"მისიონერი პეპი"
21-06-2021
"მისიონერი პეპი"
"მესტიიდან ლამის დამუნჯებულები დავბრუნდით მარნეულში, მერე კი მთელი სოფელი გაოგნებული დადიოდა სვანეთზე ნაამბობით. მითხრეს, ჩვენც წაგვიყვანე, ჩვენც გვინდა საქართველო ვნახოთო. არადა, ამ სოფელში არიან ადამიანები, რომლებიც მარნეულამდეც კი არ ჩასულან..."

თუ გინდა, თავადაც იყო ბედნიერი და სხვებსაც აბედნიერებდე, სადღაც, გულის კუნჭულში, მუდამ უნდა დაიტოვო ბავშვი. ხელი არასოდეს უნდა გაუშვა შენს პეპი გრძელიწინდას, რომელიც არასოდეს დაგანებებს, დაჩაჩანაკდე. თან უნდა მოახერხო და არასოდეს წამოგცდეს, რა მოსაწყენი გახდა ცხოვრებაო! ბავშვი, რომელიც თქვენშია, არასოდეს
მოისვენებს, რომ ბედნიერებით არ დაგასაჩუქროთ. მუდამ დაგახვედრებთ ცხოვრების ფუღუროში მიმალულ სიურპრიზებს, როგორც პეპი ახვედრებდა თავის ორ საუკეთესო მეგობარს - ტომსა და ანიკას და როგორც მარნეულის სოფელ ხოჯორნის სკოლაში ახვედრებენ თავიანთ ქართულის მასწავლებელს, ლალი მარგიანს ბავშვები ქართულად მოთხრობილ ამბებს, არადა, ამ სკოლაში ლალი მასწავლებლის მისვლამდე ბევრმა
ისიც კი არ იცოდა, როგორი იყო საქართველო. ლალი მასწავლებელი აქ სწორედ თავისმა "პეპიმ" წაიყვანა - მასში მუდამ მბორგავმა ბავშვმა, რომელსაც სურდა, რაც შეიძლება რთულ ადგილას წასულიყო რაც შეიძლება ძნელი საქმის საკეთებლად. მოკლედ, ყველაფერი იმ "მისიონერმა პეპიმ" გაბედა, ლალი მარგიანის ხასიათში რომ ცოცხლობს და დღეს უკვე აქაური ბავშვებისთვის ქართული "გემრიელი" ენაა, სწორედ ისეთი, როგორიც კანფეტები - პეპისთვის.

- ამქვეყნად, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის თავს ხანდახან არ ეკითხება, ბედნიერი ვარ თუ არაო. ჰოდა, მეც სწორედ ამას ვეკითხები ჩემს თავს და, წარმოიდგინეთ, რომ ასე პასუხობ: "დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ძნელი ცხოვრება მქონდა, ნამდვილად ვარ ბედნიერი. იმიტომ, რომ ჩემში ბავშვი ვერაფერმა ჩაკლა, იმიტომ, რომ სწორედ ბავშვობის მეგობრები მაძლებინებდნენ და მაძლებინებენ, როდესაც მიჭირს". სვანეთიდან ხოჯორნაში მოხვედრის ამბავიც ამ ბედნიერების ნაწილია. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ჩემი ოცნება იყო. თუმცა მანამდე რა იყო, ჯერ იმას მოგიყვებით. მოკლედ, 18 წლის ვიყავი, როდესაც მესტიიდან სვანეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში, კალაში გამგზავნეს მასწავლებლად. რა თქმა უნდა, ამის არც განათლება გამაჩნდა, არც გამოცდილება, მაგრამ სხვა პირობებს ვაკმაყოფილებდი: ყველამ იცოდა, რომ კალაში, სამ მოსწავლესთან, პროფესიონალი მასწავლებელი არ წავიდოდა. ის დრო იყო, როდესაც, სამწუხაროდ, სვანეთის დაცლა იყო დაწყებული. გარდა ამისა, მესტიაში სკოლა საუკეთესო მოსწრებით მქონდა დამთავრებული და ჩემი იმედი შეიძლებოდა ჰქონოდათ. კალაში მოსწავლეებთან ისე მომეწონა, ლამის ჭამა-სმაზე ვამბობდი უარს და სულ მათ გვერდით ვიყავი. ბავშვებთან საუკეთესოდ ვგრძნობდი თავს და დღესაც ასეა. არ მეგულება სამყარო, რომელიც ბავშვების სამყაროზე უკეთესი იყოს, იმიტომაც ნებისმიერ ადამიანში ბავშვს დავეძებ. როდესაც იმ სოფლიდან წამოვედი, თან ჩემი სამი მოსწავლის ფოტოები გამოვიყოლე, რომელთაც დღემდე ჩემი შვილის ფოტოებივით ვინახავ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სახლი წლების განმავლობაში არ გამაჩნდა, ამ ფოტოებს ყველგან დავატარებდი. ამას წინათ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე და ამ სამიდან ერთ-ერთი გოგონა შემეხმიანა, ლალი მასწავლებელო, მაგ ფოტოებში რომ თავგადახოტრილი გოგოა, ის მე ვარ და იცოდეთ, ჩემს გულში ხართო.



- ზუსტად ასე წერენ თქვენს გვერდზე ხოჯორნელი ბავშვებიც. ერთ-ერთი მესიჯი დამამახსოვრდა: "ლალი მაას, როგორ მიყვარხართ, ვამაყობ თქვენით. როგორ მინდა ჩაგეხუტოთ. ნელი მატოსიანი." ამას როგორ მიაღწიეთ?
- ნებისმიერი საშუალებით, რაშიც სიყვარული ჩანს. დღეს, ოღონდაც ჩემს მოსწავლეებს ქართული ენა ვასწავლო, რა ხერხს აღარ ვიყენებ, ხელებსა და ფეხებსაც კი ვიშველიებ. ეს ჩემი სიცოცხლე და სამყაროა. ყველაზე უსიცოცხლო მაშინ ვიყავი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში სკოლა არ იყო.

- ასეთი დროც იყო?
- იყო. ქორწინების ტვირთმა კინაღამ უარი მათქმევინა ბავშვობის ოცნებებზე, მაგრამ სწორედ მაშინ მივარდა ჩემი მეგობარი მესტიაში დედაჩემთან, ჩვენ ლალი განათლების გარეშე არ უნდა დავტოვოთ, მე დავეხმარებიო. დედაჩემმა ჰკითხა, ვთქვათ, წავიდა განათლების მისაღებად, სად უნდა იცხოვროსო? ჩემმა მეგობარმა­ - თბილისში იცხოვრებს, ჩემი ძმის დაკეტილ სახლშიო. მართლაც, ამ სახლში ქმარ-შვილთან ერთად ათი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. მაშინ მესტიაში ისედაც ვერ დავბრუნდებოდით, რადგან მე და ჩემი მეუღლე მრავალშვილიანი ოჯახებიდან ვიყავით და საკუთარი სახლი არ გვქონდა. შემდეგ მოვიდა უმძიმესი წლები - 11 თვის გოგონა გარდამეცვალა მენინგოკოკით. ჩემი მეუღლე უცხოეთში წავიდა ვითომ ოჯახის დასახმარებლად და იქ სამუდამოდ დარჩა, მე კი ისევ მეგობრებმა არ მიმატოვეს და არც იმ უნარმა, გარშემო მყოფებისთვის დღესასწაულის მოწყობა შემძლებოდა. სწორედ ამ ძალამ გადამარჩინა.

რაღაც პერიოდი, შვილი რომ გამეზარდა, უფასო სასადილოში ვმუშაობდი დამლაგებლად, თან თეფშებს ვრეცხავდი, იატაკს ვწმენ­დ­დი და თან უამრავ მოხუცს დღესასწაულს ვუწყობდი, ამით კი მეც ვბედნიერდებოდი. ეს ხან ჩემი ხელით დამზადებული სუვენირები იყო, ხან - მათი მონაწილეობით მოწყობილი კონცერტები. ზოგი მოდიოდა და მეუბნებოდა, ისე ვიცხოვრე, ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ახლა კი ბედნიერი ვარო.

- მართლაც რთული პერიოდი გქონიათ.
- მაგრამ გადავიტანე და არ წავიქეცი. მერე ისევ სვანეთში, ლახამულაში დავბრუნდი მასწავლებლად. იქ წლების განმავლობაში ვცხოვრობდი საოცარი ადამიანის, ამ სოფლის სკოლის დირექტორის სახლში. ის იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ცხოვრების გზაზე გამამაგრა. ახლა რომ ვფიქრობ, ღმერთი არც არასოდეს გაგწირავს, თუკი თავად შეგიძლია სიკეთის კეთება. თუმცა ჩემმა მოუსვენრობამ თუ ოცნებამ არც აქ გამაჩერა და ბავშვობის ოცნების ასასრულებლად მომინდა წასვლა.

იკითხავთ, რაზე ოცნებობდიო. შეიძლება ბევრმა არც დამიჯეროს, მაგრამ ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყნისთვის რამე მნიშვნელოვანი გამეკეთებინა. წარამარა გულში ვიმეორებდი ტარიელ ხარხელაურის ლექსს: "ხან მძლევს, ამიტანს, ცრემლი მახრჩობს დიდი სიმწრისა, თუ რამე მომკლავს, დარდი მომკლავს ჩემი მიწისა". სწორედ ამიტომ წამოვედი სოფელ ხოჯორნაში, სადაც ქართველები არ ცხოვრობენ და იქაურებმა არც ქართული იცოდნენ. ამისთვის რთული კონკურსი გავიარე, რასაც ორი წელიწადი მოვუნდი.

- როგორ შეხვდნენ აქ ქართველ მასწავლებელს?
- თუ შეხვდები ადამიანს, ვისაც მეგობრობა­ შეუძლია, უნდა ჩათვალო, რომ არაფერი გაგიჭირდება. ხოჯორნის სკოლას, სადაც 75 მოსწავლე სწავლობს, სწორედ ასეთი დირექტორი ჰყავს - რიმა გარიბიანი. მეგობრებში რომ მიმართლებს,­ მგონი, ეს ჩემი ჯილდოა. მან თავისი ძმის ცარიელი სახლის კარი გამიღო, რომელსაც "პეპის ვილა" დავარქვი და კედელზეც პეპი მივახატე.



- ნიშნად იმისა, რომ აქაც ასე უნდა გეცხოვრათ, მოულოდნელი სიურპრიზებით?
- დიახ, რადგან სიმძიმე ანადგურებს ურთიერთობებს. სხვანაირად როგორ უნდა ამეწყო ურთიერთობა ბავშვებთან, რომლებიც ჩემში მხოლოდ უცხოს ხედავდნენ, ან მასწავლებლებთან, რომლებმაც თავიდან ამ უცხოობის გადალახვა არც მოინდომეს?
როდესაც დირექტორმა 25 მასწავლებლის წინაშე სამასწავლებლოში წარმადგინა, ისე კუშტად მიყურებდნენ, ტკბი­ლეული, რომლითაც მივედი, კინაღამ ხელიდან გამივარდა, მაგრამ მაინც ჯიუტად არ მოვიშორე სახიდან ღიმილი და არც სიჯიუტე მოვიშალე. აი, ასე ნელ-ნელა მივიკვლევდი გზას მათი გულებისაკენ, მანამდე, სანამ ამ სკოლის მასწავლებელი და 18 მოსწავლე მესტიაში არ წავიყვანე ექსკურსიაზე.

- წარმომიდგენია, როგორ მონუსხავდით მათ...
- არა მხოლოდ მესტიის სილამაზით, არამედ მასპინძლობითაც. ეს ერთ-ერთი იმ დღეთაგანი იყო, როდესაც სხვისი ემოციების გაზიარებით თავადაც ვინუსხები.
ლამის დამუნჯებულები დავბრუნდით მარნეულში, მერე კი მთელი სოფელი გაოგნებული დადიოდა სვანეთზე ნაამბობით. მითხრეს, ჩვენც წაგვიყვანე, ჩვენც გვინდა საქართველო ვნახოთო. არადა, ამ სოფელში არიან ადამიანები, რომლებიც მარნეულამდეც კი არ ჩასულან.
რაც შეეხება ბავშვებს, ეს სულ სხვა საქმეა... მათი გულები გულწრფელობისთვის ყოველთვის ღიაა. ბავშვებთან შეგუება არ გამჭირვებია. სწორედ ისეთი წარვდექი მათ წინაშე, როგორიც ვარ. ქართული სიტყვების აღსაქმელად ყველა ხერხი გამოვიყენე, ხელებიც და ფეხებიც კი. ამიტომაც ძალიან სწრაფად ვიგრძენი, როგორ წამოვიდა ჩემკენ უშველებელი სითბო.

დღეს არაერთი მოსწავლე მყავს, რომლებმაც სომხეთში სასწავლებლად წასვლა გადაიფიქრეს და თბილისში ამჯობინებენ განათლების მიღებას.E ეს ხომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება! ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ მისი მოქალაქეები ლაღები და თავისუფლები იყვნენ, რომ მათ გულებში აგრესიის ადგილი არ იყოს. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ჩემი ხოჯორნელი მოსწავლეები ქართველ ბავშვებთან ურთიერთობდნენ.

ერთხელ, როდესაც სხვა სკოლასთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავით, სკოლის დირექტორმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი ბავშვები გაცილებით ლაღები იყვნენ, ვიდრე მეორე სკოლის ბავშვები. ვუთხარი, ეს ქართველ ბავშვებთან ხშირი ურთიერთობის გამოა-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, წლევანდელი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს როგორი ღელვით ვუყურებდი - ჩემი გოგონა რომ გაზრდილიყო, სწორედ მათი თანატოლი იქნებოდა. როცა მეც თეთრი წინსაფარი ჩავიცვი და კიკინები გავიკეთე, ამ ბავშვების თვალებში ჩემს შვილს ვხედავდი.

- თქვენ ისეთი ბოლო ზარი მოუწყვეთ მოსწავლეებს, რომ ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა. ბედნიერება იქნებოდა, ყველას თქვენნაირი მასწავლებელი ჰყავდეს.
- ეს წინსაფრებიც თავად შევკერე ჩემი ბავშვებისთვის. აქ, ხოჯორნაში, ძველი საკერავი მანქანა მაქვს.
ამ მხარეში ბოლო ზარის სხვა ფორმაა მიღებული, მაგრამ რადგან ჩემმა ბავშვებმა თეთრი წინსაფრის ჩაცმა გადაწყვიტეს, ლილოს ბაზრობიდან მეგობარს ქსოვილი გამოვაგზავნინე და წინსაფრები შევკერე. მერე ვნახე, რომ ქსოვილი ერთი წინსაფრისთვის დამრჩა და ჩემთვისაც შევიკერე...

- "პეპიმ" "გიჩქმიტათ", არა?
- ალბათ. მერე თეთრი შარფი გავხიე და კოლეგას ბაფთებიანი კიკინები გავაკეთებინე. რომ მიკრავდა, სიცილს ვერ იკავებდა, ლალიჯან, რა გადარეული ხარ, ეს საიდან მოიფიქრეო. ბავშვებმა კი ისეთი ტაში დასცხეს! მართლაც საინტერესო პეპი ვიყავი - პუტკუნა და ცელქი! განსაკუთრებით პირველკლასელები გაოგნდნენ - ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდათ.

- გამოდის, რომ საქართველოს კეთილი ნების ელჩი ხართ მისივე მიწაზე...
- ჩემს ქვეყანას თავის მიწაზე ელჩი არ სჭირდება. მას სჭირდება დაფიქრება იმაზე, თავისი მოქალაქეების გული როგორ გააღოს. წარმოიდგინეთ, ხოჯორნაში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც საქართველოში, გარდა თავისი სოფლისა, თვალით არაფერი უნახავს. ასე ხომ ურთიერთპატივისცემა ვერ დამყარდება?! სიყვარული ურთიერთობით მოდის. ჩემმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ქართულს "გემრიელი" ენა დაარქვეს. იმისთვის, რომ ეს სიტყვა მოეძებნათ, ჯერ თავიანთ ენაზე იპოვეს გემრიელობებთან დაკავშირებული სიტყვები და მერე მიუსადაგეს ქართულს. აბა, ეს როგორ არ გამიხარდეს, ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულებაა!

- კიდევ რა ოცნებები დაგრჩათ ასასრულებელი?
- ბევრი არაფერი. ჩემი შვილი უკვე გზაზე დგას. ახლა მინდა, ხოჯორნაში მოვაწყო პატარა კუთხე, სადაც აქაურები საქართველოს ნახავენ. ამისთვის სახლი მჭირდება, რომელსაც ასევე "ვილა პეპის" დავარქმევ. და კიდევ - ვინატრებ, გულში ბოლომდე შემომრჩეს ის ბავშვი, რომელიც მთელი ცხოვრება სიძნელეებს მაძლევინებდა, რომ ყოველთვის, როგორც პეპი შესძახებდა, მეც ისე შევუძახო ასაკს: "მომწყდი თავიდან, დაბერება არ მინდა!"
თბილისელი
25 ივნისი 2021 18:27
შესანიშნავია ამბავიც და რესპონდენტიც.

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები