"მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე თქვენ გვერდით "გავაპრავო" სოდომური ცოდვა" - კვირის პალიტრა

"მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე თქვენ გვერდით "გავაპრავო" სოდომური ცოდვა"

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ის ილოცებს იმისთვის, რომ "თბილისი პრაიდი" ვერ ჩაატარონ.

"მე არ ვაპირებ ჩაშლას, მე უბრალოდ სიტყვით ვამბობ, სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ, იმიტომ, რომ სულიწმინდის გმობა არის ეს მოქმედება. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ. ვამბობ, რომ არ არის მიზანშეწონილი, ამის პროპაგანდა ხდებოდეს. მე არ მითქვამს, რომ გადავავსებ რუსთაველს, მე სულიწმინდის მადლით ავავსებ რუსთაველს", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ამასთან, მეუფე ამბობს, რომ "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო შეკრებაზე შეიძლება პირადად არ მივიდეს, თუმცა სხვა ადამიანები მივლენ და მათი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ექნება.

"სულიწმინდის მადლით და აი ამ ადამიანების მეოხებით, რომლებიც სულიწმინდის მადლით მოქმედებენ, არც ჩხუბს არ აპირებენ და არც არავისთან დაპირისპირებას. მე შეიძლება პირადად არ მივიდე, მაგრამ სხვა ადამიანები რომ იქ მივლენ, ამაში გეპარებათ ეჭვი? ჩემი მოწოდება რა შუაშია, მე რომ საერთოდ ხმა არ ამოვიღო თქვენ გგონიათ, საქართველოში ხალხი გაწყდა და ვეღარ აზროვნებს?

მე მოვუწოდებ ყველას, რომ მიუღებლად მიიჩნიონ პროპაგანდა სოდომური ცოდვის. საპატრიარქოს მე არ ვახმოვანებ. მე მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე დღეს ვიდგე და თქვენს გვერდით "გავაპრავო" სოდომური ცოდვა. თუ დღეს ამის გამო ფასია, რომ ციხეში უნდა წახვიდე, მე წავალ", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.