყველას შეუძლია, არ აქვს მნიშნველობა ლაგოდეხიდან იქნება, გურიიდან თუ სვანეთიდან. წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში, სვანეთმაც ჩამოაყალიბა გუნდი. წლების წინ, სანატრელი იქნებოდა ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს და ახლა ვიწყებთ განვითარებას, 20-30 წელიწადში ისეთ დონეს მივაღწევთ, რომ საოცრებას გავაკეთებთ. უკვე კარგად თამაში ვისწავლეთ, მაგალითად, ესპანეთთან კარგად ვითამაშეთ.


- როგოგრ ფიქრობ, ფეხბურთი ქალის სპორტია?
- ფეხბურთი ყველას სპორტია, მხოლოდ ამას ვიტყვი.

- როგორ გგონია, სად იქნები 5-10 წლის შემდეგ?
- ვფიქრობ, აუცილებლად საქართველოში, ოღონდ არ ვიცი, სად და როგორ. მინდა, "ფიფას" მსაჯი ვიყო, მაგრამ საქართველოში აუცილებლად ვაპირებ ცხოვრებას, არ მინდა სხვაგან ვიყო.

- რა არის შენი უახლოესი სამომავლო გეგმები?
- ყველაზე ახლო ისაა, რომ "ფიფას" მსაჯი გავხდე.

- რას ეტყოდი იმ გოგონებს, რომლებიც შენსავით მსაჯობას აპირებენ?
- ვეტყოდი, რომ არავინ და არაფერი დააყენონ თავიანთ ბედნიერებაზე წინ! აკეთეთ ის, რაც გინდათ და რაც თქვენთვის მნიშნველოვანია. გასაგებია, რომ დედასაც და მეგობარსაც კარგი უნდა, მაგრამ შეიძლება ის კარგი თქვენთვის ბედნიერების მომტანი არ იყოს, ამიტომ, აკეთეთ ის, რაც გაგაბედნიერებთ.

(სპეციალურად საიტისთვის)


Melano
15 ივნისი 2021 13:05
Warmatebebi vika.shen sauketeso xar.usayvarlesi da uchkvianesi
მაია
14 ივნისი 2021 09:01
წინ წარმატებებისკენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები