"საქართველოში ლავრენტი ბერიას აგარაკი გაიყიდა" - რას წერს რუსული გამოცემა?
22-06-2021
"საქართველოში ლავრენტი ბერიას აგარაკი გაიყიდა" - რას წერს რუსული გამოცემა?
რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების პრესა ფართოდ აშუქებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს განცხადებას სახელმწიფო ქონების პრივატიზების მორიგი ეტაპის დასრულების შესახებ, რომელიც ხორციელდება სამთავრობო პროგრამის ჩარჩოებში, სახელწოდებით - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს".
რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" ("КоммерсантЪ") გამოაქვეყნა სტატია სათაურით  - "საქართველოში ლავრენტი ბერიას აგარაკი გაიყიდა", რომელშიც გადმოცემულია კოჯორში არსებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ცნობილი ქართველი პიროვნების - ლავრენტი ბერიას საზაფხულო აგარაკის გაყიდვასთან დაკავშირებული დეტალები (ავტორი - გიორგი დვალი).

აუქციონის შედეგად, რომელიც გასული კვირის ბოლოს გაიმართა, შპს "იბეროტელმა" დაბა კოჯორში 2 მილიონ 504 ათას ლარად (791 ათას აშშ დოლარად) შეიძინა 22 560 კვადრატული მეტრის არასამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ოდესღაც დიდად ცნობილი ადამიანის ქალაქგარე რეზიდენცია
- სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის, საბჭოთა კავშირის მარშლის - ლავრენტი ბერიას საზაფხულო აგარაკი.
"იბეროტელი" მიეკუთვნება კომპანია Park Capital-ს, რომლის მფლობელია ქართველი ბიზნესმენი ზურაბ ციხისთავი. როგორც კომპანიის დირექტორმა ივანე ბარბაქაძემ აცნობა ჟურნალისტებს, "იბეროტელი" დაიწყებს შენობის რეკონსტრუქციას, ელიტურ სასტუმროდ გადაქცევის მიზნით, მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრო ინვესტორთან რესტავრაციის პარამეტრებს შეათანხმებს. შენობა დარეგისტრირებულია, როგორც საქართველოს არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის მქონე ობიექტი.

დაბა კოჯორი საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს და ითვლება ისეთ ელიტურ კურორტად, სადაც უძრავი ქონება თითქმის ყველაზე ძვირად ფასობს.
ლავრენტი ბერიას აგარაკმა, მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისი პირვანდელი გარეგნული ფასადი დაკარგა, მაგრამ მაინც იზიდავდა ადამიანებს უჩვეულო ლურჯი ფერით და არქიტექტურით, რომელიც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის.

ლავრენტი ბერია, როცა იგი საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, 1938 წელს, მოსკოვში სამუშაოდ გადასვლამდე, ამ საზაფხულო რეზიდენციით ხშირად სარგებლობდა. მომდევნო პერიოდში იგი უკვე აფხაზეთში ისვენებდა ხოლმე, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

საბჭოთა პერიოდში კოჯორში მდებარე აგარაკი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა, ერთხანს მასში პიონერთა ბანაკი იყო განლაგებული, სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი, პრაქტიკულად, გამოუყენებელი იყო. 15 წლის წინათ აგარაკი ნაწილობრივ დაიწვა კიდეც, როცა უპასუხისმგებლო ტურისტებმა მასში კოცონი დაანთეს. ამჟამად შენობას აღარ აქვს ფანჯრის მინები, დაშლილია დეკორატიული იატაკი, სახურავი ძალიან დაზიანებულია. სპეციალისტთა აზრით, შენობის აღდგენა და მისი გადაქცევა სასტუმროდ მფლობელს, დაახლოებით, 4-5 მილიონი ლარი დაუჯდება", - წერს რუსული გაზეთი. (წყარო)

"კომერსანტის" გარდა, ამ ფაქტს ეხმაურებიან სხვა რუსული, უკრაინული და აზერბაიჯანული გამოცემები - "მოსკოვსკიი კომსომოლეცი", "გაზეტა", "ლევიი ბერეგ", "ჰაქინაზი" და სხვები, გადაიცა ტელევიდეოსიუჟეტიც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

nino
23 ივნისი 2021 01:44
ramdeni shav-bneli asrebi acuxebda berias am shenobashi vin icis...
ლარა
22 ივნისი 2021 15:49
რა საცოდავად გამოიყურება ჩვენი ჩინოვნიკების აგარაკებთან შედარებით.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?