კომპოზიტორ გია ყანჩელის შვილი პარლამენტს ღია წერილით მიმართავს - კვირის პალიტრა

კომპოზიტორ გია ყანჩელის შვილი პარლამენტს ღია წერილით მიმართავს

კომპოზიტორ გია ყანჩელის შვილი, სანდრო ყანჩელი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს.

როგორც სანდრო ყანჩელი წერილში აღნიშნავს, საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების სფეროში ძალზე გამართულია, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ცვლილებას არ საჭიროებს.

"ინტერპრესნიუსი" სანდრო ყანჩელის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მე მუსიკოსის ოჯახში გავიზარდე და მუსიკასთან გამუდმებით მქონდა შეხება. გერმანიაში 25 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდნა შევიძინე საავტორო უფლებების სფეროში. დღესაც ხშირად მიხდება როგორც კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან, ასევე მუსიკალურ გამომცემლობებთან ურთიერთობა.

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია არის არაკომერციული კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, რომელიც ავტორებმა დააფუძნეს. ასოციაციის საქმიანობა გამჭვირვალეა და ის ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მოკრეფილი და განაწილებული საავტორო ჰონორარის ოდენობაზე.

ჰონორარის ზუსტი და დროული განაწილება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ისეთი განვითარებული ქვეყნებშიც კი, როგორიც გახლავთ გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი მუდმივად ისმის უკმაყოფილო ავტორების მწვავე კრიტიკა ჰონორარის განაწილებასთან დაკავშირებით. მაგრამ ხსენებულ ქვეყნებში ეს სფერო ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ იმართება და პარალელური ორგანიზაციები არ არის დაშვებული. საბედნიეროდ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებზეა მორგებული და პარალელურ ორგანიზაციებს კრძალავს.

გთხოვთ პარალელური ორგანიზაციის საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ უკრაინაში დაშვებული შეცდომაც. იქ პარალელური ორგანიზაციების დაშვებასთან ერთად დიდი ქაოსი დაიწყო და ჰონორარის მოკრეფა-განაწილება კიდევ უფრო გართულდა. ანალოგიურ ქაოსს მივიღებთ საქართველოშიც, თუ პარლამენტი GEღA-ში გაწევრიანებული ავტორების მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების სფეროში ძალზე გამართულია, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და არ საჭიროებს ცვლილებას", - ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, ქართველი ხელოვანების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართა, მათი საავტორო უფლებები დაიცვან და საკითხი საკანონმდებლო დონეზე უფრო გამჭვირვალედ დარეგულირდეს. მათ გამართულ პრესკონფერენციაზე 400-ზე მეტი ავტორ-შემსრულებლის სახელით კოლექტიური მიმართვა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ წლების მანძილზე კუთვნილი ჰონორარი არ აუღიათ.

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე მირიან კულუაშვილი მუსიკოსების ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მუსიკოსების ნაწილმა მათი ასოციაცია საკუთარი სურვილით დატოვა და შესაბამისად, ავტორები თანხას არ იღებენ.