"ყველა, ვინც გაბედა და განგაშის ზარი შემოჰკრა, საინფორმაციო ველიდან გაქრა" - "კოვიდ-19"-ის საქმე ანუ დაიწყება თუ არა ახალი "ცივი ომი"?!
"ყველა, ვინც გაბედა და განგაშის ზარი შემოჰკრა, საინფორმაციო ველიდან გაქრა" - "კოვიდ-19"-ის საქმე ანუ დაიწყება თუ არა ახალი "ცივი ომი"?!
"მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ვირუსის ცირკულირებისა და ეპიდემიის დაწყების შემთხვევა, რომელიც ძალიან მალე პანდემიაში გადაიზარდა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო. სამედიცინო პერსონალი, ვინც ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ჩინეთში ახალი დაავადება გაჩნდა, გაუჩინარდა ან დააპატიმრეს. ყველას რაღაც დაემართა. ყველა, ვინც გაბედა და განგაშის ზარი შემოჰკრა, საინფორმაციო ველიდან გაქრა"

რაც დროს გადის, უფრო ხშირად საუბრობენ, თუ როგორ და საიდან დაიწყო­ კორონავირუსის პანდემია. არადა, რამდენიმე თვის წინ, მეცნიერთა აზრის თანახმად, ვირუსი ადამიანზე
ღამურებიდან გადავიდა. ამჯერად დასავლეთისა და ამერიკის პირველი პირები მსჯელობენ, თუ რა მოხდა უხანის ლაბორატორიაში; "გამოიქცა" თუ ხელოვნურად გაუშვეს ვირუსი, და ეს მოსაზრებები უსაფუძვლოდ აღარ ითვლება. დადგება თუ არა ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხი და როგორი შეიძლება იყოს ის, ამის შესახებ პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე გვესაუბრა.

- რამდენიმე ფაქტორის
გამო ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ძალიან ჩაკეტილი ქვეყანაა, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს სიტყვის თავისუფლების ისეთი სტანდარტები, როგორიც არის დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იქ ნამ­დ­ვილად მოხდა რაღაც, დავარქვათ ამას თუნდაც უბედური შემთხვევა, რომელიც ჩინეთის მთავრობამ დამალა. დაახლოებით ისე, როგორც საბჭოთა კავშირში, როდესაც მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩერნობილის აფეთქება თავდაპირველად გაასაიდუმლოვა და შედეგად უზარმაზარი ტრაგედია მოხდა. სანამ ბრიტანულმა და შვედურმა მეტეოროლოგიურმა სადგურებმა არ აღმოაჩინეს რადიაციული დაბინძურების წყაროები, მანამდე არაფერს ამბობდნენ. არ არის გამორიცხული, ჩერნობილის მსგავსი პრეცედენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც მომხდარიყო. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ლაპარაკია ამ ქვეყნის პასუხისმგებლობაზე - ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ვირუსის ცირკულირებისა და ეპიდემიის დაწყების შემთხვევა, რომელიც ძალიან მალე პანდემიაში გადაიზარდა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო. სამედიცინო პერსონალი, ვინც ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ჩინეთში ახალი დაავადება გაჩნდა, გაუჩინარდა ან დააპატიმრეს. ყველას რაღაც დაემართა. ყველა, ვინც გაბედა და განგაშის ზარი შემოჰკრა, საინფორმაციო ველიდან გაქრა. ჩინეთის ხელმძღვანელობამ ძალიან გვიან დაადასტურა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტი, რითაც დააგვიანა მსოფლიოში პანდემიური ვითარების გამოცხადება. არადა, ასეთ დროს ყოველი წუთი ძვირფასია. მსოფლიომ ორი თვე დაკარგა, ძალიან გვიან დაიწყო პრევენციული ზომების მიღება, ჩაკეტვა, ვაქცინაზე მუშაობა...

- რამაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა და ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური რყევებიც განაპირობა.
- დიახ... თუ დავუშვებთ ამ ვერსიას, 21-ე საუკუნის ბიოლოგიური იარაღი მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგის სწრაფი განადგურებისკენ მიმართული ვერ იქნება, ის ეკონომიკის პარალიზებასაც გამოიწვევს, რაც ჩინეთს ნამდვილად გამოუვიდა და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, შემთხვევით თუ მიზანმიმართულად...

- მაგრამ ამ ვირუსმა ჩინეთიც ხომ ძალიან დააზარალა?
- გეთანხმებით, პირველად მას დაარტყა, მაგრამ დღეს ეკონომიკური მაჩვენებლებით ნებისმიერ სფეროში მსოფლიოში წინ არის, ვიდრე პანდემიამდე იყო. არ ვამბობ, რომ ჩინეთში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აშკარა უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან, რაც სულაც არ არის შემთხვევითი. ბიოლოგიური აგენტის წინააღმდეგ ბრძოლა ჩინეთს, რასაკვირველია, ბევრად უკეთ შეეძლო, ვიდრე სხვა ქვეყნებს, რომელთაც არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. ამ მიზეზების გამო დაიწყო საუბარი ჩინეთის პასუხისმგებლობაზე. პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოთა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგები არსად გამქრალა და შესაბამისად, ჩინურ-ამერიკულ კონკურენციასაც არც ერთი წუთით არ დაუკარგავს აქტუალურობა. ჩინეთი აშშ-ისთვის ბევრად სახიფათოა, ვიდრე რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოში ბევრს ჰგონია. ამიტომ არც ის არის გამორიცხული, ამერიკის განცხადებები კონკურენციითაც იყოს მოტივირებული, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება "მშრალი კონკურენცია". მალე გაირკვევა, რას აჩვენებს კვლევები.

- თავიდან მსოფლიო საზოგადოებრიობა კატეგორიულად უარყოფდა ვირუსის ხელოვნურ წარმოშობას, ახლა კი დამოკიდებულება შეიცვალა. რა მოხდება, თუ დადასტურდა, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან შემთხვევით ან მიზანმიმართულად "გაიქცა?"
- ბევრი რამ არის დამოკიდებული ვირუსის გენეტიკის შესწავლაზე. როდესაც ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, უფრო მეტი რამ გაირკვევა. საინტერესოა, რა მტკიცებულება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი. გამორიცხვა, რომ ასე არ არის და სინამდვილეში, ვირუსმა მუტაცია განიცადა, არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩინეთმა თავისი ქცევით უამრავი კითხვა და ეჭვი გააჩინა. ჩინეთის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც იკვეთება, თუ პანდემია ლაბორატორიაში უბედური შემთხვევის შედეგია, და პასუხისმგებლობა უფრო გაიზრდება, თუ ყოველივე მიზანმიმართულად გაკეთდა. ჩინეთმა თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხის შესახებ მსოფლიოს არაფერი აცნობა. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ ნოემბერში ჰყავდათ ვირუსით გარდაცვლილები.



- რამდენად მოსალოდნელია ჩინეთი დასავლეთისა და ამერიკის პირისპირ აღმოჩნდეს?
- ამერიკისა და დასავლეთის პირველი პირების განცხადებები და ბრალდებები ხელწამოსაკრავი არ არის, მით უფრო ჩინეთისთვის. თუმცა მოსალოდნელია ჩინეთმა კონტრზომები მიიღოს. როგორც ირკვევა, ჩინეთს დასავლეთში მყარი პოზიციები აქვს. სხვა თუ არაფერი, ამერიკულ ინსტიტუტებს, მკვლევრებს, მეცნიერებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ფარულად თუ აშკარად სხვადასხვა ჩინური ფონდი აფინანსებს. არა მარტო ამერიკაში, ევროპაშიც. ამიტომ უნდა ველოდოთ დაპირისპირების ახალ ფაზას, სადაც დაძაბულობის ცენტრები ასე გადანაწილდება: ერთ მხარეს ბრიუსელი და ვაშინგტონი, მეორე მხარეს კი ჩინეთი თავის მოკავშირეებთან ერთად. დასავლეთს დიდი ბრძოლა მოუწევს. ჩვენ ახალი გლობალური დაპირისპირების მოწმე გავხდებით, რაც თვისებრივად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც "ცივი ომის" დროს გვინახავს. იმ პერიოდში ტექნოლოგიაში ამგვარი შეჯიბრება არ მიმდინარეობდა, აქცენტი უფრო სამხედრო საფრთხეებზე კეთდებოდა. ახლა, გლობალური კონკურენციის დროს, სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ როლს თამაშობს კიბერ- და ინტერნეტშესაძლებლობები, კრიზისების მართვისა და სწრაფად გამკლავების უნარები. ასე რომ, გლობალური კონკურენცია ახალ სახეს მიიღებს, მით უფრო, რომ პანდემიამ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა კლასიკური სისტემის მქონე ეკონომიკებს. აჩვენა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფად ადაპტირება, ინოვაციების მაღალი ხარისხი, რათა ეკონომიკურად მსგავსი ტიპის საფრთხეებს გავუმკლავდეთ. ადამიანური დანაკარგი სხვა ნეგატიური მოვლენებისგან უფრო დიდია, ვიდრე "კოვიდისგან" - გაეროს მონაცემებით, შიმშილით ყოველდღიურად საშუალოდ 25 000-ზე მეტი კაცი იღუპება. პანდემიამ სწორედ ეკონომიკას დაარტყა, ეკონომიკა კი ნებისმიერი ქვეყნის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ხომ დავინახეთ, საქართველოში რა მდგომარეობაში ჩავცვივდით და იმ ქვეყნებში, სადაც სისტემა ბევრად ძლიერი იყო, დანაკარგიც ბევრად დიდი ექნებოდათ.

ახლა ბრძოლის ველი უფრო ეკონომიკური სივრცე იქნება, რაც ნიშნავს, რომ გავლენის პარადიგმა მსოფლიოში თანდათან იცვლება. ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, როდესაც ერთი სახელმწიფო­ მეორის ტერიტორიებს იკავებდა და მისი გავლენის ზონად მიიჩნევდა. ახლა დარგობრივ და კონკრეტულ მიმართულებებზე ბრძოლა მიმდინარეობს. კიბერსივრცეში მიმდინარე ომები დინამიკურობით რეალურ სივრცეში არსებულს არ ჩამოუვარდება. ციფრულ სივრცეში ძალიან დიდი ოდენობის ფული ბრუნავს. ონლაინეკონომიკა გლობალური ლოკდაუნების გამო, მათ შორის საქართველოში, ძალზე მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენთან ისეთი ტემპით არ განვითარებულა, როგორც სხვაგან, თუმცა ქართულმა ბიზნესმაც სცადა მსოფლიოსთვის ფეხის აწყობა. ასე რომ, ქვეყანა, რომელიც შეძლებს ინტერნეტსივრცეში დომინანტობას, ის შექმნის ამინდს გლობალურ ეკონომიკაშიც.

- ეს გლობალური ჭიდილი როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?
- ბოლო დროს ხშირად ამბობენ ჩინეთზე დასავლეთის ზეწოლაზე. საინტერესოა, საერთოდ მოსალოდნელია თუ არა ეს.
სტრატეგიული მნიშვნელობის გრანდიოზულ პროექტებზე რომ არაფერი ვთქვათ, უბრალო ეკონომიკური ურთიერთობების დონეზეც კი ჩვენი ექსპორტი ჩინეთში მისი ბაზრის მემილიონედსაც არ შეადგენს. არადა, ჩვენთვის შეიძლება ძალზე სასურველი ბაზარი იყოს.


ეკონომიკური ბმა ძალზე მაღალია დასავლეთსა და ჩინეთს შორისაც და ეს დასავლეთის ჩინეთთან კონკურენციას უფრო ართულებს. ჩინური კაპიტალის ექსპანსია, სტრატეგიულ პროექტებს ვგულისხმობ, როგორც შესაძლებლობების, ასევე საფრთხის შემცველიც არის, რადგან ჩინური კაპიტალის ექსპანსიასთან ერთად ხდება მისი საინვესტიციო ექსპანსიაც, რადგან ეს არ არის სახელმწიფო, სადაც მსხვილი ინვესტორი სახელმწიფოსგან იზოლირებულად იმოქმედებს. მაგალითად, ჩინეთი ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში, თუნდაც აფრიკულ ქვეყნებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში პირველი ინვესტორია. ასეთი ინტერესი გვქონდა საქართველოშიც, თუნდაც ანაკლიის პორტის, გზების მშენებლობაში, რაც ემსახურება ერთ მიზანს - მისი გავლენის გაძლიერებას ბაზარზე, ანუ ჩინური ეკონომიკური ქსელის გაბმას მსოფლიოში. მან ძალიან კარგად იცის, რომ თავისი მაღალი წარმოების იაფი პროდუქტით, რომელიც ამ ბოლო დროს სულაც აღარ არის იაფი, ეკონომიკურად ძალიან გაძლიერდა. ჩინეთის ეკონომიკა ბოლო წლებში აზიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდად დასახელდა. მეტიც, აქვს ამბიცია, რომ 21-ე საუკუნის ეკონომიკური გლობალიზაციის ფლაგმანი იყოს.

ჩინური კაპიტალის გაძლიერება, დომინანტობა საფრთხეს უქმნის როგორც დასავლეთს, ასევე საქართველოსაც. ჩინურ-დასავლური დაპირისპირება აქტიურ ფაზაში მალე ვერ გადავა, მაგრამ წინა პირობები იკვეთება და ძალზე მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. პირდაპირ რომ ვთქვა, მათ შორის არ უნდა გავისრისოთ. როგორც ყოველთვის, დიდი ძალების ინტერესთა გადაკვეთის არეალში საქართველო იჭყლიტება ხოლმე. ჩინეთი ჩვენთვის ძალზე საინტერესო პარტნიორია, ისევე, როგორც დასავლეთი, რომელიც ასევე მოკავშირეა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსულ-ჩინურ მოკავშირეობრივ ღერძში რუსეთი თანდათან ყალიბდება როგორც მკაფიოდ დაქვემდებარებული პარტნიორი. ასეთ დროს კი სრულიად მოსალოდნელია საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები