"ხალხი ისე გვიყურებდა, თითქოს ვაფუჭებდით ქართულ მუსიკას... თითქოს ქართული სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნით კულტურას ვარღვევდი"
"ხალხი ისე გვიყურებდა, თითქოს ვაფუჭებდით ქართულ მუსიკას... თითქოს ქართული სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნით კულტურას ვარღვევდი"
"ყოველთვის მიკვირდა, როდესაც მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, თქვენი ქვეყანა სად არისო. ამაზე ვგიჟდებოდი, ვკვდებოდი სიცილით, ასე ვიცოდით, რომ ყველა გვიცნობდა და სინამდვილეში - ასეც არ ყოფილა"

ქართველები მუსიკას, მელოდიას და მრავალხმიანობას მუდამ უფრთხილდებოდნენ, უყვარდათ და განსხვავებულად საუბრობდნენ მასზე. რამდენიმე დღის წინ საქსაფონისტს, მუსიკოს ჭაბუკა ამირანაშვილს ვესაუბრე, ასე მითხრა, ჩემთვის მუსიკა მზე და მთვარეაო. სასიამოვნოდ ჟღერდა ეს სიტყვები. სწორედ მისნაირი ადამიანები უფრთხილდებიან დღეს ქართულ მუსიკას, მრავალხმიანობასა და უკვდავ კულტურას. ჭაბუკას პანდემიაზე,
მუსიკასა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრე:

- ბატონო ჭაბუკა, აქტუალური თემით დავიწყებ, როგორ გადაიარეთ პანდემიის პერიოდი?
- მუშაობაში, ჩემთვის, ერთი მხრივ, უფრო უხვი იყო პანდემიის პერიოდი -  მუსიკას ვწერდი, აქტიურად ვიყავი. შიშს არ ავყევი, გადავწყვიტე მუსიკა მეწერა.

- აიცერით უკვე ან ხომ არ აპირებთ?
-
არა, მაგრამ ვაპირებ. ვაქცინა აუცილებელია, კაცობრიობის წესსა და კანონს უნდა გაყვე, გვერდზე ვერ გაიწევი, მე ასეთი შეხედულება მაქვს. სიკვდილს ჯობია რისკი. ვინმეს ჩვენი მოკვლა რომ სჭირდებოდეს ან ჩიპის ჩადგმა, რასაც ხალხი ლაპარაკობს, ისედაც და ასედაც მოგვძებნიან და გაგვაქრობენ.

- წლებია, საქსოფონზე უკრავთ, როდის დაიწყეთ საქსოფონზე დაკვრა?
- საქსოფონზე ბავშვობიდან დავიწყე დაკვრა, პიონერთა სასახლეში დავდიოდი, მაგრამ ბოლო წლებია, უკვე აღარ ვუკრავ. 19 წლის წინ, გულის შუნტირება გავიკეთე და იმის მერე საქსაფონს თავი დავანებე. ახლა ჩემი ძირითადი სამსახური არის მუსიკის წერა და ჯგუფების პროდიუსერობა, ახლა მყავს ჯგუფი "შარა", ადრე მყავდა ჯგუფი "ბანი".

- არ გენატრებათ საქსოფონზე დაკვრა?
- დაკვრას თავი ჯანმრთელობის გამო დავანებე, როგორც სპორტსმენი უნდა იყოს მუდამ ფორმაში, ისე უნდა იყო შენც ინსტრუმენტთან. დრო რომ გავიდა, უბრალოდ, ვეფერებოდი შორიდან. შეიძლება ოდესმე დავუბრუნდე კიდეც.

- რას ნიშნავს ჭაბუკა ამირანაშვილისთვის მუსიკა, ხელოვნების ეს მიმართულება?
- მუსიკა ჩემთვის არის მზე და მთვარე, ჰაერი, წყალი, მუსიკა მთელი ცხოვრებაა. ეს არის ენა, რომელსაც თარჯიმანი არ სჭირდება, ყველასათვის გასაგები ენაა და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ის.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა მუსიკა, თქვენი ცხოვრება როგორი იქნებოდა?
- განგსტერული - ეს ხუმრობით. ალბათ, რეჟისურაში წავიდოდი, ადრე კინორეჟისორობაც მინდოდა, თუმცა მუსიკამ უფრო წამიღო. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მუსიკა სულ ჟღერდა, მუსიკოსი იყო მამაჩემი. პეტრე და მედეა ამირანაშვილების შთამომავალი ვარ. მათთვის ხელოვნების დარგებიდან მუსიკა მუდამ პრივილეგირებული იყო, ალბათ, გენმაც ხელი შემიწყო.

- თქვენ მიერ შექმნილი კომპოზიციებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ახლა, ერთი კვირის წინ ჩემი სოლო ალბომი დაიბეჭდა გერმანიაში. ჩვენი ნაწარმოებები ავტორებისთვის შვილებივით არის და ძნელია, გამოარჩიო. თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე გულზე მოსახვედრი იყო მუსიკა კინოფილმიდან "სვანი", ჩემი გაკეთებულია, ასევე - სუხიშვილების "ზეკარი-ჯუთა" - კომპოზიციები. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც "ზეკარი-ჯუთა" გავათანამედროვეთ და ხალხი ისე გვიყურებდა, თითქოს ვაფუჭებდით ქართულ მუსიკას. ასევე, გამოხმაურება მოყვა კინოფილმისთვის შემქნილ მუსიკას. ფილმში ბევრი მძიმე მონაკვეთი იყო და ისეთი მუსიკა სჭირდებოდა, რომელიც სიუჟეტს მოალბობდა და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწიე შედეგს და მაგარი მუსიკაც გამოვიდა.

- ზოგადად, რომელი ჟანრის მუსიკას უსმენთ?
- მომწონს, მიყვარს და ბევრს ვსწავლობ კლასიკური და ჯაზური მუსიკით, ეს სიყვარული წლებია, მომყვება. ეს არის დედაენა, ანბანი მუსიკის და როგორც წიგნის კითხვა, ასეა ჩემთვის მუსიკის მოსმენა.

- ქართულ მუსიკას, სიმღერას ბევრ ქვეყანაში გამოარჩევენ, თქვენ რას გვეტყვით ქართულ მრავალხმიანობზე?
- უკვე წლებია, საქსოფონს თავი დავანებე და თანამედროვე ფოლკლორულ ჯგუფებს ვაკეთებ, ახლა შევქმენი ჯგუფი "შარა", ჯგუფი ორი წელიწადია, არსებობს და უკვე ორი კომპაქტდისკი დავბეჭდეთ გერმანიაში, სულ ქართული-ხალხური სიმღერებისგან შემდგარი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვაღმერთებ ჩემს კულტურას და მუსიკას, განსაკუთრებით - მრავალხმიანობას, ის, რაც ტრადიცია, წესი და კანონია, უნდა შევინახოთ, ვისწავლოთ და გამოვიყენოთ. თუ რამე ახალს გავაკეთებთ და საინტერესოს შევმატებთ მას, იქნება კარგი მომავალი თაობისთვის, იმიტომ, რომ უფრო დიდი სიმდიდრე ექნებათ მათ.

- როგორია ქართული სიმღერის მიმართ დაინტერესება უცხოეთში ?
- პანდემიამ გაგვაჩერა, პანდემიამდე ევროპაში ხშირად დავდიოდით და კონცერტებიც გვქონდა. ყველგან წარმატებით გამოვდიოდით, ამიტომ დაგვიბეჭდეს დისკიც. ერთი დისკის სახელწოდებაა "ქართულია", ხოლო მეორესი - "ბარაქა". "ბარაქა" საშობაო სიმღერების კრებულია, რომლის ქართულ ენაზე ჩაწერაც მოგვთხოვეს. ასევე, ამერიკისთვის შევქმენი სიმღერა "ჯინგელ ბელს", ოღონდ ქართული ელემენტებით, რომელიც ერთი თვე ამერიკულ რადიოში ტრიალებდა, მოხვდა მათ ჰიტებში და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამერიკელებს ქართული ელემენტები მოეწონათ, ორიგინალი ვერსია უკვე მობეზრებული აქვთ.

- დრო გადის და თავისთავად მუსიკამაც იცვალა სახე, როგორ მოგწონთ თანამედროვე მელოდიები და ახლებური მუსიკის სტილი?
- მუსიკოსს მუსიკის წერა ყოველდღე შეუძლია, მაგრამ მთავარია, უცხო გავლენის ქვეშ არ მოექცეს. როდესაც ქართველი კაცი სიმღერას წერს და ის სიმღერა გახსენებს რომელიმე რუსულს, სომხურს ან რაიმე ინგლისურს, ცოტა შეუფერებელია. ამიტომ საჭიროა მუსიკის პროფესიონალურად შესწავლა, კარგად უნდა იცნობდე კუთხეებს, ქართულ კილოებს და თუ გააკეთებ ისეთ მუსიკას, რომელიც იქნება ახალი, ქართული, ამით შთამომავლობას დიდ განძს დაუტოვებ.

- რამდენიმე წლის წინ, ქართველმა მსმენელმა "ზეკარი-ჯუთას" თანამედროვე ვერსია მოისმინა, რაზეც თავიდან უარყოფითი დამოკიდებულება წამოვიდა...
- სიახლეს ქართველი ხალხი და, ზოგადად, ყველა, რთულად ეგუება. ახალგაზრდები მარტივად აღიქვამენ სიახლეს და ის ხალხი, რომელიც წნეხისა და ზეწოლის ქვეშ გაიზარდა, უჭირთ შეგუება. თითქოს მე მაშინ ქართული სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნით კულტურას ვარღვევდი, მე, ადამიანი, რომელიც გაიზარდა ქართულ ოჯახში, ჩემი წესი და რიგი იყო ჭური, სიმღერა, რთველი, ღვინო და - დღემდე ასეა. კულტურა ყოველთვის იყო ჩემთვის დაცული და მიმაჩნია, რომ თავიდან ხალხის ეს დამოკიდებულებაც სწორი იყო, ჩვენ გვყავს საზოგადოების ისეთი კატეგორია, რომელიც თავიდან სიახლეს ვერ მიიღებდა. დღეს ზეკარი და ჯუთა გახდა ქორეოგრაფიული დედაენა, ეგ თუ არი, იცი არავინ ხარ.

- რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო, რა გეხმარებათ მუსიკის შექმნაში?
- მეხმარება ხასიათი და გარემო, როგორც ოჯახში, ისე - ოჯახის გარეთ, ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ, კრწანისის ქუჩაზე დიდი ავარია რომ მოხდა, იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ორი დღე ვერ დავჯექი ინსტურმენტთან. თუ ყველგან კარგი ამინდია, მეგობრებშიც და სახლშიც, მაშინ მშვიდად ვმუშაობ.

- თქვენი მოგზაურობის ამბები ცნობილია, კიდევ ბევრს მოგზაურობთ?
- ვმოგზაურობ, როდესაც კონცერტები გვაქვს, გვიწევს წასვლა. პანდემიის გამო გაჩერებულები ვიყავით, თუმცა აგვისტოში მივემგზავრებით ვილნიუსში, კონცერტი გვაქვს.

- მოგზაურობებიდან კარგი ამბებიც გექნებათ შემორჩენილი?
- სულ მახსენდება ერთი რამ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს მთელი მსოფლიო იცნობს, იცნობენ ჩვენს სიმღერებს და ერს. თუმცა ისეთ ქვეყნებში ჩავსულვარ, სადაც წარმოდგენა არ ჰქონიათ საქართველოს შესახებ. თუ გასტროლებზე, შენს კონცერტზე 50 000 კაცი მოვა, არ ნიშნავს რომ იმ ერმა გაგიცნო. ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ძალიან ბევრი უნდა არეკლამოს და გაავრცელოს თავისი ქვეყანა იმისთვის, რომ მსოფლიომ გაგვიცნოს. ყოველთვის მიკვირდა, როდესაც მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, თქვენი ქვეყანა სად არისო. ამაზე ვგიჟდებოდი, ვკვდებოდი სიცილით, ასე ვიცოდით, რომ ყველა გვიცნობდა და სინამდვილეში - ასეც არ ყოფილა. მინდა ხოლმე, ყველას გავაგებინო, ვინ ვართ, რომ გვაქვს ღვინო და სხვა უამრავი ტრადიცია. ჩვენ შედარებით კარგად გვიცნობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ისინი ადრე გვყავდნენ დამეგობრებულები და იციან, ვინ ვართ.

- ამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, საქართველოს რომ შევადაროთ, სხვებისგან რა გამოგვარჩევს?
- გულახდილად რომ ვთქვა, ყველას ჰგონია თავისი საქართველო ყველაზე ლამაზი, კარგი და გამორჩეული. სამშობლო დედაა შენი, როგორც დედაა ყველაზე ლამაზი, ისეა საქართველოც, თუმცა დედის გარდა გარშემო კიდევ რამდენი ლამაზი ქალი დადის! უკვე სწორი ხარ, როდესაც იძახი, რომ საქართველო ყველაზე ლამაზია, ესე იგი, გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ცოდოა ის, ვინც ამას არ იძახის, თორემ საქართველო მართლა ლამაზი და უნიკალურია.

ამას გარდა, დასაფასებელია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული განლაგება. საქართველოში ყველა კლიმატი გვაქვს, ვართ სტუმართმოყვარე ერი, გვაქვს შესანიშნავი ღვინო. ვფიქრობ, ჩვენ კი არ უნდა გაგვქონდეს ღვინო საზღვარგარეთ, ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს ამ ღვინოს დასაგემოვნებლად.

- 3 შვილი გყავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს მუსიკასთან, რომელიმე მამის პროფესიას ხომ არ გაჰყოლია?
- მუსიკასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა მუსიკას არცერთი არ გავაყოლე, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს სპეციალობა შრომის შესაბამისად არ ფასდება. ძალიან ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ კარგი და მაგარი გამოხვიდე, ამიტომ მირჩევნოდა, ბავშვებს სხვა პროფესია აერჩიათ. ორი გოგო მყავს, უფროსი 29 წლის არის, შუათანა - 20-ის, ხოლო უმცროსი - ლუკა 19 წლის. მინდა, რომ კარგი, გემრიელი ქართველები გამოვიდნენ.

- ახლა თუ მუშაობთ რამე ახალ შემოქმედებაზე? უნდა ველოდოთ სიახლეს?
- ახლა ვმუშაობ პერსონალურად ქართული დუდუკის დისკზე, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდება, ასევე - ქართული გარმონის ინსტრუმენტული პროექტები მაქვს, რომელიც ევროპისთვის უნდა გავაკეთო.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები