"ბებიასთან ვმუშაობდი და მისმა შვილმა მითხრა, ჩემს მეგობარს უნდა შენი გაცნობა­ და ხარ თუ არა თავისუფალიო?" - კვირის პალიტრა

"ბებიასთან ვმუშაობდი და მისმა შვილმა მითხრა, ჩემს მეგობარს უნდა შენი გაცნობა­ და ხარ თუ არა თავისუფალიო?"

"საქართველოს არაფერი აკლია, რომ წინ წავიდეს, ბარაქიანია თქვენი მიწა, ერთადერთი, რაც გაკლიათ, უფრო მეტი მოთმინება და შრომისმოყვარეობაა..."

უკვე ორი წელია მარინა გაფრინდაშვილი და კოზიმო დამიანო ბუკოლიერო საქართველოში ცხოვრობენ. კოზიმო იტალიელია, ქართულად ლაპარაკს, როგორც თვითონ ამბობს, ცოტ-ცოტას ახერხებს, აქ თავს კარგად გრძნობს და ჯერჯერობით არც აპირებს იტალიაში დაბრუნებას. საყვარელი ქალის გამო საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, პიცერიაც გახსნა და უგემრიელესი პიცით უმასპინძლდება სტუმრებს.

მარინა: - საჩხერეში, სოფელ სარეკში დავიბადე, იქვე დავამთავრე სკოლა. ვსწავლობდი იურიდიულზე, მაგრამ უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე. 20 წლიდან მუშაობა დავიწყე. რვა წელიწადი მაღაზიაში ვმუშაობდი და რადგან აქ წინსვლის პერსპექტივა არ მქონდა, 2008 წელს იტალიაში წავედი. ჩემი მეგობარი ცხოვრობდა იქ და ამიტომ ვარჩიე ეს ქვეყანა. 2007-ში მამა გარდამეცვალა და ამან უფრო დააჩქარა ჩემი წასვლა, რადგან უნდა მეზრუნა დედაზე, დაზე, პატარა დისშვილზე. ვფიქრობდი, რომ ორ წელიწადში უკან დავბრუნდებოდი... ალბათ, ღმერთს ვუყვარვარ, რადგან ძალიან კარგი ხალხი შემახვედრა - ვგულისხმობ იმ იტალიურ ოჯახებს, სადაც ვმუშაობდი. განსაკუთრებით მომეწონა იტალიის სამხრეთი, ჩემს იმერეთს ვამსგავსებდი. როდესაც საბუთი ავიღე, ჩრდილოეთში გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ ექვს თვეზე მეტხანს ვერ გავძელი. რაც უფრო ჩრდილოეთით მიდიხარ, უფრო ნაკლები იტალიელი და უფრო მეტი ჩამოსული გხვდება. სამხრეთელები ძალიან თბილები არიან, თან თუ გინდა ნამდვილი იტალიური სამზარეულო გასინჯო, სწორედ სამხრეთ იტალიას უნდა ესტუმრო.

- ბევრი იტალიელი მიდის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. რა არის ამის მიზეზი?

- გადასახადები ძალიან დიდია, წელში სწყვეტს ხალხს, თანაც იმდენნაირია, ვერ წარმოიდგენთ. მეორე სახლს თუ იყიდი, ამის გადასახადსაც კი უხდი სახელმწიფოს. აქ რომ ჩამოვედით და პირველ თვეში 22 ლარი მოვიდა ელექტროენერგიის გადასახადი, კოზიმომ მითხრა, ალბათ, ნულის დაწერა დაავიწყდათ და გაარკვიე, უშუქოდ არ დავრჩეთო. იქ შუქის გადასახადი რომ მოგდის, ვთქვათ, 150 ევრო, აქედან 40 ევროს ელექტროენერგია თუ გაქვს მოხმარებული, დანარჩენი რა არის, ვერ გაიგებ, ეს კი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

- ხშირად ამბობენ, რომ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ვგავართ, ასეა? - ჩვენსავით ხმაურიანები არიან, თუმცა გააჩნია ადამიანსაც. მაგალითად, ჩემი მეუღლე ჩემზე დინჯია. სიყვარულში გვგვანან - უყვართ მეუღლე, შვილები, არიან შრომისმოყვარეები... ალბათ, გაუკვირდებათ, ამას რომ ვამბობ, რადგან დღეს ბევრისგან გაიგებთ, რომ ქართველი კაცი უსაქმურია და ცოლის კისერზე ზის. არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება. ჩემ ირგვლივ ბევრს ჰყავს მშრომელი, თითით საჩვენებელი ქმარი. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა და დაკნინება როგორ შეიძლება?! ბევრს უკითხავს, ბევრსაც კომენტარებში დაუწერია, აბა, თვითონ რატომ გაჰყევი იტალიელს, ამიტომ არ წახვედი იტალიაშიო? ყველაფერი ბედია. ნამდვილად არ დამიგეგმავს, რომ ჩემი მეუღლე უცხოელი იქნებოდა. ჩასვლიდან 10 წლის შემდეგ დავქორწინდი. ბებიასთან ვმუშაობდი და მისმა შვილმა მითხრა, ჩემს მეგობარს უნდა შენი გაცნობა და ხარ თუ არა თავისუფალიო? არავინ მიყვარდა და გაცნობაზე უარი არ მითქვამს.

- გაცნობიდან მალევე უთხარით თანხმობა? რას აკეთებდა თქვენი გულის მოსაგებად?

- ოთხი თვის შემდეგ მითხრა, თუ ამ ხნის განმავლობაში ჩემში დაინახე ადამიანი, ვის გვერდითაც ისურვებდი ყოფნას, ერთად ვიცხოვროთო. დავთანხმდი, თუმცა 37 წლის ასაკში გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. მაშინ კოზიმო 42 წლის იყო. ორივესთვის ეს იყო პირველი ქორწინება და ბედნიერი ვარ, ასე რომ გამიმართლა - როგორიც იყო გაცნობის პირველ დღეს, ისეთივეა ახლაც.

განსხვავებით სხვა იტალიელი მამაკაცებისგან, გამორიცხული იყო, სადმე დაეპატიჟე და ფული შენთვის გადაეხდევინებინა, არადა, იტალიაში თანხის გაყოფა ჩვეულებრივ ამბად ითვლება. კოზიმო არასდროს ამბობს ტყუილს, რაც ჩემთვის დასაფასებელია. ძალიან გულახდილი ადამიანია.

- საქართველოში ცხოვრება როგორ გადაწყვიტეთ? - ექვსი თვის თანაცხოვრების შემდეგ შემომთავაზა, ხომ არ წავსულიყავით საქართველოშიო? სიხარულით დავთანხმდი. ჩამოვედით, გაიცნო ჩემო ოჯახის წვერები, ნათესავები და იტალიაში რომ დავბრუნდით, უკვე ოფიციალურად დავქორწინდით. აქ საცხოვრებლად წამოსვლა და პატარა ბიზნესის დაწყებაც მისი იდეა იყო.

ხედავდა, რომ დედაზე, დაზე ვნერვიულობდი, ვტიროდი, მენატრებოდნენ. მეუბნებოდა, სადაც შენ ბედნიერად იქნები, ის იქნება ჩემი ქვეყანაცო. ორი წლის წინ ჩამოვედით. დედა მალევე გარდაიცვალა და რომ არ დავბრუნებულიყავი, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, ამდენწლიანი განშორების შემდეგ სიცოცხლის უკანასკნელი თვეები მასთან არ გამეტარებინა, ეს კი კოზიმოს დამსახურება იყო, რამაც მისი სიყვარული და პატივისცემა გამიასმაგა.

მან ხომ ჩემ გამო მიატოვა ყველაფერი - მშობლები, და-ძმა, სამსახური. 25 წლის განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთ უდიდეს მეტალურგიულ ქარხანაში, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. გატაცებული იყო კულინარიითაც, გავლილი ჰქონდა სპეციალური კურსები და თავისუფალ დროს მაღალი დონის კვების ობიექტებში მუშაობდა.

- ქართულ სამზარეულოს აუღო ალღო?

- თვითონ არასდროს მოუმზადებია, მაგრამ ძალიან მოსწონს ქართული კერძები - ხინკალი, ოღონდ მწვანილის გარეშე, ხაჭაპური... ერთადერთი, ქინძი არ მოსწონს გადაჭარბებულად.

- ვკითხოთ კოზიმოს, როგორია მისი თვალით დანახული საქართველო? კოზიმო: - ძალიან მაინტერესებს სვანეთის ნახვა, ბევრი რამ მესმის იქაურ ხალხზე, მათ ტრადიციებზე და სიამოვნებით ვნახავდი სვანეთს, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს ზღვა. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა აქ, ეს არის ქელეხი. ჩვენთან წარმოუდგენელია მსგავსი რამ. უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ, თუმცა ცოტა რომ დახვეწოთ ხელი შენელების დროს, ვფიქრობ, უკეთესი იქნება. რაც შეეხება ქართველ ქალებს, უპირველესად, გარეგნობით მომეწონა მარინა, თანაცხოვრების შემდეგ კი დავინახე, რომ ხასიათითაც ძალიან ვგავდით და კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. გულწრფელობა და უბრალოება აკლიათ იტალიელ ქალებს და ამანაც მომხიბლა.

მარინა: - დედამთილი და მული შესანიშნავი ადამიანები არიან და დიდი პატივს ვცემ. ამბობენ, იტალიელი ქალი, პირველ რიგში, ჯიბეს უყურებს და მხოლოდ მერე გიყურებს თვალებშიო, თუმცა კარგი და ცუდი ყველგანაა. საქართველოში ბევრი იტალიელი ცხოვრობს, ვისაც ქართველი ცოლი ჰყავს და მათგანაც ბევრჯერ მომისმენია ეს. მე თავიდანვე ვუთხარი კოზიმოს, რომ ჩემი გადაწყვეტილება, სიყვარულის გარდა, სხვას არაფერს უკავშირდებოდა. თვითონაც ხედავდა, რომ ვიყავი დამოუკიდებელი და ძალიან მშრომელი...

- პიცერიის შესახებაც მითხარით. მოსწონთ იტალიელის მომზადებული პიცა თქვენს კლიენტებს? - ბევრი პირდაპირ სამზარეულოში გარბის, რომ ნახონ, მართლაც იტალიელი ამზადებს თუ არა.

კოზიმო ძალიან კომუნიკაბელურია, ყველას ესალმება, ესაუბრება, უღიმის და ზოგი რომ არ პასუხობს, ცოტა არ იყოს, უკვირს.

პიცერიის გახსნის იდეა წამოსვლამდე ჰქონდა, აგროტურიზმით იყო დაინტერესებული, მაგრამ დიდ საქმესთან შეჭიდებას თავდაპირველად ასე ვამჯობინეთ. აქ ჩამოსვლისას ჯერ ხომ არ ვიცოდით, საბოლოოდ რას გადავწყვეტდით. თავს არ ვიქებთ, მაგრამ მართლაც უგემრიელესია ჩვენი პიცა.

კოზიმო ხშირად ამბობს, მე ვერასდროს შეგეჯიბრებით ხინკლის მოხვევაში, მაგრამ პიცა უნდა აკეთოს იტალიელმაო. სისხლში აქვთ მართლაც. იქ პატარა ბავშვმაც კი იცის პიცის მომზადება.

ერთი წელი გავიდა და ხარისხი არ გაგვიფუჭებია, თუმცა ხშირად გვტკენენ გულს და თვითონ ქართველები გვეუბნებიან, თავიდან ყველა კარგად იწყებს და მერე აფუჭებენ, ასეთები ვართ ქართველებიო. კოზიმოს კარგი იუმორი აქვს და სიცილით პასუხობს, ჰოდა, ქართველი ვარ მეო? მე კი ასეთი დამოკიდებულების გამო ვბრაზდები და მწყინს. არ მესმის, რატომ უნდა დააკნინო საკუთარი ქვეყანა, ამით რა მოგემატება?

ჩვენი ქორწილის დღეს, როდესაც რესტორნის მეპატრონემ გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, გაუხარდა, რა საუცხოო ქვეყნიდან ხართ, მე და ჩემმა მეგობარმა ნახევარი მილიონი დავაბანდეთ საქართველოშიო. ამერიკის ჯორჯიაში ხომ არ გეშლებათ-მეთქი?.. იქ არ ეკითხებიან მსგავს რამეებს, მაგრამ რაკი კოზიმო კარგად იცნობდა, ჰკითხა, რაში დააბანდეო. აღმოჩნდა, რომ მიწები უყიდია ქარხნის ასაშენებლად, მაგრამ ის აღარ გვითხრა, კონკრეტულად რის ქარხანას აშენებდა. საკუთარი ქვეყნის დაფასება უნდა ვისწავლოთ...…

- რას უსურვებს საქართველოს ჩვენი იტალიელი სიძე? კოზიმო: - გისურვებთ, არასდროს არ შეხვიდეთ ევროპაში. იტალია დაიღუპა, რაც მისი ნაწილი გახდა. ეს ჩემი აზრია. რა თქმა უნდა, დღევანდელი ევროპა არ არის ის ევროპა, რაც ადრე იყო. ევროპა არის პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც კანონებს იღებენ თავიანთი ჯიბეებისთვის, იტალიელი ახალგაზრდების უმეტესობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, რატომ უნდა იყოს ასე? ამას გულისტკივილი მალაპარაკებს. როდესაც ჩვენ ლირა გვქონდა, კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ 20 წლის წინ შემოვიდა ევრო და ყველაფერი გაუფასურდა. სხვათა შორის, ბევრჯერ მატკინეს გული და მითხრეს, რამ ჩამოგიყვანა აქ, ამ გაუბედურებულ ქვეყანაშიო. არასწორია ეს მიდგომა... ვფიქრობ, საქართველოს არაფერი აკლია, რომ წინ წავიდეს, ბარაქიანია თქვენი მიწა, ყველაფერი გემრიელი მოდის. ერთადერთი, რაც გაკლიათ, უფრო მეტი მოთმინება და შრომისმოყვარეობაა და აუცილებლად იქნებით წარმატებულები.

ნინო ჯავახიშვილი