"რახან მე არ გამიმართლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"რახან მე არ გამიმართლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ არსებობს"

"მატერიალისტი არ ვარ, ფულის შოვნის ინტერესი არ მაქვს. როცა ადამიანს მონდომება გაქვს, ყველაფერს იღებ"

"მისგან ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება. ძალიან რომანტიკული და ვნებიანია, მაგრამ ხშირად მარტოსული. მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა, მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს. ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც კი არის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ სალომე ჭულუხაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ჩემი ნიშნის დახასიათებისას რა თვისებებიც წამიკითხავს, ჩემს ხასიათთან ბევრი თანხვედრა აღმომიჩენია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მშვილდოსნები მოუსვენრობით გამოირჩევით. ასეა? - წლების წინ მეტად მოუსვენარი ვიყავი, დღეს - ნაკლებად. ეს ცვლილება ასაკმა თავისთავად მოიტანა.

- თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული ხარ? - ძალიან, ეს "სიყვარულები" ბავშვობიდან ჩემს ხასიათშია და მგონია, ცვლილება არც არასდროს მოხდება.

- "სხვადასხვა იდეა მას თავში სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად, ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამოკიდებული". - ამ შემთხვევაშიც დავეთანხმები. მგონია, რომ კარგი ინტუიცია მაქვს, ხშირად ნაბიჯი გაუაზრებლადაც გადამიდგამს და გამმართლებია. ინტუიცია მკარნახობს, როდის გავჩერდე ან ვიმოქმედო, რა დროს რა ნაბიჯი უნდა გადავდგა.

- პირდაპირი ხარ? - ძალიან.

- ეს ხომ ბევრ ადამიანს არ უყვარს, არ მოსწონს. - გეთანხმები, ხანდახან მეც მიშლის ხელს.

- ლავირების უნარის გამომუშავება არ გიცდია? - რატომ? რა საჭიროა? ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ახლობლებთან ურთიერთობისას.

- როდესაც თავად შენნაირ პირდაპირ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, მისი პირდაპირობა დისკომფორტის შემქმნელია? - არანაირად, ჩემთვის ეს სასურველიც კი არის.

- "მისგან ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება". - არ ვიცი, ასეა? მწარე ენა არ მაქვს. ადამიანების განაწყენება არ მიყვარს.

- "ის ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, მაგრამ ხშირად მარტოსულია; მას მოვლენების და ადამიანების გაიდეალება სჩვევია". - ასეა, გაიდეალება მჩვევია, ჩემს ხასიათში ალბათ რომანტიკაც არის. გაიდეალებას რატომ ვახდენ, მართლა არ ვიცი, ეს თავისთავად ხდება. ზოგჯერ შეცვლასაც ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის, ამაზე ბევრს არც ვფიქრობ.

- "მას სიყვარულის და მეგობრობის მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც სწამს". - მართალია.

- როგორ ახერხებ? - მეგობრებში იმედგაცრუება არ მქონია, ამაში ნამდვილად გამიმართლა. სიყვარულში იმედგაცრუება ბევრჯერ მქონია, მაგრამ ამ სამყაროში მხოლოდ მე ხომ არ ვცხოვრობ? გარშემო სხვა მაგალითებიც არსებობს. რახან მე არ გამიმართლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ არსებობს.

- იმ ადამიანთან, ვისგანაც იმედგაცრუების სიმწარეს იგემებ, შემდეგ ურთიერთობის გაგრძელება შეგიძლია? - კი.

- გამოდის, ადვილად პატიობ? - სამწუხაროდ, ასეა. თავად ხშირად არ ვითხოვ პატიებას, მაგრამ საჭიროდ თუ ჩავთვლი და გავაანალიზებ, რომ შემეშალა, მერე ამ ნაბიჯის გადადგმა არ მიჭირს.

- სიყვარულში იმედგაცრუება, ტკივილი შენში რა კვალს ტოვებს, დამთრგუნველი მეტად არის თუ მოტივაციის მომცემი? - ალბათ უფრო მასწავლებელია: ეს განცდა ბევრ რამეს მასწავლის. ვცდილობ, მომავალში ის შეცდომა აღარ გავიმეორო.

- "შემოქმედებით საქმიანობაში ხშირად ვერ ახერხებს გაექცეს მიმბაძველობას". - ამ შემთხვევაში, ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. პირიქით, სულ ვცდილობ, საკუთარ თავსაც კი არ ვგავდე და ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავებულად ვითამაშო.

- ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევი? - ძალიან. ასეთი ადამიანები მიზიდავენ, სულ მათთან ყოფნა და ურთიერთობა მინდა.

- "მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა".

- ასე არ არის. 4 და 5 წელი ხანმოკლეა? არა მგონია.

- "მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს". - ალბათ ასეა.

- ბევრი გაქცევა გქონდა? - ბევრი - არა, მაგრამ რამდენი დაშვებაც მქონია, იმდენ გაქცევად შეიძლება აღვიქვათ.

- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ? - არ ვიცი, უიღბლო არ ვარ, ვერც იმას ვიტყვი, რომ იღბლიანი ვარ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ კატის წელში დაბადებული ადამიანები ვარდნის დროს ყოველთვის თათებზე ეცემიან. ეთანხმები? თავად დაცემას უმტკივნეულოდ ახერხებ? - ალბათ ასეა, ძალიან მტკივნეული დაცემა ჯერჯერობით არ მქონია.

- რისკზე ხშირად მიდიხარ თუ სიფრთხილით უფრო გამოირჩევი? - თუ საქმე ფიზიკურ ტკივილს ეხება, ძალიან ფრთხილი ვარ, რაც შეეხება ემოციას, ამ შემთხვევაში მძაფრი შეგრძნებები მეტად მიზიდავს.

- "მას კარგი ფინანსური ალღო აქვს". - ტყუილია, მატერიალისტი არ ვარ, ფულის შოვნის ინტერესი არ მაქვს. როცა ადამიანს მონდომება გაქვს, ყველაფერს იღებ.

- "ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა უყვარს". - ტყუილია.

- შენზე თუ გაგიგონია ისეთი ჭორი, რომელსაც გული უტკენია, გაუღიზიანებიხარ? - ჭორი რამდენჯერმე გამიგონია, მაგრამ ასეთი - არასდროს. ჭორაობას ძალიან მდაბიო საქციელად მივიჩნევ. არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს.

- "უყვარს სტუმრების მიღება-გამასპინძლება, მეგობრული საღამოების მოწყობა". - ვაიმე, ვგიჟდები. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ახლა ვეღარ ვახერხებ. ეს საღამოებიც ხომ მერე მოგონებებად იქცევა. მეგობრულ შეკრებას მიზეზი და თარიღი არ სჭირდება.

- "ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც კი არის". - ვერ დავეთანხმები, ეს მე არანაირად არ მეხება.

- "იშვიათად კარგავს წონასწორობას. არ ახასიათებს აფექტური ქმედებები". - ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ემოციისგან ვიცლები და 5 წუთში მშვიდად ვარ, საკუთარ თავზე კონტროლს იოლად ვკარგავ. ახლობელ ადამიანს ჩემი "აფეთქება" ადვილად შეუძლია. იმ ემოციას ვერაფრით დავიტევ, ვერ შევინახავ, ძალიან ცუდად ვიქნები. აქაც ჩემი პირდაპირობა ვლინდება.

- "ყველაზე მეტად სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები არ უყვარს". - ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო. სხვა რომ ჩხუბობს, ეგეც კი ძალიან ცუდად მოქმედებს.

- ყოველთვის იცის, რა უნდა, მისთვის სასურველი რამ როგორ მოიპოვოს. - ასეა და შეიძლება ითქვას, რომ ეს თვისება ცხოვრებას მიადვილებს.

- ასეთია შენი ასტროპორტრეტი. - საინტერესოა, ბევრი თანხვედრა იყო.

- შენს ცხოვრებაში ახლახან სასიამოვნო სიახლე მოხდა, დედა გახდი. ეს რა განცდაა? ლამარიასთან პირველი შეხვედრის ემოცია შეგიძლია გადმოსცე?

- უჰ! სასწაულია, სიტყვებით როგორ გადმოვცე? როგორ გითხრა? საოცრება იყო, ასეთი მაგარი განცდა ცხოვრებაში არ მქონია.

- ამ ადამიანმა შენში რა შეცვალა?

- მე და ლამარია სულ ერთად ვართ, პანდემია დაემთხვა, თეატრში აღარ დავდიოდი და სულ მასთან ვიყავი. ჯერ პატარაა. თავიდან ძალიან ჭირვეულობდა, ღამეები არ გვეძინა. ახლა აზრზე მოსვლა დაიწყო.

- სახელი თავად შეურჩიე? - სვანეთში წმინდა მარიამს "ლამარიას" ეძახიან. წლებია, სვანეთში დავდივარ, უშგულში 2 წლის წინ ავედი, ლამარიას ტაძარი მოვილოცე. მაშინ დავფიქრდი, არ გამიგონია, ვინმეს "ლამარია" ერქვას და რატომ არ არქმევენ-მეთქი? მითხრეს, წმინდანია და იმიტომ არ არქმევენო. არადა, ქართველები წმინდანების სახელებს ვატარებთ. "ლამარიას" სახელად ვერ აღიქვამდნენ, მე ძალიან მომწონდა და ჩემს შვილს დავარქვი. სასიამოვნოდ მოსასმენი სახელია.

- სიახლე შემოქმედებით საქმიანობაშიც გაქვს: "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდი? - ეკა მჟავანაძემ დამირეკა, ვიდეო უნდა ჩამეწერა და იმ დღესვე გამეგზავნა, ასეც მოვიქეცი. ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს.

- სცენარი თანდათან იწერება. მესმის, თავადაც არ იცი, რას მოიმოქმედებს შენი გმირი, მაგრამ როგორი მოლოდინი გაქვს, ეს პერსონაჟი რა ემოციას გიტოვებს? - საინტერესო ქალია, რაღაც ახალი ამბავი იწყება. ეს ქალი მინისტრია, მიზანი აქვს დასახული, მაცდურია, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს.

თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"