"ექოზე თავიდან ბიჭები გამოჩდნენ, ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - კვირის პალიტრა

"ექოზე თავიდან ბიჭები გამოჩდნენ, ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით"

39 წლის მიხეილ კაპერსკისა და 31 წლის თეონა გოგოლაურის წყვილს უდიდესი ბედნიერება ხვდა წილად, ისინი  4 შვილის მშობლები ერთდროულად გახდნენ.  ახალციხეში მცხოვრებ ცოლ-ქმარს 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი შეეძინათ. პატარებს სახელად  დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა დაარქვეს. დედამ ბავშვები საკეისრო კვეთით კლინიკა "პინეოში", თბილისში გააჩინა.

სასიხარულო ამბის გახმაურების შემდეგ, გადავწყვიტეთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა, თავად მშობლებს გაეზიარებინათ ჩვენთვის, 4 პატარას დაბადებით გამოწვეული ემოცია და მიხეილ კაპერსკის დავუკავშირდით, რომელიც  kvirispalitra.ge-ს ინტერვიუზე სიამოვნებით დასთანხმდა.

- პირველ რიგში გვითხარით, როგორ გრძნობენ დედა და ახალშობილები თავს? გაგვიზიარეთ ემოციები

- მე და თეომ ოჯახი 2019 წლის ნოემბერში შევქმენით. ახალციხეში ვცხოვრობთ. როცა შევიტყვეთ, რომ ტყუპი უნდა გვყოლოდა, თან 4, უზომოდ გაგვიხარდა, უდიდესი ემოცია გამოიწვია, რადგან დავითის, დანიელის, მაქსიმესა და მართას დაბადებით გავხდით მშობლები. ჩემი მეუღლისთვის ეს პირველი ორსულობა იყო. მალევე გავიგეთ ექოსკოპიაზე, რომ ტყუპი ბავშვები გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, სიხარულით ავივსეთ, თუმცა ვნერვილობდით, გვეშინოდა, ბავშვების შენარჩუნების პრობლემის წინაშე შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით.

სავარაუდოდ, ჩემი გენი აღმოჩნდა დომინანტი, რადგან ტყუპი მამიდაშვილები მყავს. თავიდან ექოზე ბიჭები გამოჩდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მეტნი იყვნენ. ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა. ბავშვები 7-თვიანები დაიბადნენ, 9 თვემდე არ გასტანა ორსულობამ, ამიტომ ცოტა ხანს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩემი ცოლი ამ სიხარულის ფონზე იმაზე დარდობს, უფრო მეტი ხანი რომ ვერ შეძლო ბავშვების მუცელში გაზრდა.  ახლა იმას ველოდებით, მალე გამოწერონ დედა და პატარები სახლში. დეკემბრის თვიდან მოყოლებული "პინეოში" დავდიოდით და არ შემიძლია არ გამოვხატო მადლიერება კლინიკისა და იქაური მედპერსონალის მიმართ. ძალიან კარგი გინეკოლოგის ხელში აღმოჩნდა თეონა.

- როგორც აღნიშნეთ, იცოდით, რომ 4 ტყუპის მშობლები ხდებოდით. როგორ წარიმართა სახელების შერჩევის პროცესი?

- სახელებს გზადაგზა ვარჩევდით. ბიჭებისთვის სახელების მოფიქრება, ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა.

- ახლა ალბათ, განსაკუთრებულ სამზადისში ხართ და ემზადებით პატარების დასახვედრად... - გუშინ ვიყიდე საწოლები და ყველაფერს ვაკეთებ ბავშვების დასახვედრად. უკვე ოთხივე მოვნათლეთ და ჩემი თხოვნა იქნება აღნიშნოთ სტატიაში, რომ ილოცონ ჩვენი პატარების სახელზე და შეგვეწიონ. ამ ფორმით გაიზიარონ ჩვენი ოჯახის სასიხარულო ამბავი. ყველას ვუსურვებ შვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს.

- რას საქმიანობთ ახალციხეში? - სტიქაროსანი ვარ და ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვმსახურობ.ძირითადი საქმიანობით აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი ვარ. ჩემი მეუღლე ერთ-ერთი იტალიური კომპანიის მენეჯერი იყო.

(სპეციალურად საიტისთვის)