"საქართველო გულში ჩირაღდნად და მხრებზე ლაბადად მაქვს შემოხურული. ამ გრძნობებს ვუზიარებ შვილებსაც და ვეუბნები, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ"
"საქართველო გულში ჩირაღდნად და მხრებზე ლაბადად მაქვს შემოხურული. ამ გრძნობებს ვუზიარებ შვილებსაც და ვეუბნები, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ"
"წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყანაში ხარ, სადაც არავინ გეხმარება, სადაც ცოტა ქართველია და ისინიც არ გაკვალიანებენ"
ამერიკაში რომ ჩავიდნენ, ჯიბეში მხოლოდ 20 დოლარი ედოთ, გული კი იმედებითა და ოცნებებით ჰქონდათ სავსე. უცხო ქვეყანაში მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ერთმანეთის იმედად დარჩენილმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ფეხზე მყარად დამდგარიყვნენ. "თუ ემიგრაციაში მიდიხარ, ისიც უნდა გქონდეს გააზრებული, რომ ოცნებების ასასრულებლად მუხლჩაუხრელად გიწევს შრომა. დღისით დალაგებებზე ვმუშაობდი, საღამოს ლექციებზე გავრბოდი დაღლილი, ენის შესასწავლად", - მითხრა ეკა მეტრეველმა. ბევრი
სირთულის დაძლევის შემდეგ, დღეს ის წარმატებული ქალბატონია. საკუთარ თავზე საუბარი უჭირს და ერიდება, მაგრამ მაინც დაგვთანხმდა: თუ ჩემი ამბავი ერთ ემიგრანტს მაინც სტიმულს მისცემს, თანახმა ვარო.

- 90-იან წლებში, იმ ძნელბედობის ჟამს დიდ სირთულეებთან და უამრავ საბუთთან იყო დაკავშირებული ა
მერიკაში წასვლა, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. როდესაც მე და ჩემი მეუღლე კონსულთან ვიზისთვის შევედით, მან შვილის შესახებ გვკითხა და ცრემლები ვერ შევიკავე, რადგან შვილი არ გვიჩნდებოდა და ეს ჩემთვის დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ქართველი ქალის მენტალიტეტი - რომ თხოვდება, შვილიც აუცილებლად მალე უნდა. თავი დავხარე და ვუთხარი, - შვილი არ გვყავს და შეიძლება, ვერც ვერასოდეს შევძლო ამ ბედნიერების საკუთარ თავზე განცდა-მეთქი. ამან კონსულზე ძალიან იმოქმედა და გვითხრა, შეგიძლიათ წახვიდეთ ამერიკაშიო... ეს მოხდა 1999 წელს, როდესაც საქართველოში უკიდურესი გაჭირვება იყო. სწორედ ეს გახდა ჩვენი ამერიკაში წასვლის მიზეზიც - უკეთესი მომავლის ძებნა. საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, მე რუსთავის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელი ვიყავი. ხომ იცით, მაშინ პედაგოგის ხელფასი რამდენად მცირე იყო, ჩემს მშობლებს დახმარება სჭირდებოდათ, ჩემი მეუღლის მშობლებსაც და აი, ამ ყველაფერმა მიგვაღებინა წასვლის გადაწყვეტილება.

- ყველაზე მეტად რისი დატოვება გაგიძნელდათ საქართველოში?
- ოჯახის, მშობლების. რთული აღმოჩნდა ისიც, რომ საერთოდ მოვწყდი ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას. მენატრებოდა ის დრო, როდესაც დედა ახალ გაზეთებსა და წიგნებს მოგვიტანდა, ერთ-ერთი ჩვენგანი ხმამაღლა კითხულობდა, დანარჩენები საქმეს ვაკეთებდით და თან მას ვუსმენდით მთელი გულისყურით. ოთხი დედმამიშვილი ვიყავით. ერთი პატარა სახლი გვქონდა. ყველას უკვირდა, იქ როგორ ვეტეოდით, მაგრამ ის პატარა სახლი ჩვენთვის დიდი ციხესიმაგრე იყო, სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით ნაშენები. ძალიან მენატრება და მიჭირს ამ ყველაფრისგან შორს ყოფნა.

- როგორ გაიკვალეთ გზა? როგორც მითხარით, 20 დოლარის მეტი არაფერი გქონდათ ახალჩასულებს.
- ეს მართლაც რთული იყო, არაფერი გვებადა მიზნებისა და ოცნებების მეტი. დამსაქმებლები წინასწარ გადახდას გვთხოვდნენ სამსახურის სანაცვლოდ. ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, ქუჩიდან შემოტანილი მატრასი დავაგეთ და იქ გვეძინა. 4 ივლისი იყო, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ. ჩემი დაბადების დღეც 4 ივლისს არის, იქ აღვნიშნეთ, მარტოებმა. მეზობლად ქართველები ცხოვრობდნენ და მათ შემოგვაწოდეს საჭმელი. რთულია უცხო ქვეყანაში ფეხზე დადგომა, თუმცა არა - შეუძლებელი, მთავარია იცოდე, რა გინდა.

- დღეს წარმატებული ქალბატონი ხართ...
- ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ წარმატება ადვილად მისაღწევი იყო. წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყანაში ხარ, სადაც არავინ გეხმარება, სადაც ცოტა ქართველია და ისინიც არ გაკვალიანებენ. მე ვსაუბრობ 21 წლის წინანდელ ამერიკაზე, მაშინ აქ ამდენი ქართველი არ ცხოვრობდა და ორმაგად რთული იყო გზის გაკვლევა. როგორც იქნა, დავიწყე დალაგებებზე სიარული. მართალია, ქალს სახლის დალაგება არ უჭირს, მაგრამ როდესაც ისეთ სახლებში შედიხარ, სადაც უცხო ტექნიკაა, არ იცი, როგორ ჩართო თუნდაც მტვერსასრუტი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ძნელია. სახლში დაბრუნებული, საწოლზე დავწვებოდი, ბევრს ვიტირებდი და კოლეჯში გავრბოდი, რომ ენა შემესწავლა და ადამიანებთან კონტაქტი შემძლებოდა. ერთხელ მე და ჩემი მეუღლე დავსხედით და ვთქვით, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უკან ვერ დავბრუნდებით, რადგან ბევრ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება, ამიტომ დიდხანს დარჩენა მოგვიწევს. საჭიროა ბევრი ვიმუშაოთ და წარმატებასაც მივაღწიოთ. იმ დღიდან არ გავჩერებულვართ. აქამდე ერთმანეთის გვერდით დგომით მოვედით. ერთმანეთს ვაძლიერებდით და ვავსებდით.

- საკუთარი კლინიკა გაქვთ ამერიკაში, ეს არ არის ადვილი და დიდ პასუხისმგებლობასთანაც არის დაკავშირებული.
- როდესაც ენას ვსწავლობდი, ვფიქრობდი, ისეთი რა შეიძლებოდა მესწავლა, რაშიც გონებას უფრო გამოვიყენებდი. სამედიცინო კოლეჯში ჩაბარება გადავწყვიტე. მიყვარს ადამიანების დახმარება, ეს ჩემთვის ბედნიერებაა. თუ ადამიანებს უბრალოდ ხელს ჩავკიდებ და ამით შევძლებ მათ გამხნევებას, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? სამედიცინო ცენტრის გახსნის საჭიროება ნამდვილად დავინახე. აქ მცხოვრებ ქართველებს სჭირდებოდათ ადგილი, სადაც ექიმს მშობლიურ ენაზე აუხსნიდნენ, რა სტკიოდათ და აწუხებდათ. ჩანაფიქრმა გაამართლა. კლინიკა ფილადელფიაშია და ერთ ძალიან კარგ და სანდო ქართველ გოგოსთან ერთად დავაარსე. მიხარია, რომ უამრავი ქართველი პაციენტის იმედად ვიქეცით და შევძელით, ჩვენი ქვეყნისგან ძალიან შორს, ქართველებს დავხმარებოდით.

- ეკა, ყველაფერზე მეტად, რამ გაგაოცათ ამერიკაში?
- ადამიანების გაღიმებულმა სახეებმა და თავაზიანობამ. როდესაც პატარა გაჭირვებული ქვეყნიდან ჩადიხარ, სადაც ყველა მოწყენილი დადის ქუჩაში და უცებ აღმოჩნდები ქვეყანაში, სადაც ყველა ღიმილიანი ესალმება ერთმანეთს, ნებისმიერი სახის დახმარების სანაცვლოდ მადლობას იხდიან, ეს ძალიან გიკვირს.

- რა მოგცათ, რა გასწავლათ ამ ქვეყანამ?
- ყველაზე მთავარი, რაც მომცა, ჩემი შვილებია. ამ ქვეყანაში შევძელი ოცნების ასრულება, ვყოფილიყავი დედა, ამას საქართველოში ვერ შევძლებდი ფინანსების გამო. ასევე, მომცა განათლება. ამ ქვეყნის საშუალებით გავძლიერდი და გავიზარდე პიროვნულად, უფრო მებრძოლი და თავდაჯერებული გავხდი.

- თქვენს შვილებზეც რომ გვიამბოთ: თუ საუბრობენ ქართულად და თუ იციან, საიდან არიან?
- ორი შვილის დედა ვარ - ბიჭის და გოგონასი. ბავშვები ქართულად საუბრობენ და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის შესახებაც იციან. შეძლებისდაგვარად, ჩავდივართ ხოლმე საქართველოში და მათ ძალიან უყვართ იქაურობა. ვცდილობ, ქართული ტრადიციებით აღვზარდო შვილები, რადგან მე თვითონ საქართველო გულში ჩირაღდნად და მხრებზე ლაბადად მაქვს შემოხურული. წამით არ გამნელებია მასზე ფიქრი და დარდი, მისი სიყვარული და მონატრება. ამ გრძნობებს ვუზიარებ ჩემს შვილებსაც და ვეუბნები, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ! ვცდილობ, ბავშვებს სამშობლოს სიყვარული არ გაუნელდეთ და კარგი შვილები გავუზარდო ჩვენს ქვეყანას, თუნდაც უცხო მიწაზე... გაგეცინებათ და, ანდერძიც კი მაქვს დაწერილი შვილისთვის, სადაც ჩემს ოცნებაზე ვესაუბრები - ვოცნებობ, ჩემმა შვილმა ქართველი ცოლი შეირთოს და კარგი ქართული ოჯახი შექმნას, მხოლოდ ამით გავამართლებ მის საქართველოში არდაბრუნებას.

- რა გენატრებათ?
- ის ოჯახური სიმყუდროვე, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, ერთი ფინჯანი ჩაის დალევა ჩემს პატარა სახლში, მშობლებთან და დებთან ერთად, და ბევრი წიგნი. აქ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კითხვა შევძლოთ. მთელი ცხოვრება ორი რამის მშურდა - დედის, რომელსაც კარგად აღზრდილი შვილი ჰყავდა და ადამიანის, რომელსაც ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული. ვთვლი, რომ კარგ შვილებს ვზრდი და ახლა წიგნებიც მინდა (იცინის).

- არ შემიძლია, გვერდი ავუარო დღევანდელობას და არ გკითხოთ პანდემიის შესახებ: რა ხდება ამერიკაში, როგორია დღევანდელი მონაცემები?
- პანდემიამ უკან დაიხია, თითქმის განახევრდა დაინფიცირებულთა რიცხვი, მოსახლეობა ძალიან ცივილიზებულად შეხვდა ვაქცინაციის პროცესს. ბედნიერები არიან, რომ მიეცათ შესაძლებლობა, ეს ვერაგი ვირუსი თავიდან აიცილონ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის მოსახლეობის 59.8%-ს აქვს ვაქცინაციის პირველი საფეხური ჩატარებული. ეს ცოტა ნამდვილად არ არის. მეც ავიცერი და თუ კიდევ ვინმეს ეშინია, ყველას მოვუწოდებ, აიცრას, საშიში არაფერია. ამით საკუთარ სიცოცხლესაც დაიცავენ და სხვისასაც.

ფიქრია რობაქიძე
ჯურნალი "გზა"

არა ტროლი
16 ივნისი 2021 13:55
უნდა იცხოვრო იქ სადაც კარგად იქნები...... დარჩი მანდ ასე ჯობია
ნოდარი
16 ივნისი 2021 10:12
ოღონდაც საქართველოდან წავიდე და აქ არასდროს არ დავბრუნდები. რა უნდა მოგენატროს ამ ქვეყანაში ყაზბეგის გამზირის საცობები თუ გმირთა მოედნის?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები