"მის გა­მო­ჩე­ნამ­დე ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი... რამ­დენ­ჯერ დამ­ხვედ­რია ეზოს ჭიშ­კარ­ზე წე­რი­ლი..." - კვირის პალიტრა

"მის გა­მო­ჩე­ნამ­დე ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი... რამ­დენ­ჯერ დამ­ხვედ­რია ეზოს ჭიშ­კარ­ზე წე­რი­ლი..."

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი რიმა ბერაძე პოლიტიკაში მოსვლის მოტივს ხალხის სამსახურში ყოფნის სურვილით ხსნის. ამბობს, რომ, რაც გაუკეთებია, ზღვაში წვეთია, დაღლას არ აპირებს, რადგან წინ დიდი გეგმებია.

ბავშვობა

ქალაქ ოზურგეთში, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, ხუთი დედმამიშვილი ვიყავით - 4 და და ერთი ძმა. მშობლები ეროვნული ტრადიციების სულისკვეთებით გვზრდიდნენ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო განათლების მიღება და მართლაც, ხუთივემ დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი. მშობლები მშრომელი ადამიანები იყვნენ და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდნენ, აშენებდნენ სახლს, რომელიც ახლაც დგას ოზურგეთში. ყველაზე მთავარი, რაც მათ გვასწავლეს, შრომისმოყვარეობა, ადამიანების სიყვარული, წესიერება და ერთმანეთის პატივისცემა იყო. ოზურგეთის რაიონში თუ იკითხავთ გენო ბერაძის ოჯახს, გეტყვიან, რომ ერთ-ერთი წესიერი და პატივსაცემი ოჯახია, რაც მეამაყება.

სტუდენტობა

შემდეგ იყო სტუდენტობა... თავდაპირველად, გეოლოგობა მინდოდა, რადგან ჩვენთან, რაიონში, მთისპირში იყო ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი დიდი ქარხანა. ამ სოფელში, ბებია-ბაბუასთან ვატარებდით ხოლმე არდადეგებს. იქ რუკებით დადიოდა ერთი ქალბატონი - მარკშეიდერი გეოლოგი და ძალიან მომწონდა. მინდოდა, მეც მასავით გეოლოგი გავმხდარიყავი. ვინაიდან ძალიან კარგად ვიცოდი მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია, შემდეგ მშობლებმა მირჩიეს და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ინჟინერ-ეკონომისტი გავმხდარიყავი. სტუდენტობის პერიოდში ჯერ ქირით ვცხოვრობდით, შემდეგ ჩემი უფროსი და თბილისში გათხოვდა და ყველანი მასთან ვცხოვრობდით. ჩემდა სამწუხაროდ, უფროსი და ახალგაზრდა ასაკში გარდამეცვალა - 23 წლის შვილის ტრაგედიის გამო, უკურნებელი სენი შეეყარა, ვერ შევძელით მისი გადარჩენა... ჩვენ ყველანი, ოთხივე სტუდენტი და-ძმა დასთან და სიძესთან გავიზარდეთ, სადაც შესანიშნავი ოჯახური გარემო გვქონდა. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი ძალიან აქტიური, კარგად ვსწავლობდი და მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ჩემი მშობლების გული გამეხარებინა. ზოგადად, კაცთმოყვარე ვარ, მიყვარს ადამიანები და ჩემი უპირველესი ამოცანა იყო და არის, გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო, ეს ჩემი ერთგვარი ჰობია...

მიყვარს ოზურგეთი და გურულები, იქ ჩემი ფესვებია, ჩემი მშობლები იქ არიან და ბებია-ბაბუის საფლავებიც იქ მაქვს. ყოველთვის ვაკითხავ ჩემი წინაპრების საფლავებს და ვუვლი მარტო ჩემების კი არა, მიმდებარე ტერიტორიაზე საფლავებსაც, რომლებსაც ვერ აკითხავენ. ანდერძივით მაქვს და ჩემს შვილს ვეუბნები, როდესაც გარდავიცვლები, ერთი სურვილი შემისრულე, ვიდრე შეგეძლება ამ საფლავებზე მოდი მათ უკვდავსაყოფად-მეთქი..

"ამას არასდროს დავმალავ"

ამას არასდროს დავმალავ - 25 წლის ვიყავი, როცა იმდროინდელმა პარტიის რაიკომის მდივანმა ჩემთან ორგანიზაციაში მოსვლის დროს, მომისმინა იმ საკითხებზე, რომლებიც მის წინაშე დავაყენე, მერე გამომიძახა და პარტიის რაიკომის მესამე მდივნად დამნიშნეს, იდეოლოგია მიმყავდა. 9 წლის განმავლობაში ვიყავი რაიკომის მდივანი ოზურგეთის რაიონში და იმაში, რაც იმ პერიოდში რაიონში აშენდა და რაც განვითარდა, წვლილი მეც მიმიძღვის. იქ დავტოვე ხალხის პატივისცემა და სიყვარული. არიან ადამიანები, მეუბნებიან, აი, შენ რაიკომის მდივანი იყავიო... იმ პერიოდში ძალიან წესიერად ვმუშაობდი. წესიერები ყველა თაობაში არიან და ეს იციან ოზურგეთელებმა. ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება იყო, როცა 15 წლის შემდეგ, მოსახლეობის დიდმა ჯგუფმა წერილი გამოგზავნა საქართველოს მთავრობაში და ჩემს გუბერნატორად დანიშვნას ითხოვდა. ოჯახური მდგომარეობის გამო (შვილი პატარა მყავდა), წასვლა ვერ შევძელი და თანამდებობაზე უარი ვთქვი. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება, როცა დავინახე, რომ ადამიანებს ჩემი რწმენა ჰქონდათ.

რატომ მოვედი პოლიტიკაში...

როცა ოჯახი შევქმენი, ოზურგეთიდან თბილისში გადმოვედი, ვიყავი 2 მოწვევის დეპუტატი თბილისის საკრებულოში. ჩემი პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ შინაგანად მქონდა მოთხოვნილება, ადამიანების გვერდით ვყოფილიყავი. საერთოდ არ მქონდა დიდი ხელფასი, არც დიდი თანამდებობა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი ადამიანების პრობლემების მოგვარებას. წინა ხელისუფლების პოლიტიკური კურსი ჩემთვის მიუღებელი იყო და როცა 2011 წელს ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, მივედი ამ გუნდთან როგორც რიგითი მოქალაქე. მის გამოჩენამდე ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდი და პირველად მაშინ ვნახე, როდესაც თბილისში დიდი აქცია ჩატარდა. განაგრძეთ კითხვა