"ჩემს მშობლებს არ უნდოდათ თანასოფლელს გავყოლოდი. ყველამ ყველაფერი იცოდა. მთელი ამბები გადაგვხდა თავს..."
"ჩემს მშობლებს არ უნდოდათ თანასოფლელს გავყოლოდი. ყველამ ყველაფერი იცოდა. მთელი ამბები გადაგვხდა თავს..."
გურიის ულამაზეს სოფლებში, ბუკისციხესა და იანეულში დაბადებული და გაზრდილი ორი მშვენიერი ქალბატონი - ქეთევან სიხარულიძე და ნინო რამიშვილი ჟურნალ "გზასთან" იმ ისტორიას ჰყვებიან, რომლებიც მათ ცხოვრებას, ამ მხარეს უკავშირდება და რისი გახსენებაც არასდროს მოჰბეზრდებათ.

რა ისწავლა ქართველებისგან უცხოელმა სტუმარმა

ქეთევან სიხარულიძე:

- ჩვენს ოჯახში, ბუკისციხეში, სტუმრად უცხოელები გვყავდა. ერთ-ერთი იყო საფრანგეთში მცხოვრები, ოღონდ არაფრანგი კაცი, რომელიც პირველად იმყოფებოდა საქართველოში. ის ახალგაზრდობიდან წამოსულა თავისი ქვეყნიდან მშობლებზე გაბრაზებული და საფრანგეთის მოქალაქე გამხდარა.
მშობლებთან ურთიერთობა არ ჰქონდა, რადგან ძმამ რაღაც ჩაიდინა წლების წინ, დედ-მამა მხარში არ ამოუდგა და ძმა დაიჭირეს. ეს კაცი განაწყენდა, მშობლები მიატოვა და ნიცაში დასახლდა. პროფესიით კულინარს საფრანგეთში საკუთარი რესტორანი ჰქონდა. მგონი კრისტიანი ერქვა, მოიხიბლა ჩვენი დამოკიდებულებით უფროსების, მშობლების, ნათესავების მიმართ. სუფრასთან, რა თქმა უნდა,
არაერთხელ მოისმინა განსაკუთრებულად ნათქვამი დედის სადღეგრძელო. კრისტიანი რამდენიმე ხანს ჩვენთან ცხოვრობდა. ამდენი სითბო და სიყვარული რომ ნახა, ერთ დღესაც თქვა: ახლა რომ წავალ, აუცილებლად მივალ ჩემს მშობლებთან და ეს იქნება თქვენი დამსახურებაო. ჩვენ არც ვიცოდით, მაშინ გავიგეთ მისი ოჯახის შესახებ. უცხოელ სტუმარზე ძალიან იმოქმედა აქაურმა ურთიერთობებმა და გადაწყვიტა, რომ აღედგინა მშობლებთან მისასვლელი გზა. ის ამბობდა, რომ ქართველებისგან ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ ისწავლა. კრისტიანი თავად არის მეგობრული, ყურადღებიანი და როცა ჩვენ ნიცაში მოვხვდით, ეცადა, ჩვენსავით გულღია მასპინძელი ყოფილიყო.

ჩემი ღირებული ნაბიჯი

- ცხოვრებაში ჩემი ღირებული ნაბიჯი არის ოჯახის შექმნა. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ თანასოფლელ თემურ შარაშიძეს გავყოლოდი. ჩვენ ჩოხატაურში თუ შევხდებოდით ერთმანეთს, მე ტროტუარის ერთ მხარეს მივდიოდი, ის მეორე მხარეს. სოფელში ამოვიდოდი და ეს უკვე იცოდა დედაჩემმა... ყველამ ყველაფერი იცოდა. მერე სხვაზე დავინიშნე, მაგრამ ნიშნობა ჩატარდა იმის გამო, რომ გარეთ გამოსვლა შემძლებოდა, სახლიდან არ მიშვებდნენ. მშობლებმა გადაწყვიტეს თბილისში წავეყვანე, რადგან მათი რჩეული, ჩემთვის შესაფერისი პიროვნება თბილისელი იყო. იმ ბიჭის ბიძაშვილი ჩვენი ოჯახის ახლობელი და მეგობარია. იმასთან შეთანხმდა მამაჩემი, რომ ეს საქმე მომხდარიყო. მთელი ამბები გადაგვხდა თავს. თბილისში მიმავალ მატარებელს გამაყოლეს ბებიასთან ერთად და მამაჩემმა, ისედაც შეშინებულ ქალს დააბარა - აბა, შენ იცი, ისე ჩაიყვანე ქეთინო, შენი თავი თბილისიდან მოჭრილი არ ჩამომატანინოო (იცინის). თემური და მისი მეგობრები მეძებდნენ. ჩემი ბიძაშვილი მაშინ საბავშვო ბაღში დადიოდა, იმასთან მივიდნენ, სიმართლეს იტყვისო და, - ბათუმში წავიდაო, უთქვამს. მამაჩემმა ისიც კი გათვალა, რომ შეიძლება ამ პატარა ბავშვთან მისულიყვნენ. ესენიც წავიდნენ ბათუმში და მეძებდნენ ჩემს ბიძებთან. ხან იგონებდნენ გაზის შემკეთებელი ან აღმრიცხველი ვართო, ხან რას მოიგონებდნენ და შედიოდნენ მათ სახლებში. მერე სახელებს ამბობდნენ ხმამაღლა, მაგალითად, ბუჭულიჩი (თემურს ეძახდნენ) ან კოკინიჩი - მეგობრის სახელი. თუ იმ სახლში ვიქნებოდი, ამ სახელებს რომ გავიგებდი, ხომ გამოვიდოდი. მერე გაიგეს, თბილისშიაო. მამაჩემის მძღოლთან მისულან და უკითხავთ: მხოლოდ ის გვითხარი, ჩოხატაურში რომ ჩახვედი, მარჯვნივ წადი თუ მარცხნივო (იცინის).
ერთხელაც თბილისში ტელეფონი რეკავს, ავიღე ყურმილი და თემურია. რაღაცებს მეუბნება და პასუხს ვერ ვცემ სათანადოდ, ჩემი და მიდგას გვერდით, სპეციალურადაა სახლში დატოვებული. ამ დროს საუბარში ჩაერთო საქალაქთაშორისო - ელაპარაკეთ ჩოხატაურსო და ხაზზეა დედაჩემი. ჩემს დას ეუბნება: თემური თბილისშია წამოსული, ალბათ მანდ აუცილებლად მოვა და ყურადღებით იყავით, ქეთინო არსად გავიდესო. ჩემმა დამ კი უთხრა, ძალიან ნერვიულობს და ტირისო. თემური ყველაფერს მიხვდა. როგორც კი დამთავრდა ზარი დედასთან, მაშინვე დარეკა: დათანხმდი ნიშნობაზე, მერე უფრო თავისუფალი იქნებიო. ახლობლის ოჯახში ვცხოვრობდი და იქ იყო ნიშნობა 10 მარტს. მამას უნდოდა იმ დღესვე წავეყვანე, მაგრამ ბიჭს მამის წლისთავი ჰქონია გადასახდელი, ამიტომ ქორწილი ივნისამდე გადაიდო. მე ბათუმში ვსწავლობდი, პირველკურსელი ვარ, ერთ დღეს ინსტიტუტიდან მომივიდა ცნობა, რომ საკურსო მაქვს ჩასაბარებელი და აუცილებლად უნდა გამოვცხადდე. ეს თურმე ბიჭებმა ჩააწყვეს. 19 მარტს მივდივარ ბათუმში, დანიშნულთან ერთად, მატარებლით. კუპეში 2 ქალი დამხვდა. არ მინდოდა ამათ ეფიქრათ, რომ ეს ბიჭი ჩემი, ასე ვთქვათ, მეუღლე იყო. უცებ ნიშნობის სამკაულები მოვიხსენი (ის გარეთ იდგა) და ვუთხარი ამ ქალებს, ჩემი ქმარი არ არის-მეთქი. გაკვირვებით შემომხედეს. მერე სრულიად უცნობებს ყველაფერი ვუამბე და ერთი ქალი ლამის ჩაქვამდე ტიროდა, იქ ჩავიდა. გზაზე, მატარებლის ყველა გაჩერებაზე მეგობრების და ნაცნობების მანქანებს ვხედავდი. თემური არა, მაგრამ ისინი ამოდიოდნენ ვაგონში, გვერდზე ჩამივლიდნენ და ჩავიდოდნენ.
მოკლედ... ჩვენ ბათუმიდან გავიპარეთ. მე ვიყავი 19 წლის, თემური ჩემზე 5 წლით უფროსია, სტუდენტი იყო და თბილისში სწავლობდა. სოფელში ჩვენს დაქორწინებას ყველა აღფრთოვანებით შეხვდა... ახლახან 41 წელი გახდა, რაც ცოლ-ქმარი ვართ, სამი ვაჟი და 6 შვილიშვილი გვყავს. ჩვენი სიყვარული დღეს უფრო მეტია, ვიდრე მაშინ. თემური არის კაცი, რომელსაც ყოველთვის ენდობი, ყველაფერი გჯერა და არასოდეს არაფერი შეეშლება.

ჩვენი მეგობარი თემურ წიკლაური

- თემურ წიკლაურს ხეჭეჭურის ძირში უყვარდა ჯდომა, სუფრას რომ ვშლიდით ხოლმე. ერთხელაც, - სიმღერა მინდა, კაცო, არ უნდა ვიმღეროო?! რომ თქვა, ვუთხარი: ვაიმე, თემური, მეზობლის ქალი გარდაიცვალა, ცოტა ზემოთ ცხოვრობს და... - იქამდე რას მივა ხმაო, გამაწყვეტინა. - იცი, რას იტყვიან? ერთი საცოდავი ქალია და არაფრად ჩააგდესო. - კაი, მაშინ სამზარეულოში შევალ და იქიდან ვუმღერებ ქალბატონებსო და იმღერა "საქართველოს მანანებს". მისი სიყვარული და მოფერება ყველა ჩემს მეზობელს ახსოვს. ჩემი მეუღლის, თემურის ყველა დაბადების დღეზე მოდიოდა ბუკისციხეში და ისედაც, ხშირად გვსტუმრობდა. თემურ წიკლაური ჩვენთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო.

ცნობილი მოცეკვავის სეხნია


ნინო რამიშვილი:

- იანეულში ჩემი სახლი, გურიის ტბიდან ორი წუთის სავალზეა. სახლის ზემოთ, ჩემი ეზო სადაც მთავრდებოდა, ზუსტად იქ იწყებოდა ე.წ. დაბალი ტყე, ასე ჰქვია. ბავშვობიდან ბუნება საოცრად მიყვარს, არც არის გასაკვირი, ისეთ ლამაზ ადგილას დავიბადე და გავიზარდე. ახლა ქვენობანში, მართლა ტყეში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს სოფელს მაინც არ შეედრება. პატარა ვიყავი, რომ დავდიოდი ამ დაბალ ტყეში და მახსოვს, ჩემებურად როგორ ვასუფთავებდი იქაურობას ხმელი ფოთლებისა და ზედმეტი ტოტებისგან. ძალიან პატარა ვიყავი და მიკვირს, ასეთი აზრები საიდან მომდიოდა. ზოგჯერ დედას დავყვებოდი ჭინჭრის მოსაძებნად, ტყეში ლამაზი ყვავილები ამოდიოდა. ახლაც საოცრად მენატრება ის დრო, როცა ტყეში ენძელა, ყოჩივარდა და იები იყო უამრავი, მათ ვესიყვარულებოდი, ვეფერებოდი და ვასუფთავებდი. ერთი ყველასგან განსხვავებული ჯიშის, პატარა ნაძვის ხეც იდგა, რომელიც ძალიან მომწონდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია მისი მოჭრა და სახლში მიტანა. 53 წლისა ვარ და დღემდე გამომყვა ეს თვისება - გზაზე, სადაც ნაძვების ხეივანი მხვდება, ყველა ნაძვს გონებაში საახალწლოდ ვრთავ...
ბავშვობიდან მიყვარს ცეკვა და ამ ასაკშიც სიამოვნებით ვცეკვავ ყველგან, სადაც კი შეიძლება ხელები გავშალო. დავდიოდი ცეკვის წრეზე, მიდრეკილება მაქვს. პირველ კლასში რომ შემიყვანეს, მალე მეოთხეში გადამსვეს, ისეთი ნიჭი გამოვავლინე, მაგრამ ვერ ვახერხებდი სოფლიდან რაიონში (მარტო რაიონში იყო ეს წრე) სიარულს და ამიტომ თავი დავანებე. სოფელში მეზობელი მყავდა თამარ მახარაძე, რომელიც 19 წლისა სამამულო ომში წავიდა, სტალინსაც შეხვედრია. მერე ცნობილი პიროვნების მეუღლე გახდა, საბჭოთა კავშირის გმირი იყო მისი ქმარი და მოსკოვში ცხოვრობდნენ. ამ ქალბატონს განსაკუთრებულად ვუყვარდი და ჩემს მშობლებს სთხოვა: ნინო მოსკოვში გამატანეთ და ცნობილ ქალს გავხდი, ისეთი მონაცემები აქვსო, მაგრამ სამწუხაროდ, უარი უთხრეს. პატარაობიდან გათავისებული მქონდა, რომ ცნობილი ადამიანის სახელსა და გვარს ვატარებ, ამით კიდეც ვამაყობდი. სხვათა შორის, ვიზუალურადაც მამსგავსებდნენ ქალბატონ ნინოს. სუხიშვილები რომ ჩამოვიდნენ ჩოხატაურში, ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი და მეგობრებთან ერთად დავესწარი კონცერტს. შემდეგ შევხვდი ბატონ ილიკოს, ქალბატონ ნინოს და სცენაზე ფოტოებიც გადავიღეთ. ამ კონცერტს ესწრებოდნენ საფრანგეთიდან ჩამოსული ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისინიც გავიცანი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერი და ემოციურად დამუხტული დღე.

გურულების იუმორი

- მამაჩემი გური მძღოლი იყო და მაშინ ბათუმის რეისზე მუშაობდა, როცა ავტობუსი შუა გზაზე გაუფუჭდა, ე.წ. რემენი გაწყდა. მამა შეძვრა ავტობუსის ქვეშ და აკეთებს. ვიღაც ქალს ძალიან ეჩქარება, ხან ადის და ხან ჩამოდის ავტობუსიდან. მამა ეუბნება: დაბრძანდით ქალბატონო, მალე წავალთო. - კი, მაგრამ ზაპასი არ უნდა გქონდეთო? - გაუწყრა ქალი. - გამომხედე აგერ, ტრუსიკში რეზინა რომ გაგიწყდეს, "ზაპასი" თუ გაქვს წამოღებულიო (იცინის)? ერთ დღესაც გური გაბრაზდა, ჩაიპარნენ მგზავრები და ფულს არ იხდიან. ერთ ქალბატონს ეკითხება: რატომ არ იხდით ფულს? გმირი დედა ვარ, 14 შვილი მყავსო. თურმე ისეთი შეუხედავი ქალი ყოფილა, მამას გაჰკვირვებია: ვინ დაწვა ქალო შენთან 14-ჯერ, გამაგებინეო (იცინის).

სკოლაში მქონდა გაკვეთილი თემაზე - "რა არის ბიბლია". ერთს განსაკუთრებულად ჰქონდა დასწავლილი და დაჟინებით მთხოვდა, - მასწავლებელო, მე ვიტყვი, მე ვიტყვიო. როცა ვუთხარი, - აბა, სოსიკო გისმენთ-მეთქი, დაიწყო: ბიბლია არის, ბიბლია არის... ემოციებისგან დაიბნა, დაავიწყდა რა უნდა თქვას და გამოსავალი მოძებნა: მასწავლებელო, უბრალო კაცის დაწერილი არ გეგონოს მაგი შენო!.. გაბრაზდა, რომ ვერ გაიხსენა და აქეთ შემომიტია. ერთ დღეს რელიგიის ისტორიის გაკვეთილზე, მე-5 კლასში ავხსენი ქრისტეს ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება. განაბულია მთელი კლასი, ერთი მოსწავლე ზის პირველ მერხთან, ხელები წინ დაუწყვია და მიყურებს თვალმოუშორებლად. მეკითხება: მასწავლებელო, მართლა აცვეს ჯვარს ქრისტე? - რა თქმა უნდა. - მერე მართლა გაცოცხლდა? - აბა, ტყუილს ხომ არ გეუბნები-მეთქი. ამ ბავშვმა გადახედა კლასს ჯერ მარჯვნიდან, მერე მარცხნიდან მოავლო თვალი ყველას და "მალადეც", - თქვა უზომოდ გაკვირვებულმა. ისეთი სახე ჰქონდა, ახლაც მეცინება. ჩემი კოლეგა შევიდა ამავე კლასში და ამბობს: აბა, ვინ იქნება ყოჩაღი და ვინ აბრუნებს არსებით სახელს "თითი". ისევ იმ ბიჭმა, "მალადეც" რომ თქვა, წამოიძახა: მე ვაბრუნებო. ჰოდა, თითი დაუტრიალა ცხვირწინ პედაგოგს. - დედა, მაგია ბიჭო, ბრუნვაო? - იკივლა მერი მასწავლებელმა (იცინის). - აბა, მეტი რაფერ უნდა ვაბრუნო თითიო?! აი, ასეთი საოცარი ბავშვები არიან.

ნანული ზოტიკიშვილი
ჟურნალი "გზა"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები