"იმაზე ფიქრი მაძლებინებდა, რომ დედისთვის გული არ მეტკინა, ის ხომ ვერ გაუძლებდა ერთადერთი შვილის ტკივილს"
17-06-2021
"იმაზე ფიქრი მაძლებინებდა, რომ დედისთვის გული არ მეტკინა, ის ხომ ვერ გაუძლებდა ერთადერთი შვილის ტკივილს"
გაუსაძლისი ტკივილები ლიკა ჩაკვეტაძეს ემიგრაციაში, საბერძნეთში ყოფნისას დაეწყო. ჩვენთან საუბრისას იმ მძიმე დღეებს იხსენებს, რომლებიც გამოიარა: "იყო იმედგაცრუება, უიმედობა, ბევრი ცრემლი, გაუსაძლისი ტკივილი და თვითმკვლელობის მცდელობაც კი, მაგრამ იმაზე ფიქრი მაძლებინებდა, რომ დედისთვის გული არ მეტკინა, ის ხომ ვერ გაუძლებდა ერთადერთი შვილის ტკივილს. დედაზე, მეუღლესა და შვილზე ფიქრმა გამაძლებინა და ბრძოლის გაგრძელების ძალა მომცა".

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"საბერძნეთში არასწორი დიაგნოზი დამისვეს. იძულებული გავხდი, საქართველოში ჩამოვსულიყავი და
აქაც რომ ვერაფერს მივაღწიე, ავსტრიაში წავედი. მახსოვს, ექიმი რომ შემოვიდა ჩემს პალატაში და მას თარჯიმანი შემოჰყვა, სევდიანად მიყურებდა ყველა. თარჯიმანს ვკითხე, ის არის, რასაც ვეჭვობ-მეთქი? თავი დამიქნია მან და გამჭოლი მზერა იმ ლეპტოპს მიაპყრო, ხელში რომ ეჭირა. ეს ცხოვრების დასასრული იყო ჩემთვის..."

"დახმარება ვითხოვე ყველგან,
მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროშიც, მაგრამ არავინ დამეხმარა, ყველასგან მხოლოდ ერთი პასუხი მომდიოდა: უკაცრავად, ამ ავადმყოფობის მკურნალობას არ ვაფინანსებთო. არ დაუფინანსებიათ არანაირი გამოკვლევა და არც ერთი ანალიზი... ერთი კვლევა დამიფინანსა "ანიტას ფონდმა", რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ! თამამად შემიძლია ვთქვა - რომ არა კეთილი ადამიანები, რომ არა ემიგრანტები, რომლებიც მხარში მედგნენ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი..."

"არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, რასაც გარდაცვალება ჰქვია. როდესაც ვიგებ, რომ ონკოპაციენტი გარდაიცვალა, სიცოცხლის ყოველ წამს კიდევ უფრო ვაფასებ და მიძლიერდება ბრძოლის სურვილი. ბევრი რამ სხვანაირად შევაფასე, ადამიანები კიდევ უფრო შევიყვარე, მათი ნაკლოვანებების მიუხედავად და დავაფასე ყველა წუთი, უფრო გავძლიერდი. ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ თითოეული გათენებული დღისთვის..."

"არც ერთი დაავადება არ არის განაჩენი, აუცილებლად უნდა გავუძლოთ და ვიბრძოლოთ. თუ ვიბრძოლებთ, გამოგვივა კიდეც! ეს უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად ვუყვარვართ და ვისაც ვჭირდებით..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?