"მახსოვს, შენონის საერთაშორისო აეროპორტის ტუალეტში რუსი ბავშვი ეკითხებოდა დედას: "მამა, მი ვ მაგაზინე?"
"მახსოვს, შენონის საერთაშორისო აეროპორტის ტუალეტში რუსი ბავშვი ეკითხებოდა დედას: "მამა, მი ვ მაგაზინე?"
"როგორც მსახიობი, სანამ თამაში შეუძლია, ვერ ელევა პროფესიას, გიდიც ასევეა, სანამ სიარულის თავი აქვს, რადგან ისეთი ბედნიერება მოაქვს ადამიანებთან ურთიერთობას და ისე გამდიდრებს, რომ არ გეთმობა", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა მარინა კურატაშვილმა და დასძინა, პანდემიის გამო დიდი შესვენება გვქონდა, მაგრამ იმედია, წლევანდელი ზაფხული განსხვავებული იქნებაო.

- ჩემი, როგორც თარჯიმნის და გიდის, გამოცდილება ათწლეულებს ითვლის. მერე საგარეო საქმეთა სამინისტროში გადამიყვანეს, დიპლომატის ცხოვრებითაც ვიცხოვრე. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი ფრანგულ ენას. პანდემიის
გამო ტურში კარგა ხანია არ ვყოფილვარ. ჩემი, როგორც გიდისა და თარჯიმნის სამუშაო ენებია ქართული, რუსული, ფრანგული, ესპანური და იტალიური.

თსუ-ის დასრულებისთანავე "ინტურისტში" დავიწყე მუშაობა გიდ-თარჯიმნად. რამდენიმე წლის წინ მოსკოვში "ინტურისტის" იუბილე გაიმართა, რომელიც, როგორც ორგანიზაცია, საქართველოში აღარ არსებობს. ამასთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებდნენ და ჟურნალისტი მიშა
რობაქიძე მესტუმრა. კარი რომ გავუღე და დამინახა, მითხრა, მე თქვენ გიცნობთ, მოსწავლე რომ ვიყავი, ჩვენს სკოლაში სტუმრად მოსულ იტალიელ პარტიზანებს, ფორე მოსულიშვილის მეგობრებს ახლდითო...

1984 წელს საფრანგეთიდან ქართველების ტურისტული ჯგუფი ჩამოვიდა, იმათი შთამომავლები, ვინც 1921 წელს იძულებით დატოვეს საქართველო, როგორც ეგონათ, დროებით, და მთელი სიცოცხლე სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. მე მათი გიდი და თარჯიმანი ვიყავი.
დავინტერესდი, ყველაზე ძვირფასი რა მიგაქვთ აქედან-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ყველამ წაიღო ქართული მიწა.\

- კიდევ რას გაიხსენებთ?
- საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მთავრობის მოწვევით ქართველ ემიგრანტთა პატარა ჯგუფი ჩამოვიდა.
მათ შორის იყო ზეინაბ კედია, ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის დედა, ულამაზესი, ცისფერთვალება ქალი. ყველა მოხიბლული იყო მისი დახვეწილი მანერებითა და არისტოკრატიული ქართულით.
მაშინდელმა შს მინისტრმა დილარ ხაბულიანმა ვერტმფრენით გადაგვაფრინა სვანეთში და ენგურის სათავესთან პატარა სუფრაც გაგვიშალა. ლამაზი დღე იყო...

მშრალი კანონის პერიოდში ფრანგების ერთ-ერთ სამთავრობო დელეგაციას, რომელსაც, როგორც ყოველთვის, მოსკოველი მაღალჩინოსნებიც ახლდნენ, სხვა შეხვედრების გარდა, მერაბ ბერძენიშვილთან სტუმრობაც ჰქონდა დაგეგმილი. ქართული კერძები ხომ წარმოუდგენელია აქაური ღვინის გარეშე და როგორ იტანთ, რომ ქვეყანაში მშრალი კანონი მოქმედებსო, იკითხეს ფრანგებმა. მერაბ ბერძენიშვილმა და მისმა მეუღლემ დაგვათვალიერებინეს სახელოსნო, კარ-მიდამო.

ბოლოს მასპინძელი მარანში შეგვიძღვა, რომლის კედელზეც ეხატა კახელი გლეხი ღვინის თასით ხელში, მაგიდაზე კი პურ-მარილი იყო გაშლილი. სუფრას ქართული ღვინო ამშვენებდა. "ეს გლეხი გაზეთებს არ კითხულობს და არ იცის, რომ ღვინის დალევა არ შეიძლება. სწორედ ის გეპატიჟებათ პურ-ღვინოზე და არა მე,""- ასე მიგვიხმო სუფრასთან მოქანდაკემ. ყველამ გაიცინა და სიამოვნებით მიუჯდა სუფრას. მაშინ ასეთი დიპლომატიური გამოსავალი რისკიანი და გაბედული ნაბიჯი იყო.

- ყველაზე ხშირად უწინ რა აინტერესებდათ ტურისტებს და ახლა რა აინტერესებთ?
- ადრე აქ იგებდნენ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და არა - რუსები. ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკა არ აინტერესებთ. ახლაც უმრავლესობა მიდის სტალინის მუზეუმში, იმის მიუხედავად, მოსწონთ ის თუ არა. ბევრს სტალინი სძულს, განსაკუთრებით - ფრანგებსა და ესპანელებს, ისეთ ისტორიებს ჰყვებიან, რომლებიც ჩვენ არ წაგვიკითხავს... ყველა ტურისტის გაკვირვებას იწვევს სტალინის სახლი, სადაც დაიბადა და ოთხი წელი იცხოვრა.
ყველა ტურისტს აღაფრთოვანებს ჩვენი ბუნება და სტუმართმოყვარეობა.

1978 წელს ჩამოვიდა ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ლეონ შერტოკი. ავლიპ ზურაბაშვილმა მიიღო. თელავში მივდიოდით. გომბორით წავიდეთ, გამიგია, ძალიან ლამაზიაო. გომბორზე სამხედრო ბაზა იყო და არ გვქონდა უფლება, ამ გზით წაგვეყვანა. მძღოლმა უთხრა, გომბორზე რემონტიაო, იმან კი არ დააყოვნა - ასეა, საბჭოთა კავშირში, სადაც არ შეიძლება უცხოელის გავლა, ყველგან რემონტიაო. გზაში იკითხა, გამიგია, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და მართლა ასეაო? გადავწყვიტეთ, რომელიმე ოჯახში სტუმრად მივსულიყავით. გზიდან გადავუხვიეთ, სოფელში შევედით და ვუთხარით, რომელი ოჯახიც გნებავთ, აირჩიეთ და ვეწვიოთო. ერთი ქვრივი ქალბატონი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძელი. სიამოვნებით მიგვიღო, სუფრა მარანში გაგვიშალა. ისეთი ბედნიერი იყო, რას წარმოვიდგენდი, რომ ფრანგი პროფესორი მესტუმრებოდაო. რომ წამოვედით, ლეონ შერტოკმა თქვა, ჩვენთანაც შეიძლება, ფერმერმა ოჯახში შეგიყვანოს და სახლი დაგათვალიერებინოს, მაგრამ სუფრას არ გაშლის, ასეთი გულითადი მასპინძლობა არსად მინახავსო...

ტურისტები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ძალიან კომუნიკაბელურები ვართ. ბრიუსელში ვიყავი, ევროპარლამენტში, სტაჟირებაზე. ჩემს მასპინძელს აკვირვებდა ჩემი ზოგადი განათლება და ენების ცოდნა. მერე, რომ ჩამოვიდა და ბევრი ჩემნაირი ნახა, თქვა, ახლა გავიგე ქართველი ქალი მთელი ცხოვრება რას აკეთებს - სწავლობსო!

- ცნობილ ადამიანებთან გიმუშავიათ?
- ედუარდ შევარდნაძესთან ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ვთარგმნე. პატრიარქთან სამჯერ ვიყავი თარჯიმანი.

- რას ელიან, როცა ჩამოდიან და როგორი შთაბეჭდილებით მიდიან?
- ქვეყნით და ხალხით აღფრთოვანებული მიდიან, მომსახურებით - არც ისე... უემოციოდ ვერ უყურებენ, ქუჩებში როგორ დადის ავტომანქანები...
ერთხელ მყავდა სხვადასხვა ასაკის რუსი ქალბატონების ჯგუფი. მოვატარე თბილისი, მცხეთა. ბოლოს ვეუბნები, თუ კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ-მეთქი. მკითხეს: "მარინა გიორგიევნა, ა გდე მოჟნო პოზნაკომიტსია ს გრუზინამი?" ყველაზე მეტად ეგ აინტერესებდათ... ფრანგები მაგას არასდროს გკითხავენ.

- ფრანგები რას გკითხავენ?
- ფრანგი, რადგან ფული აქვს გადახდილი, ყველაფერს დაწვრილებით გკითხავს, მაგალითად, "ეს ჭიქა რისგან გააკეთეს?.. ერთხელ მოსკოვში ვახლდი ფრანგულ ჯგუფს, რომელსაც მთელ საბჭოთა კავშირში ჰქონდა ტური. ანტისაბჭოთა ჯგუფი იყო და არც მალავდნენ, ჩვენ კი პროგრამაში გვქონდა, დაგვეთვალიერებინა "გორკი ლენინსკიე", რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარეობს. წასვლა რომ დავაპირეთ, სიცილი დაიწყეს, არ გვინდაო. იქაური გიდი გაბრაზდა და წავიდა. მე ვუთხარი, თქვენ როდესაც ტურის ფული გადაიხადეთ, იქ ჩამონათვალში აღნიშნული იყო "გორკი ლენინსკიე", თუ არ გინდათ წამოსვლა, დიდი მადლობა, თავისუფალი ხართ, მეც დავისვენებ, მძღოლსაც გავუშვებ და ხვალ შევხვდებით-მეთქი. ყველა უკლებლივ წამომყვა. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ფრანგებს.

იტალიელი ტურისტები უფრო მხიარულები არიან, ვიდრე - ფრანგები. იტალიელები თვლიან, რომ ფრანგებზე უარესი არავინ არის; ფრანგები თვლიან, რომ იტალიელებს კულტურა არ აქვთ; ესპანელები კი ოღონდ აჩხუბე - ძალიან უყვართ ჩხუბი.

- რაზე ჩხუბობენ?
- მაგალითად, არის არჩევანი, წავიდეთ ისტორიის ან ხელოვნების მუზეუმში.­ ერთი ნახევარი იტყვის, იქ წავიდეთო, მეორე - არა, იქ არა, აქო და იდავებენ ამაზე.
ევროპაში ტურიზმი ძალიან კარგად არის განვითარებული. საფრანგეთი პირველ ადგილზეა, მომდევნო ადგილებს ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი იყოფენ. როგორი მომსახურებაც მათთან არის, აქაც ისეთივეს­ მოითხოვენ, ოღონდ - უფრო იაფად, რადგან მიაჩნიათ, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა.

- ალბათ, იმედგაცრუებული წავლენ. ამდენი წელია, საპირფარეშოების პრობლემა ვერ მოგვარდა...
- ჯერ ისევ "ინტურისტში" ვმუშაობდი, ტურაგენტებმა რომ გვითხრეს, ჩვენი აზრით, როგორიცაა ტუალეტი, ისეთივეა სამზარეულოო. ტურაგენტები ჩამოდიან მანამ, სანამ სააგენტოები ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომ ყველაფერი ნახონ. მაშინ მათი ფირმის კლიენტებს პირველად უნდა ემოგზაურათ საბჭოთა კავშირში და მოითხოვეს, ენახათ ყველა ტუალეტი, სადაც ტურისტები მოხვდებოდნენ. დიახ, ტუალეტების პრობლემა დღემდე ვერ გადაიჭრა, თუმცა რაღაც ძვრები არის... მახსოვს, კუბაში მივფრინავდი. შენონის საერთაშორისო აეროპორტში რომ გავჩერდით, შევედით ტუალეტში და რუსი ბავშვი ეკითხება დედას: "მამა, მი ვ მაგაზინე?"

- განსაკუთრებით როგორი ტურიზმით ინტერესდებიან თანამედროვე ტურისტები?
- აგროტურიზმით. რთველში მონაწილეობენ, ჩურჩხელას ავლებენ... რუსებს ძალიან მოსწონთ ჩვენი აბანოები. ერთი რუსი ოლიგარქი მყავდა პეტერბურგიდან. გოგირდის აბანოში ვიყავით მის მშობლებთან­ და ცოლ-შვილთან ერთად. წასვლისას თქვა, მეგობრებს ვეტყვი, როცა თბილისში ჩამოვლენ, სამი რამ უნდა გააკეთონ: წავიდნენ გოგირდის აბანოში, აუცილებლად წავიდნენ გოგირდის აბანოში და ყოველ მიზეზგარეშე წავიდნენ გოგირდის აბანოშიო. სასმელიც მოსწონთ. რუსი რესტორანში ყველაზე კარგი კლიენტია. თუმცა, უფლისციხეზე ყველა ტურისტი რომ გიჟდება, რუსებმა მითხრეს, აქ იმისთვის მოგიყვანე, ეს ნახვრეტები გვენახაო? ვარძიაზე მკითხა ერთმა რუსმა ქალბატონმა, ნუთუ ცარიცა ტამარა ასეთ პირობებში ცხოვრობდაო?! სამაგიეროდ, არ მახსოვს, ფრანგმა ტურისტებმა მტკვრისა და არაგვის შესართავი დაინახონ ჯვრის მონასტრიდან და არ აღფრთოვანდნენ.

- იტალიელები როგორები არიან?
- იტალიელებს ურჩევნიათ, თვითონ ილაპარაკონ, მეც არ ვუშლი... ბრაზილიელების უმრავლესობას შუადღის მერე დასვენება უნდა. ფრანგი დილით ყოველთვის გეკითხება: "გამარჯობა, როგორ გეძინა?" ერთხელ ერთი ქართველი გაბრაზდა, ვისი რა საქმეა, როგორ მეძინაო.

- მონატრება თუ იცის თქვენმა საქმემ?
- სვანეთში რომ მივდივართ, კლდეებს რომ თვალს ვუსწორებთ, ემოციებს ვერ ვიტევთ, ვკივით ამ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე და ვამბობ, მე აქ აღარ წამოვალ-მეთქი, მაგრამ როგორც კი დამირეკავენ, ტურია სვანეთში და წახვალო? მაშინვე ვთანხმდები. დიახ, საოცარი მონატრება იცის, მაგრამ თუ ეს საქმე არ გიყვარს, თუ პატრიოტი არ ხარ და არ გინდა, შენი სამშობლო სხვა­საც გააცნო და შეაყვარო, ვერ იმუშავებ.
ერთხელ კუბაში გაჩერებაზე ვიდექი. მოვიდა ერთი ფერადკანიანი ქალბატონი - კომპანიერა მარინა, აგვისტოში თქვენი ტურისტი ვიყავიო. ესპანეთში ტაქსის მძღოლმა მითხრა, გიცანით, მე თქვენ საქართველო შემაყვარეთო. ჩილეში მივფრინავდი და სტიუარდესამ მიცნო...

ჩილეში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილენი ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდო ფრეი მონტალვამ მიგვიღო და გვიმასპინძლა. სწორედ იმ სასახლეში, რომელსაც ლა მონედა ერქვა, წლების წინ პრეზიდენტი სალვადორე ალიენდე გამოეთხოვა სიცოცხლეს. მთელი მსოფლიო ცდილობდა მიზეზის დადგენას, ჩვენმა კახელმა კი თქვა: "ალიენდე, ალიენდე,/კომუნისტებ როგო ენდე?!/ ენდე? ინდე!.."

ჩემი აზრით, ლათინურ ამერიკაში ყველაზე ლამაზი ხალხი ჩილეში ცხოვრობს. იქაურებმა თბილი საუბარი იციან. მახსოვს, ჩილელების დელეგაცია რომ მყავდა, აღარ დამთავრდა ჩემი სამუშაო დღე. ჯერ სადღაც მაღაზიაში ძალიან ბევრი ხიზილალა იყიდეს, მერე ხან რას მეკითხებოდნენ, ხან - რას, არადა, სახლში დაბადების დღის სტუმრები მელოდნენ... ბოლოს ვუთხარი, ახლა მე სახლში სტუმრები მელიან და თქვენც გეპატიჟებით ჩემთან-მეთქი. მეგონა, არ წამოვიდოდნენ, მაგრამ წამოვიდნენ ამ თავიანთი ხიზილალით. კარგად მოვილხინეთ. რომ წავიდნენ, აღმოვაჩინე, რომ ხიზილალა არ წაეღოთ. დავურეკე, დაგრჩენიათ, ხვალ წამოგიღებთ-მეთქი. არა, ჩვენ თქვენთან გული დაგვრჩა, ხიზილალა კი საჩუქრად დავტოვეთო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები