"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?
"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?
ისრაელის გაზეთ "The times of Israel"-ში სათაურით - "საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური ლაშა ჟვანია ქართულ-ებრაულ კავშირებსა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ისრაელთან მეგობრული ურთიერთობის ფონზე არსებობს (ავტორი - ლაზარ ბერმანი).
გთავაზობთ ვრცელი სტატიის მოკლე შინაარსს:

"ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება", - აცხადებს ლაშა ჟვანია, საქართველოს ელჩი ისრაელში. საქმე ის არის, რომ საქართველოს - დიდ და ძლიერ მეზობლებს - თურქეთსა და რუსეთს
შორის მოქცეულ პატარა და მცირემოსახლეობიან ქვეყანას კავკასიის მთებში, ისრაელთან მნიშვნელოვანი ისტორია აკავშირებს, რაც ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელიც იყოს. მართლაცდა, გასაოცარია, რომ იერუსალიმში, რომელიც ცნობილია თავისი კათოლიკური, ბერძნული, მართლმადიდებლური და სომხური წმინდა სალოცავებით და, ასევე - მთელ ისრაელში, დღეს არცერთი ქართული ეკლესია არ არსებობს.

მაგრამ ფაქტია, რომ
ასწლეულების განმავლობაში ქართველებს წმინდა მიწასთან აქტიური კავშირები ჰქონდათ და უფრო მეტიც, იყო დრო, როცა ისინი დომინირებდნენ კიდეც. ქართველმა ბერებმა და დიდებულებმა აქ ათობით ეკლესია ააგეს და ამით შემოინახეს ქრისტიანობის წმინდა ადგილები. საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დასუსტება, ბუნებრივია, წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ სალოცავებზეც ახდენდა გავლენას. მოვიდა დრო, როცა ქართული ეკლესია-მონასტრები სხვა, უფრო ძლიერი რელიგიური საზოგადოებების ხელში აღმოჩნდა, შესაბამისად, ვანდალურად წაიშალა ქართული წარწერები და ფრესკები, რაც, შეიძლება ითქვას, დღემდე გრძელდება", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

"წმინდა მიწა ქართული ცივილიზაციის აკვანი გახდა. იერუსალიმთან ახლოს ნაპოვნი იქნა ყველაზე ძველი ქართული წარწერები. პალესტინაშია აღმოჩენილი წარწერაც, სადაც პირველად იქნა ნახმარი ეთნონიმი "ქართველი" ანუ მთელი ასი წლით ადრე, ვიდრე ამას საქართველოში ნაპოვნი წყაროები მოწმობენ.

იერუსალიმში ქართველების მოღვაწეობის "გულს" ჯვრის მონასტერი წარმოადგენდა, რომელიც დღეს ისრაელის მუზეუმსა და ქნესეთს შორის მდებარეობს. ქართული ვერსიით, მეფე მირიანმა მეოთხე საუკუნეში აქ მიწა იყიდა, რომელზეც პირველი ქართული მონასტერი აშენდა (თუმცა ბერძნები ირწმუნებიან, რომ ეს მათი ეკლესია იყო). ასევე, ამბობენ, რომ ჯვრის მონასტერში დიდი ქართველი პოეტი - შოთა რუსთაველია დაკრძალული.
დროთა განმავლობაში ქართველები წმინდა მიწაზე უკვე 40-მდე ეკლესია-მონასტერს ფლობდნენ, მათგან ათი მხოლოდ იერუსალიმში იყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად ძლიერი იყო, რომ მე-14 საუკუნეში ქრისტეს საფლავის ტაძარსაც კი ფლობდა. [ქართულ ეკლესიას ბიზანტიის ეკლესიასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა]. 1453 წლიდან კი, მუსლიმანი ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის ანუ მართლმადიდებელი ბიზანტიის აღსასრულის შემდეგ, ქართველებმა მფარველები დაკარგეს. ისინი იძულებულნი გახდნენ, ვალების გამო ჯვრის მონასტერი ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიეყიდათ... რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად კი, როცა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა და ის რუსულ ეკლესიას დაექვემდებარა, წმინდა მიწაზე ქართველების ოფიციალური ყოფნა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა.

ისრაელში არსებული ჯვრის მონასტრის სტატუსი ქართველი სამღვდელოებისა და დიპლომატებისათვის ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩება, მათ შორის - საქართველოს დღევანდელი ელჩისთვისაც. ჯერ კიდევ 1987 წელს საქართველოს პატრიარქმა იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს წერილი გაუგზავნა ქართული ეკლესიის დაბრუნების მიზნით. დღემდე პასუხი არ არის გაცემული. ლაშა ჟვანიას თქმით, "ვიდრე თითოეული ქართველის გული სცემს, მანამდე წმინდა მიწაზე მდებარე ქართული მონასტრის დაბრუნების სურვილი არ გაქრება".
სტატიაში საუბარია იმ ვანდალურ ფაქტებზე, რომელიც ისრაელში ქართული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ხდებოდა - მაგალითად, ქართული წარწერების ბერძნულით შეცვლა და ფაქტი, თუ როგორ დააზიანეს შოთა რუსთაველის ფრესკა ჯვრის მონასტერში 2004 წელს, იმდროინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის წინ.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ბოლო წლებში ისრაელის ხელისუფლებამ ქართული კულტურის ობიექტების დაცვა გააუმჯობესა. დღეისათვის ისრაელში, დაახლოებით, 17 ათასი ქართველი ქრისტიანი ცხოვრობს, ძირითადად, შერეული ოჯახებისა და დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების სახით, მაგრამ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ქართულ ენაზე ილოცონ - ისრაელში დღეს არცერთი ქართული ეკლესია არ არსებობს. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ სიტუაცია დადებითად შეიცვლება.

პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ისრაელ-საქართველოს ტურისტული კავშირების წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო გასულ წელს ებრაელი ტურისტების ნაკადი ძალზე შემცირდა, მაგრამ მიმდინარე წელს ამ კუთხით გამოცოცხლება შეინიშნება - აპრილში საქართველოს უკვე 12 ათასი ებრაელი ტურისტი ეწვია. ამას ხელს უწყობს პოლიტიკური სიტუაციაც - თურქეთთან ურთიერთობის გაუარესებასთან დაკავშირებით ებრაელი მოგზაურები საქართველოს ირჩევენ. თავის მხრივ, კორონავირუსამდე ქართველებიც ხშირად ჩადიოდნენ სალოცავად ისრაელში: "ჩვენ მრავალი საუკუნის მანძილზე წმინდა მიწასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს", - ამბობს ელჩი.

ავტორი წერს, აგრეთვე, იმ ებრაელების საქმიანობაზე, რომლებიც საქართველოდან ისრაელში დაბრუნდნენ (მაგალითად, მიხეილ მირილაშვილი). ასევე, პუბლიკაციაში საუბარია საქართველო-ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. "ისრაელმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაამყარა. ისრაელი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ურღვევობას. ისრაელი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან სამხედრო სფეროში: თბილისში მუშაობს ებრაული კომპანიის Elbit Systemis ქარხანა, სადაც ათეულობით ქართველია დასაქმებული. ქართული არმია ისრაელის წარმოების შეიარაღებას იყენებს, ხდება ავიაციის, ტანკებისა და დრონების მოდერნიზება. 2018 წელს ისრაელმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტერორიზმთან ბრძოლასა და კიბერუსაფთხოების შესახებ.

საქართველო, რუსეთის მეზობელი ქვეყანა, პროდასავლურ პოლიტიკას აგრძელებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს საიმედო და მცოდნე მოკავშირედ ითვლება. იგი თბილისში ვიცეპრეზიდენტობის პერიოდშია ნამყოფი და აქტიურად გამოდის საქართველოსადმი დახმარების მიზნით: "ჯო ბაიდენი ჩვენი ერთ-ერთი დიდი მოკავშირეა", - ამბობს ლაშა ჟვანია, - "მან ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს საქართველო აშშ-ისთვის".
სტატის დასასრულს, ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი ელჩი თავისუფლად ლაპარაკობს ივრითზე, მას დედა ებრაელი ჰყავს, მამა კი - ქრისტიანი. "ჩემი კავშირები ისრაელთან მტკიცეა. მე ქართველი ვარ, ებრაული ფესვებით, რომლის მოჭრა შეუძლებელია", - ამბობს ლაშა ჟვანია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ვაჟა
17 ივნისი 2021 09:14
საქართველოში ვიცავთ და ვუფრთხილდებით სხვა ერების სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს, რატომ დგას ქართული,მხოლოდ ქართული ძეგლების დაკარგვა_ განადგურების საკითხი? მხოლოდ ქართულის, აღარ გვთვლიან სახელმწიფოდ? იგივე რომ აქ გავაკეთოთ, აჯანყება მთელი მსოფლიო ორგანიზაციები.ახლა რაშია საქმე? როდემდის ვეფეროთ ყველას? ჩვენს ინტერესებს ვინ ითვალისწინებს? მივითვისოთ სომხური, ბერძნული და
სხვა ძეგლებიი, გავაქართულოთ. მეტი ავტორიტეტი გვექნება საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე.
ალექსანდრე
16 ივნისი 2021 16:14
საოცრება ბევრი მინახავს, მათ შორის ისრაელშიც, მაგრამ ჩვენი ჯვრის მონასტერი საოცრებათა საოცრებაა.ის ქართლის მეფე სიმონ პირველმა ბერძნებს მიჰყიდა. ღმერთმა შეუნდოს ეს დიდი ცოდვა, ჩვენ კი ბერძნულ საპატრიარქოს ქრისტიანულად, მეგობრულად ვთხოვოთ დაგვიბრუნოს ეს ჩვენი უდიდესი სალოცავი ნებისმიერ თანხად, რომელსაც ერი შეაგროვებს. მე პირადად 1000 დოლარს შევწირავ ამ საღვთო საქმეს. ისმინოს უფალმა!
აკაკი
15 ივნისი 2021 14:52
სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები