"იყო დრო, როცა პოეტისთვის უცხოეთში ცხოვრებას სასჯელად აღვიქვამდი" - კვირის პალიტრა

"იყო დრო, როცა პოეტისთვის უცხოეთში ცხოვრებას სასჯელად აღვიქვამდი"

"სიტყვის საშუალებით კულტურული ხიდების გადების შესაძლებლობა არის ის სიმდიდრე, რაც უცხოეთში ცხოვრებამ მომიტანა"

გერმანიაში მცხოვრები ქართველი პოეტი ირმა შიოლაშვილი არა მარტო ქართულ სიტყვას ერთგულობს და მკითხველებს ახარებს პოეტური საღამოებით, შეხვედრებითა თუ ახალი წიგნებით, არამედ მუდმივად ცდილობს პოეზიის ხიდი გადოს ქართულ და გერმანულ კულტურებს შორის. ახლახან ქართველი კრიტიკოსები და ლიტერატურათმცოდნეები დიდი ინტერესით შეხვდნენ ირმას ახალი წიგნის, "ოქტომბრის" გამოცემას. მისი ლექსების დიდი ნაწილი თარგმნილია და გამოცემული გერმანულ ენაზე, შარშან კი ევროპელ ავტორთა გაერთიანება "კოგემ" 2020 წლის ლიტერატურული ჯილდო გადასცა. როგორ დამკვიდრდა ქართველი პოეტი უცხო ქვეყანაში, რა სირთულეებს წააწყდა და როდის შეხვდება სამშობლოში მონატრებულ მკითხველს? - ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ირმა შიოლაშვილს დავუკავშირდით.

- "ოქტომბერი" პანდემიის დროს დაიბადა, რომლის ონლაინპრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს წიგნი თქვენთვის და რით განსხვავდება ის წინამორბედებისგან?

- საქართველოში ბოლო წიგნი, "ორშაბათი", 2013 წელს გამოვიდა. ასე რომ, დიდი დრო დავიტოვე წიგნიდან წიგნამდე... ვფიქრობ, ასეთი ინტერვალი იძლევა საშუალებას, რომ ახალი კრებული ძველს არ ჰგავდეს. უდავოა, რომ ჩემში ემოციებთან ერთად ცხოვრებისეული გამოცდილებაც დაგროვდა, რაც ბუნებრივია, შემოქმედებაშიც აისახა. ამ გამოცდილებამ ისიც მოიტანა, რომ ჩემი გონება ხშირად მოგზაურობს წარსულში, ალბათ, ამიტომ ამ რიგით მეექვსე საავტორო კრებულში ბევრს ვყვები წარსულში გადატანილ ისტორიებზე, 90-იან წლებზე, ომებზე, არსებულ რეალობაზე...

პანდემიამ ლიტერატურული ონლაინშეხვედრების ფორმატი თავისთავად შემოგვთავაზა, რაც საინტერესოა, თუმცა ის ცოცხალ ურთიერთობას, შეხვედრებს ვერ ცვლის და ვერც შეედრება.

- ალბათ, ამიტომ გეგმავთ თბილისში ჩამოსვლას და მკითხველთან შეხვედრას... - წიგნის პრეზენტაცია თბილისში ივლისში მწერალთა სახლში გაიმართება. ქართველ მკითხველთან შეხვედრა მუდმივად მენატრება. მართალია, გერმანიაშიც ხშირად მაქვს შეხვედრები გერმანულენოვან მკითხველთან, მაგრამ მშობლიურ ენაზე სხვანაირად ნამდვილი და ლაღი ვარ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ გერმანიაში ოცდაორწლიანი ცხოვრების მიუხედავად, ლექსებს მხოლოდ ქართულ ენაზე ვწერ. მშობლიური ენა ჩემი გულის ენაა.

- ონლაინპრეზენტაციაზე ქართველმა პოეტმა გიორგი ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ თქვენს შემოქმედებაში ორი კულტურა საინტერესოდ არის შერწყმული. როგორ ფიქრობთ, ეს შემოქმედებით უპირატესობას განიჭებთ? - მე არასდროს დამიკარგავს ფესვებთან კავშირი, მუდმივად ვადევნებ თვალყურს ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებას და პარალელურად იმ გარემოშიც აქტიური ვარ, სადაც რეალური ცხოვრება და მუშაობა მიხდება. ასე ერწყმის ერთმანეთს ის, რაც ჩემთვის ორგანულია, და ის, რასაც გარედან ვაკვირდები და ვიმეცნებ. თანამედროვე გერმანული პოეტური კულტურა უფრო რაციონალურია, ვიდრე ემოციური. თუმცა სილამაზის შეგრძნების და ამ სილამაზის პოეზიაში გამოხატვის უნარი გერმანელებსაც მძაფრად აქვთ, თანაც ევროპაში დიდი ხანია, ძალიან პოპულარულია სოციალური თემების პოეზიაში გადატანა. მე დისერტაცია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პოლიტიკურ ლირიკაზე დავწერე, დაახლოებით ოცი წლის წინ გავიაზრე პოეტური ფორმით გამოხატული სოციალური და პოლიტიკური თემების აქტუალურობა, ლექსით ნათქვამი პროტესტის აუცილებლობა. სწორედ დისერტაციის წერისას ვთარგმნე ომის შემდგომ მოღვაწე დასავლეთგერმანელი პოეტები, რომელთათვისაც თავისუფალი გონება უმნიშვნელოვანესი იყო... ორი სამყაროს შერწყმა ჩემს შემოქმედებაში გაუცნობიერებლად მოხდა. იყო დრო, როცა პოეტისთვის უცხოეთში ცხოვრებას სასჯელად აღვიქვამდი, დღეს კი ვფიქრობ, რომ ორ კულტურას შორის ცხოვრება შეიძლება იყოს დიდი ჯილდო. მართალია, ახლაც მჯერა, საქართველო რომ არ დამეტოვებინა, უფრო მეტი წიგნი მექნებოდა დაწერილი, რადგან გერმანელ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლამ დიდი შემოქმედებითი ენერგია შეიწირა, მაგრამ მომცა საშუალება დედანში წამეკითხა გერმანელი ავტორები, მათი სიტყვა მეგრძნო და მეთარგმნა...

იმ ფაქტმაც, რომ მქონდა ბედნიერება წლების განმავლობაში ქართული რადიოგადაცემით გავსულიყავი ღადიო Bონნ/ ღჰეინ-შიეგ-ის ეთერში, ან გერმანულ საზოგადოებრივ არხ ჭDღ-ზე, დახვეწა ჩემი, როგორც ჟურნალისტის პროფესიული ხედვა. გარდა ამისა, მთარგმნელობითი საქმიანობაც დავიწყე. იოახიმ ბრიტცესთან ერთად გერმანულად ვთარგმნე და წიგნად გამოვეცი მიხო მოსულიშვილის ნოველებისა და მინიატიურების კრებული "გედები თოვლქვეშ", რომელიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგინეს... იმავე წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაკვეთით გერმანულ ენაზე ვთარგმნე თანამედროვე ქართველი პოეტი ქალების პოეზია და წიგნად გამოვეცით. ახლახან კი, ასევე კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ჩემი ნათარგმნი თანამედროვე პროზაიკოსი ქალების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის თემაზე შექმნილი მოთხრობების კრებული "უსაზღვროდ" გამოვიდა გერმანიაში. კრებულში შესული მოთხრობები დაეხმარება გერმანულენოვან ევროპას უკეთ გაუგოს რუსეთისგან ოკუპირებულ საქართველოს და საერთოდ, მსხვერპლადქცეულ კავკასიას.

- ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბრძანდებით და ნუთუ თქვენთვის ეს ხანა შემოქმედებითი ოქტომბერია? - როგორც თავად ლექსში აღვნიშნავ, ეს ჩემი "გაზაფხულით სავსე ოქტომბერია", თანაც საკმაოდ მოსავლიანი...