წიგნის ზეიმი იწყება! - კვირის პალიტრა

წიგნის ზეიმი იწყება!

"პალიტრა L"-ი წიგნის ფესტივალზე დიდ სიურპრიზს გიმზადებთ"

სიტყვა "ფესტივალი" დღესასწაულს ნიშნავს. მართლაც, ნებისმიერი ფესტივალი დღესასწაულსაც გულისხმობს. 26 მაისს დიდუბეში, გამოფენაზე გაიხსნება თბილისის წიგნის XIII ფესტივალი და ოთხ დღეს გასტანს. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ გაგვახსენებს, რომ წიგნი ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

წიგნის ფესტივალს ყოველწლიურად უამრავი სტუმარი ჰყავს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.

წიგნის სამყაროში მომხდარმა შარშანდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სულაც არ ყოფილა მართალი აზრი, თითქოს ელექტრონულმა საშუალებებმა წიგნი განდევნეს ჩვენი ცხოვრებიდან - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიულ გამოცემებზე, რომლებიც პრესასთან ერთად იყიდება, მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხალხს უნდა წიგნი, მას უყვარს ლიტერატურა... და თუ ხშირად წიგნის შეძენას სიძვირის გამო ვერ ახერხებდა, ახლა ეს ბარიერიც გადალახულია - "პალიტრა LL"-ი წიგნებს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. საჭიროა მხოლოდ სურვილი და თქვენი ბიბლიოთეკა შეივსება და გამდიდრდება...

თინათინ ასათიანი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი:

- ერთი წლის წინ დავიწყეთ "ქართული პროზის საგანძურის" სერიული გამოცემა ჟურნალ "გზასთან" ერთად. ეს პროექტი ძალიან პოპულარული გახდა. ჩვენი მიზანი იყო, ადამიანი წიგნისაკენ მოგვებრუნებინა და ვფიქრობთ, ეს წარმატებით განვახორციელეთ. "ქართული პროზის საგანძურმა" ცხადყო, რომ ხალხს უყვარს და სჭირდება წიგნი... განვიზრახეთ, განგვეხორციელებინა სხვა პროექტებიც, რომელიც ჟურნალ-გაზეთებთან ერთად გავიდოდა ქსელში და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი იქნებოდა.

ერთი წელი დასჭირდა პროექტის, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" მომზადებას. ეს არის უცხოური პროექტის ანალოგი პროექტი. 50 წიგნის ნუსხას თვითონ მკითხველი ადგენს. გამოკითხვა დღესაც მიმდინარეობს.  ქსელში უკვე 13 წიგნია გასული... სიის ნაწილი კიდევ ზუსტდება. გვაქვს სერიები: "დიდი მხატვრები", "ეს სამყაროა" - საყმაწვილო თემატური ენციკლოპედიების ეს სერია მაისში მთავრდება და მის ნაცვლად, ივნისიდან გამოვა "მსოფლიო კულინარიის" პირველი წიგნი - "იტალიური სამზარეულო".

ახლახან დაიწყო დიდი ქართველების ილუსტრირებული ბიოგრაფიების გამოცემაც ბავშვებისთვის და სხვ.

- ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ავტორების თარგმნა-გამოცემა. საამისოდ რას აკეთებს თქვენი გამომცემლობა?

- თუნდაც პროექტის, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ფარგლებში გვაქვს რამდენიმე თანამედროვე ავტორის ნაწარმოები, რომლებიც ჩვენ ვათარგმნინეთ. ამ წიგნების გამოცემაზე უფლების მოპოვება საკმაოდ რთულია, ვუკავშირდებით უცხოურ გამომცემლობებს, რომლებსაც ამ უფლების მოცემა შეუძლიათ, ვმართავთ მოლაპარაკებებს. სულ ახლახან "ახალი ქართული ლიტერატურის" სერიაც წამოვიწყეთ, ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრასთან" ერთად თანამედროვე პოპულარული ქართველი მწერლები გამოიცემა.  პირველი ტომი - დათო ტურაშვილი - დიდი წარმატებით გაიყიდა, მეორე ტომი - თამრი ფხაკაძე - ივნისის ნომერთან ერთად გამოვა.

- წიგნის ფესტივალზე რას სთავაზობთ მკითხველს?

- თბილისის წიგნის ფესტივალი გაიმართება 26-დან 29 მაისამდე თბილისის "ექსპო-ჯორჯიას" XI პავილიონში, გამომცემლობა "პალიტრა LL"-ს ჩვენი საავტორო სტენდი გვექნება წარმოდგენილი. საერთოდ, ფესტივალზე ორგვარი სივრცეა - საპრეზენტაციო  და გამოფენა-გაყიდვისთვის. ორივე სივრცეში ძალიან საინტერესო შემოთავაზებები გვექნება.

დიდი სიურპრიზი, რომელიც მკითხველს მოვუმზადეთ, ის იქნება, რომ ჩვენს სტენდზე სრულად იქნება წარმოდგენილი წიგნების ყველა პოპულარული სერია და, რაც მთავარია, იმ ფასად, რა ფასადაც ეს წიგნები იყიდებოდა ერთკვირიანი აქციების პერიოდში პრესასთან ერთად, ანუ ფესტივალზე ყველას ექნება უნიკალური შანსი, ძალიან იაფად შეავსოს წიგნების სერიები იმ ტომებით, რომლების შეძენაც თავის დროზე ვერ მოასწრო.

- "50 წიგნის" ტომებიც გექნებათ ამ ფასში?

- დიახ, ეს ოთხი დღე "50 წიგნიც", "დიდი მხატვრებიც", "ქართული პროზის საგანძურიც", "ჩემი საყვარელი ზღაპრებიც" და სხვა სერიებიც სპეციალურ ფასად გაიყიდება.

- ეს მართლაც სიურპრიზია! მე პირადად წინასწარ ჩამოვწერ წიგნების სიას და იმით მოვალ, რომ რაიმე არ გამომრჩეს...

შარშანდელმა ფესტივალმა თავი თქვენი კარცერ-ლუქსითაც დაგვამახსოვრა... წელს რას შემოგვთავაზებთ?

- წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია. ამიტომაც ახალი სერიით - "ჩემი რჩეული" გამოვეცით პირველი ხუთტომეული - ვაჟა-ფშაველა. ფესტივალზე გვექნება ვაჟა-ფშაველას კუთხე - მისი სამუშაო ოთახის ასლი. ასევე გვექნება საჩუქრები ვაჟას შემოქმედების მოყვარულთათვის. ახლა ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, იქაც ხომ უნდა გაგაოცოთ რაიმეთი...

- რომელი ღონისძიება როდის გაქვთ დანიშნული, რომ მსურველები ადვილად მოვიდნენ?

- ყველაფერი გამოცხადდება საიტზე "ამბები.გე".

KvirisPalitra.Geმაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი:

- წიგნის ფესტივალი გამომცემლობების კიდევ ერთი წლის შრომის წარდგენაა. მჯერა, რომ XIII წიგნის ფესტივალი ჩვენი გამომცემლობისთვის კიდევ ერთი აღიარების საფუძველი გახდება. მკითხველი ნახავს, რამდენად წინ წავიდა და განვითარდა "პალიტრა L"-ი, რა პერსპექტივა გვაქვს, რა  მიღწევები...

- სულ მაინტერესებდა, რას ნიშნავს თქვენი გამომცემლობის დასახელებაში ასო "ლ"-ი.

- აქ ყველაფერი მარტივადაა, "L"-ი ნიშნავს ლიტერატურას.

მე, როგორც გამომცემლობის მთავარ რედაქტორს, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ბავშვებისათვის განსაკუთრებული ზრუნვა, რათა შეიყვარონ წიგნი... ამიტომაც მათთვის განსაკუთრებულად ვარჩევთ მაღალი ხარისხის ლიტერატურას. ამისი მაგალითია მამუკა სალუქვაძის პოემა "თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი". ამ წიგნს უფროსებიც დიდი სიამოვნებით წაიკითხავენ.

გადავწყვიტეთ, ბავშვებისთვის  შეგვექმნა ქართველი გამოჩენილი ადამიანების ილუსტრირებული ბიოგრაფიებიც. უკვე გამოვეცით ვახტანგ გორგასალი, ვაჟა-ფშაველა, ფიროსმანი... მალე გამოვა ილია, თამარი და სხვა დიდი ქართველები...

კიდევ ერთხელ გიწვევთ ყველა მშობელსა და პატარას წიგნის ფესტივალზე, სადაც "პალიტრა L"-ი ყველასათვის საინტერესო ღონისძიებებსა და ლიტერატურას დაგახვედრებთ.

ვიცი, რომ სხვა ქართული გამომცემლობებიც განსაკუთრებულად ემზადებიან წიგნის ფესტივალისთვის, ასე რომ, გელით!