"ილია მეორემ მისწერა წერილი რუსეთის პატრიარქს" - რას აცხადებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე - კვირის პალიტრა

"ილია მეორემ მისწერა წერილი რუსეთის პატრიარქს" - რას აცხადებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლის განცხადებით, სასულიერო პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს, რათა ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში ეშუამდგომლა. ამის შესახებ ირმა ბუთხუზმა სამთავისისა და კასპის მეუფე დამიანესა და ათენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირმა ბუთხუზის თქმით, მათ მანამდე შესაბამისი თხოვნით მიმართეს გორის ეპარქიას, რასაც გამოხმაურება მოჰყვა.

„ჩვენ მივმართეთ თხოვნით გორის ეპარქიის მეუფეს, დღეს გამოხმაურება მოვიდა სასულიერო პირისგან, რომ ილია მეორემ მისწერა წერილი რუსეთის პატრიარქს თხოვნით, რომ ეშუამდგომლა და ჩართულიყო ამ პროცესში“, - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ „მთავარი არხთან".

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთასა და ე.წ. „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

"ინტერპრესნიუსი"