"დახეთ, როგორ ზრუნავს ჩვენი მთავრობა გლეხებზე!" - კვირის პალიტრა

"დახეთ, როგორ ზრუნავს ჩვენი მთავრობა გლეხებზე!"

"საკრებულოს თავმჯდომარე იმით გვანუგეშებს, რომ არაბები მუშებად დაგვიყენებენ!"

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ცუდი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ამის გაკეთება საკუთარი მოსახლეობის უფლებების ხელყოფისა და გაღატაკების ხარჯზე სახელმწიფოებრივ მიდგომად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. საქმე ისე მიდის, რომ თუ პროცესი გაგრძელდა, მალე ქართველ კაცს საკუთარ მიწაზე მოჯამაგირეობაც კი სანატრელი გაუხდება. გონიოს მიწების ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჩამორთმევის ისტორია კიდევ ერთხელ აღრმავებს ჩვენს საზოგადოებაში ისედაც გამძაფრებულ ეჭვს.

ენვერ ირემაძე, გონიოს მკვიდრი: "გონიოში, ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე ვცხოვრობ ცხრასართულიან კორპუსში. მოგეხსენებათ, აჭარაში მიწის პრივატიზაციის რეფორმა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ვერ ჩატარდა და სოფლის მოსახლეობას მიწა საკუთრებაში არ გადაეცა. 2007 წლის 13 დეკემბერს გაგვაფრთხილეს, მთავრობიდან მოდიან, გონიოს საშუალო სკოლასთან მოგროვდითო.

KvirisPalitra.Geლევან ვარშალომიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალაყმაძე, ტელევიზიები და ჟურნალისტები მობრძანდნენ და მიწის პასპორტები საზეიმო ვითარებაში გადმოგვცეს, არიქა, პრეზიდენტმა მიწა გაჩუქათო. ეს ამბავი ყველა სამთავრობო არხმა გადასცა, დახეთ, როგორ ზრუნავს ჩვენი მთავრობა გლეხებზეო! პრეზიდენტის ნაჩუქარი მიწა საჯარო რეესტრში დავარეგისტრირე. ოჯახური მეურნეობა გავაშენე და ხეხილი დავრგე, მაგრამ 2010 წელს ხელვაჩაურის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ დაიწყო საქმის წარმოება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან წერილი მოვიდა, ნაკვეთების გადაცემა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანო.

როგორც ვიცი, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მშენებლობის წარმოება კანონით შეზღუდულია, ეს კერძო საკუთრებას არ კრძალავს, მაგრამ არად ჩააგდეს კანონი და 271 ოჯახს გაგვიუქმეს საკუთრება ისე, რომ არც კომპენსაცია შემოუთავაზებიათ. მივაკითხეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, გვითხრეს, სასამართლოში იჩივლეთო. სამმა მოქალაქემ მივმართეთ სასამართლოს, მაგრამ სამივეს ერთი მოტივით გვითხრეს უარი, ეს კულტურული მემკვიდრეობის, საკურორტო ზონაა და არაფერი გეკუთვნითო. არადა, ოქმში პირდაპირ წერია:

"ტერიტორია მდებარეობს გონიოს მაღლივ ფერდობზე, არაბი შეიხების მიერ შეძენილი მიწის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ანუ საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიულ ზოლში". სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რატომ წაგვართვეს მიწები.

ყველასათვის ნათელი გახდა, რომ კულტურული მემკვიდრეობა არაფერ შუაში იყო. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძემ

დაგვამშვიდა, არა უშავს, შეცდომით გასცეს მიწები, ახლა გამოასწორა პრეზიდენტმა შეცდომა, ეს კი წაგართვეს, მაგრამ ეს საკურორტო ზონაა, აქ ქალაქი უნდა აშენდეს და როცა არაბი შეიხები მშენებლობას დაიწყებენ, პირველად თქვენ მიგიღებენ სამუშაოდო! გაგიგიათ ამისთანა დაცინვა?

ქართველ კაცს საკუთარი მთავრობა მიწას ართმევს, არაბს აძლევს და თან გამადლის, არაბი რომ აქ მშენებლობას დაიწყებს, მუშად გამუშავებსო! არა ვართ, ბატონო, წინააღმდეგი ქალაქის აშენების, მაგრამ სამაგიერო მიწა მოგვცენ სადმე.

აჭარის მთავრობაში ვერც ერთ ჩინოვნიკთან ვერ შევაღწიეთ.

100 კაცი იყო მისული წვიმასა და ქარში ვარშალომიძის სამფლობელოსთან, მაგრამ ხალხი ძაღლადაც არავინ ჩააგდო.

გადავწყვიტეთ, თურქეთის კონსულთან მივსულიყავით. როგორც კი ეს გავაკეთეთ, აქეთ მოგვდეს შარი, თურქეთის კონსულთან მისვლა რა საკადრისი იყო, როგორ არ შეგრცხვათო. მაგათ იმის არ შერცხვათ, სამი დღე-ღამე ბაბუა-ბებიის ტოლა ხალხი ქარსა და წვიმაში ქუჩაში რომ ყურყუტებდა, ჩვენ კი თურმე ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაც ვერ უნდა გავბედოთ, მაშინვე მოღალატის იარლიყის მოკერებას ცდილობენ.

ვუთხარით, კი ბატონო, მაშინ ამერიკის საელჩოში წავალთ თბილისში და იქ მოვძებნით სამართალს-მეთქი. თუ თბილისში წახვალთ, ჩვენ ვეღარ დაგეხმარებითო. ერთი სიტყვით, იძულებული გავხდით პრეზიდენტისთვის მიგვეწერა წერილი. მალე პრეზიდენტის ნაცვლად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ მომწერა, თქვენი წერილი დაბრუნდა აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობიდან ჩვენ მოგვივიდა და გიგზავნით თანდართული საბუთებითო.

რაც გავგზავნე პრეზიდენტთან, ქსეროქსით გადაიღეს და უკან გამომიგზავნეს! იმ განსხვავებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, გაერკვიეთ ვითარებაშიო. ადგილობრივმა მთავრობამ რომ ვერაფერი გაარკვია, ამიტომაც მივწერეთ პრეზიდენტს, ამათ კიდევ ჩემივე გაგზავნილი საბუთების ასლები დამიბრუნეს უკან.

ახლა ის მაინტერესებს, სად წავიდე, ვის  ვთხოვო დაცვა? ადგილობრივი მთავრობა არ გველაპარაკება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისევ ადგილობრივ მთავრობას ავალებს საქმეში გარკვევას, საკრებულოს თავმჯდომარე კი იმით გვანუგეშებს, რომ არაბები მუშებად დაგვიყენებენ! სასამართლო ხომ, თავადაც მოგეხსენებათ, მთავრობის ნათქვამს როგორ გადაუხვევს?"

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში კიდევ ერთი რამ არის: ხელვაჩაურის საკრებულო მიწების წართმევის საფუძვლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილს ასახელებს, სააგენტოში კი აცხადებენ, ასეთი რამ ჩვენ არ მოგვითხოვიაო.

ნიკა ანთაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტი: - ჩვენ წერილში მხოლოდ იმას ვითხოვდით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში თუ რამე გასხვისებულა ან გასხვისდება, კანონმდებლობასთან ყოფილიყო შესაბამისობაში. ჩვენ არც მიწის ჩამორთმევას ვითხოვდით და არც სხვა ღონისძიების გატარებას.

- მიწის ჩამორთმევის საფუძვლად სწორედ თქვენი სამინისტროს წერილი დასახელდა.

- გასაგებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წერილით საკრებულო მიწის ჩამორთმევის უფლებებით აღვჭურვეთ. ჩვენ მივწერეთ, რომ პირობების დაცვა აუცილებელია.

- პირობების დაცვა მიწების ჩამორთმევას არ ითვალისწინებდა?!

- ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მიწები იყო გასხვისებული და იქ მშენებლობაც კი ჰქონდა ზოგიერთს წამოწყებული, კანონდარღვევაა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ მოგვითხოვია მიწების ჩამორთმევა.

- როცა ხალხს მიწებს ურიგებდნენ, არავინ გაარკვია, რომ ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შედიოდა?

- როგორც განგვიმარტეს, ახალი კომისია მიიღებს ზომებს  წინა კომისიის მუშაობაზე. არ ვიცი, რა ზომებზეა ლაპარაკი, მაგრამ ასეთი განმარტება მისცეს სასამართლოში ამ საკითხს. ახალი კომისია ამბობს, ეს წინა კომისიის შეცდომა იყო და ახლა კანონმდებლობასთან შესაბამისად ვასწორებთო.

ერთი სიტყვით, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა კომენტარი ზედმეტია.