ნაპოვნია IX - X საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი ყაჯირის მთაზე - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები? - კვირის პალიტრა

ნაპოვნია IX - X საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი ყაჯირის მთაზე - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები?

2020 წლის 9 თებერვალს, როდესაც "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის" ექსპედიცია სატორგეს სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა, ცენტრის დაფუძნებელმა ანზორ მჭედლიშვილმა, ყაჯრის მთის ქედზე გამოქვაბული შენიშნა. მრავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთ ექსპედიციას ჩაუვლია, თუმცა მანამდე რატომღაც არავის შეუმჩნევია ეს "საეჭვო სიცარიელე", რომლის მიღმაც თურმე ძველი, უნიკალური გუმბათიანი ტაძარი იმალებოდა."გასულ წელს, სრულიად შემთხვევით, გზიდან დავინახე ეს გამოქვაბული, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია, რომ რამე განსაკუთრებული იყო და არც შევჩერებულვართ. შემდეგ, როცა ექსპედიციიდან დავბრუნდით და ფოტოებს ვამუშავებდი, გამიჩნდა ეჭვი, რომ კადრში უბრალო გამოქვაბული კი არა, ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩანდა. მალევე კიდევ ერთხელ წავედით სატორგეში, მაგრამ გამოქვაბულში შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან სპეციალური ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა შეუძლებელია. შემდეგ გარკვეული პერიოდი კოვიდპანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეგვიშალა ხელი და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოვახერხეთ გვენახა, რა იყო გამოქვაბულში", - გვიყვება ანზორ მჭედლიშვილი.

სატორგედ წოდებული კულტურული მემკვიდრეობის სივრცე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. კერძოდ, მდინარე იორის მარჯვენა ნაპირას, დალის წყალსაცავის სიახლოვეს. კომპლექსი ე.წ. ყაჯირის მთის ქედებზე, კლდეშია გამოკვეთილი და სიგრძეში დაახლოებით 10-მდე კილომეტრზეა გაშლილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სატორგე სასულიერო დანიშნულების გარდა, სამხედრო-სტრატეგიულ ფუნქციასაც ასრულებდა. ამის თქმის საფუძველს მათ აძლევთ კომპლექსის გეოგრაფიული მდებარეობა - სატორგე მიმდებარე ტერიტორიის ყველაზე მაღალ წერტილზეა გაშენებული, გარდა ამისა, ერთ-ერთ ქედზე აღმოჩენილია კოშკის ნაშთი, რომელიც, მკვლევარების ვარაუდით, სათვალთვალო ობიექტი უნდა ყოფილიყო.

ანზორ მჭედლიშვილი ამბობს, რომ საფუძვლიანი კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა. მისი თქმით, დღეისათვის მიკვლეული სამი ძირითადი კომპლექსი, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ძეგლთა სისტემისა, რაც კლდეების სიღრმეში იმალება.

მკვლევარი უახლესი აღმოჩენის იტორიას გვიამბობს და გვეუბნება, რომ ძეგლი, სავარაუდოდ, კიდევ ერთ უძველეს სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს. გააგრძელეთ კითხვა