"90 წლის რომ გავხდები, პარაშუტით უნდა გადმოვხტე" - რას ჰყვება 86 წლის იზო სულაკაური, რომელმაც პარაპლანით იფრინა
"90 წლის რომ გავხდები, პარაშუტით უნდა გადმოვხტე" - რას ჰყვება 86 წლის იზო სულაკაური, რომელმაც პარაპლანით იფრინა
"გადმოფრენის წინ, ვიფიქრე, ხომ არ მეშინია-მეთქი, მაგრამ... "

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელი ვიდეომ მოიცვა - 86 წლის ფიზიკოსმა იზო სულაკაურმა ბავშვობის ოცნება აიხდინა და თბილისს პარაპლანით გადაუფრინა, თან ისე, რომ ოდნავადაც არ შეშინებია. აქტიურ, ექსტრემალურ და უკვე ყველასთვის ცნობილ იზო სულაკაურს საგარეჯოში დავუკავშირდი და საინტერესო თემებზე ვესაუბრე:

- ქალბატონო იზო ფიზიკოსი ხართ, როგორ აირჩიეთ პროფესია?
- სკოლაში ფიზიკა-მათემატიკა კარგად გამომდიოდა, ყველა საგანი მიყვარდა, თუმცა ტექნიკური საგნები გამორჩეულად მომწონდა. ჩემი
მამიდაშვილი ფიზიკოსი იყო და ერთხელ მითხრა, ყველაზე რთული მეცნიერება ფიზიკაა და მოდი, აქ ჩააბარეო. მეც გადავწყვიტე, ამ პროფესიას გავყოლოდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სირთულემ
დამაინტერესა, თუმცა ახლა გული მწყდება, ნეტავ, აგრონომია ამერჩია. ჩემს დროს, აგრონომიულს მასხრად იგდებნენ, თუმცა, ვნანობ, ალბათ, ის პროფესია უფრო გამომადებოდა და უფრო მარტივად წავიდოდი ცხოვრებაში.


- ოჯახის წევრებს სურდათ ფიზიკოსი გამოსულიყავით?
- მამა სამხედრო იყო, დედა კი ექთანი, მათ არასდროს უთქვამთ, რომ რომელიმე კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. იმ დროს, ბევრი სამედიცინოს ირჩევდა, 4 წლით უმცროსი ძმა მყავს და მანაც სამედიცინოზე ჩააბარა, ახლაც მუშაობს ყვარელში, თავისი პროფესიით.

- დაგეხმარათ ფიზიკა ცხოვრებაში?
- რა თქმა უნდა, ოთხი შვილი მყავს, იმ დროს ხელფასიც მცირე მქონდა, მოწაფეებს ვამზადებდი ფიზიკაში და ამით გადავიარეთ ყველა რთული პერიოდი.

- ახლა თუ გაქვთ ხოლმე შეხება?
- მგონია, რომ ფიზიკა სულ მეხმარება. ადამიანი რაც უფრო ბევრ რამეს ისწავლის, მით უფრო მეტი მიმართულებით მიდის ცხოვრებაში. თითქოს აგრონომიაშიც მეხმარება ფიზიკა.


- როგორც ამბობენ, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდით, გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობა...
- იმ დროში ოთხი შვილის გაზრდა რთული იყო, უნივერსიტეტთან არსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ვმუშაობდი და ოთხას კაცში მხოლოდ სამს გვყავდა ოთხი შვილი. მაშინ ძიძისა და დამხმარე ქალის გარეშე, მარტო ვზრიდიდი ბავშვებს. დედაჩემი ყვარელში ცხოვრობდა და თვეში ერთხელ ჩამოდიოდა, რაღაცებში მეხმარებოდა ხოლმე. სარეცხი მანქანა არ გვქონდა და ყველაფერს ხელით ვრეცხავდი. ჩემი მეუღლე კინოსტუდიაში მუშაობდა და მთელ დღეს იქ ატარებდა. სტუდენტობის დროს, ბევრს არ ვერთობოდით, ჩვენი გართობა ფილმის ყურება იყო. 30 კაპიკი ღირდა კინოში შესვლა და დღეში 2-3 ფილმს ვნახულობდით ხოლმე. ტელევიზორი ახალი შემოსული იყო და კინოც უკვირდა ხალხს.

- რამდენი შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი გყავთ?
- მყავს 4 შვილი, 3 ბიჭი - ზალიკო, ზურიკო, ბაკური და ერთი გოგო. 16 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი. გოგონას 7 შვილი ჰყავს. იმდენი ვართ, არ ვიცი, ერთად სად დავეტევით.


- როგორი ბებია ხართ?
- ვფიქრობ, რომ შვილიშვილებსაც და შვილთაშვილებსაც ძალიან ვუყვარვარ, ალბათ, მოსიყვარულე და კარგი ბებია ვარ. ნახევრად გურული და ნახევრად კახელი ვარ და დასავლეთელებმა ასე ვიცით, ვერ ვამჟღავნებთ სიყვარულს, მაგრამ ყველა ძალიან მიყვარს. შვილთაშვილები უკვე დიდები არიან.

- თქვენი შვილიშვილი მირიანი პროექტს "მასტერშეფის" გამარჯვებული გახდა, მასზე რას გვეტყვით?
- მირიანი კარგი ბიჭია. ზოგადად, ყველა შვილიშვილისგან წარმატებას ველოდები ხოლმე, ყველა მიზანდასახულია. "მასტერშეფის" ფინალურ ტურამდე, ვიფიქრე, ანალიზი გავაკეთე და დავაკვირდი, როგორ უყურებდა თავის საქმეს მირიანი და როგორ ამზადებდა კერძებს, ამის შემდეგ უკვე ველოდი მის გამარჯვებას. თან ყველაფერი თავისით ისწავლა, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ხალხს კულინარობაზე კარგი წარმოდგენა არ ჰქონდა.


- დაგიგემოვნებიათ მისი კერძები?
- რა თქმა უნდა და კმაყოფილიც ვარ მისი ნიჭიერებით.

- რამდენიმე დღის წინ, ოცნებაც აიხდინეთ და პარაპლანით იფრინეთ, მოგვიყევით რა შეგრძნება იყო?
- ვერც კი აღვწერ, ისეთი სასიამოვნო და კარგი შეგრძნება იყო. სულ ვზივარ და ჩიტებს ვუყურებ, როგორ დაფრინავენ ხოლმე და იმ დღეს, მეც ასე ვიგრძენი თავი - ლაღად, თავისუფლად. მიჭირს გადმოვცე ეს გრძნობა. დამსიზმრებია ფრენა და ამის ახდენა სასიამოვნო შეგრძნებაა. გადმოფრენის წინ ვიფიქრე, ხომ არ მეშინია-მეთქი, მაგრამ არა, არ შემშინებია. ბავშვობიდან აქტიური, გაბედული ვარ.

- ზოგადად, ექსტირიმის მოყვარული ხართ?
- არა, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, ალპინიადაზე წავედით და მთიდან ჩამოვედით, ალბათ, ადრე რომ დამეწყო ალპინისტობა, ამ სფეროშიც ვცდიდი ბედს.

- პარაპლანით გადმოფრენა ერთ-ერთი ოცნება იყო, კიდევ დაგრჩათ მსგავსი ოცნებები?
- ოცნება მქონდა პარაშუტით გადმოვმხტარიყავი, მაგრამ რადგან პარაშუტებით ფრენა შეჩერებულია, პარაპლანი ვამჯობინეთ. 90 წლის რომ გავხდები, პარაშუტით უნდა გადმოვხტე.



- ქალბატონო იზო, შესანიშნავად გამოიყურებით, ჯანსაღი ცოხვრების წესს მისდევთ?
- თბილისში როცა ვარ, მუდამ ვვარჯიშობ, ყოველდღიურად. ახლა, ზაფხულის პერიოდს სოფელში, საგარეჯოს რაიონში ვატარებ და ვცდილობ, აქაც აქტიური ვიყო. ეზოში გავდივარ, ვსეირნობ. ახლა ალუბალი დამწიფდა და ალბათ ხეზეც ავალ და ჩამოვკრეფ.აკმაოდ დიდი ენერგია მაქვს და მგონია, რომ არ ვარ ხანშიშესული. სასწაულია, როცა მოხუცდება ადამიანი, რატომ არ შეუძლიათ არაფრის გაკეთება? ვერ ვგრძნობ, რომ ასაკი მემატება, ყველაფერს ენერგიით ვაკეთებ. არ მგონია, რომ ოდესმე ვერ გავივილი, ან რამეს ვერ დავძლევ.

- როგორ გაუმკლავდით პანდემიას, ხომ არ აცრილხართ?
- პანდემიას მშვენივრად გავუმკლავდით, ორჯერ ავიცერი და ვაქცინის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, ყველა აუცილებლად უნდა აიცრას. ვაქცინის არ შემშინებია და წნევაც კი არ გაუსინჯავთ ჩემთვის, არ დამჭირვებია. ჩემი შვილებიდან ბიჭებმა სამივემ გადაიტანა კორონავირუსი და ჩემმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა.


- ახლა სოფელში ხართ, როგორ ატარებთ დროს?
- დავრგეთ პომიდორი, კიტრი, მწვანილები და ყოველ წუთს ვუყურებთ, რას შვება ჩვენი ნერგები. ვაკეთებ მურაბებს, კომპოტებს და ტომატებს. საქონელი არ გვყავს, თუმცა მებაღეობას მივყვებით. სოფელში გვიან შემოდგომამდე ვრჩებით ხოლმე, დანარჩენ დროს თბილისში ვატარებთ. მეუღლეც მეხმარება, ორივე ერთად ვსაქმიანობთ.

- რომელი გირჩევნიათ - სოფელი თუ ქალაქი?
- კომფორტის მხრივ, ქალაქი ჯობს, თუმცა აქაც გვაქვს გარკვეული კომფორტი. ბიჭებმა მითხრეს კომპიუტერს ჩამოგიტანთო, მაგრამ არ მინდა, აქ ყოველ წუთს ეზოში ჩავდივარ და ვსაქმიანობ. კომპიუტერი ქალაქშიც მეყოფა, ფილმებს ვუყურებ ხოლმე და ჩემი სოციალური ქსელიც მაქვს.

(სპეციალურად საიტისთვის)
ვახტანგი
20 ივნისი 2021 23:06
ძალიან სიმპატიური ქალბატონი! ხომ ხდება, ულამაზესი გოგო ისე შეიცვლება ასაკში, ნიშანწყალი აღარ შერჩება ძველი სილამაზისა... ამას კი როგორ შემოუნახავს თავისი მშვენიერებაც და ახალგაზრდობაც!..- რა ყოჩაღად ახტა სატვირთოს ძარაზე?!. და, რაც საოცარია - როგორ იფრინა დელტაპლანით?!. ღმერთმა მოგყაროთ 120 წლისა და სულ ეგრე ჯანმრთელი და ხალისიანი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები