"ზედვეა მესის ხელმოწერა. ეს, ჩემთვის, ფაქტობრივად, რელიკვიაა" - ლეგენდის საჩუქარი ლეგენდას - კვირის პალიტრა

"ზედვეა მესის ხელმოწერა. ეს, ჩემთვის, ფაქტობრივად, რელიკვიაა" - ლეგენდის საჩუქარი ლეგენდას

ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდამ ლიონელ მესიმ, ჭადრაკის ლეგენდას, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონსა და არაერთი ტურნირის გამარჯვებულს - ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრად მაისური გამოუგზავნა. ცოტა ხნის წინ, ქალბატონ ნონას 80 წელი შეუსრულდა და საყვარელი ფეხბურთელისგან სამახსოვრო საჩუქარი მისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა!

ქალბატონი ნონა თავის ემოციებს გვიზიარებს:

- ეს უდიდესი სიურპრიზია ჩემთვის და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ემოცია დამეუფლა. წლებია, "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ და ლიონელ მესის დიდ პატივს ვცემ, მომწონს არამხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ - როგორც პიროვნება. "ბარსელონისადმი" ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის და, როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაციამ იგი საქმის კურსში ჩააყენა და აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა. ეს ჩვეულებრივი მაისური არ არის, აწერია - ნონა, გილოცავთ იუბილეს! საუკეთესო სურვილებით და ზედვეა მესის ხელმოწერა. ეს, ჩემთვის, ფაქტობრივად, რელიკვიაა.

დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ჩემთვის მესი ყველაფერია! უდიდესი მოთამაშეა.

- ქალბატონო ნონა, "ბარსელონის" თამაშს სტადიონზე თუ დასწრებიხართ?

- არა, თუმცა 2-3 წლის წინ ბარსელონაში, ვეტერანთა ტურნირზე ვიყავი სათამაშოდ. იმ პერიოდში ბარსელონის სტადიონზე გუნდის თამაშები არ მიდიოდა, თუმცა, ექსკურსია ჩამიტარეს. წავედით მე, ფედერაციის ორი წარმომადგენელი და ერთი მსაჯი. საოცრებაა, ძალიან მომეწონა! სტადიონის სხვადასხვა სიმაღლეზეც კი ავედი, რომ იქიდან შემეხედა მთლიანი სივრცისთვის. მუზეუმიც დავათვალიერეთ და იქიდან რომ გამოდიხარ, ადგილია, სადაც ფოტოები შეგიძლია გადაიღო, ფოტოშოპი გეგონებათ, ისეთი გამოდის - თითქოს სტადიონზე ხარ და ნებისმიერ ფეხბურთელთან დადგები, ვერ გაარჩევენ ნამდვილისგან. მეც გადავიღე და მერე "ვატყუებდი" მეგობრებს, ვითომ ნამდვილად იყვნენ (იცინის). სარეკლამო ალბომებითა და ბუკლეტებით დაგვასაჩუქრეს და იქ ჩემი ერთ-ერთი ასეთი ფოტოც იყო.

- დღევანელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყვით?

- ფეხბურთი ჩემთვის სპორტის ერთ-ერთი საყვარელი სახეობაა და სულ მოლოდინში ვარ, როდის ათამაშდება ჩვენი ნაკრები ისე, როგორც ნამდვილ გულშემატკივრებს გაგვიხარდება. კარგია, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები და ვნახოთ, იმედით ვარ გამსჭვალული.

- თქვენ ვის გამოარჩევთ?

- ორი ახალგაზრდა, დიდი ტალანტია გამორჩეული - გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია. მნიშვნელოვან თამაშებში ორივე დაგვაკლდა, ამასაც გამართლება სჭირდება, ესეც თავისებური უბედობა იყო... დარწმუნებული ვარ, ისინი რომ ყოფილიყვნენ, ახლა ევროპაზე ვითამაშებდით... ჩვენი ნაკრების დღევანდელ მდგომარეობას იმედის თვალით ვუყურებ.

- ქართული ფეხბურთის "რენესანსი" თქვენ როგორ გახსენდებათ?

- 60-70-იანი წლებიდან, უკვე ფანტასტიკური გუნდი გვყავდა. მაშინ რომ დღევანდელი სიტუაცია ყოფილიყო, "დინამოს" ძირითადი მოთამაშეები მსოფლიოს ტოპგუნდებში იქნებოდნენ. თასი, რომელიც ჩვენ ავიღეთ, ხომ საერთოდ ბრწყინვალე იყო. სხვათა შორის, მაშინდელი თამაშის დროს პირველი არხიდან დამირეკეს და მთხოვეს, ჩვენთან მოდით, ფეხბურთს აქ უყურეთ და ჩვენები თუ მოიგებენ, მიულოცეთო. მე და ჩემი მეუღლე წავედით, ვუყურეთ და მართლაც, პირველი მე ვიყავი, ვინც მათ გამარჯვება მივულოცე. ეს დიდი სიხარული იყო და ყველა აღვნიშნავდით.

იმ დროს, იმ თაობაში, ყველაზე დიდი სიხარული იყო ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებები და კულტურის სფეროს წარმატებები, ღონისძიებები. ბევრ სახეობაში გვყავდა ბუმბერაზი სპორტსმენები და მათსა და მაყურებელს შორის დიდი კავშირი იყო. ეს ჩვენი მონაპოვარი იყო, ამით ვარსებობდით და დადებით ემოციებს ვიღებდით.

დღეს უკვე ინტერნეტმა ბევრი მაყურებელი "წაიყვანა", თუმცა, სათამაშო სახეობებს თავისი მაყურებელი, ცხადია, დარბაზებშიც ჰყავს. ამისათვის დიდი გამარჯვებებია საჭირო. როგორც კი სპორტსმენი გაიბრწყინებს, იქ მაყურებელიც ჩნდება. ძველი სპორტული ტრადიციები, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გაგრძელდა და ბევრი ღირსეული სპორტსმენი გვყავს.

დღესდღეობით, ბევრ სახეობაში ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს - კალათბურთში დიდი იმედით ვარ, იმდენად ძლიერი გუნდი გვყავს; რაგბიში; წყალბურთი ამოიქაჩა და ა.შ.

- მსოფლიოს რომელ დიდ საფეხბურთო სტადიონებზე დასწრებიხართ თამაშებს?

- მაგალითად, რუმინეთში, ბულგარეთში, გერმანიაში - მიუნხენში, ინგლისში, 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი. ქართული და ლენინგრადის ჯგუფი იყო ერთად. შესანიშნავი ხალხი წამოვიდა - კოტე მახარაძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვები. დიდი სიამოვნება მივიღე.

- თუ გახსოვთ, რომელი იყო ის პირველი საფეხბურთო მატჩი, რომელმაც თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა და ფეხბურთი შეგაყვარათ?

- სტადიონზე 5 წლის ასაკიდან დავყავდი, ზუგდიდიდან თბილისში რომ ჩამოვდიოდით, მეც მივყავდი. მახსოვს, მაშინ ცხენოსნები შემოივლიდნენ ხოლმე სტადიონს, ეს ეპიზოდი დამამახსოვრდა... ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, მთელი ბუმბერაზი ფეხბურთელები მახსოვს...

(სპეციალურად საიტისთვის)