"გამიხარდა, რომ ნატალიამ ამდენ სირთულეს გაუძლო. იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინშიც იყო და ყველაფერი შეძლო" - კვირის პალიტრა

"გამიხარდა, რომ ნატალიამ ამდენ სირთულეს გაუძლო. იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინშიც იყო და ყველაფერი შეძლო"

"ნატალიამ მითხრა, - ნანი, ერთი მეორეზე ძლიერები და უკეთესები არიანო. თვითონაც გაკვირვებული იყო, თუ დაინახეთ, როგორი გაოგნებული დარჩა და როგორ გაუხარდა გამარჯვება"

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World 2021-ის ფინალისტი გახდა. ნატალია საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობს. მომღერალმა სამი არია შეასრულა და ოთხ მონაწილეს შორის ფინალის საგზური მოიპოვა.

BBC Cardiff Singer of the World ბრიტანეთში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ საოპერო მომღერლებს მასპინძლობს. წელს კონკურსი 13 ივნისს დაიწყო და 19 ივნისამდე გაგრძელდება. BBC Cardiff Singer of the World ხუთი ტურისგან შედგება და თითო ტურში თითო ფინალისტი ირჩევა. წელს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას 15 ქვეყანა იღებს, მათ შორის - ჩვენი პატარა საქართველოც.

ნატალიას წარმატება არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ - ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა. მისმა ნამღერმა ჟიური ნამდვილად გააკვირვა და ასევე - გამარჯვებით გაკვირვებული დარჩა ნატალიაც.

"ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ, ამავდროულად, ვარ მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ დიდი საქმე შეასრულეს. მადლობელი ვარ იმ გარემოსი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას ამ აუდიტორიისგან და ამისთვისაც მადლობელი ვარ. ასევე, მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს", - თქვა ქუთათელაძემ პირველი ტურის ბოლოს.

ნატალიას ნამღერსა და ფინალური ტურის მოლოდინებზე ოჯახის ორ უახლოეს წევრს დავუკავშირდით და ჩვენთვის თავიანთი განცდების გაზიარება ვთხოვეთ.

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი: - ჩემთვის სასიამოვნოა მისი ამხელა წარმატება. მიჭირს ჩემიანზე საუბარი. ნატალია ამ კონკურსისთვის ემზადებოდა, მან მოამზადა პროგრამა, რომელიც ადრე ბარსელონაში გაიტანა. რამდენიმე სიმღერა დაუმატა და ბრიტანეთში წარადგინა. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, მინდა, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს, იმიტომ არა, რომ ჩემი შვილიშვილია. უკვე რაც მოხდა, ეს მისთვის დიდი გამარჯვებაა, რადგან ამ კონკურსში ხვდებიან მხოლოდ საუკეთესო მომღერლები, ეს ბი-ბი-სის კონკურსია, მანდ ფეხზე დამდგარი, ძლიერი მომღერლები მიდიან.

ნატალიას მისმა აგენტმა უთხრა, რომ ის უკვე მსოფლიო ასპარეზზეა გასული. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ფინალური ტური. იქ ყველა გადასარევად მღერის. ნატალიამ მითხრა, - ნანი, ერთი მეორეზე ძლიერები და უკეთესები არიანო. თვითონაც გაკვირვებული იყო, თუ დაინახეთ, როგორი გაოგნებული დარჩა და როგორ გაუხარდა გამარჯვება. ჩემი მეგობარი ლონდონში ცხოვრობს და მან მითხრა, რომ ასეთი მოცარტი დიდი ხანია არავის მოუსმენია. მოცარტი ყველაზე რთულია შესასრულებლად, თუმცა ნაწარმოები ნატალიამ თვითონ აირჩია, მას სურდა, დაენახვებინა ყველასთვის, რომ ის ასე მარტივად არ უყურებს თავის სპეციალობას. ვფიქრობ, მას ასე არადროს უმღერია. ნატალიას ამაზე უკეთესი ნამღერი მე არ მომისმენია. ყოველთვის შემიძლია კრიტიკა, თუ ცუდია, უნდა უთხრა, რომ გამოასწოროს, თუ კარგია, ვეტყვი, რომ კარგად შეასრულა. კრიტიკაზე უკეთესი არაფერია ხელოვნებაში. მე სულ ვლოცულობ ნატალიასთვის, ვცდილობ, აქედან დავეხმარო გულით და სულით.

ეკა მამალაძე, მომღერალი:

- ძალიან გამიხარდა. მშობლისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი დიდ სიმაღლეებზე ადის, მაგრამ კიდევ ის გამიხარდა, რომ ამდენ სირთულეს გაუძლო. ძლიერი გოგო აღმოჩნდა. იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინშიც იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა. მომწონს, რომ გადალახა სიძნელეები და ყველაფერი შეძლო, ამით ვარ ამაყი.

- როგორც მომღერალი, კმაყოფილი დარჩით მისი შესრულებით?

- ვერ ვაფასებ, ნატალია თავის სფეროში ჩემზე მეტად კომპეტენტურია. როგორც თვითონ გვითხრა, ის კმაყოფილია ყველაფრით. კონკურსი ყოველთვის დამთრგუნველია, თუმცა ისეთი ატმოსფერო შეუქმნეს, რომ არც ერთს უგრძვნია ნერვიულობა, ხელს უწყობენ ყველაფერში და თითქოს მონაწილეები დიდ კონცერტზე გამოვიდნენ, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩა. თავიდანვე ეუბნებოდნენ, რომ ისინი ყველანი გამარჯვებულები არიან.

- რა მოლოდინი გაქვთ ფინალისგან?

- ვერაფერს გეტყვით, მე დედა ვარ და სხვა ჟანრის მომღერალი. უბედნიერესი ვარ, მაგრამ ჩემს შვილზე საუბარი მიჭირს.

- ნატალია ნერვიულობს ფინალურ ტურზე?

- მშვიდად არის. მომწონს ჩემი შვილის სიძლიერე, ის მობილიზებულია იმ დროს, როდესაც სცენაზე გადის, ეს მისი ყველაზე კარგი თვისებაა, ეს ძალიან ბევრ მსახიობს და მომღერალს არ შეუძლია. როდესაც ღელავ, იმის ნახევარს ვერ აკეთებ, რაც უნდა გააკეთო და როდესაც შეგიძლია მობილიზება და ამის დარეგულირება, უკვე კარგია. ნატალიამ სამი არია იმღერა, მეორე და მესამეზე უკვე თავდაჯერებული იყო. ასე მითხრა, რაც შემეძლო გავაკეთეო.

(სპეციალურად საიტისთვის)