"ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა"
"ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა"
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის შესვლა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. ამის შესახებ ტიკარაძემ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ.

"ამ ეტაპისთვის საუკეთესო ინტერესები დაცულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება
ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვის ინტერესებს იცავს.

ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ, დაცული იქნება მათი კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია
თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, მინისტრმა ჟურნალისტებთან ამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კვლავაც საყურადღებოა.

"მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს ყველა ღონისძიების დაცვაზე - უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება", - მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

"ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს, ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადების კონტროლის ცენტრიდან. აუცილებელია, სოციალური დისტანცია და პირბადე, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. აღსანიშნავია, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადების დამატება მოხდა და ეს გაგრძელდება. უკვე ჩვენ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც "მოდერნაზე", ასევე "ჯონსონ ჯონსონსა" და "ნოვოვაქსზე". აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ", - განაცხადა მინისტრმა.

მანვე ე.წ. ინდურ შტამთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის დადასტურებული 18 შემთხვევაა, თუმცა არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ მისი გავრცელება გაცილებით მეტი იყოს.

"ამ ეტაპისთვის ჩვენ დადასტურებული 18 შემთხვევა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლევას ვაგრძელებთ. არსებობს გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მისი გავრცელება გაცილებით მეტი იყოს. ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელება გაცილებით სწრაფია", - განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები