"აქ დარჩენა სიკვდილთან თამაშს ჰგავს" - კვირის პალიტრა

"აქ დარჩენა სიკვდილთან თამაშს ჰგავს"

"ვინმეს შეუძლია გვიპასუხოს, რა ვქნათ?"

დუშეთის რაიონის სოფელ მლეთის მოსახლეობა დიდი ხანია საშინელების  მოლოდინით ცხოვრობს. გაზაფხულზე, მთაში თოვლი დნობას იწყებს თუ არა, ზემო მლეთელებს ძილი უკრთებათ. ლომისის მთიდან ნიაღვრებს ქვის და ღორღის ნაშალი ჩამოაქვს და არაგვის ჭალაში გროვდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია, ასე გრძელდება. ღვარცოფებმა ქვა-ღორღით უკვე დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზე ამოავსო ჭალა. არაგვი მთიდან ჩამოსულ უზარმაზარ მასას ვეღარ ერევა, ტალღებს ნაშალი ვერ გააქვს, დიდი წვიმების დროს მომსკდარი ნიაღვრებისგან ჭალაში უზარმაზარი ხელოვნური ტბა იქმნება და წყალი ადგილობრივ მოსახლეობას  სახლებში უვარდება.

ომარ ბურდული, ადგილობრივი მოსახლე: - ღვარცოფი რომ წამოვა, ნაწილი ეკლესიისკენ (ამის შესახებ "კვირის პალიტრა” ჯერ კიდევ მაშინ წერდა, ეკლესიას პირველად რომ შემოუტია ღვარცოფმა და სანახევროდ ქვის გროვაში ჩაეფლო) მიდის და ქვემო მლეთას წალეკვით ემუქრება, ნაწილიც ზემო მლეთის ჭალას მეწყრავს; სახლების ნაწილი უკვე ქვაში ჩაიმარხა. ნერგები დავრგეთ ნიადაგის გასამაგრებლად, მაგრამ ვერ უშველა. მოგვიანებით სამაგრი დამბის აშენებას და ზედ "სეტკის" გადაჭიმვას ვაპირებდით, მაგრამ მარტო ჩვენი სახსრებით ვერ გავწვდით.

თემურ ნაზღაიძე, მლეთის მკვიდრი: - ჩემი სახლი მდინარის მეორე ნაპირზეა. ადიდებული არაგვი მეორე სართულზე თვალის დახამხამებაში ამოდის და თან ქვა და ტალახი ამოაქვს. ერთ ჭერქვეშ რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ. წასასვლელი და თავშესაფარი არსად გვაქვს. აქ დარჩენა, თანაც ბავშვებით, სიკვდილთან თამაშს ჰგავს.

ღვარცოფმა უკვე სანახევროდ დამარხა რამდენიმე სახლი. ბოლოს, ერთი წლის წინ მოვარდნილ ნიაღვარს ბეწვზე გადაურჩნენ მოხუცები, ქალები და ბავშვები. საბედნიეროდ, სტიქია დღისით აბობოქრდა და კაცებმა წყლის ტყვეობაში მოქცეულთა გადარჩენა შეძლეს.

ვაჟა გაგაძის სახლში ყველაფერი ისეა დარჩენილი, როგორც გასული წლის 24 აპრილს იყო, როდესაც ოჯახს მდინარე სახლში შეუვარდა. სახლის ეზო თითქმის 2 მეტრამდე დაფარა ღვარცოფისგან მოტანილმა მასამ. გაგაძეების მრავალსულიანი ოჯახი იძულებული გახდა, ზემო სოფელში ნათესავებთან გადაბარგებულიყო.

ამ ხალხს, ფაქტობრივად, აღარც სახლები აქვს და აღარც - სახნავ-სათესი მიწა; არც ის იციან, საიდან ელოდონ ხსნას. შარშან, ღვარცოფმა რომ დააქცია სოფელი, გამგეობის წარმომადგენლები ხალხს დაჰპირებიან, აქვე, საყურიანთში მიწას გამოგიყოფთ და სახლებს აგიშენებთო, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ეს დაპირება არავის გახსენებია.

თემურ ნაზღაიძე: - აი, როგორც გორსა და წეროვანში სამაჩაბლოდან დევნილებს აუშენეს, ისეთი პატარა კოტეჯების აშენებაში დაგვეხმარონ. მეტს არ ვითხოვთ; მთაში დავრჩებით და ჩვენს თავს თვითონვე მივხედავთ.

პარადოქსია, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა დეფინიციას - "ეკომიგრანტი" - არ ცნობს, შესაბამისად, არ არსებობს მათი დახმარების, სოციალური გარანტიების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი. არადა, იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს  სახელმძღვანელო  პრინციპები  ნებისმიერ სახელმწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს ამ კატეგორიის მოქალაქეებზე.

ნინო ელბაქიძე, მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციის ერთ-ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელი: - საქართველო, ნებსით თუ უნებლიეთ, საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს არღვევს, რადგან შიდანორმატიული აქტების მიხედვით, არ არსებობს დეფინიცია "ეკომიგრანტი" ან "სტიქიით დაზარალებული". შესაბამისად, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ ავალია ეკომიგრანტებზე ზრუნვა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამ კატეგორიის მოქალაქეებზე ზრუნვის ვალდებულება მხოლოდ დებულებაში უწერია, თუმცა, განმარტებული არ არის, როგორ უნდა იზრუნოს. რა შემთხვევაში შეიძლება  ჩაითვალოს პირი იძულებით გადაადგილებულად, განმარტებაში არაფერია ნათქვამი. ძნელი დასადგენია, კანონმდებლებს ეს აუცილებელი განმარტება დაავიწყდათ, თუ უბრალოდ, არ აღიარებენ მათ არსებობას. არადა, სხვა კანონის მიხედვით, ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია, მიაწოდოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაცია ყველა სტიქიით დაზარალებული ადამიანის შესახებ.

მლეთელების თქმით, გასულ წელს ღვარცოფით დაზარალებულებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპენსაციის სახით მხოლოდ 200-200 ლარი დაურიგა და ამით მათი დახმარების პროგრამა ამოიწურა.

გურამ გაგაძე, სოფლის მკვიდრი: - შემოგვთავაზეს, რომ აქვე, ერთ-ერთი სოფლის სკოლის შენობაში გადავსულიყავით საცხოვრებლად. იქ არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არის, ამასთან, რა ვუყოთ პირუტყვს და ფრინველს, რომელიც ჩვენი თავის გატანის და გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა; რომელ სართულზე დავაბინაოთ ძროხები და ქათმები? წელიწადში სულ რაღაც ორ თვეს, სეზონურად გვაქვს სამუშაო გუდაურში. მერე უმუშევრები ვართ, მიწაც აღარ გვაქვს, რომ მოსავალი მოვიყვანოთ. სოციალურად დაუცველების სტატუსსაც არ გვაძლევენ. ვინმეს შეუძლია გვიპასუხოს, რა ვქნათ?

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელი ნინო ელბაქიძე ფიქრობს, რომ მლეთელი ეკომიგრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილების ერთადერთი გზა სასამართლოა.

მლეთაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია რვა სახლი. თითოეულ მათგანში 4-5 ოჯახი ცხოვრობს. მთიელებს მთის დატოვება და სხვაგან წასვლა არ უნდათ, თუმცა, სტიქიის შიშით, უკვე დიდი ხანია, მორიგეობით სძინავთ. კაცები ოჯახებს დარაჯობენ, რომ უცებ მოვარდნილმა ღვარცოფმა ცოლ-შვილი არ მოსტაცოთ.

სამწუხაროდ, საფრთხე ემუქრება არა მარტო სოფელ მლეთას, არამედ თიანეთის რაიონის სოფელ შარახევსაც, სადაც გასული წლის სექტემბერში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი რაიონულ ცენტრს მოსწყვიტა.

ღვარცოფმა პირი იბრუნა

მლეთის წმინდა გიორგის სახელობის 2008 წელს დამეწყრილი ტაძარი ბერებს ქვის ტყვეობისგან გაუთავისუფლებიათ. ქვემო მლეთელები ამბობენ, რომ ბოლო სამი-ოთხი წელია, ღვარცოფი ეკლესიისკენ არ წამოსულა.

ტაძრის დამეწყრის შემდეგ, მლეთაში საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოფილა სტუმრად. აქაურობა დაულოცავს და უკურთხებია. იმის შემდეგ ღვარცოფმა ქვემო მლეთისგან პირი იბრუნა...

ამ თემაზე სიუჟეტი იხილეთ

www.palitratv.ge-ზე