"ადამიანი რაც შეიძლება მალე უნდა აიცრას ორჯერადად" - გადამწყვეტი ზაფხული ანუ როგორ ავიცილოთ ვირუსის მეოთხე ტალღა - კვირის პალიტრა

"ადამიანი რაც შეიძლება მალე უნდა აიცრას ორჯერადად" - გადამწყვეტი ზაფხული ანუ როგორ ავიცილოთ ვირუსის მეოთხე ტალღა

"თუ ყველა დაპირებული ვაქცინა ჩამოვა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ნახევარი მილიონი ადამიანი ერთჯერადად ავცრათ, 250 000 კი - ორჯერადად. თუ ამას მოვახერხებთ და პირბადესაც გამოვიყენებთ, მეოთხე ტალღა, რომელსაც შემოდგომისთვის ველოდებით, მაინცდამაინც დამანგრეველი არ იქნება"

ახალ შტამებთან დაკავშირებულ სიახლეებზე, იმუნიზაციის ტემპსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ვესაუბრეთ.

- ხან ერთი შტამი აქტიურდება, ხან - მეორე. რამდენიმე დღის წინ გაისმა მოსკოვური შტამის შესახებაც (ამას უკავშირებდნენ ბოლო დღეებში ინფიცირებულთა და რეანიმაციული ავადმყოფების რაოდენობის ზრდას), თუმცა რუსულ ტელეარხზე ამ ვერსიას ჯერჯერობით ჰიპოთეზური საფრთხე უწოდეს.

- ყველა საერთაშორისო პუბლიკაციაში წერია, რომ მოსკოვშიც და მთელ რუსეთშიც დომინირებს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი. იქ, სადმე, ლოკალურ შტამზე არავინ ლაპარაკობს. რუსეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია - 10%-იც კი არ ჰყავთ აცრილი. ვაქცინაციის პროცესის წარმატება ვაქცინის ნაირსახეობაზე ისე არ არის დამოკიდებული, როგორც აცრილთა რაოდენობაზე. სტაბილიზაციის პროცესი იწყება, როცა 30% გყავს აცრილი; 60%-ს თუ აცრი, ძალიან კარგია, 80%-ს - იდეალური. რუსეთი ამ მაჩვენებლისგან ძალიან შორსაა. ასეთ ქვეყნებში, ისე, როგორც საქართველოში, ნებისმიერ დროს შეიძლება ახალი ტალღის აფეთქება.

ჯერჯერობით ჯანმოს "სპუტნიკი" არ უღიარებია, თუმცა ის ჩამონათვალში ნამდვილად არის, როგორც განსახილველი ვაქცინა. ვაქცინის აღიარებისთვის მწარმოებელი რამდენიმე პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს არის: ვაქცინის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და საწარმოო ადგილების ინსპექტირება. ბრაზილიაში "სპუტნიკში" ბიოლოგიური დაბინძურება აღმოაჩინეს, რის გამოც უარი თქვეს გამოყენებაზე. ამ ვაქცინის ხელახალ განხილვას ზაფხულში ელოდებიან. რუსულ "სპუტნიკს" და ჩინურ "სინოვაკს" ევროპის წამლის სააგენტოც აკვირდება. როგორც კი კვლევების პროცესში გამოჩნდება, რომ ამ ვაქცინებს სიკეთე მეტი მოაქვს, ვიდრე შესაძლო ზიანი, მაშინვე განიხილავენ ავტორიზაციის საკითხს.

- საქართველოში ამ ეტაპზე რომელი შტამები დომინირებს? - ჯერჯერობით ბრიტანული, ანუ ალფა ვარიანტი. ყოველდღიური 700-800-1000 ახალი შემთხვევიდან 10% არის ინდური შტამით, ანუ დელტა ვარიანტით ინფიცირებული. ზუსტად არავის დაუთვლია, მაგრამ რადგან 18 შემთხვევა უკვე აღმოჩენილია და ერთი ადამიანი მინიმუმ 4-5 ადამიანს აავადებს, ამ შტამით ინფიცირებული ასამდე ადამიანი გამოდის და შესაძლოა მათ უკვე 500 დააავადონ, ამიტომ შესაძლებელია 3-4 კვირაში კორონავირუსის დელტა ვარიანტი უკვე დომინანტური გახდეს.

ჯანმოს სამეცნიერო ექსპერტებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე (ინტერვიუ ჩაწერილია 18.06 - ავტ.) განაცხადეს, რომ დელტა (ინდური) ვარიანტი 60%-ით უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე ალფა (ბრიტანული), ამიტომ მალე მსოფლიოში ინდური შტამი იქნება გაბატონებული.

- რა სიმძიმითაც ინდოეთში მიმდინარეობდა ეს შტამი, ჩვენთანაც ასეთი სირთულეა მოსალოდნელი? - ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ სადაც ეს შტამია გავრცელებული, იქ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 85%-ით გაიზარდა. სადაც დომინირებდა ალფა ვარიანტი, იქ 80%-ით გაიზარდა საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა. ამის მაგალითია ბრიტანეთი, თუმცა იქ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია, ამიტომ პაციენტების უმრავლესობა 20-დან 29 წლამდე ასაკის აუცრელი ახალგაზრდაა... ვაქცინაცია ყველა შემთხვევაში გვიცავს საავადმყოფოში მოხვედრისა და სიკვდილისგან.

- ბევრისგან გაგვიგია: "ორჯერ იყო აცრილი და მაინც დაემართა კორონა". - კი, ასეთი 300 შემთხვევა გვაქვს, მაგრამ მთავარია, აცრა გარდაცვალებისა და მძიმე მიმდინარეობისგან გვიცავს. როცა საზოგადოებაში არის ეპიდემია, ვაქცინა 100%-ით ვერ გვიცავს, მაგრამ აცრილი ნაკლებად ავრცელებს ვირუსს. ორჯერადად აცრილს შეიძლება ტესტის პასუხი დადებითი ჰქონდეს, მაგრამ ის მსუბუქად არის ავად და ნაკლები შანსი აქვს, დაავადება ვინმეს გადაადოს.

- მოსახლეობის რამდენი პროცენტია ჩვენთან აცრილი და რამხელა გზა დაგვრჩა, სანუკვარ 60%-მდე რომ მივიდეთ? - ჯერჯერობით ორჯერადად აცრილი 70 ათასზე მეტი არ არის. სამიზნე ნიშნულამდე ბევრი გვაკლია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გარდატეხა მოხდება ივლისიდან, როცა ახალი პარტიები შემოვა. თუ ყველა დაპირებული ვაქცინა ჩამოვა, შესაძლებლობა გვექნება, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ნახევარი მილიონი ადამიანი ერთჯერადად ავცრათ, 250 000 კი - ორჯერადად. თუ ამას მოვახერხებთ და პირბადესაც გამოვიყენებთ, მეოთხე ტალღა, რომელსაც შემოდგომისთვის ველოდებით, მაინცდამაინც დამანგრეველი არ იქნება.

- ბუსტერი აცრიდან რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს? - ბუსტერის საკითხი ისევ კვლევების დონეზეა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, აცრილ ადამიანებში რამდენ ხანს გასტანს იმუნიტეტი. როცა ეს მონაცემები გვექნება, შეიძლება დადგინდეს, წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ თუ ხუთ წელიწადში ერთხელ იქნება ვაქცინა გასაკეთებელი. მეორე მხრივ, თუ გავრცელდა ისეთი ვარიანტები, რომლებიც სრულად დაემალება დღევანდელი ვაქცინით ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, მაშინ აღარ აქვს მნიშვნელობა, მე აცრილი ვიქნები თუ არა. აი, სწორედ ამ დროს არის საჭირო ბუსტერი, ანუ ახალ ვარიანტებზე მორგებული მესამე დოზის დამატება.

ჯერჯერობით ვერც ერთი ვარიანტი, რომლებიც არის: ალფა, ბეტა, გამა და დელტა, ანუ ბრაზილიური, სამხრეთაფრიკული, ბრიტანული და ინდური, 100%-ით ვერ ემალება ვაქცინით შექმნილ იმუნიტეტს, ამიტომ ბუსტერის საკითხი ასე მწვავედ არ დგას. ალბათ, შემოდგომაზე უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება.

- შემდეგი აცრა როდის მოგვიწევს? - მაგალითად, ტეტანუსისა და დიფტერიის ვაქცინები 10 წელიწადში ერთხელ არის გასამეორებელი. უსასრულოდ არც ერთი ვაქცინა არ გვიცავს. ცოფის ვაქცინას წელს რომ გაიკეთებ, მორე წელსაც თუ გიკბინა ძაღლმა, ისევ უნდა გაიკეთო. ბუსტერი არის წახმარება, ანუ უჯიკე იმუნურ სისტემას"და ეს მოხდება მაშინ, თუ მსოფლიოში გამოჩნდა ახალი ვარიანტი, რომელიც სრულად დაემალება ჩვენს იმუნიტეტს. შეიძლება დასავლურ ვაქცინებს ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი, შეიძლება - ჩინურს. ეს ჯერ არავინ იცის.

- კიდევ რა საკითხს აკვირდებიან განსაკუთრებული ყურადღებით?

- წინა კვირას ევროპის წამლის სააგენტომ "ასტრაზენეკას" დაუდგინა ახალი გვერდითი მოვლენა - ე.წ. კაპილარების გაჟონვის სინდრომი და ის უკუჩვენებებში შეიტანეს. თუ ადამიანს ეს დიაგნოზი აქვს, მისი "ასტრაზენეკათი" აცრა არ შეიძლება. კაპილარების გაჟონვის სინდრომი ძალიან იშვიათი დაავადებაა. 8 მილიარდი ადამიანიდან მსოფლიოში მხოლოდ 260 შემთხვევაა ცნობილი. საქართველოში ასეთი დიაგნოზით ადამიანი არ არის, ამიტომ ჩვენს მოსახლეობას ამის არ უნდა ეშინოდეს.

ჩვენთან არსებობს ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტი, რომლის 14 წევრიდან ერთ-ერთი მეც ვარ. ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის მონაცემები, ამა თუ იმ ვაქცინებზე რა რეაქციები ჰქონდათ პაციენტებს.

- რა შემთხვევაში შემოდის შეტყობინება? - თუ ვაქცინის გამოყენების შემდეგ უახლოეს საათებში ან დღეებში ადამიანს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ჯერჯერობით 220 ათასამდე დოზის გამოყენებიდან სულ 58-60 ასეთი შემთხვევა გვაქვს და არც ერთი სერიოზული არ იყო. უმრავლესობა არის ე.წ. ალერგიას მიახლოებული რეაქციები, რომლებიც განხილვის შემდგომ, ძირითადად, აღმოჩნდება ხოლმე სტრესული რეაქციები, ნემსის შიშით გამოწვეული გულის წასვლა. ნამდვილი ალერგია ჯერ არ გვინახავს. მოკლედ, ვაქცინაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, გვერდითი მოვლენები მინიმალურია.

- მსოფლიოში რომელ ვაქცინებს აღმოაჩნდა გვერდითი მოვლენები? - ერთადერთი გვერდითი მოვლენა, რომელიც აქვს "ფაიზერსა" და "მოდერნას", არის შედარებით ადრეული ასაკის მოზარდებში ძალიან მსუბუქად მიმდინარე გულის კუნთის ანთება, მიოკარდიტი და პერიკარდიტი, თუმცა გადაწყვეტილება ამის ანოტაციაში შეტანის შესახებ ჯერ არ მიუღიათ. ყველა აღწერილი შემთხვევა იყო მსუბუქი და რამდენიმე დღეში ან კვირაში უკვალოდ გაქრა.

- ბატონო ბიძინა, თქვენ რითი აიცერით? - მე ავიცერი "ასტრაზენეკას" ორი დოზით. პირველად - 17 მარტს, მეორედ - 4 ივნისს.

- პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის შუალედი რამდენი უნდა იყოს? - "ფაიზერის" შემთხვევაში სამი კვირა, "სინოფარმის" შემთხვევაშიც - 3-4 კვირა, "სინოვაკით" აცრისას - 2-4 კვირა. "ასტრაზენეკას" თვითონ მწარმოებელი უწესებს 4-დან 12 კვირამდე ინტერვალს. როცა შარშან ჯერ კიდევ ძველ, ანუ ჩინეთიდან ევროპაში შემოსულ შტამზე ჩატარდა "ასტრაზენეკას"კვლევები, ნახეს, რომ ამ შედარებით უწყინარ შტამზე შედარებით უკეთესი იმუნური პასუხი ჰქონდა ორგანიზმს, თუ პირველსა და მეორე დოზას შორის ინტერვალი 10-12 კვირა იქნებოდა, მაგრამ ახლა, რადგანაც შეშფოთების (ასე ეძახიან) ვარიანტებია გაბატონებული, ინგლისში ნახეს, რომ "ასტრაზენეკას" ერთი დოზით აცრის შემთხვევაში თუ ძველ შტამზე ადამიანი 70%-ით იყო დაცული, ახლა დაცულია მხოლოდ 30%-ით, ხოლო როგორც კი ორ კვირაში მეორე დოზას გაიკეთებს, დაცვის მაჩვენებელი 60%-მდე ადის. ამიტომ ადამიანი რაც შეიძლება მალე უნდა აიცრას ორჯერადად. ოპტიმალურად ითვლება 6-8 კვირა.

ბევრი მეუბნება, უცხოეთში წასვლა გვინდა, მაგრამ ევროპის ბევრი ქვეყანა ამბობს, ორჯერადად აცრის შემდეგ ორი კვირა უნდა იყოს გასულიო. ამიტომ თუ ადამიანს წასვლა აქვს დაგეგმილი, ოთხ კვირაში შეუძლია გაიკეთოს "ასტრაზენეკას" მეორე დოზა და ორ კვირაში შეძლებს შესვლას ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ეს ნებადართულია. არის ქვეყნები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით განსაზღვრავენ, რომელი ქვეყნიდან შეუშვან მოქალაქეები. ანუ თუ შენს ქვეყანაში მძიმე ეპიდემიაა, ვაქცინირებულიც რომ იყო, მაინც არ შეგიშვებს. 1-ლი ივლისისთვის გაირკვევა, ევროკავშირის რომელი ქვეყანა როგორ წესებს შემოიღებს. ჯერჯერობით, 7 ივნისიდან, ტურისტებს კარი გაუღო ესპანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. მაგალითად, პოლონეთს ხუთი ქვეყანა აქვს ჩამონათვალში, საიდანაც შეუზღუდავად იღებს ყველას. საქართველოც ამ ხუთეულშია. რომ ჩახვალ, აეროპორტშივე გიკეთებენ PCR-ტესტს და თუ ჯანმრთელი ხარ, დაუბრკოლებლად შეხვალ ქვეყანაში.

- რითი დავიმსახურეთ ასეთი გამონაკლისი? - სამედიცინო თვალსაზრისით ლოგიკას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, საქართველოდან პოლონეთში ბევრი მუშახელი მიდის ისეთ სამსახურებში სამუშაოდ, რომლებითაც ადგილობრივები ნაკლებად ინტერესდებიან.