"ალ-ბაჰრი" - ცათამბჯენი მზისგან დამცავი "კანით" - კვირის პალიტრა

"ალ-ბაჰრი" - ცათამბჯენი მზისგან დამცავი "კანით"

ტყუპი ცათამბჯენი "ალ-ბაჰრ ტაუერსი" თავისი უცხო ფორმის ორი კოშკით ნამდვილად გამოირჩევა აბუ-დაბის უამრავ თანამედროვე ნაგებობას შორის. მთავარი განმასხვავებელი ახალი და ძველი არქიტექტურული სტილების შეთავსებაა - არაბული "მაშრაბიას" სტილში შექმნილი შენობის "კანი" კოშკებს მზისგან იცავს, ცხადია, ჩრდილოეთის გარდა.

მაშრაბია არაბული არქიტექტურის ტრადიციული ელემენტია. ჩვეულებრივ ის სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის ჩუქურთმიანი ცხაურაა, რითაც ფანჯრებს, აივნებსა და შენობის სხვა ღია ნაწილებს ფარავენ გაუსაძლისი სიცხისგან დასაცავად. მაშრაბია ისეა დამზადებული, რომ მთლიანად გიცავთ მზის მწველი სხივებისგან, თუმცა გარემოს დანახვას არ გიშლით.

"ალ-ბაჰრის" კოშკების დამცავი მაშრაბია ათასობით ავტომატურად მოძრავი ქოლგის მსგავსი ელემენტისგან შედგება. არაბთა გაერთიანებული საამიროების სწრაფად მზარდ დედაქალაქში აღმართული ეს კოშკები 2012 წელს მსოფლიოს საუკეთესო ცათამბჯენად აღიარა "მაღლივ შენობათა საერთაშორისო საბჭომ" (CTBUH). ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საბჭომ პრემია ნოვატორულ არქიტექტურულ პროექტს მიანიჭა. შენობას ასევე მიღებული აქვს სხვა პრესტიჟული ჯილდოებიც. 29-სართულიანი ტყუპი კოშკის სიმაღლე 145 მ-ია, შენობების საერთო საოფისე ფართობი - 70 000 კვმ. სხვათა შორის, ერთ-ერთ კოშკში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი "აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდის" შტაბბინა, ხოლო მეორეში - მსხვილი ისლამური ბანკის, "ალ-ჰილალის" სათავო ოფისი.

აბუ-დაბიში გამუდმებული 50-გრადუსიანი სიცხის გამო დიდ საოფისე სივრცეებში ათასობით კონდიციონერია საჭირო, ინოვაციურმა ფასადმა კი "ალ-ბაჰრში" მათი რაოდენობა მკვეთრად შეამცირა, რადგან 50%-ზე მეტად ამცირებს შენობაში სითბოს შეღწევას. შესაბამისად, მცირდება კომუნალური ხარჯებიც. ფაქტობრივად, ეს არის ერთიანი გიგანტური ამრეკლავი ზედაპირი, რომელიც დაფერილი მინისგან დამზადებული 2 ათასზე მეტი მოძრავი ელემენტისგან შედგება.

თითოეული ელემენტი წარმოადგენს უძრავ ღერძზე დაფიქსირებულ ქოლგის ფორმის მოდულს. მოდული-ქოლგები ერთიანი ცენტრიდან იმართება. როდესაც ქოლგები გაშლილია, ისინი მთლიანად ფარავენ შენობის კედლებს, ხოლო აკეცვისას მათ შორის რომბისებრი ჭრილები წარმოიქმნება. ქოლგების ნაწილი გამუდმებით იკეცება და იშლება მზის მოძრაობისა და შუქის ინტენსივობის გათვალისწინებით. შედეგად, დღის განმავლობაში კოშკების გარშემო გამაგრილებელი ცხაურა წარმოიქმნება.

აღსანიშნავია, რომ "ალ-ბაჰრ ტაუერსი" მთლიანად ეკოლოგიური პროექტია და ის ასეთი პირველი შენობაა სპარსეთის ყურის გარშემო მდებარე ქვეყნებში.

რამაზ გურგენიძე